Plasmon
როცა ორგანიზმს წყალი აკლია

თარიღი: 08 იანვარი, 2022

ადამიანის სხეულის დაახლოებით 3/4 წყალია. ის ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. წყალი არის უჯრედებში, სისხლძარღვებში და უჯრედებს შორის. წყლის ცვლის რთული სისტემა ორგანიზმში წყლის ბალანსს ინარჩუნებს და წყურვილის შეგრძნებით გვანიშნებს, როდის უნდა მივიღოთ სითხე. სხეული წყალს გამუდმებით კარგავს სუნთქვის, ოფლიანობის, შარდვისა და დეფეკაციის დროს. როცა გაუწყლოება იწყება, ორგანიზმი სითხეს იმ არეებისკენ მიმართავს, სადაც ის ყველაზე მეტად არის საჭირო. გაუწყლოების თავიდან აცილების საუკეთესო გზაა სითხის მიღება მანამდე, სანამ წყურვილი შეგაწუხებთ.

რა არის გაუწყლოება
როცა ადამიანი იმაზე მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე იღებს, ვითარდება დეჰიდრატაცია – გაუწყლოება. ის ყველას შეიძლება განუვითარდეს, მაგრამ განსაკუთრებით საშიში ბავშვებისა და მოხუცებისთვისაა.

ბავშვებთან დეჰიდრატაციის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ძლიერი დიარეა და ღებინება. მოხუცების ორგანიზმში წყლის მოცულობა ბუნებრივადაც მცირეა, ზოგიერთ მათგანს კი აქვს ისეთი დაავადება ან იღებს ისეთ წამალს, რომელიც გაუწყლოების რისკს ზრდის. მათთან მცირედმა ავადმყოფობამაც კი, მაგალითად, ფილტვების ან შარდის ბუშტის ინფექციამ, შეიძლება დეჰიდრატაცია გამოიწვიოს.

მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის გაუწყლოების აღმოფხვრა შესაძლებელია მეტი სითხის მიღებით, მძიმე ფორმის დროს კი მყისიერი სამედიცინო ჩარევაა საჭირო.

როგორ  ვლინდება
წყურვილი ყოველთვის არ არის წყლის მოთხოვნილების ადრეული და სანდო მაჩვენებელი. ბევრს, განსაკუთრებით – მოხუცებს, დეჰიდრატაციამდე წყურვილიც კი არ აწუხებს. სწორედ ამიტომაა საჭირო წყლის სადღეღამისო ოდენობის გაზრდა ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ავადმყოფობის დროს.

დეჰიდრატაციის ნიშნები სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაა: ახალშობილებსა და ბავშვებთან – პირის სიმშრალე, უცრემლო ტირილი, სამი საათზე მეტხანს მშრალი საფენი, თვალებისა და ლოყების ჩაცვენა, მოდუნება ან გაღიზიანება; ზრდასრულებთან – ძლიერი წყურვილი, გაიშვიათებული შარდვა, შარდის გამუქება, მოთენთილობა, თავბრუხვევა, დაბნეულობა.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
თუ დიარეა 24 საათზე მეტია გრძელდება ან ადამიანი გაღიზიანებულია, დეზორიენტირებული, მოთენთილი, აქვს მუქი ან სისხლიანი განავალი, ექიმის ჩარევა აუცილებელია.

რა იწვევს
დეჰიდრატაცია უბრალო მიზეზმაც შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, სითხის მიუღებლობამ ავადმყოფობის ან დაძაბული დღის რეჟიმის გამო, სასმელად ვარგისი წყლის უქონლობამ მოგზაურობის ან ლაშქრობის დროს... რაც შეეხება შინაგან ფაქტორებს, ესენი შეიძლება იყოს:

* დიარეა, ღებინება – უეცარი ძლიერი დიარეა იწვევს სითხისა და ელექტროლიტების დიდ დანაკარგს დროის მცირე მონაკვეთში. როცა მას ღებინებაც ახლავს, სურათი კიდევ უფრო მძიმდება.

* ცხელება – რაც უფრო მაღალია სხეულის ტემპერატურა, მით უფრო მაღალია გაუწყლოების ხარისხიც. მდგომარეობას ამძიმებს ფაღარათისა და ღებინების დართვა.

* ჭარბი ოფლიანობა – თუ ადამიანი დიდი დატვირთვით ვარჯიშობს და ძლიერ ოფლიანდება, სითხეს კი არ იღებს, დიდია ალბათობა, დეჰიდრატაცია განუვითარდეს. ცხელ და ტენიან ამინდშიც იმატებს ოფლიანობა და, შესაბამისად, დაკარგული სითხის ოდენობაც.

* შარდვის გახშირება – არადიაგნოსტირებულ ან ნებაზე მიშვებულ დიაბეტს და ზოგიერთ მედიკამენტს (დიურეტიკებს, ჰიპერტენზიის დროს გამოსაყენებელ ზოგიერთ პრეპარატს) ასევე შეუძლია გაუწყლოების გამოწვევა შარდვის გახშირების ხარჯზე.

რისკის ჯგუფები
ესენი ის ადამიანები არიან, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ცხოვრების წესის გამო უფრო ადვილად ემართებათ გაუწყლოება:

* ახალშობილები და ბავშვები. გარდა დიარეისა, ღებინებისა და მაღალი ტემპერატურისა, მათთვის რისკის ფაქტორია დამწვრობაც, რადგან ბავშვის სხეულის ზედაპირის ფართობი სხეულის მოცულობასთან შედარებით უფრო დიდია, ვიდრე მოზრდილისა. განსაკუთრებული ყურადღება ჩვილებს და ჯერ ენაამოუდგმელ ბავშვებს სჭირდებათ, რადგან დამოუკიდებლად ვერ სვამენ წყალს და ვერც გვეუბნებიან, რომ სწყურიათ.

* ხანდაზმულები. დაბერებასთან ერთად მცირდება ორგანიზმში სითხის მარაგი, მისი შენახვის უნარი, წყურვილის შეგრძნებაც აღარც ისეთი მწვავეა. ამას ხშირად ერთვის ქრონიკული დაავადებები – დიაბეტი, დემენცია. ხანდაზმულების უმეტესობა რეგულარულად სვამს წამლებს, ზოგიერთ მათგანს კი, როგორც ვთქვით, შარდმდენი ეფექტი აქვს. ზოგიერთ მოხუცს უჭირს გადაადგილება და, მაშასადამე, სითხის დამოუკიდებლად მიღებაც.

* ქრონიკულ დაავადებათა მქონე პირები. ნებაზე მიშვებული დიაბეტი, თირკმლის დაავადებები, მედიკამენტები, რომლებიც შარდვას აძლიერებს, დეჰიდრატაციის საფრთხეს ზრდის. ზოგჯერ უბრალო ყელის ტკივილსაც კი შეუძლია გაუწყლოება გამოიწვიოს, თუ ტკივილის შეგრძნების გამო ადამიანი თავს არიდებს ყლაპვას და, მაშასადამე, წყლის სმასაც.

* ადამიანები, რომლებიც ღია ცის ქვეშ მუშაობენ ან ვარჯიშობენ. როდესაც ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა მაღალია, ოფლი ვერ ორთქლდება და ორგანიზმი ვერ გრილდება. ამ დროს იმატებს სხეულის ტემპერატურა და სითხის მოთხოვნილება.

რით რთულდება
დეჰიდრატაციას შეუძლია გამოიწვიოს:

* სითბური დაზიანება. ენერგიული ვარჯიშისა და ძლიერი ოფლიანობის დროს საკმარისი რაოდენობის სითხის მიღების გარეშე დიდია სითბური დაზიანების საფრთხე – ზომიერი სითბური კრამპიდან სითბურ გამოფიტვამდე და სიცოცხლისათვის საშიშ სითბურ დაკვრამდეც კი.

* საშარდე გზების პრობლემები. გახანგრძლივებულ ან განმეორებით დეჰიდრატაციას შეუძლია, საშარდე გზების ინფექცია, თირკმლის კენჭები და თირკმლის უკმარისობაც კი გამოიწვიოს.

* გულყრა. დეჰიდრატაციის დროს სითხესთან ერთად ელექტროლიტებიც იკარგება. ნატრიუმი და კალიუმი უჯრედებს შორის ელექტრული სიგნალების გადაცემაში მონაწილეობს. თუ მათი ბალანსი და, ამგვარად, ნორმალური უჯრედშორისი კავშირი დაირღვა, კუნთთა უნებლიე შეკუმშვები და გონების დაკარგვაც კია მოსალოდნელი.

* ჰიპოვოლემიური  (სისხლის მოცულობის შემცირებით გამოწვეული) შოკი. ეს დეჰიდრატაციის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სახიფათო გართულებაა. სისხლის მოცულობის დაქვეითებას არტერიული წნევისა და ორგანიზმის ჟანგბადით გაჯერების დაქვეითება მოჰყვება.

როგორ ამოიცნობენ
დეჰიდრატაციის დიაგნოზს ფიზიკური ნიშნებისა და სიმპტომების საფუძველზე სვამენ. დეჰიდრატაციის დროს მაღალია არტერიული წნევის დაქვეითების ალბათობა, განსაკუთრებით – ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას, ნორმალურზე სწრაფია გულისცემა და შემცირებულია კიდურებისკენ სისხლის მიდენა.

დიაგნოზის დასაზუსტებლად და დეჰიდრატაციის ხარისხის დასადგენად ტარდება სისხლისა და შარდის ანალიზი.

სისხლის ანალიზის მეშვეობით ფასდება ელექტროლიტების დონე, განსაკუთრებით – ნატრიუმისა და კალიუმისა, და თირკმლების ფუნქციური მდგომარეობა.

შარდის ანალიზით დეჰიდრატაციის დადასტურება, მისი ხარისხის დადგენა, შარდის ბუშტის ინფექციის ნიშნების გამოვლენაა შესაძლებელი.

როგორ მკურნალობენ
დეჰიდრატაციის მკურნალობის ერთადერთი ეფექტური გზა დაკარგული სითხისა და ელექტროლიტების აღდგენაა. სამკურნალო მიდგომას პაციენტის ასაკის, დეჰიდრატაციის სიმძიმისა და მიზეზის მიხედვით არჩევენ.

ახალშობილებსა და ბავშვებს, რომლებსაც დეჰიდრატაცია დიარეის, ღებინების ან ცხელების გამო განუვითარდათ, აძლევენ ურეცეპტოდ გასაცემ დასალევ სარეჰიდრატაციო ხსნარებს. ეს ხსნარები განსაზღვრული თანაფარდობით შეიცავს წყალსა და მარილებს და აღადგენს სითხისა და ელექტროლიტების ბალანსს. უფრო მოზრდილ ბავშვებს შეიძლება მიეცეთ წყალში გაზავებული ელექტროლიტების შემცველი სპორტული სასმელებიც.

ზრდასრული ადამიანებისთვის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის დროს საკმარისია მეტი წყალი ან სხვა სითხე, ოღონდ იცოდეთ, რომ ტკბილი გამაგრილებელი და კოფეინის შემცველი სასმელები თვითონვე უწყობს ხელს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას. როცა ცხელა და ტენიანობაც მაღალია, გარეთ ვარჯიშის ან მუშაობის დროს საუკეთესო გამოსავალია გრილი წყლის სმა. შეიძლება ელექტროლიტების შემცველი სპორტული სასმელებიც.

მძიმე გაუწყლოების დროს, განურჩევლად პაციენტის ასაკისა, საჭიროა სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ამბულატორიულად ან ჰოსპიტალში, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ვენაში შეყვანილი სითხე და ელექტროლიტები უფრო სწრაფად შეიწოვება და დანაკარგიც უფრო სწრაფად აღდგება.

როგორ ავიცილოთ თავიდან?
მივიღოთ საკმაო რაოდენობის სითხე და წყლით მდიდარი საკვები (ხილი, ბოსტნეული). ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობას ურჩევენ, სითხის სადღეღამისო ოდენობა წყურვილის მიხედვით განსაზღვრონ.

უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო:

* ღებინებისა და დიარეის დროს. ბავშვებთან დეჰიდრატაციის განვითარებას არ უნდა დაელოდოთ, მაშინვე უნდა დაიწყოთ წყლის ან სარეჰიდრატაციო ხსნარის მიცემა.

* ძლიერი, ენერგიული ვარჯიშის დროს. რეკომენდებულია, ჰიდრატაცია ვარჯიშამდე 1 დღით ადრე დაიწყოს. დიდი რაოდენობით სუფთა, განზავებული შარდი ნიშანია იმისა, რომ ორგანიზმი წყლით კარგადაა გაჯერებული. სითხის მარაგი ვარჯიშის დროსაც რეგულარულად უნდა შეივსოს და მიღება გაგრძელდეს ვარჯიშის შემდეგაც.

* სიცხესა და სიცივეში.  სიცხეში სითხის დამატებით მიღება საჭიროა სხეულის ტემპერატურის დასაქვეითებლად და ოფლიანობისას დაკარგული სითხის მარაგის შესავსებად, სიცივეში კი ეს თავიდან გვაცილებს ჰაერის  სიმშრალით გამოწვეულ ტენის კარგვას, განსაკუთრებით – ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე ყოფნისას.

* ავადმყოფობისას. ასაკოვანი პირები ხშირად განიცდიან დეჰიდრატაციას გრიპის, ბრონქიტის, შარდის ბუშტის ინფექციის დროს. თუ თავს ჩვეულებრივზე ცუდად გრძნობთ, თავდაპირველად დარწმუნდით, რომ სათანადო რაოდენობის სითხეს იღებთ.