თარიღი: 26 თებერვალი, 2018
„დედობრივი“ სიყვარული ფსიქოლოგიაში უპირობო სიყვარულის სახელითა არის ცნობილი, როცა დედა იღებს შვილს ისეთს, როგორიც არის. რას განიცდის დედის დეფიციტის შემთხვევაში ბავშვი – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი სოფო მაისურაძე
როგორია დედობრივი სიყვარული?
ცხოვრებაში არ არსებობს დედა-შვილის ურთიერთობის მსგავსი ურთიერთობა, რომელიც აბსოლიტურად უნიკალურია თავისი ძალით, სიღრმითა და მნიშვნელობით და სწორედ ამ ორ ადამიანს შორის არსებული დამოკიდებულება არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში. შვილისთვის დედა არის პირველი, განუმეორებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იწყება მათი სიმბიოზური ურთიერთობა, როცა გული შეთანხმებულად ცემს, როცა ყველა განცდა და გრძნობა ერთია. დაბადების მომენტიდან კი ბავშვისთვის დედის მზრუნველობა, მისი სიახლოვე, მისი შეხება, ხმა, გულში ჩაკვრა განსაზღვრავს ჩვილის კომფორტულობას, სიმშვიდეს, უსაფრთხოებასა და თქვენ წარმოიდგინეთ გონებრივ განვითარებასაც კი, რაც თავის მხრივ განაპირობებს სამყაროს და გარემოს საიმედო, კეთილგანწყობილ აღქმას ბავშვის თვალში. ანუ დედის მეშვეობით ბავშვი შეიმეცნებს სამყაროს. თუ დედა მზრუნველი, მოსიყვარულე და აღზრდის პროცესში ემოციურადაა ჩართული, დედობრივი ინსტინქტი კარგადა აქვს განვითარებული და ზუსტად გრძნობს ბავშვის საჭიროებებს და შესაბამისად აკმაყოფილებს კიდეც, ბავშვი სრულიად სამყაროს მიმართ განიცდის ნდობას რაც მისივე სრულყოფილი და ჯანსაღი განვითარების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„როგორიც არ უნდა იყო შენ, მე შენ მაინც მიყვარხარ“. ესაა არაცნობიერი ნაკადი, რომელსაც ბავშვი გრძნობს, როგორც ძალას. სწორედ ეს ნაკადი ქმნის ცხოვრებით კმაყოფილების, დაცულობის, შინაგანი ძალისა და სიმშვიდის, სულიერების შერწყმულობის განცდას. ასეთი ბავშვი ცხოვრებაში ბედნიერია და წარმატების მასტიმულირებელი. ბავშვის თავდაპირველი ბედნიერება დედასთან სიახლოვით განიცდება. ესაა ოჯახში მიღებული პირველი გამოცდილება, რომელიც უკვე მოგვიანებით სხვა სოციალურ სივრცეში ურთიერთბის დროს განზოგადდება იმ ადამიანებთან ვისთანაც მოუწევს მას რაიმე სახის შეხება. ამგვარად დედასთან ურთიერთობისას ეყრება საფუძველი ბავშვის პიროვნული ღერძისა და სულიერი სიმდიდრის განვითარებას.
როდის ჩნდება დედის დეფიციტი და რას გრძნობენ ბავშვები ამ დროს?
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ბავშვი მუცლადყოფნის პერიოდიდანვე ითხოვს ყურადღებას. ამიტომ მშობლებმა აქტიურად უნდა გამოხატონ მის მიმართ სითბო, როგორც დაბადებამდე, ასევე მას შემდგომაც. ეს მისი ჯანსაღი ფსიქო-ფიზიკური განვითარების აუცილებელი პირობაა. ხოლო თუ დედა, სათანადო ყურადღებას არ აქცევს ბავშვს, მასში ჩნდება არასაიმედო მიჯაჭვულობა, რომელიც შემდგომში უამრავი პრობლების სათავე შეიძლება გახდეს. ასეთ დროს სასოწარკვეთილი ბავშვი, დედის ყურადღების მისაღებად მიმართავს სხვა საშუალებებს. ის იქცევა ცუდად, ეჩხუბება თავის დედმამიშვილს, ან ურევს ნივთებს, ან ტირის და ა.შ. ამგვარი საქციელით მან ზუსტად იცის, რომ აუცილებლად მოყვება დედის მხრიდან რეაქცია, ის მიიღებს მისგან ყურადღებას, ოღონდ უკვე ნეგატიურს (ყვირილი, ჩხუბი, დასჯა, და სხვა). მშობლისგან მიღებული უარყოფითი ემოცია, იქნება ეს საყვედური თუ შენიშვნა, ბავშვში იწვევს უფრო მეტ დაძაბულობასა და აგრესიას. რაც პატარას ისევ ცუდი საქციელისკენ უბიძგებს და ასე შეიძლება გაგრძელდეს უსაზღვროდ, სანამ არ მოხდება უფროსის მხრიდან ამის გაცნობიერება.
თუ ბავშვი დედის მხრიდან სათანადო ყურადღებას ვერ იღებს, შესაძლებელია დაერღვეს ძილის რეჟიმი, საფრთხე შეუქმნას საკუთარ სიცოცხლეს, თავი იჩინოს სხვადასხვა სახის შიშებმა, გახდეს აგრესიული, გამომწვევი, გამაღიზიანებელი, ან იყოს ძალიან წყნარი და ვერ ახერხებდეს საკუთარი თავის გამოვლენასა და დაცვას.
რა შემთხვევაში ამბობს დედა ბავშვთან კომუნიკაციაზე უარს?
თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანს საკმაოდ მძიმე და რთულ პირობებში უწევს არსებობა, რაც თავისებურად ხელს უშლის ოჯახის შენარჩუნებას, ბავშვების შობადობასა და მათ ჯანსაღ აღზრდას. ამიტომ ქალმა იმისთვის რომ განახორციელოს ბუნების ჩანაფიქრი: დაოჯახდეს, გააჩინოს შვილი და იცხოვროს ქორწინებაში დიდხანს და ბედნიერად, უზრუნველყოს საკუთარ პირმშოსთვის ელემენტარული საარსებო პირობები, ის მაქსიმალურად იტვირთავს თავს, შესაძლოა ეს იყოს მძიმე როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი შრომა. ასეთი ურთიერთობის დროს კი უფრო ხშირად ყურადღება არაარსებითზეა გამახვილებული და ბავშვთან პოზიტიურ ჩართულობას ნაკლებად გულისხმობს.
ამ საკითხზე მომართვიანობა რამდენად ხშირია?
სამწუხაროდ, ბავშვების უმრავლესობა განიცდის დედის დეფიციტს. რიგ შემთხვევაში მშობელი საზღვრებს მიღმაა ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფისათვი, ნაწილი იმდენად დატვირთულია, რომ ელემენტარული დრო არა აქვთ ბავშვებისთვის და მათი აღზრდა ბებიებზე ან ძიძებზე აქვთ გადაბარებული, თუმცა შესაძლებელია დედა მთელი დღე ბავშვთან ერთად იყოს, მაგრამ ურთიერთობის დეფიციტი მაინც არსებობდეს.
პრობლემიდან გამოსავალი არის მხოლოდ ერთი: დედამ გააცნობიეროს რელური საფრთხე, თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ასეთ არაჯანსაღ ურთიერთბას და შეცვალოს საკუთარ შვილთან დამოკიდებულება.
7 რჩევა სოფო მაისურაძისგან:
1. გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო ბავშვთან, გამოხატეთ სითბო, სიყვარული მის მიმართ, ესაუბრეთ და გაუზიარეთ საკუთარი ემოციები, აზრები. სულ მცირე ნახევარი საათი მაინც უნდა დაუთმოთ ბავშვს ყოველდღიურად, რათა მოხდეს მისი ჯანსაღი ფსიქო-ფიზიკური განვითარება.
2. მშობელმა აუცილებლად უნდა გამოხატოს ბავშვის მიმართ სიყვარული არავერბალურად, სხეულის ენით, რადგან ბავშვი უფრო მარტივად იღებს ამ სახის ინფორმაციას. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ დედამ სასურველია დღის განმავლობაში 8-ჯერ თუ არა 4-ჯერ მაინც ჩაიკრას გულში თავისი პირმშო.
3. არავერბალურთან ერთად ასევე აუცილებელია მშობელმა გამოხატოს თავისი ემოცია ვერბალურად, ასეთი ფრაზებით: „მე ბედნიერი ვარ შენი არსებობით“, „როგორ მიხარია შენთან ყოფნა“, „როგორ მიყვარხარ“ და ა.შ.
4. აღნიშნეთ და ყურადღება გაამახვილეთ ბავშვის კარგ, პიზიტიური საქციელზე, შეაქეთ და აუხსენით მიზეზი, რის გამოც თქვენი დადებითი ემოცია დაიმსახურა. გამოიყენეთ სასიამოვნო განსაზღვრებები: “შემოქმედებითი ბიჭი“, „მოწესრიგებული გოგონა“, „მონდომებული მოსწავლე“ და ა. შ.
5. აუცილებელია ბავშვს განუვითაროთ დამოუკიდებლობა, საკუთარი თავის რწმენა, ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ მისი გვჯერა და ვენდობით.
6. მშობელი უნდა დაეხმაროს ბავშვს სწორად დააგეგმონოს დღის რეჯიმი, სადაც იქნება როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური დატვირთვა, რადგანაც ორივე სფერო ბავშვის ჯანსაღი ფსიქო-ფიზიკური განვითარებისთის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე არ უნდა დაივიწყონ, რომ აუცილებელია ბავშვს სულ მცირე ნახევარი საათი მაინც დაუტოვონ თავისუფალი, რათა თავისი საყვარელი საქმიანობით იყოს დაკავებული. იქნება ეს თამაში, ხატვა, ჭადრაკი თუ სხვ.
7. კარგად უნდა იქნას გაკონტროლებული ბავშვის დრო, რომელსაც ის ატარებს ინტერნეტ სივრცეში. უამრავი კვლევა ტარდება ამ საკითხთან დაკავშირებით და დადგენილია, რომ 9 წლამდე ბავშვისთვის კომპიუტერული თამაშები საერთოდ დაუშვებელია, ხოლო 9 წლიდან კი მხოლოდ 20-30 წუთი.
წყარო: Fortuna.ge