Nuk
როდის სჭირდება ბავშვს ტყვიის ანალიზი და როგორ დავიცვათ ბავშვები

თარიღი: 25 ივლისი, 2023

„კლინიკა პირველის“ პედიატრი – ლალი ჯანაშია, რომელმაც ადამიანის ორგანიზმში ტყვიის მაღალ შემცველობაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და მოგვარების გზებზე, ტყვიით ინტოქსიკაციით გამოწვეულ პრობლემებზე და დარღვევებზე ისაუბრა და არაერთი საჭირო რეკომენდაცია გაგვიზიარა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში დადგენილი არ არის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, ვენურ სისხლში  ტყვიის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 5 მიკროგრამს დეცილიტრზე. 2018 წელს ჩატარებული საკმაოდ ვალიდური კვლევის შედეგების მიხედვით, ბავშვების 41%-ში მონაცემები შეესაბამება იმას, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება, 16%-ში ეს ასე არ არის, ანუ არის ტყვიის მაჩვენებლის მატება და შედეგი კიდევ უფრო მაღალია 25%-ში. ქალბატონო ლალი, თქვენ, როგორც პედიატრს, რას გაძლევთ ეს მონაცემი, რა დაგანახათ ამ კვლევამ?
რაღაც დოზით ყველა პედიატრი არის შემხებლობაში ამ პროცესთან, მაგრამ როდესაც მე არასამთავრობო ორგანიზაციასთან მჭიდროდ ვიყავი დაკავშირებული, აზრად მოგვივიდა, რომ რომელიმე კონკრეტულ ლაბორატორიულ ქსელთან ერთად ამ თემაზე კვლევა დაგვეწყო. მინდა გითხრათ, რომ თბილისის პირობებში რაღაც საოცარი სტატისტიკა დაიდო, თვით ერთ ქალაქშიც კი, უბნების მიხედვით სრულიად განსხვავებულ მაჩვენებლებს ვიღებდით. მაგალითისთვის, ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობდნენ დიღომში, სოფელ დიღომში, გლდანულაში, ნუცუბიძის პლატოზე და ა.შ. სტატისტიკურად ბევრად ნაკლები იყო ტყვიის ტოქსიკური მაჩვენებელი, განსხვავებით იმ ბავშვებისგან, რომლებიც  ჩუღურეთის რაიონში, წერეთელზე, დიდუბის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, ანუ სადაც მეტად იყო დატვირთული მოძრაობა, იყო მეტი გამონაბოლქვი და იყო დაბალი ზონა. ნახსენებ რაიონებში ძირითადად არის იტალიური ეზოები, ძალიან დაბალი სახლები და ეს შედეგი ამითაც იყო გამოწვეული.

 

ტყვია ორგანიზმში სხვადასხვა გზით ხვდება, მაგრამ პირველ რიგში ეს გამონაბოლქვის საშუალებით ხდება. გამონაბოლქვი ილექება დაბლა და ის მძიმე მეტალებიც, რომლებიც გამონაბოლქვშია, შედარებით დაბლა მიდიან. დაბლა წამოსვლა კი ხელს უშლის იმ ადამიანებს, რომლებიც სიმაღლით პატარები არიან, ანუ ბავშვებს. კვლევის მაჩვენებლები სტატისტიკურად რომ შევადარეთ, 6 წლის ასაკამდე ბავშვებში ბევრად უფრო მაღალი აღმოჩნდა ინტოქსიკაციის ხარისხი, ვიდრე 6 წლის ზემოთ ბავშვებში.

 

ტყვიის ინტოქსიკაცია სოციალურ პრობლემას ნამდვილად არ მიეკუთვნება და ვერავინ იტყვის, რომ ვიღაც თავის შვილს რაღაცას განსაკუთრებულად კარგს აჭმევს და ვიღაც არ აჭმევს, ეს ამაზე მართლა არ არის დამოკიდებული.

 

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ როცა უკვე დაიწყო ღრმა კვლევა აღნიშნულ საკითხზე და როცა ჯანმომ პირველად დაიწყო განგაშის ატეხა ტყვიის ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, შემოწმებული იქნა, კიდევ საიდან შეიძლებოდა ყოფილიყო ეს პრობლემა. აღმოჩნდა, რომ პრობლემა იყო სხვადასხვა უხარისხო საღებავებით შეღებილი სათამაშოები, სხვადასხვა ჭურჭელი და ა.შ. მოგეხსენებათ, შარშან როგორი განგაში ავტეხეთ იმის გამო, რომ ერთ-ერთ ცნობილ ჰიპერმარკეტში ჭურჭლის მთლიანი პარტიის ამოღება მოგვიხდა, რადგან მათში ტყვიის იმაზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა, ვიდრე ეს ნორმითაა დასაშვები.

 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ყველას სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ, განსაკუთრებით პატარებსა და ორსულებს. ტყვია იმ ტოქსიკურ მეტალს მიეკუთვნება, რომლის გასვლაც პლაცენტარული ბარიერის მეშვეობით ხდება და შეიძლება, რომ ნაყოფის დაზიანება მაშინვე მოხდეს.

 

რაც შეეხება იმას, თუ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ტყვიამ ჩვენს ბავშვებს, გეტყვით, რომ ის იწვევს ზრდა-განვითარების შეფერხებას, ყურადღების და კონცენტრაციის დაქვეითებას, გაღიზიანებადობას, მოთენთილობას, წონის დეფიციტს, მეტად ალერგიულ ხასიათს.

 

ჩატარებული კვლევებით რკინის მაჩვენებელი ძალიან მაღალი აღმოჩნდა ზღვისპირა ქალაქებშიც, აჭარაში, აჭარის პორტებში, სადაც არა მარტო გემები შემოდიან, არამედ არის ბევრი თევზის გადამამუშავებელი ქარხანა თუ სხვა რამ. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს აჭარის მაღალმთიან რეგიონსაც ეხება.

 

აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი არის ჩართული ამ პროცესებში და ცდილობენ, რომ პატარ-პატარა გრანტებით დაეხმარონ ადამიანებს და უფასო კვლევა ჩაატარონ. აღნიშნული კვლევა არ არის ბიუჯეტური, მისი ფასი სხვადასხვა ლაბორატორიაში 80-დან 130 ლარამდე მერყეობს, თუმცა, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პერიოდულად ფასდაკლებებიც ცხადდება. ჩვენმა კლინიკამაც მოახერხა, რომ ასი 7 წლამდე ასაკის ბავშვისთვის უფასოდ ჩაეტარებინა ეს კვლევა და იქ დადებული მონაცემები ჩვენ, მათ პედიატრებს ძალიან წაგვადგა.

 

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ ტყვია ძალიან ერჩის გასტროენტეროლოგიურ, ანუ საჭმლის მომნელებელ ტრაქტს და ძირითადად ახასიათებს შეკრულობა, დიდი მუცელი, ღებინების შეგრძნება, გულისრევა. რა თქმა უნდა, ჩამოთვლილთა მიზეზი მარტო ტყვიის ინტოქსიკაცია არ არის და არავის ეგონოს, რომ ჩვენ ახლა ვამბობთ, რომ თუ ბავშვს აღნიშნული ჩივილები აქვს, მაინც და მაინც ტყვიის ბრალია, უბრალოდ, მას ჩივილთა ეს ჩამონათვალი ახასიათებს.

 

აღნიშნულმა პრობლემამ განსაკუთრებით იჩინა თავი ქცევის დარღვევის მქონე ბავშვებშიც და აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე ქცევის დარღვევის მქონე ბავშვების რიცხვის საკმაოდ დიდი მატება შეიმჩნევა.

 

რაც შეეხებათ მოზრდილ ადამიანებს, ამ დროს მათაც აქვთ მაღალი არტერიული წნევა, შეკრულობა, მუცლის მოვლითი ტკივილი, მოთენთილობა, ადვილად დაღლა და ა.შ.

 

მინდა აღვნიშნო, რომ მე მყავდა 11 წლის ბიჭი აჭარის რეგიონიდან, რომელთანაც დაფიქსირებული იყო ტყვიის მაღალი შემცველობა, რის გამოც წინა ეტაპზე იყო წამოწეული ენდოკრინული პრობლემები, ფარისებრ ჯირკვალში აღმოჩენილი იყო ე.წ. კვანძი, იყო TSH-ს მაღალი ციფრი და D ვიტამინის ძალიან დაბალი რიცხვი.

 

ჩემი თხოვნა იქნება, რომ რაღაცნაირად მიზანმიმართულად მივუდგეთ ამ საკითხს და ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვართ იმ დონეზე, რომ ადამიანებს ტყვიის ინტოქსიკაციის მკურნალობის გაწერილი სტანდარტი შევთავაზოთ, რადგან ეს არ არის საქართველოში ისეთი გავრცელებული, აქ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ადამიანი გაერიდოს კონკრეტულ გარემოებას, ჩახსნას ის ნივთიერებები და პროდუქტები, რომლებთან კონტაქტის შედეგადაც შეიძლება ტყვიის მაღალი მაჩვენებელი მიიღოს.

 

სწორად არ მიმაჩნია, ხელაღებით, მუდმივად ვაკეთებინოთ ადამიანებს ე.წ. სკრინინგი, თუ ამას უფასოდ არ ვთავაზობთ, რადგან მან ეს ტესტი ოჯახის 3-4 წევრს რომ გაუკეთოს, უკვე სერიოზული დარტყმაა ბიუჯეტისთვის.

 

პირველი ძირითადი და მთავარი თემაა, რომ ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ როგორია წყალ-გაყვანილობის სისტემები და თუ ეს არის ძველი მილები, რომლებიც ე.წ. კომუნისტების დროიდან მოგყვებათ, აუცილებელია, რომ ამ წყალ-გაყვანილობას მიეხედოს. მუნიციპალიტეტებს უნდა მოეთხოვოთ ამის ცენტრალურად გამოცვლა, რადგან მხოლოდ ბინაში გამოცვლილი მილი ამ ყველაფერს ვერ უზრუნველყოფს. კიდევ ერთი ძალიან მარტივი თხოვნა მექნება, ნუ გამოიყენებთ ონკანის ცხელ წყალს საკვების მოსამზადებლად, რადგან ცხელ წყალს კიდევ უფრო მეტად გამოაქვს ეს დამატებითი ტოქსინები, უმჯობესია, მოუშვათ ცივი წყალი და 5 ან 10 წუთით მეტი დაგჭირდეთ საკვების მოსამზადებლად. გარდა ამისა, შეეცადეთ სათამაშო იყოს 3-4 ცალი, ნუ იქნება 10-20 ცალი, მთავარია, იყოს მაღალი ხარისხის, სწორად იყოს შერჩეული მისი წარმომავლობა. ასევე, აღსანიშნავია, ძველი, საბჭოთა პერიოდის სახლები, რომელთაც შეღებილი კედლები აქვს, რადგან სამწუხაროდ, ასეთ საღებავში და ასეთ კედლებში ტყვიის მაღალი შემცველობაა. თავად ოჯახის წევრსაც შეუძლია, ჩამოფხეკა გააკეთოს და თუნდაც იაფფასიანი, მაგრამ ქაღალდის ე.წ. შპალერი გააკრას ან თანამედროვე, ახალი საღებავით გადაღებოს.

 

მინდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მივმართო, რომ მეტი იყოს მობილური ჯგუფები და რა თქმა უნდა, ბიუჯეტური და საერთოდაც უფასო კვლევა, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაშია. როცა ტყდება განგაში და ოჯახის რამდენიმე წევრს უფიქსირდება სისხლში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი, იქნებ, შევამოწმოთ ამ ადამიანების საცხოვრებელი სახლის კედლის საფარი, წყალი… შემდეგ, სანამ ამ ყველაფრის დეზინტოქსიკაცია მოხდება, გავიყვანოთ ბავშვები თუნდაც უახლოეს სოფელში, რადგან ადამიანი აუცილებლად უნდა მოშორდეს იმ ადგილს. კურორტოთერაპიაზე მშობლებთან საუბარი უკვე გვერიდება კიდეც, რადგან მოგეხსენებათ ქალაქიდან გასვლა საკმაოდ მძიმე ბიუჯეტური დარტყმაა ბევრი ადამიანისთვის.

 

როცა ჩვენ ადამიანებს ტყვიის ინტოქსიკაციისას კონკრეტულ, სერიოზულ სამკურნალო სქემას ვერ ვთავაზობთ, არ მიმაჩნია, სწორი იყოს, რაღაც ჯგუფებისა და ინდივიდუალური შეხედულებების დონეზე ე.წ. ფარმაცევტული მარკეტინგის გააქტიურება და ერთი და იგივე დანიშნულების, სხვადასხვა დასახელების ვიტამინების შეთავაზება, რომელთაც თავისი ტოქსიკური ზღვარი აქვთ. ჰიპერ მიღებული არც ვიტამინია ადამიანისთვის სასარგებლო. მნიშვნელოვანია, ჯანსაღი და სწორი კვება, წყლის დიდი რაოდენობით მიღება. ისეთ ადგილებში, სადაც წყალი საეჭვოა, ნაყიდი წყალი მიიღეთ. ასევე მნიშვნელოვანია ცხოველური ცილა, რადგან რკინა დეფიციტი და ანემიები ძალიან ხშირია ტყვიით ინტოქსიკაციის დროს. თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, აღნიშნულ საკითხს სწორად მიუდგეს, ვფიქრობ, მხოლოდ სკრინინგის ჩატარება და პრობლემის გამოვლენა, სწორი არ იქნება. სადაც ეს პრობლემა გამოვლინდება, უნდა მოხდეს სუბსიდირება.

 

თქვენ სწორად თქვით, რომ ადამიანის ორგანიზმში ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაციის ზუსტი რიცხვი არ არსებობს, არის ლაბორატორიები, სადაც ეს შეიძლება 27 მიკროგრამი შეიძლება იყოს, სადღაც 5,  სადღაც კი 10, მაგრამ ჯანმოს რეკომენდაციით 5-დან 10 მიკროგრამამდე დეცილიტრზე ყველაზე მაქსიმუმია და ამ რაოდენობას არ უნდა აღემატებოდეს ტყვიის შემცველობა ადამიანის ორგანიზმში.

 

ბევრი ისეთი სიმპტომი ჩამოთვალეთ, რაც სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობაზე შეიძლება მიუთითებდეს. თქვენი რეკომენდაციით, რა დროს უნდა ჩატარდეს კვლევა ტყვიის შემცველობაზე?
როდესაც ენდოკრინული პრობლემები წინა ეტაპზე მოდის, არის წონის მკვეთრი დეფიციტი და არ არის ნაპოვნი ე.წ. პირველ ხუთეულში ან თუნდაც ათეულში მოქცეული ის დაავადებები,  რომლებმაც შეიძლება, რომ აღნიშნული გამოიწვიონ, მაგალითად, ცილის დეფიციტი, ცისტური ფიბროზი და ა.შ. ასეთ დროს ბოლო მიზეზად მაინც ტყვიის მაღალი შემცველობა რჩება ხოლმე, მაშინაც კი, თუ ხედავთ, რომ სოციალური ფონი იდეალურია, ბავშვი ისეთ გარემოშია, სადაც უსაფრთხოა წყალი, კედლები და ა.შ. მაღალ სართულზეც ცხოვრობს, საუკეთესო აგარაკზეც ისვენებს… ასეთი ტიპის ბავშვებთანაც კი, როცა სხვა ყველა ე.წ. ცნობილი მიზეზი გვეწურება, უკვე იმდენად ბევრი ტყვიის ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი დაგროვდა, მე ვთვლი, რომ მაინც სასურველია კვლევის ჩატარება. იგივე ქცევის დარღვევების დროს, როცა სხვა ყველაფერი თითქოს იდეალურია, არ არის აზრს მოკლებული, რომ ტყვიის ინტოქსიკაციაზე ჩატარდეს კვლევა.  ვთვლი, რომ აღნიშნული კვლევა საქართველოს მოცემულობაში მაინც პრიორიტეტულია.

 

ძალიან ბევრი მშობელი ძალიან ხშირად კითხულობს აუტისტური სპექტრის აშლილობისა და ტყვიის მაღალი შემცველობის შესაძლო კავშირზე…
თითიდან გამოწოვილ მიზეზთა შორის ერთ-ერთია ტყვიის ინტოქსიკაცია, რადგან აუტისტური სპექტრის და მისი გამომწვევი მიზეზების ბოლომდე გაშლა, საკმაოდ რთული ამბავია. სიმპტომები, რომლებიც მე ზემოთ ჩამოგითვალეთ, გაღიზიანებადობა, შფოთვა, ყურადღების დეფიციტი, ყველა შედის ხომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანის თვისებების შემადგენლობაში, შესაბამისად, ტყვიის ინტოქსიკაციის როლი რომ არ გამოირიცხება, ალბათ, ოდესმე გვექნება საშუალება, რომ ეს თემა გავშალოთ.

 

ტყვიის ინტოქსიკაციასთან ბრძოლის პოლიტიკა ბოლომდე ჩამოსაყალიბებელი და განსასაზღვრია, რადგან არ მგონია, სწორი იყოს, გავაკეთოთ სკრინინგი და შემდეგ ასე დავტოვოთ შეშინებული მშობელი და ვერაფერი შევთავაზოთ. ტყვიის ინტოქსიკაციასთან ბრძოლა სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. ჯანდაცვის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა იდგნენ სადარაჯოზე, თუ რას ვჭამთ, რა პროდუქტი იყიდება, რა ხდება სათბურებში, რომელი მინერალური სასუქი შედის და ა.შ. ამას ექიმები ვერ გავარკვევთ, ჩვენ შეიძლება ვიპოვოთ  მიზეზი და ტყვიის ინტოქსიკაცია, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვერ მივუთითებთ მშობელს, საიდან მოხდა მისი შვილის ტყვიით ინტოქსიკაცია. კი, მთავარ წამყვანად ვასახელებთ გამონაბოლქვს, მძიმე მეტალებს, გაუმართავ ავტომობილებს, თუმცა ამ მიმართულებით ახლა ნამდვილად იდგმება ნაბიჯები, ე.წ. ტექდათვალიერებები, აღარ არსებობენ კატალიზატორის გარეშე მოსიარულე მანქანები, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს.

 

ინტოქსიკაციის აღმოჩენა არ ნიშნავს, რომ ხელი დაიბანო და  გვერდზე გადგე, ამის გაგრძელებაზე თუ არ დავსვით კითხვები, აბსოლუტურად წყლის ნაყვა იქნება ეს ყველაფერი. ხელში შეგვრჩება აბსოლუტურად დასტრესილი, დაპანიკებული დედა, რომელსაც ხელში უჭირავს ტყვიის მაღალი მაჩვენებელი და ამის იქით რა უნდა გააკეთოს, არ იცის. მე და ჩემს კოლეგებს უნდა გვქონდეს საშუალება, რომ უფრო გაშლილად შევხედოთ ამ საკითხს და არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ სკრინინგით.

 

როგორ უნდა მოვიქცეთ და რა უნდა გავაკეთოთ თუ სახეზე ტყვიის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს?
წამყვან პრობლემებზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და პირველ რიგში, უნდა ჩავხსნათ უხარისხო სათამაშოები, უმჯობესია იყოს ერთი და ხარისხიანი სათამაშო. ასევე პოლიგრაფიული ნაწარმები, წიგნები, რომლებიც უხარისხო საღებავით არის შესრულებული. გთხოვთ, რომ იყიდოთ კარგი გამომცემლობის წიგნი, რომ მხატვრულ ღირებულებასთან ერთად, მაღალი ხარისხიც ჰქონდეს. ეს ასევე ეხება პლასტილინებს, საღებავებს. ახლა, ძალიან მოდაში შემოვიდა ის, რომ ფერადი თაბაშირებისგან ბავშვები ყალიბებში რაღაცებს ქმნიან და ბევრი ასეთი უხარისხო ნივთი შემხვდა. თუ ეს მაინც და მაინც უნდა უყიდოთ ბავშვს, უყიდეთ წიგნების ქსელურ მაღაზიებში, ერთი, მაგრამ კარგი და ხარისხიანი. უამრავი შემთხვევა გვქონია ურტიკარიული შეტევების, ჭინჭრის ციებების ე.წ. ტყლარწებთან ურთიერთობის შემთხვევაში. იმისთვის, რომ შვილს ვასიამოვნოთ, ნუ ვიყიდით რაღაც დაბალ ხარისხიანს. ასეა ფასტფუდების და გაზიანი სასმელების შემთხვევაშიც, ხარისხიანი გარკვეული დოზით დასაშვებია. წყლის შემთხვევაში, როგორც უკვე ვთქვით, მინიმალურია შიდა მილების გამოცვლა. დანარჩენი უკვე სახელმწიფოზეა, მან უნდა მოაგვაროს მუნიციპალური წყლის სისტემები, რადგან სწორედ ძველი მილებიდან გამოსული წყალია ტყვიით ინტოქსიკაციის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი. ადამიანმა შეიძლება დასალევად მუდმივად იყიდოს წყალი, მაგრამ საკვებს ნაყიდი წყლით ნამდვილად ვერ მოამზადებს.

 

ექიმების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, მოვერიდოთ განაპირა გზებზე ხილის, ბოსტნეულის ყიდვას, რადგან ისინი ტყვიის შემცველია. შეიძლება, იგივე ითქვას იმ პროდუქტზე, რომელიც ბაზარში იყიდება?
რა თქმა უნდა, რადგან ხშირ შემთხვევაში სწორედ განაპირა გზებზე საბითუმოდ ნაყიდი პროდუქტი შემოდის ბაზრობებზეც. წარმოიდგინეთ, ეს პროდუქტი შეიძლება დღეების განმავლობაში იდოს განაპირა გზაზე, სადაც დღის განმავლობაში უამრავი მანქანა მოძრაობს. მაგალითად, მე ყოველთვის ვამჯობინებ პროდუქტი ჰიპერმარკეტში შევიძინო, რადგან ვიცი, რომ პროდუქტს მაღაზიაში შემოტანამდე რაღაც მაკონტროლირებელი მექანიზმის გავლა მაინც მოუწევს. გზაზე ჩამოკიდებული ხორცის ყიდვა, საერთოდ არ განიხილება. შოკში ვვარდები ხოლმე, მინდა, მანქანა გავაჩერო, ჩავიდე და ვუთხრა, ხალხო, როგორ ყიდულობთ ამას-მეთქი. როგორ შეიძლება, გზაზე ჩამოკიდებული ხორცის ყიდვა, რომელიც შემოწმებული საერთოდ არ არის.

 

ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, ზაფხულში ერთი თვით მაინც გავარიდოთ ბავშვები ქალაქს და სოფელში წავიყვანოთ, რადგან კვლევა რომ გამიკეთებია, ვერ წარმოიდგენთ, რამხელა განსხვავებაა ქალაქში მყოფ და სოფელ გამოვლილ ბავშვებს შორის. ტყვიის შემცველობა საკმაოდ განსხვავებულია. სოფელში ნამყოფ ბავშვებში დაახლოებით 2,5-ჯერ ნაკლებია ტყვიით ინტოქსიკაცია.

 

მნიშვნელოვანია განიავება, ოქსიგენაცია, მზის შემოშვება, სუფთა წყალი, სწორი კვება, შესაძლებლობების ფარგლებში ბოსტნეულის და ხილის მიღება და ცხოველური ცილის გამოყენება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ტყვიის ინტოქსიკაციის მქონე ბავშვების მეტ წილში, არის ანემია, რომელიც გამოწვეულია ჰემოგლობინის ცილის დეფიციტით და ჰემოგლობინის ცილა ლამის ერთი-ერთში იმეორებს ცხოველის ცილას, იმდენად ჰგავს მას თავისი შემადგენლობით.

წყარო: https://fortuna.ge