თარიღი: 11 ოქტომბერი, 2018
ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევით გამოწვეულ სიმპტომთა ერთიანობას. როგორ ამოვიცნოთ ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობის სინდრომი ბავშვებში – გვესაუბრება ფსიქოლოგი მარი გოგიაშვილი.
რას წარმოადგენს და რა სიმპტომებს მოიცავს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი?
ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) მოიცავს: ყურადღების დეფიციტს (უყურადღებობა, გონება გაფანტულობა), იმპულსურობას (ქცევის გაკონტროლების სირთულე), ჰიპერაქტიურობას (ფიზიკური მოუსვენრობა, მოძრაობათა სიჭარბე), რასაც ხშირად ერთვის ემოციური მოუმწიფებლობა და აგრესიულობა, დაბალი აკადემიური მოსწრება. სირთულეები ბავშვებს უფრო მეტად აღენიშნებათ სკოლაში და სახლში: ადვილად გადააქვთ ყურადღება, არ შეუძლიათ წესების დაცვა, ხშირად ითხოვენ მასწავლებლისგან დამატებით ყურადღებას, არ ასრულებენ მშობლების მოთხოვნებს, მოქმედებენ იმპულსურად, აღენიშნებათ ემოციური ლაბილურობა, ადვილად ღიზიანდებიან და ფეთქებადები არიან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაბალი თვითშეფასება და სოციალურ ურთიერთობაში სირთულე.
ზოგ შემთხვევაში ყურადღების პრობლემები, იმპულსურობისა და ჰიპერაქტივობისაგან დამოუკიდებლადაც შეიძლება არსებობდეს. ბავშვების (I ჯგუფი – ბავშვები ყურადღების დეფიციტით – ჰიპერაქტივობის გარეშე, II ჯგუფი – ყურადღების დეფიციტი, იმპულსურობითა და ჰიპერაქტივობით) დიაგნოზი ერთიანდება ADHD-ის სინდრომში (მათი სიმპტომების მსგავსების გამო), მათ შორის მნიშვნელოვანი კლინიკური განსხვავებებიც არსებობს. მხოლოდ, ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვები მიდრეკილები არიან მოთენთილობისა და ზანტობისკენ, ხშირი ოცნების, ზედმეტი თავმდაბლობისა და მორცხვობისაკენ, ხოლო ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის მქონე ბავშვები – იმპულსურობისა და აქტიურობისაკენ, აგრესიული ქცევისაკენ, ბავშვები, რომელთაც ADHD აქვთ, შეიძლება მრავალ განსხვავებულ თვისებას ამჟღავნებდნენ. ისინი განსხვავდებიან სიმპტომების გამოვლინების ხარისხით და ინტენსივობით. ამიტომ მშობლებისათვის მნიშვნელოვანია კარგად გააცნობიერონ ამ სინდრომის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები და პრობლემები, რათა ითანამშრომლონ სპეციალისტებთან ზუსტი დიაგნოზის დასმის მიზნით, რაც საკმარისად რთული პროცესია, სიმპტომთა მრავალფეროვნებისა და ვარირების გამო. ADHD შესაძლებელია გამოხატული იყოს ერთ სიტუაციაში უფრო მკვეთრად, მეორეში ნაკლებად. მაგალითად სკოლაში უფრო მეტად იყოს გამოხატული და ისეთ სიტუაციაში ან აქტივობაში, რომელიც მისთვის სასიამოვნოა ნაკლებად, მაგ: სპორტი.
ADHD-ის სიმპტომები ძირითადად ბავშვის ადრეულ ასაკშივე ხდება შესამჩნევი. ასეთი ბავშვები გამოირჩევიან ადვილი აგზნებადობით, ადვილად ღიზიანდებიან ძლიერ ხმაურზე, შუქზე ტემპერატურაზე, გარემოს ცვლილებებზე, ძილი მოუსვენარია.
ADHD-ის სიმპტომების გამოვლენა იწყება სკოლამდელ ასაკში, მიუხედავად ამისა, ხშირ შემთხვევაში მშობლებს ADHD-ის სიმპტომები შეუმჩნეველი რჩებათ. ADHD-ის დიაგნოზის დასმა ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი შევა სკოლაში. სიმპტომები ხელს უნდა უშლიდეს ნორმალურ სოციალურ და აკადემიურ ფუნქციონირებას.
რა იწვევს ADHD-ის?
ADHD-ის გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ეს შეიძლება იყოს გენეტიკური, ბიოქიმიური, ნეირობიოლოგიური და გარემო პირობებთან (არახელსაყრელი გარემო-საკვების ნაკლებობა, მწირი სოციალური დახმარება და ა.შ. ) დაკავშირებული ფაქტორები, ასევე ორსულობის დროს მომწამვლელი ნივთიერების მიღება, ნაადრევი მშობიარობა, ჩანასახის ცენტრალური ნერვული სისტემის მექანიკური დაზიანება, საკვები დანამატები, საღებავები კონსერვანტები და შაქარი, რომელიც შესაძლებელია იყოს ჰიპერაქტიური ქცევის გამომწვევი თუმცა არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება რომ ეს ფაქტორები აუცილებლად იწვევს ADHD-ს.
მისი გამომწვევი შესაძლებელია ასევე იყოს ემოციური დეპრივაცია, მაგალითად, ბავშვთა სახლის ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ხანგრძლივი ემოციური დეპრივაცია, გამოირჩევიან ჰიპერაქტიურობით და ყურადღების დეფიციტით, მაგ., როდესაც ხდება ბავშვის შვილად აყვანა ან ფოსტერულ ოჯახში განთავსება, იხსნება სიმპტომებიც. მიზეზებს შორის უნდა აღინიშნოს სტრესული გარემოებები მაგ.: ოჯახის დანგრევა (ანუ შფოთვის გამომწვევმა მიზეზებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ADHD-ს).
ADHD-ის ცვალებადი სიმპტომების გამოვლენა გრძელდება მოზარდობასა და მოზრდილობაშიც, 50% შემთხვევაში შეიძლება გადავიდეს რემისიაში – შეიძლება ჰიპერაქტივობა შემცირდეს, თუმცა ყურადღების და იმპულსის კონტროლის პრობლემა ისევ რჩება.
როგორია ADHD-ის მკურნალობის პროცესი?
ADHD-ის ყველაზე ეფექტურ მკურნალობას წარმოადგენს მულტიმოდალური მიდგომა, რომელიც გულისხმობს სამედიცინო, ფსიქოლოგიურ, ქცევითი სწავლების მეთოდების გამოყენებას.
მშობლებისთვის ბავშვის ქცევის მართვის ტექნიკების სწავლება, ბავშვის სპეციფიურ მოთხოვნებზე აგებული შესაბამისი სასწავლო პროგრამები და მედიკამენტების მიღება, საგრძნობლად ამცირება ADHD-ის სიმპტომებს.
ADHD-სთან დაკავშირებული სიმპტომების მკურნალობისათვის გამოიყენება ფსიქოსტიმულანტები. მკურნალობა არის მშობელთა ფსიქოგანათლება, მედიკამენტოზური მკურნალობა (განსაკუთრებულ შემთხვევაში) ფსიქოთერაპია კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია.
როგორ დავეხმაროთ ADHD-ს მქონე ბავშვს?
მიუხედავად იმისა, რომ ADHD-ს მქონე ბავშვები სკოლაში წარუმატებლობისა და ემოციური პრობლემების წარმოშობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, მათი პრობლემების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და შესაბამისი დახმარება, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ მდგომარეობას.
ADHD-ის მქონე ბავშვების უმრავლესობას მოზრდილობაშიც მიჰყვება გარკვეული სიმპტომები, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სწორი მკურნალობის და ფსიქოლოგიური დახმარებისას ისინი კარგად ადაპტირდებიან და წარმატებებსაც აღწევენ.
ADHD-ის მქონე ბავშვებს პირველ რიგში ესაჭიროებათ სწავლის ფიზიკური პირობების შექმნა, შემდეგ სპეციალური სასწავლო პროგრამები, რომელიც მის თავისებურებებს ითვალისწინებენ.
7 რჩევა მარი გოგიაშვილისგან:
1. სასურველია და აუცილებელიც მოხდეს გარემოს სიტუაციური გაკონტროლება, გარე ხმაური და მხედველობითი გამღიზიანებელი უნდა იქნეს დაყვანილი მინიმუმამდე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი მასალის მიწოდება ხდება.
2. მასწავლებელი და მშობელი აუცილებელია წარმართავდნენ ბავშვის ყურადღებას სიტყვით, შეხებით და არავერბალური სიგნალების გამოყენებით.
3. ინსტრუქციები ბავშვებისათვის უნდა იყოს მიწოდებული სწორი არტიკულაციით, მკაფიოდ და მარტივი წინადადებებით. აუცილებელია ბავშვმა იცოდეს რა გვინდა მისგან.
4. ახალი ინფორმაცია უნდა დანაწევრდეს მოკლე, კარგად განსაზღვრულ წინადადებებად.
5. ვერბალურ ინსტრუქციებს თან უნდა ახლდეს ვიზუალური, დამხმარე მასალა.
6. ბავშვს უნდა ვასწავლოთ დავალების ან სხვა სამუშაოს ორგანიზება და შესრულება დღიურების და გეგმების გამოყენებით.
7. საჭიროა დღის რეჟიმის შედგენა (გაღვიძების, ჭამის, სეირნობის, სკოლაში წასვლის და სხვა დროების გაწერა).
წყარო: Fortuna.ge