თარიღი: 28 თებერვალი, 2021
წინააღმდეგობა და სიჯიუტე აუცილებელი და ბუნებრივია ბავშვის განვითარების ეტაპზე. ზოგჯერ ორი წლიდან, ზოგჯერ კი სამი წლიდან იწყება ეს პროცესი და უნდა გვიხაროდეს კიდეც, რომ ბავშვი უფრო მეტად გამოეყო მშობელთან უშუალო კავშირს და ახერხებს, უკეთ გააცნობიეროს, რა უნდა თავად.
„კბილები რომ ამოსდის ბავშვს და ექავება, ხომ ღეჭს ყველაფერს, ჩვენ ხომ არ ვფიქრობთ „ამას კბილები არ აქვს და გადაჭამა ყველაფერი და რომ გაეზრდება, მერე რაღა იქნებაო“, ასეა სიჯიუტის შემთხვევაშიც“.
შეიძლება ამ წუთში ბავშვს შიოდეს, უკვე უნდა გითხრას, რომ შია, მაგრამ მშობელმა დაასწრო და უთხრა – „ხომ შეჭამ?“, „არა“ – იქნება პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ შია. იმიტომ, რომ უფრო მეტად შია დამოუკიდებლობა, უფრო მეტად შია თავისი პიროვნული თავისუფლება და არჩევანი. ეს გასათვალისწინებელია და ამ დროს დიდი წინააღმდეგობის გაწევა არ ღირს. მაინცდამაინც იმის ჩაცმა უნდა, თქვენ რომ არ შეგითავაზებიათ და იცის, რომ თქვენ წინაღმდეგი იქნებით. ჯიუტობს არა იმიტომ, რომ თქვენთან ჯიბრშია, თქვენ არ მოსწონხართ ან არ უყვარხართ, არამედ იმიტომ, რომ მას უნდა პიროვნული დამოუკიდებლობა და თქვენთან წინააღმდეგობით უნდა დარწმუნდეს, რომ მაგარი ბიჭი ან მაგარი გოგოა. არ უნდა დავუკარგოთ იმის განცდა, რომ მაგარია, იყოს ზომიერი წინააღმდეგობაც და ამასთან მისი წინააღმდეგობა გულში გვიხაროდეს. არ უნდა გვეშინოდეს, რომ ჯიუტი და ურჩია და არ უნდა იფიქროთ, რომ გაიზრდება მერე რაღა იქნებაო. არა, რომ გაიზრდება, მაგარი გოგო ან ბიჭი იქნება, ჭკუაც მოემატება და ეცოდინება, რა არის გონივრული. კბილები რომ ამოსდის ბავშვს და ექავება, ხომ ღეჭს ყველაფერს, ჩვენ ხომ არ ვფიქრობთ „ამას კბილები არ აქვს და გადაჭამა ყველაფერი და რომ გაეზრდება, მერე რაღა იქნებაო“, ასეა სიჯიუტის შემთხვევაშიც.
აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის პედაგოგი ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე
წყარო: https://azrovnebisakademia.ge