Plasmon
როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სოციალური უნარების განვითარებას

თარიღი: 29 მარტი, 2023

ყველა მშობელს სურს მისი შვილი იყოს წარმატებული სკოლასა და უნივერსიტეტში, მოგვიანებით ჰქონდეს კარგი სამსახური და ბედნიერი ცხოვრება. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ამ სურვილების ასრულება შესაძლებელი იქნება, თუ მშობლები ბავშვებს დაასწავლიან ყველა საჭირო უნარს და ამასთან,ძალიან ადრეულ ასაკში. კონკრეტულად რა უნარებზეა საუბარი? ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ აუცილებელია სკოლამდელ ასაკში ბავშვმა იცოდეს ფერების, ფორმების, ციფრების ცნობა, საკუთარი სახელის დაწერა, წაკითხვა და კიდევ უამრავი სხვა რამ. რა თქმა უნდა, ეს ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ სულ სხვა რამ არის არსებითი.

იმისთვის რომ, ბავშვი იყოს წარმატებული და ბედნიერი, ძალიან ადრეულ ასაკშივე მას უნდა შეეძლოს:

1. მეგობრების შეძენა და ურთიერთობების შენარჩუნება;
2. საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობა, სურვილების, ქცევების მართვა და სოციალურად მისაღები გზებით გამოხატვა;
3. გამოცდილების საფუძველზე დასწავლა, ახალი ინფორმაციის მიღება;

სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, ახალი მეგობრების შეძენა, სხვადასხვა გამოწვევებთან გამკლავება, სხვისი ემოციების გაგება და საკუთარის სწორად გამოხატვა წარმოადგენს იმუმნიშვნელოვანესუნარებს, რომელიც გვჭირდება წარმატებისთვის და ბედნიერი ცხოვრებისთვის. აღნიშნული უნარები ჩამოყალიბებას იწყებს ძალიან ადრეული ასაკიდან, ურთიერთობის პირველი გამოცდილებიან და წარმოადგენს სოციალურ-ემოციური განვითარების საფუძველს. შესაბამისად, ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარება უკავშირდება შემდეგ სფეროებს:

სოციალური ინტერაქცია: გულისხმობს სხვა ადამიანებთან ურთიერთობას. აღნიშნული უნარის განვითარებასთან ერთად ბავშვები სწავლობენ უფროსებთან და თანატოლებთან ურთიერთობას, სხვების ნდობას, მეგობრების შეძენას და შენარჩუნებას, მათ დახმარებას და მათთან ერთობლივ თამაშს, სხვებთან თანამშრომლობას, მათდამი კეთილგანწყობის გამოხატვას და ა.შ;

თვითრეგულაცია: გულისხმობს საკუთარი და სხვისი ემოციების გაგებას, ცოდნას და მართვას - ჩვენი ფიქრების, გრძნობების, ქცევების სოციალურად მისაღები გზებით გამოხატვას. მაგალითად, როგორ გავუმკლავდე სიბრაზეს და დავმშვიდდე; როგორ შევინარჩუნო სიმშვიდე პრობლემის წინაშე დგომისას და რაციონალურად როგორ გადავჭრა; როგორ ვიურთიერთო სხვა ადამიანებთან და ამასთან, კონფლიქტის გარეშე; როგორ დავაფიქსირო საკუთარი აზრი, ემოცია სხვებისთვის გასაგები და სოციალურად მისაღები გზით; როგორ გამოვხატო უკმაყოფილება ფიზიკური ძალის გამოყენების, ყვირილის და ლანძღვის გარეშე და ა.შ.

ახალი გამოცდილების მიღება და დასწავლა: გულისხმობს უნარს გამოიკვლიო და გაიგო მეტი, სხვა ადამიანების, მრავალფეროვანი გარესამყაროს შესახებ, გაუმკლავდე ახალ გამოწვევებს, იყო ცნობისმოყვარე, გქონდეს ცოდნის შეძენის მოტივაცია, იღებდე სიამოვნებას ამ პროცესით, არ შეუშინდე წინააღმდეგობას, სირთულეებს, შეგეძლოს შეცდომებზე დაკვირვება, გაანალიზება და სწავლა.

სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება სიცოცხლის ადრეული პერიოდიდანვე იწყება. ჩვილი იბადება სოციალური მიმანიშნებლების გაგების ბაზისური უნარით, რომელსაც ივითარებს ახლობელ ადამიანებთან, მზრუნველებთან ურთიერთობის პროცესით. მაგალითად, ჩვილი აბრუნებს თავს დედის ხმის გაგონებისას. მოგვიანებით, მზერას აყოლებს უფროსის მზერის ან მითითების მიმართულებით. შემდეგ კი იწყებენ მარტივი მოქმედებების ან ბგერების იმიტაციას. მაგალითად, „აბა, თქვი აღუ“ და ბავშვიც ამბობს „აღუ“-ს. ბავშვსა და უფროსებს (მშობლები, ახლობლები, მასწავლებლები) შორის ურთიერთობის თავისებურება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მისი ჯანსაღი სოციალურ-ემოციური განვითარებისთვის. დაბადებისთანავე ბავშვს სჭირდება გარემო, სადაც უფროსები პასუხობენ მის საჭიროებებს, ცდილობენ მასთან შინაარსობრივ ურთიერთობას, ზრუნავენ და გამოხატავენ სითბოს. ასეთი გამოცდილები მქონე ბავშვი მოგვიანებით გაბედულად იწყებს სამყაროს შემეცნებას, არ აშინებს სიახლეები, ახალი ინფორმაციის მიღება, პრობლემების გადალახვა, დასწავლა და ახალი ურთიერთობების დამყარება.

რა გავლენას ახდენს სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება დასწავლაზე

ბავშვები უკეთესად სწავლობენ სკოლაში, თუ:

 - შეუძლიათ სხვებთან ურთიერთობა;

 - შეუძლიათ მეგობრების შეძენა;

 - შეუძლიათ ნივთების, გამოცდილების გაზიარება და საკუთარი რიგის დაცვა;

 - ადარდებთ სხვა ადამიანების გრძნობები და შეხედულებები;

 - იცნობენ საკუთარ შეგრძნებებსა და ემოციებს;

 - ახერხებენ საკუთარ ემოციებთან გამკლავებას და თვითდამშვიდებას რთულ სიტუაციაში ყოფნისას.

 - შეუძლიათ საკუთარი საჭიროების გადმოცემა და სხვებისთვის შეტყობინება;

 თუ ბავშვს შეუძლია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი, მაშინ:

 - უკეთესად უსმენს მასწავლებელს;

 - უკეთესად მიჰყვება მასწავლებლის მითითებებს;

 - ახერხებს საკუთარი ქმედებების და სიტყვების გაკონტროლებას;

 - ცდილობს პრობლემებთან, რთულ დავალებებთან გამკლავებას;

 - არ აშინებს სიახლეები, ეძებს მათ და იმრავალფეროვნებს სამყაროს შესახებ გამოცდილებას;

 თუ ბავშვს არ აქვს ასაკის შესაბამისად მომწიფებული სოციალურ-ემოციური უნარები მაშინ:

 - უჭირს მეგობრების შეძენა და შენარჩუნება;

 - ვერ ახერხებს სასკოლო მოთხოვნებთან გამკლავებას;

 - უჭირს საკუთარი ემოციების სწორი გზით გამოხატვა და მიმართავს სოციალურად მიუღებელ ქმედებებს, როგორიცაა: კბენა, დარტყმა, ყვირილი, სხვების ჩაგვრა, ცუდი სიტყვების გამოყენება და ა.შ.;

 - პრობლემები აქვს სწავლაში;

 - ძალიან ცუდად გრძნობს თავს, აქვს დაბალი თვით-შეფასება;

როგორია სოციალურ-ემოციური განვითარების ასაკობრივი კრიტერიუმები

ჩვილები (დაბადებიდან 12 თვემდე):

 - ტირიან, ღუღუნებენ და იღიმიან სიტუაციის შესაბამისად;

 - უყურებენ ადამიანებს სახეში;

 - იღებენ ახლობელი ადამიანებისგან კომფორტს;

 - ეძებენ კომფორტულ მდგომარეობას;

 - გამოხატავენ კმაყოფილებას;

 - ინტერესდებიან სხვა ადამიანებით, აკვირდებიან;

 ჩვილები ( 12-იდან – 18 თვემდე):

 - ცდილობენ სამყაროს შესწავლას;

 - ყურადღებით აკვირდებიან სხვა ადამიანებს;

 - იცინიან ხმამაღლა;

 - მოსწონთ წიგნები, სიმღერა და მარტივი თამაშები;

 - გამოხატავენ სხვადასხვა ემოცას (სევდა, შიში, გაბრაზება და ა.შ)

ბავშვები (18 თვიდან - 3 წლამდე):

- იმორცხვებენ უცნობ ადამიანებთან;

- იღიმიან და კისკისებენ;

- ერთვებიან სხვადასხვა თამაშებში;

- სიხარულით მონაწილეობენ სხვასთან თამაშის პროცესში;

- იწყებენ პროტესტის გამოხატვას და ამბობენ „არა“;

- გამოხატავენ სხვადასხვა ემოციას (სევდა, სიხარული, შიში და ა.შ)

- აქვთ საყვარელი ნივთი ან სათამაშო, რომლითაც მშვიდდებიან გაბრაზების შემდგომ (მაგ: პირსახოცი, თოჯინა, დათუნია);

სკოლამდელი ასაკი (3 - 5 წელი):

- განსხვავებულად რეაგირებენ სხვადასხვა ადამიანის დანახვისას;

- უსმენენ უფროსებს;

- ადვილად ეგუებიან ცვლილებას დღის რეიჟმში;

- ინტერესდებიან ახალი მოვლენებით;

- ცდილობენ მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებას;

- არიან ცნობისმოყვარენი სხვა ადამიანების, მოვლენების მიმართ;

- იწყებენ წარმოსხვით თამაშებს („დედობანა“, „ექიმობანა“);

- სვამენ უამრავ შეკითხვას: რა? ვინ? როდის? როგორ? რატომ? და ა.შ;

 სასკოლო ასაკი (5-8 წელი):

- შეუძლიათ დავალების დამოუკიდებლად შესრულება;

- შეუძლიათ სხვისი განსხვავებული შეხედულების მიღება და გაგება;

- გამოხატავენ სხვების მიმართ აღტაცებასა და კეთილგანწყობას;

- იძენენ ახალ მეგობრებს და ახერხებენ მათ შენარჩუნებას;

- ფიქრობენ საკუთარ ქცევებზე და მის შედეგებზე;

- საუბრობენ პრობლემებზე და ეძებენ გადაწყვეტის გზას;

- მოსწონთ გამოწვევები და სიამოვნებასიღებენ მასთან გამკლავების მცდელობით;

- შეუძლიათ ყურადღების კონცენტრირება, ყოფნით ნებისყოფა დავალების ბოლომდე დასასრულებლად;

როგორ შეუწყოს ხელი მშობელმა ბავშვის სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას

ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვმა თავად იცის ან დამოუკიდებლად ისწავლის სხვებთან ურთიერთობას და საკუთარ ემოციებთან გამკლავებას. ეს ასე არ არის. უფროსს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული უნარების ათვისებისა და განვითარების პროცესში.

როგორ მოვიქცეთ ბავშვთან (დაბადებიდან - 5 წლამდე):

1. ხშირად აიყვანეთ და ჩაიხუტეთ:- გყავდეთ ძალიან ახლოს, როდესაც უკითხავთ წიგნს, უყვებით ამბავს; ჩაეხუტეთ, როდესაც დაღლილია; გამოამჟღავნეთ სიყვარული, როდესაც ძალიან სახალისო აქტივობით ხართ დაკავებულნი. ეს დაეხმარება ბავშვს იგრძნოს მშვიდი კავშირი თქვენთან. ფიზიკური შეხებას, მოფერებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავის ტვინის განვითარების პროცესშიც. შედეგად კი, ბავშვები ადვილად ითვისებენ ახალ უნარებს: სიარულს, საუბარს და ა.შ;

2. აუცილებლად უპასუხეთ ბავშვის მცდელობას იურთიერთოს თქვენთან: - როცა ჩვილი იწყებს ღუღუნს და გამოსცემს ბგერებს, თქვენც უპასუხეთ; თუ გიყურებთ, თქვენც შეხედეთ; თუ ხელებს მაღლა წევს და ითხოვს აყვანას, აიყვანეთ და აჩვენეთ, როგორი ბედნიერი ხართ, რომ ხელში გიჭირავთ; თუ თქვენს პატარას უნდა რაიმე მოგიყვეთ, დაჯექით მასთან, გამოავლინეთ ინტერესი და მოუსმინეთ ყურადღებით. თქვენთან კომუნიკაციის ინიციატივაზე ასეთი მყისიერი პასუხები ბავშვს აჩვენებს, რომ ის მნიშვენლოვანია, სასურველი და მისი სურვილები სხვებისთვის გასაგებია, გამოხატვის გზები კი სწორი. შედეგად კი, თავადაც იქნება კარგი მსმენელი და ადვილად შეძლებს სხვებთან ურთიერთობას;

3. გაამრავალფეროვენთ ბავშვის ყოველდღიური, სავალდებულო რუტინული პროცედურები(კვება, ჩაცმა, ბანაობა და ა,შ) მასთან კომუნიკაციის პროცესით- გამოიყენეთ ეს სიტუაციები მასთან ურთიერთობისთვის, ღიმილისთვის, საუბრისთვის, ამბების თხრობისთვის. მშობელსა და ბავშვს შორის მჭიდრო კავშირის არსებობა მნიშვნელოვნად განაპირობებს მათ სამომავლო ცხოვრებას;

4. გამოყავით დრო მასთან თამაშისთვის - დაჯექით მასთან ერთად იატაკზე და ითამაშეთ რასაც მოისურვებს, წაახალისეთ მისი მონდომება და ინიციატივა, შემოთავაზება. თუ ბავშვი ხედავს რომ უსმენთ, მაშინ აქვს განცდა რომ მნიშვნელოვანიადა რომ მისი ესმით. გაახსენეთ, მოუყევით ერთობლივი თამაშის მსგავსი შემთხვევები მოგვიანებითაც, ხშირად ესაუბრეთ მის ქმედებებზე, გამოცდილებაზე.

5. დააკვირდით მის თანატოლებთან ურთიერთობის პროცესს და საჭიროების შემთხვევაში ძალიან ფრთიხლად ჩაერიეთ - ბავშვებს უყვართ სხვა ადამიანებზე დაკვირვება. ისინი იღებენ ურთიერთობის შესახებ გამოცდილებას უფროსებთან კომუნიკაციისას. უფრო მოგვიანებით კი ცდილობენ აღნიშნულ გამოცდილებაზე დაყრდნობით თანატოლებთან ურთიერთობას.შესაბამისად, უჩვენეთ მას სწორი ქცევის მოდელი; დაემხარეთ იმ ემოციების გაცნობიერებაში, რასაც თანატოლებთან ურთერთობის დროს განიცდის; უარყოფითი შეგრძნებების არსებობისას კი ასწავლეთ მისი მართვა და სწორი გზით გამოხატვა.

6. დარწმუნდით, რომ თქვენი მოლოდინები შეესაბამება თქვენი შვილის სოციალურ-ემოციური განვითარების საფეხურს- თუ მშობელი ბავშვისგან ითხოვს ისეთ რაიმეს, რისთვისაც იგი ჯერ მზად არ არის, ეს იმედგაცუებას გამოიწვევს ორივე მათგანთან. მაგალითად, 2 წლის ასაკის ბავშვის მშობელი სთხოვს მას სათამაშოების გაზიარებას თანატოლისთვის. ბავშვი წუწუნებს და არ ემორჩილება. შედეგად მშობელი ბრაზდება. სინამდვილეში კი 2 წლის ასაკის ბავშვების დიდი ნაწილი ჯერ მზად არ არის საკუთარი სათამაშოების სხვებისთვის გასაზიარებლად. თუ მშობელი მაინც განაგრძობს მოთხოვნას, მაშინ ბავშვიშფოთავს და შეიძლება საკუთარი თავის მიმართ ცუდი დამოკიდებულებაც კი ჩამოუყალიბდეს(რას იგრძნობდით თქვენ, თუ საყვარელი ადამიანი ისეთი რაიმეს გაკეთებას გთხოვდათრისთვისაც მზად არ ხართ, არ შეგიძლიათ და შემდგომ კი გაგიბრაზდებოდათ?!). ის რასაც ვითხოვთ 2 წლის ბავშვისგან განსხვავდება იმ მოთხოვნებისგან, რასაც ვუყენებთ ასაკით უმცროს ან უფროს ბავშვებს. ამიტომ მნიშნელოვანია ყველა მშობელმა იცოდეს ბავშვის სოციალურ-ემოციური განითარების თავისებურებები და ასაკობრივი მოთხოვნები.

7. ასწავლეთ როგორ შეიძინოს მეგობრები - მიზანმიმართულად დაასწავლეთ სოციალური უნარები. სახლში გაითამაშეთ სხვადასხვა სიტუაცია. მაგალითად: სათამაშო მოედანზე ყოფნა. ასწავლეთ: როგორ მივიდეს და ჩაერთოს სხვა ბავშვებთან თამაშის პროცესში; როგორ წარადგინოს საკუთარი თავი; როგორ გამოხატოს თამაშის ინიციატივა; როგორ მოახდინოს რეაგირება სხვა ბავშვების თანხმობაზე ან უარზე და ა.შ.

8. არ მიაწებოთ რაიმე ტიპის იარლიყი - მაგალითად: მორცხვი ბავშვი, მშიშარა ბავშვი და ა.შ. პირიქით ესაუბრეთ დადებით კონტექსტში, მოუყვანეთ მაგალითები, როდესაც მოახერხა საკუთარ სისუსტესთან გამკლავება. მაგალითად: „გახსოვს ნინის დაბადების დღეზე, თავიდან ხელს არ მიშვებდი, შემდგომ კი ძალიან იმხიარულე ბავშვებთან ერთად. ხვალ გიოს დაბადების დღეზეც ძალიან მოგეწონება, დარწმუნებული ვარ“.

როგორ მოვიქცეთ ბავშვთან (5-8 წელი);

1. იყავით თანმიმდევრული - ნათლად ჩამოაყალიბეთ თქვენთვის მისაღები ქცევის წესები. ყოველთვის შეასრულეთ რასაც ამბობთ და პირდებით. ბავშვები სწავლობენ თქვენს ქცევაზე დაკვირვებით. მათთვის მნიშვნელოვანია თქვენი ქცევები და სიტყვები ურთიერთშესაბამისი იყოს. სწორედ ამის საფუძველზე გენდობიან. თქვენს შორის ნდობის არსებობა კი დაგეხმარებათ მისი ქცევის მართვაში. მაგალითად, თქვენი მოწოდება „დაიცავი უსაფრთხოების წესები“ ამაო იქნება, თუ ხედავს, როგორ გადარბიხართ ხოლმე ქუჩაზე აკრძალულ მონაკვეთზე. ან: „არ მოიტყუო“, თუ ხედავს რომ თქვენ იგივე ქცევას მიმართავთ, ანდაც „ნუ ყვირიხარ“, თუ უნახავს, რომ თქვენც გამოგიხატავთ გაბრაზება ამ ფორმით, ან „წიგნი წაიკითხე“, თუ ვერ ხედავს მშობლის დაინტერესებას იგივე საქმიანობით.

2. იყავი ღია და მხარდამჭერი - თქვენი შვილისთვის ღირებულია თქვენი აზრი და ემოციები. ამიტომ, თუ კითხვას სვამს, გამოიჩინეთ ყურადღება, შეხედეთ და მოუსმინეთ. არასდროს მოუყვეთ სხვებს მისი შეცდომის, წარუმატებლობის შესახებ თუ ის წინააღმდეგია, არ შეარცხვინოთ. თუ სწორად მოიქცევით, ბავშვისთვის უსაფრთხო თავშესაფარი იქნებით მოგვიანებითაც. ის მოვა და გაგიზიარებთ თავის ემოციებს, შიშებს და წუხილს გვიანი მოზარდობისპერიოდშიც.

3. ისაუბრეთ და მოიქეცით ისე, როგორც თქვენი შვილი გინდათ, რომ მოიქცეს- თქვენ წარმოადგენთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშს, ვისაც ბავშვი ბაძავს. ბავშვები უყურებენ როგორ იქცევით, უმკლავდებით პრობლემებს, საუბრობთ თქვენს წარმატებასა თუ იმედგაცრუენაზე. მოგვიანებით კი თავადაც მსგავსად რეაგირებენ, იყენებენ იგივე სიტყვებს და იმეორებენ ქცევებს. ეცადით იყოთ კარგი მაგალითი თქვენი შვილისთვის;

4. იყავით ჩართული - დაინტერესდით ბავშვის საქმიანობით, პროექტებით, დავალებებით, მისი მეგობრებით, ინტერესებით. დასვით კითხვები და მოუსმინეთ ყურადღებით. წაახალისეთ და მხარი დაუჭირეთ მის გადაწყვეტილებებს. ამით დაარწმუნებთ, რომ გაღელვებთ და ზრუნავთ მასზე. ეს კი გაადავილებს თქვენს შორის კომუნიკაციას რთულ პერიოდებშიც კი.

5. მიეცით შეცდომების დაშვების საშუალება - ჩვენ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს. თუ შეეცდებით თავიდან აარიდოთ შეცდომის დაშვების შემთხვევები, ამით ხელს შეუშლით მის განვითარებისა და დასწავლის პროცესს. მიეცით საშუალება, თავად გაუმკლავდეს პრობლემურ სიტუაციას. მაგალითად, თუ ონკანთან წყლის ავსებისას დაეღვრება იატაკზე, არ მიუთითოთ რა გააკეთოს. აცადეთ თავად გადაწყვიტოს პრობლემა. ბავშვები ბედნიერები არიან, როდესაც ხედავენ თავიანთი დამოუკიდებელი ქმედების დადებით შედეგს;

6. გამოხატეთ კმაყოფილება - ბავშვებს სურთ იყვნენ მიღებულნი და აღიარებულნი საყვარელი ადამიანების მიერ. დაუჭირეთ მხარი და ხშირად გამოხატეთ მისით კმაყოფილება. აჩვენეთ მათ სწორი კომუნიკაციის ნიმუში, როგორ გამოხატოს სხვებისადმი აღტაცება, უკმაყოფილება, გაბრაზება. დაასწავლეთ სოციალური უნარები: შეხვედრისას მისალმება, დამშვიდობება, საუბრისას თვალით კონტაქტის შენარჩუნების საჭიროება, გაღიმება, ხელის ჩამორთმევა, ზრდილობიანი საუბარი და ა.შ.

7. წაახალისეთ მისი პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლობა - ჩართეთ სახლის საქმიაობაში. მან უნდა აიღოს გარკვეულ დავალებებზე პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს მისი შესრულება; შედეგად მას უჩნდება მიკუთვნებულობის და მნიშვნელოვნების განცდა.

8. დაეხმარეთ ისაუბროს საკუთარ თავზე - ადრეული ასაკიდანვე წაახალისეთ მისი მცდელობა გაგიზიაროთ უარყოფითი ან სასიამოვნო გამოცდილება. შედეგად კი უფრო გაუადვილდება თქვენთან კომუნიკაცია მოგვიანებით, კრიტიკულ პერიოდებშიც. წინასწარ დაასწავლეთ სახიფათო სიტუაციებთან გამკლავების გზები, როგორ თქვას: „არა, არ მომწონს“, „არ გეთანხმები“ და საჭიროების შემთხვევაში მიმართოს უფროსს დასახმარებლად. აღნიშნულ უნარის გავარჯიშებაზე იმუშავეთ სახლში. მოუყვანეთ სხვადასხვა სიტუაციები, რომლებიც შესაძლოა მოხდეს და განიხილეთ მისი მოგვარების სწორი გზები. მაგალითად: „როგორ მოიქცეოდი, თუ შენი მეგობარი გთხოვდა თამბაქოს გასინჯვას“.

9. არ დააძალოთ საკუთარი ნიჭის სხვებისთვის წარდგენა - „გიორგი აბა ნინო ბებოს მოუყევი ლექსი“. დაუშვებელია ბავშვს დავაძალოთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა მისი სურვილის გარეშე და უარის შემთხვევაში დავსაჯოთ.

10. არ გამოხატოთ უკმაყოფილება თუ ბავშვს ბევრი მეგობარი არ ყავს- მშობლებს ხშირად სურთ, რომ მათი შვილი იყოს ლიდერი, მუდმივად ყურადღების ცენტრში, ბევრი მეგობრით. თავად ბავშვისთვის კი შესაძლოა საკმარისი იყოს ერთი მეგობარიც კი. მთავარი ხომ მისი ემოციური მდგომარეობაა?! თუ ის ბედნიერია და თავს გრძნობს აქტუალიზირებულად, თუნდაც ერთ მეგობართანაც კი, მაშინ საგანგაშო არაფერია.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი თუ ხედავს ბავშვის სოციალურ-ემოციურ განვითარების სირთულეებს

თუ ჩვილი (დაბადებიდან 12 თვემდე):

- აპროტესტებს ხელში აყვანას;

- რთულად მშვიდდება;

- აქვს ძილის ან კვების პრობლემა;

- იშვიათად ან საერთოდ არ ამყარებს თვალით კონტაქტს;

- არ პასუხობს უფროსების მცდელობს ითამაშონ ერთად;

- აქვს ენის ათვისებასთან დაკავშირებული ან სხვა რაიმე ტიპის სირთულეები;

თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვი:

- ნაკლებ დიფერენცირებას უკეთებს უფროსებს (ნაკლებად არჩევს მშობლებისგან სხვა ადამიანებს);

- არ გამოხატავს ემოციას უცხო ადამიანების მიმართ;

- ზედმეტად შიშობს და შფოთავს სხვადასხვა მოვლენაზე;

- ნაკლებ ინტერესს გამოხატავს ადამიანებისა და სათამაშოების მიმართ;

- ხშირად გამოხატავს უკმაყოფილებას და ტირის;

- აგვანებს მეტყველებას;

თუ სასკოლო ასაკის ბავშვი:

- არ ცდილობს სხვა ბავშვებთან მეგობრობას;

- ადვილად ბრაზდება რაიმეს კეთებისას ან წარუმატებლობისას;

- უჭირს ბრაზის გაკონტროლება;

- მტკივნეულად რეაგირებს ახალ სიტუაციებზე;

- ამბობს ტყუილს;

- უჭირს ერთ რაიმეზე კონცენტრირება;

- ცუდად ახასიათებს საკუთარ თავს;

- აპროტესტებს დღის წესრიგში უმნიშვნელო ცვლილებასაც კი.

- უჭირს სხვისი ემოციების გაგება;

- სიტუაციების შეუსაბამოდ გამოხატავს ემოციებს. 

 

მშობელმა უნდა გაიაროს კონსულტაცია ბაღის, სკოლის პერსონალთან და შემდგომ მიმართოს სპეციალისტს.