Plasmon
როგორ უნდა ამოიცნოთ სენსორული ინტეგრაციის დარღვევები ბავშვებში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

თარიღი: 24 ოქტომბერი, 2017

როგორ უნდა ამოიცნოთ სენსორული ინტეგრაციის დარღვევები ბავშვებში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

ინტეგრირება ნიშნავს ცალკეული ნაწილების გაერთიანებას ერთ მთელში. სენსორული ინტეგრაცია გულისხმობს შეგრძნებების ორგანიზებას, ერთმანეთთან დაკავშირებას. შეგრძნებები ემსახურება გარე სამყაროდან ინფორმაციის მიღებას. გვესაუბრება, ნეიროფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი.

 

რა არის სენსორული ინტეგრაცია?

ადამიანის შეგრძნებები მრავალფეროვანია: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, ტაქტილური (ანუ ხელის შეხებით მიღებული ინფორმაცია), ვესტიბულური (წონასწორობა და სხეული მიმართება დედამიწის მიმართ) ინტროცეპტული (შინაგანი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაცია) და პროპრიოცეპტული (კუნთები და მყესები, ამის წყალობით შევიგრძნობთ სხეულის პოზას). მაგალითად: მანდარინის ჭამის პროცესში ჩვენ ვიღებთ ერთდროულად ინფორმაციას თვალის, ცხვირის, ხელიდ გულების, სმენის, პირის ღრუს მეშვეობით. ინფორმაციის ეს ნაწილები ერთიანდება – ინტეგრირდება ერთიან ნაკადში და გვიყალიბებს სიტუაციის აღქმას, წვდომას. სენსორული ინტეგრაცია არაცნობიერი პროცესია (მიმდინარებს ჩვენი ცნობიერების მიღმა), რომელიც ფილტრავს, ორგანიზებას უწევს და აერთიანებს სხვდასხვა არხიდან (შეგრძნებიდან) მიღებულ ინფორმაციას, გვეხმარება სწორ რეაგირებაში და აზროვნებაში.

 

რა გავლენას ახდენს ის თავის ტვინზე?⠀

სენსორული ინტეგრაცია არის ბაზა, რომელზეც ვითარდება ბავშვის თავის ტვინი ადრეულ ასაკში. პატარებს, ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული აბსტრაქტული აზროვნება. სამყაროს შემეცნების ძირითადი გზა არის გარემოდან ინფორმაციის მიღება და მასზე რეაგირება. ამას სენსომოტორული განვითარების პერიოდს უწოდებენ. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ბავშვმა მიიღოს მრავალფეროვანი გამოცდილება ყველა შეგრძნების ჩათვლით, შეეხოს საგნებს, ბევრი იმოძრაოს, იხოხოს, დაყნოსოს, მოსინჯოს ხელით და პირით საგნები. ვისაც ყავს 2 წლამდე პატარები ალბათ აკვირდებიან, რომ ბავშვი ხშირად ძირს აგდებს საგნებს – ეს არის სმენითი ინფორმაციის მიღების გზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოქმედებაა, რადგან რაც უფრო მრავალფეროვან ინფორმაციას მიიღებს საგნის შესახებ ბავშვი, მით მარტივად ინტეგრირდება მის გონებაში ეს ინფორმაცია და უფრო ეფექტურად გამოიყენებს ამ ინფორმაციას მეტყველების და აზროვნების პროცესში შემდგომ ეტაპებზე. ფაქტობრივად ეს არის ფუნდამენტი, რომელზეც შემდეგ შენდება უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციები აღქმა, მეხსიერება, მეტყველება, აზროვნება.

 

შეიძლება თუ არა ეს პროცესი დაირღვეს?

გარკვეული მიზეზების გამო, შეიძლება ბავშვს აღმოაჩნდეს სენსორული ინტეგრაციის დარღვევა, ან სენსორული ინფორმაციის გადამუშავების სირთულეები. დღევანდელ რეალობაში ეს მდგომარეობა სულ უფრო ხშირად გვხდება ბავშვების შეფასების პროცესში, რადგან დღეს ბავშვების დიდი ნაწილი დეპრივირებულია. დეპრივაცია ამ შემთხვევაში გულისხმობს სენსორული ინფორმაციის უკიდურეს სიმწირეს ან საერთოდ არქონას. ბავშვებს ნაკლებად ეძლევათ მოძრაობის და სამყაროს შემეცნების საშუალება, თითქმის აღარ აქვთ შეხება ბუნებასთან, ძალიან დიდ დროს ატარებენ ეკრანთან, ტექნიკასთან და ეს ძალიან არღვევს სენსორული ინტეგრაციის პროცესის ბუნებრივ მიმდინარეობას. ტექნიკის ზეგავლენა განვითარებად თავის ტვინზე ალბათ ცალკე გადაცემის თემაა და ძალიან აქტუალური თემა, რადგან ამ ზეგავლენის შედეგები ძალიან შორს მიმავალია, თან ყველა ასაკის ბავშვის შემთხვევაში. დღეს ხშირად შეხვდებით ბავშვს, მოზარდს, ან მოზრდილსაც კი სპინერით, ტყლარწით. ამ ტიპის ყველა სათამაშო ემსახურება სწორედ შეგრძნებების სტიმულირებას და შეიძლება ითქვას სენსორული ოთახებიდან მოვიდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

როგორ გამოიხატება სენსორული ინტეგრაციის დარღვევები?

სენსორული ინტეგრაციის დარღვევები ძალიან მრავალფეროვანია. ,,მსუბუქი“ დარღვევები ნაკლებად შესამჩნევია, შეიძლება ვერც შენიშნოს მშობელმა ბავშვის სკოლაში შეყვანამდე. ზოგიერთი გამოვლინება კი შემდეგნაირია: ბავშვი შედარებით გვიან იწყებს ხოხვას, დგომას, სიარულს, მოგვიანებით ეს უკვე შეიძლება გამოვლინდეს ყოფით მოქმედებებშიც: ბავშვს უჭირს თასმების შეკვრა, ველოსიპედის ტარება, მოქმედებები შენელებულია, მოუქნელია, არ არის სხარტი. ვლინდება ჰიპერაქტივობა, ყურადღების დეფიციტი, ბავშვი უმიზნოდ მოძრაობს, ვერ ახდენს საჭირო მოქმედებებზე კონცენტრაციას. ასაკის მატებასთან ერთად ასეთმა ბავშვებმა შესაძლოა მოახერხონ საკუთარი აქტივობის შეკავება/დათრგუნვა, მაგრამ მაინც უჭირთ წესრიგის დაცვა, დავალებების დამოუკიდებლად შესრულება, ჩანთის ჩალაგება და ა.შ. ასეთი ბავშვების ქცევა კონკრეტულ სიტუაციაში სრულიად არაადეკვეტურად გამოიყურება. მაგ: შეიძლება მივიდეს უცხო ადამიანთან და ხელით შეეხოს, ან აღმოჩინოს ტრანსპორტში რომ დასაჯდომი ჭრიჭინებს და აჭრიჭინოს მთელი გზა (ეს ნიშნავს, რომ მან იპოვა მისთვის დეფიციტური სტიმული). ასევე ხშირია თამაშთან დაკავშირებული პრობლემები, მშობლები ამას ასე აღწერენ ,,არ აინტერესებს“,  ,,თამაში არ უყვარს“. ასეთ ბავშვს უჭირს სხვა ბავშვების მოქმედებების ინტერპრეტაცია, ხშირად უტყდება სათამაშოები, ეცემა სირბილის დროს, ეჯახება სხვა ბავშვებს და ოთახში არსებულ ავეჯს, უჭირს სათამაშოებითა და საგნებით მანიპულირება, ,,მარცხიანია“. ასევე ხშირია ქცევის მართვის პრობლემები, ასეთი ბავშვები ხშირად იღებენ შენიშვნებს და ურჩი, მოუწესრიგებელი, ჯიუტი ბავშვის იარლიყი აქვთ. ეს ყველაფერი დადებითად არ აისახება ბავშვის ემოციურ სფეროზე და თვითშეფასებაზე.

უნდა განვასხვაოთ ჰეპერმგრძნობელობა და ჰიპომგრძნობელობა, ზემოთ აღწერილი პრობლემები, ძირითადად ჰიპომგრძნობელობით არის გამოწვეული, როდესაც ბავშვი ეძებს მისთვის სასურველ, დეფიციტურ სტიმულებს. ამ შემთხვევაში საუბრობენ სენსორულ ,,შიმშილზე“. ხოლო ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში ადგილი აქვს სტიმულებისაგან თავის არიდებას: ბავშვი ხელს არ კიდებს გარკვეულ ფაქტურებს (მაგ. არ ეკარება რბილ სათამაშოებს), ეშინია რწევის, შეძლება ასევე დაშინდეს ან იტიროს ძლიერი ხმაურის პირობებში. აღიზიანებს ძლიერი განათება, მოციმციმე შუქები, ან ვერ იტანს ჩახუტებას და ა.შ.

სენსორული ინტეგრაციის დარღვევები ხშირად ვლინდება ენისა და მეტყველების დარღვევებთან ერთად, ხშირად გვხვდება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან, ასევე ხშირია დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებთან.

 

როგორ დავეხმაროთ სენსორული ინტეგრაციის დარღვევის შემთხვევაში ბავშვს?

სენსორული ინფორმაციის გადამუშავების სიძნელეებზე ეჭვის შემთხვევაში მშობელმა უნდა მიმართოს სპეციალისტებს. იდეალურ შემთხვევაში ოკუპაციურ თერაპევტს, რომელიც შეაფასებს ბავშვის სენსორულ პროფილს და დაუწერს სენსორულ დიეტას, სადაც იქნება გათვალისწინებული ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები. გამოხატულ შემთხვევებში, სასურველია სპეციალისტის დახმარება. შედარებით იოლ გამოვლინებებს მშობელი თავად გაუმკლავდება სახლში ,,სენსორული თამაშების“ გამოყენებით, რომლებსაც ურჩევს სპეციალისტი. ეს ძალიან სახალისო და სასიამოვნო და ეფექტური პროცესია, რადგან ,,სენსორული შიმშილის“ დაკმაყოფილების შემთხვევაში, მშობელი აღმოაჩენს, რომ ბავშვი ბევრად უფრო მშვიდი და კეთილგანწყობილია, უკეთესად ახდენს ყურადღების კონცენტრაციას, შეუძლია მშვიდად ჯდომა, აღარ არის გაღიზიანებული.

 

7 რჩვევა მაია მაჭავარიანისგან:

1. იდეალური სენსორული ინტეგრაცია არ არსებობს, ყველას გაგვაჩნია საკუთარი მაღალი და დაბალი ზღურბლები (ვიღაცა ატამს ვერ ეხება, ვიღაცას მგზავრობა ცუდად ხდის და ა.შ). ამიტომ თუ თქვენი დაკვირვებით ბავშვს შეიძლება ჰქონდეს სენსორული ინფორმაციის გადამუშავების პრობლემები, ეცადეთ დააკვირდეთ და დაეხმაროთ, თუ ვერ ხვდებით როგორ გაიარეთ კონსულტაცია.

2. ძალიან კარგი საშუალებაა სპორტი. ამ შემთხვევაში ორ კურდღელს ერთად დაიჭერთ: ჯანმრთელობას და სენსორულ სტიმულირებას. თუმცა ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და სპორტის სახეობები სხვადასხვა სფეროს ასტიმულირებს. მაგ.: პროპრიოცეპტული შეგძნების სტიმულირების იდეალური საშუალებაა ჭიდაობა. ტაქტილურისთვის შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს ცურვა, ვესტიბულურისთვის ბატუტი და ა.შ. ძირითადად ყველა სახეობა ერთდროულად რამდენიმე შეგრძნებას ემსახურება.

3. მეცადინეობის პროცესში მიეცით ბავშვს აქტიური შესვენების საშუალება, როდესაც შეძლებს მოძრაობას, გავლა-გამოვლას, რა თქმა უნდა წინასწარ შეთანხმდით რამდენ ხანში აგრძელებთ მეცადინეობას.

4. პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალებაა პრევენცია. არ გაუშვათ ხელიდან ის მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც ბავშვს სჭირდება მრავალფეროვანი სენსორული სამყარო. ეს არის 1 წლიდან ფაქტიურად 7 წლამდე პერიოდი (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 3 წლამდე). მიეცით ბავშვს საშუალება შეიმეცნოს სამყარო, იხოხოს, იმოძრაოს, შეეხოს, პირით მოსინჯოს საგნები. თქვენი როლი ამ პროცესში არის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და მრავალფეროვანი გამოცდილების უზრუნველყოფა.

5. ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებასთან კონტაქტი. ზაფხულში შეგიძლით დართოთ ნება ფეხშველამ იაროს მიწაზე, კენჭებზე, ქვიშაზე, შეეხოს ცხოველებს ეს ფასდაუდებელი გამოცდილება და ინფორმაციაა. წვიმის შემდეგ ჩააცვით ბოტები და მიეცით საშულება გაიაროს გუბეებში, სათამაშო მოედნებზე ათამაშეთ ქვიშით. ცუდ ამინდში შეგიძლიათ წაიყვანოთ ბავშვთა გასართობ ცენტში, სადაც ექნება ლაბირინთებში ხოხვის, ბურთებში ჩასრიალების და ბევრი სხვა სახალისო და სასარგებლო აქტოვობის განხორციელების საშუალება.

6. სახლის პირობებში ასევე შეიძლება ბევრი განმავითარებელი და სასარგებლო თამაშის მოფიქრება. შეუკერეთ სხვადასხვა მატერიების ბალიშები, შეგიძლიათ შიგნით ჩაუყაროთ მარცვლეული (ლობიო, სიმინდი, ბრინჯი), ასევე ძალიან სასარგებლოა (ასაკის შესაბამისად) პლასტელინით, კინეტიკური ქვიშით, ქაფით, საღებავებით თამაში.

7. ხშირად, უკვე სასკოლო ასაკში ზედმეტად აქტიურ, მოუსვენარ ბავშვებს, სწორედ სენსორული ინფორმაციის გადამუშავების პრობლემა აქვთ. ამის ფონზე, ხშირია დაბალი აკადემიური მოსწრება და ამიტომ გაიარეთ კონსულტაცია და აღიჭურვოთ საჭირო ცოდნით, რჩევებით და სათამაშოებით. გისურვებთ სასიამოვნო შეგრძნებებს.

წყარო: http://fortuna.ge