თარიღი: 16 მაისი, 2017
აუტისტური სპექტრის აშლილობები ეს არის ფსიქიკური განვითარების დარღვევათა ჯგუფი. აღნიშნული მდგომარეობა სხვადასხვა ბავშვთან განსხვავებულად ვლინდება. როგორც „ფორტუნას“ ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ნეიროფსიქოლოგმა, მაია მაჭავარიანმა განუცხადა, აუტისტური სპექტრის აშლილობისათვის დამახასიათებელია ფსიქიკური ფუნქციების განვითარების შეფერხება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნად გამოხატულია კომუნიკაციისა და სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი უნარების პრობლემური განვითარება. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვს ასევე შესაძლოა ჰქონდეს ინტელექტუალური დარღვევა და/ან ქცევის რეგულაციის სიძნელეები.
აუტისტური სპექტრის აშლილობისათვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები/სიმპტომები, ასეთი ბავშვები:
ვერ ამყარებენ სოციალურ ურთიერთობებს.
არ იყენებენ მეტყველებას კომუნიკაციის მიზნით.
ძალიან უჭირთ შეეგუონ ან საერთოდ ვერ იტანენ ცვლილებებს.
ახასიათებსთ განსაკუთრებული გატაცება საგნებით.
ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია აღნიშნული სიმპტომების გამოვლენა 2,5 წლამდე ასაკში.
რა ასაკში ვლინდება აუტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნები?
ფსიქოლოგი ამბობს, რომ აუტისტური სპექტრისათვის დამახასიათებელი ნიშნები რიგ შემთხვევაში ჩვილობის ასაკშიც კი ვლინდება. მაგალითად, 8-9 თვის ბავშვი შესაძლოა არ ამყარებდეს თვალით კონტაქტს, არ რეაგირებდეს სახელზე, 1 წლის ასაკში არ ერთვებოდეს ინტერაქციულ თამაშებში, როგორიცაა ,,ჭი-ტა“. ფსიქოლოგის თქმით, სხვადასხვა შემთხვევაში სიმპტომების გამოვლინების ხარისხი განსხვავებულია, შესაძლოა მშობელმა უფრო გვიან ასაკში აღმოაჩინოს, რომ მისი შვილის განვითარება განსხვავებულია. ძირითადად მშობლების პირველი ჩივილი ბავშვის განვითარებასთან 18 თვის ასაკისთვის უჩნდებათ და უკავშირდება მეტყველებას. მშობელს განსაკუთრებული ყურადღება მართებს თუ:
წლამდე ასაკში ბავშვი არ ტიტინებს, არ ამბობს ,,აღუ“- ს.
არ აქვს თითით ჩვენების, დამშვიდობების, ხელის დაქნევის ჟესტები.
1 წლის და 6 თვის ასაკში არ ამბობს არც ერთ სიტყვას. 2 წლის ასაკში არ ამბობს 2 სიტყვიან წინადადებას.
,,დაკარგა“ უკვე ათვისებული კომუნიკაციური უნარ-ჩვევები. მაგალითად, ამბობდა რამდენიმე სიტყვას და შემდეგ მკვეთრად შეწყვიტა მეტყველება.
ბავშვი არ ამყარებს ან გაურბის თვალით კონტაქტს.
ბავშვი არ გამოხატავს ემოციას, ან ვერ ხვდება თქვენს ემოციას სახის გამომეტყველების მიხედვით.
აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზის დასმა ხდება 3 წლის ასაკიდან, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მშობელმა არ უნდა მიმართოს სპეციალისტს. 3 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, ხდება განვითარების შეფასება და რეკომენდაციების გაცემა, ან თუ ჩაითვალა საჭიროდ, ინტერვენციული ღონისძიებებიც. თუმცა საბოლოო დიაგნოზის გამოტანა გადაიდება და მოხდება მხოლოდ 3 წლის ასაკში.
რა არის აუტისტური სპექტრის აშლილობების მიზეზი?
ფსიქოლოგი ამბობს, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის გამომწვევი ზუსტი მიზეზი დღეისათვის ცნობილი არ არის. თუმცა, სხვადასხვა კვლევები მიუთითებენ მემკვიდრეობით, ნივთიერებათა ცვლის და ნევროლოგიურ ფაქტორებზე. მოცემული მდგომარეობის კომპლექსურობის, განსხვავებული გამოვლინებებისა და ხარისხების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ ამ მდგომარეობის ჩამოყალიბებაში მონაწილებას იღებს მრავალი ფაქტორი, მათ შორის, როგორც მემკვიდრეობითი, ისე გარემოს ფაქტორები. გარემოს ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია ვირუსული ინფექციები, გართულებები მშობიარობის პროცესში და ჰაერის დაბინძურება.
როგორი მზრუნველობა სჭირდება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს?
პირველ რიგში აუცილებელია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის დროული და სწორი დიაგნოსტირება. იდეალურ შემთხვევაში ბავშვი უნდა შეფასდეს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელშიც შევა ბავშვთა ნევროლოგი, ფსიქიატრი, ნეიროფსიქოლოგი, ოკუპაციური და მეტყველების თერაპევტები. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ბავშვის სრულყოფილ შეფასებას და მცდარი დიაგნოზის თავიდან აცილებას. აუცილებელია გამოირიცხოს სმენის დაქვეითება, მეტყველების განვითარების სპეციფიკური დარღვევები, ინტელექტუალური დარღვევა, ელექტიური მუტიზმი, ბავშვთა შიზოფრენია, დეპრივაცია, სენსორული ინტეგრაციის დარღვევა.
არსებობს თუ არა აუტისტური სპექტრის აშლილობების მკურნალობის მეთოდები?
ფსიქოლოგის თქმით, აუტისტური სპექტრის აშლილობა ქრონიკული მდგომარეობაა და დღეისათვის მისი განკურნების მეთოდი არ არსებობს. თუმცა ადრეული დიაგნოსტირებისა და მიზანიმართული ინტერვენციის პირობებში შესაძლებელია აუტისტური სპექტრის აშლილობის გამოვლინებების შემსუბუქება და ასეთი ბავშვების გარემოსთან ადაპტაციის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. არსებობს სხვადასხვა სახის მიდგომები, მათ შორის ქცევითი თერაპია (ABA), floor time, თამაშით თერაპია და ა.შ. ინტერვენციის დაგეგმვა უნდა მოხდეს მულტიდისციპლინური გუნდისა და მშობლის შეთანხმებით ბავშვის სუსტი და ძლიერი მხარეების გათვალისწინებით.
როგორია აუტისტური სპექტრის აშლილობასთან დაკავშირებული სტატისტიკა?
საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემებით, დღეისათვის ითვლება რომ ყოველ 68 ბავშვზე მოდის 1 აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი. ამასთან, ბიჭებთან ეს მაჩვენებელი 1-ია ყოველ 42-ში, ხოლო გოგონების შემთხვევაში, ერთი -189-ში. ანუ აუტისტური სპექტრის აშლილობის გამოვლინება უფრო ხშირია ბიჭებში.
7 რჩევა მაია მაჭავარიანისგან:
თუ თქვენს შვილს დაუსვეს აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი, შეეცადეთ უზრუნველყოთ უსაფრთხო და სტრუქტურირებული გარემო: იყავით თანმიმდევრული- გამოიყენეთ იგივე მიდგომები და მეთოდები სახლში, რასაც იყენებს თერაპევტი ბავშვთან მუშაობის პროცესში. მკაცრად დაიცავით რეჟიმი, ასეთ ბავშვებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ კარგად დაცული დღის რუტინა. შეეცადეთ მინიმუმდე დაიყვანოთ ცვლილებები დღის რეჟიმში და თუ ასეთი ცვლილებები გარდაუვალია წინასწარ შეამზადეთ ამისათვის ბავშვი. მაგ. თუ იცით, რომ კვირის ბოლოს უნდა ქალაქგარეთ წაიყვანოთ, დაიწყეთ ბავშვის შემზადება რამდენიმე დღით ადრე.
აუცილებლად განამტკიცეთ სასურველი ქცევა. დადებითი განმტკიცება და დაჯილდოვება ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ბავშვებთან ქცევის ეფექტური მართვის მისაღწევად. შეეცადეთ ,,გამოიჭიროთ“, როდესაც თქვენი შვილი კარგად იქცევა, დააჯილდოვეთ ბავშვი, როდესაც მისი ქცევა სიტუაციის შესაფერისია, ან როდესაც ის ახდენს ახალშეძენილი უნარების დემონსტრირებას. სასურველი ქცევის განმტკიცების მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სახის განმამტკიცებლები. ეს შეიძლება იყოს როგორც სტიკერები, ისე ბავშვისათვის სასიამოვნო მოქმედებები, მაგ. საქანელაზე ქანაობა, ან საყვარელი სათამაშოთი თამაში.
გამოიყენეთ კომუნიკაციის არავერბალური საშუალებები. ხშირად აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან კომუნიკაცია, განსაკუთრებით ვერბალური, საკმაოდ პრობლემურია. თუმცა, გახსოვდეთ, რომ კომუნიკაცია არ ნიშნავს მხოლოდ სიტყვიერ ინსტრუქციებს. ბავშვთან კომუნიკაციას შეადგენს ასევე ჩვენი სხეულის ენა, ხმის ტონი, თუ როგორ ვუყურებთ ბავშვს და როგორ ვეხებით მას. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები ასევე მონაწილეობენ კომუნიკაციაში, როდესაც საერთოდ არ ლაპარაკობენ. დააკვირდით თქვენი შვილის რეაქციას სხვადასხვა სიტუაციაზე, შეთავაზებაზე, შეეცადეთ ,,შეისწავლოთ“ მისი კომუნიკაციის ენა.
აუტისტური სპექტრის აშლილობის ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ქცევის პრობლემები. შეეცადეთ დაინახოთ, რა არის ბავშის მოთხოვნილება. ბუნებრივია, რომ ბავშვი, რომლის მოთხოვნილებას ვერ იგებენ გარშემომყოფები ან არ აქცევენ ყურადღებას, განაწყენდება და შეეცდება გამოხატოს ეს ქცევაში.
აუტისტური სპექტრის აშლილობისათვის დამახასიათებელია სენსორული ინტეგრაციის დარღვევები. რაც ნიშნავს იმას, რომ სენსორული ინფორმაციის გადამუშავება მათი ნერვული სისტემის მიერ განსხვავებულად მიმდინარებს. ასეთ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ გაძლიერებული სენსიტიურობა სინათლის, ხმაურის, შეხების, გემოსა და სუნების მიმართ. ასევე ხშირად ავლენენ პარადოქსულ რეაქციებს, მაგალითად, მცირე ხმაურზე შეიძლება ძალიან გაღიზიანდნენ, ხოლო გაცილებით ძლიერ ხმაურს საერთოდ არ მიაქციონ ყურადღება. ამიტომ მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი შეფასდეს ოკუპაციური თერაპევტის მიერ.
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის (ისევე როგორც სხვა ბავშვების!) შედარება თანატოლებთან დაუშვებელია. ეცადეთ ფოკუსირდეთ მის განსაკუთრებულ თვისებებზე. შეეცადეთ მიიღოთ და შეიყვაროთ ის ისეთი როგორიც არის. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი პირველ რიგში ბავშვია. ამიტომ, ეცადეთ გააკეთებინოთ და ასწავლოთ მას თამაშის მეშვეობით. გამოყავით დრო, რომ ჩართოთ ისეთ აქტივობებში რაც იქნება მისთვის სასიამოვნო, სახალისო და პოზიტიური განცდების მომტანი.
თუ თქვენი დაკვირვებით ბავშვის განვითარება არ შეესაბამება მისი თანატოლების განვითარებას, ან ბავშვი ავლენს უცნაურ ქცევას, არ მეტყველებს ასაკის შესაბამისად და სხვა ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს, ნუ დაელოდებით, რომ გაიზრდება და გადაუვლის, ან ,,დაეწევა“ თანატოლებს განვითარებაში. მიმართეთ შესაბამის სპეციალისტებს და გაიარეთ კონსულტაცია. ხოლო 3 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში, ნუ დაელოდებით დიაგნოზს. დაიწყეთ ინტერვენცია, ბავშვთან მუშაობის პროცესში უკეთ გამოიკვეთება თუ რა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე და გარდა ამისა, არ დაკარგავთ ძვირფას დროს.