Plasmon
საბავშვო ლიტერატურა - როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა

თარიღი: 21 ნოემბერი, 2017

საიდან იწყება ბავშვის განვითარება?

როდიდან იწყებს ის სამყაროს აღქმას ისეთად როგორიც ის სინამდვილეშია?

ბავშვის ცნობიერების ჩამოყალიბება გარემოცვასთან ერთად, უმეტესწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წიგნის კითხვას იწყებს ის ადრეულ ასაკში. მეტიც, ფსიქოლოგების აზრით დიდი ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რა ზღაპარს უკითხავს დედა ძილის წინ შვილს ჯერ კიდევ მცირე ასაკში, რადგან ამ გზით ბავშვი ლიტერატურას ანბანზე ადრე სწავლობს.

 

ქართული საბავშვო ლიტერატურა

არსებობს საბავშვო ლიტერატურის ოქროს ფონდი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოზარდი თაობის ბიბლიოთეკის უპირველეს საკითხავს შეადგენს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად საინტერესო და კლასიკად მიჩნეულია უცხოური ლიტერატურა, მშობლიური საბავშვო წიგნების კითხვით ბავშვი უფრო მეტად ვითარდება. ამ საქმეში უდიდესი წვლილი გოგებაშვილის „დედა ენას“ , „საგანძურს“ და „ბუნების კარს“ მიუძღოდა. გოგებაშვილის მიერ ბავშვებისთვის შეკრებილი ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები დამკვიდრებული იყო სასწავლო წიგნებში და სწორედ ეს ითვლებოდა  პირველ საბავშვო ლიტერატურად.

 

ქართულ საბავშვო მწერლობაზე საუბრისას უკვე რამდენიმე ათწლეულია თაობებს სამი ბუმბერაზი მწერლის სახელი და გვარი ახსენდება - აკაკი წერეთელი , იაკობ გოგებაშვილი და ვაჟა ფშაველა ახალი ქართული საბავშვო ლიტერატურის შემქმნელებად დრემდე მოიაზრებიან. აკაკის „ჩემი თავგადასავალი“ და ვაჟას „შვლის ნუკრის ნაამბობი“ ბავშვებს მცირე ასაკიდან ასწავლის ბუნებისა და ადამიანების სიყვარულს. ვაჟას „ჩხიკვთა ქორწილი“ კი  საბავშვო პროზის უმაღლეს მიღწევად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ქართული საბავშვო ლიტერატურის მორიგ ნათელ წერტილს კი შიო მღვიმელის პოეზია წარმოადგენს.  საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს წაკითხული ვეფხისტყაოსანი, დავითიანი, სტუმარ-მასპინძელი და სიბრძნე-სიცრუისა, თუმცა მოზარდობის ასაკში აუცილებლად საკითხავი წიგნების სიას ამ დროს უცხოური ლიტერატურაც ემატება.

 

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა რაც ქართული საბავშვო ლიტერატურისთვის გაკეთებულა  ცენზურისა და დევნის მიუხედავად, სწორედ ამიტომ ქართულ მწერლობას მშობლები დღესაც უცხოურზე წინ აყენებენ, იმისთვის რომ მათ შვილებს ადრეულ ასკაში მსოფლიო ლიტერატურის გაცნობის სურვილი გაუჩნდეთ, გამოიმუშავონ სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარული, კრიტიკული აზროვნება და ყველა ის თვისება რაც მათ პიროვნებად ჩამოყალიბებაში ხელს შეუწყობს.

 

მსოფლიო საბავშვო კლასიკა

ბავშვები მსოფლიოს ყველა კუთხეში ერთნაირი გატაცებით კითხულობენ ისეთი მწერლების კლასიკურ ნაწარმოებებს, როგორიც ასტრიდ ლინდგრენი, ლუის კეროლი, ძმები გრიმები, მარტკ ტვენი და ჟიულ ვერნია.

 

საბავშვო ლიტერატურის განაწილება ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდება და მიუხედავად იმისა, რომ დღესაც იქმნება საინტერესო და საჭირო წიგნები, თანამედროვე ლიტერატურა მათ ადგილს ვერ იკავებს.

 

მაშინ როცა ბავშვი ეცნობა ანბანს, იწყებს კითხვას და თანდათან უკვე ეცნობა ქართულ ლიტერატურას კარგი იქნება თუ მათ თაროებზე ისეთ წიგნებსაც შემოვალაგებთ, როგორიცაა ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელი წინდა“, შარლ პეროს „ჩექმებიანი კატა“ , ლუის კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“. ეს მოთხრობები ბავშვებს სხვა წიგნების წაკითხვის სურვილს აუცილებლად გაუჩენს.

 

მსოფლიოს პრობლემური საკითხების ბავშვურ ენაზე გასაგებად და ამასთანავე სწორად აღსაქმელად 10-12 წლის ასაკში ბავშვები „პატარა უფლისწულით“ „ოლივერ ტვისტის თავგადასავლლით“ და რობინზონ კრუზოს თავგადასავლით და ჟიულ ვერნის ნაწარმოებებით უნდა დაინტერესდნენ. ეგზიუპერის პატარა უფლისწული არა მარტო პატარებს არამედ დიდებსაც მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გაკვეთილს აძლევს.

 

13 წლის ასაკის შემდეგ კი თუ მშობლები ბავშვებს ალექსანდრე დიუმას, ოსკარ უაილდს, შარლოტა ბრონტეს და ართურ კონან დოილის ნაწარმოებს შეურჩევენ, ლიტერატურისადმი სიყვარული მათ ცხოვრების ბოლომდე გაჰყვებათ.

 

პირველი წიგნი განსაზღვრავს გაუჩნდება თუ არა ბავშვს მეორეს წაკითხვის სურვილი, შესაბამისად წიგნი უნდა შეირჩეს ისე, რომ მაქსიმალურად შეეფერებოდეს ბავშვის ასაკს და პიროვნებას. როგორც წიგნის მოყვარულები ხშირად ამბობენ , რომ „კითხვა ეს არის ოცნებია გახელილი თვალებით.“ 

 

წყარო: http://jako.fm