Plasmon
საშიშია თუ არა ქრონიკული ხველა?

თარიღი: 30 აპრილი, 2022

როგორ მივხვდეთ, რა იმალება ქრონიკული ხველის მიღმა, რამდენად საშიშია და საერთოდ, არის თუ არა ყოველთვის ავადმყოფობის ნიშანი? ამ და სხვა კითხვებზე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ პროფესორი ივანე ჩხაიძე გვიპასუხებს.

 

ხველა = დაავადებას?
დავიწყებ იმით, რაც ყველამ უნდა იცოდეს: ხველა ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა, რომელსაც ის გარეგანი გამღიზიანებლის: უცხო სხეულის, მტვერის, ვირუსის, – ზემოქმედების პასუხად ამჟღავნებს. ხველის საშუალებით ორგანიზმი იცილებს ზედმეტს, უცხოს. არსებობს იშვიათი, თუმცა საკმაოდ მძიმე ნევროლოგიური პათოლოგიები, – მაგალითად, სპინალური კუნთოვანი ატროფია, – რომელთა დროსაც სასუნთქი კუნთების სისუსტის გამო ხველა  თითქმის შეუძლებელია. ასეთ ბავშვებს ძალიან მაღალი აქვთ სასუნთქი სისტემის ინფექციის განვითარების რისკი. ასე რომ, ხველის არარსებობამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

1996 წელს ინგლისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სასკოლო ასაკის ჯანმრთელი ბავშვი დღეში საშუალოდ 11-ჯერ ახველებს და ეს არავითარი ავადმყოფობის ნიშანი არ არის. ხველის სიხშირე დღე-ღამეში 3-დან 34-მდე მერყეობდა. ეს ნიშნავს, რომ არის შემთხვევები, როცა სავსებით ჯანმრთელი ბავშვი დღე-ღამეში 34-ჯერ ახველებს. ამიტომ ხველის შეფასებისას ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი მისი სიხშირეა. დიდი მნიშვნელობა აქვს დღე-ღამის მონაკვეთსაც. თუ ყველა ეპიზოდი ღამის საათებზე მოდის, უფრო მეტად ავადმყოფობაა სავარაუდო. გადამწყვეტი მნიშვნელობა კი სხვა სიმპტომების არსებობა-არარსებობას ენიჭება. როდესაც ვამბობთ, რომ დღეში 11-ჯერ დახველება ავადმყოფობაზე არ მიუთითებს, ვგულისხმობთ, რომ ბავშვი ახველებს, მაგრამ არ აღენიშნება ხშირი სუნთქვა, მაღალი ტემპერატურა, ცხვირცემინება, გამონადენი...

რას ნიშნავს ქრონიკული ხველა და რამდენად ხშირია ის ბავშვებთან?
გამოყოფენ მწვავე ხველას, რომელიც 3 კვირამდე გრძელდება, ქვემწვავეს – 3-დან 8 კვირამდე ხანგრძლივობისას – და ქრონიკულს – 8 კვირაზე ხანგრძლივს. ეს უკანასკნელი ყველაზე რთული და ძნელად სადიაგნოზოა. გავრცელების სიხშირე ქვეყანაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ქრონიკული ხველის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია ბრონქული ასთმა, რომლის გავრცელებაც სხვადასხვა ქვეყანში ძალზე სხვადასხვანაირია. თუ დიდ ბრიტანეთში ის მოსახლეობის 20% აქვს (ეს ძალზე მაღალი მაჩვენებელია), აზიის ზოგიერთ ქვეყანაში მაჩვენებელი მხოლოდ 1-2%-ს შეადგენს. მიზეზი ჯერჯერობით დაუზუსტებელია, მაგრამ აშკარაა ასთმის ერთი თავისებურება: რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო ხშირად გვხვდება ეს დაავადება.

ქრონიკული ხველის მიზეზების სტატისტიკაზე სერიოზულ გავლენას ახდენს ქვეყნის მზადყოფნა მისი დიაგნოსტიკისთვის, ვინაიდან დიაგნოზის დასმა ხშირად მოითხოვს სხვადასხვა სპეციალობის ექიმთა ჩართეას და რთული და მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარებას.

გარდა ასთმისა, რომელი დაავადებები იწვევს ყველაზე ხშირად ქრონიკულ ხველას?
ქრონიკული ხველის კიდევ ერთ წამყვან მიზეზად მიიჩნევა ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომი, რომელიც ალერგიულ რინიტსა და სინუსიტს მოიცავს და გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ასე გამოიყურება ქრონიკული ხველის გამომწვევი სამეული მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. განსხვავებული შეიძლება იყოს მათი პროპორციული განაწილება. არსებობს იშვიათი დაავადებებიც რომლებსაც ქრონიკული ხველა ახლავს თან, მაგრამ მკითხველისთვის ალბათ სწორედ ის მიზეზები იქნება საინტერესო, რომლებიც ყველაზე ხშირად უკავშირდება ქრონიკულ ხველას.

ასთმა
– ბრონქული ასთმის ტიპური კლინიკური სიმპტომებია ხშირი შეტევითი ხველა, უმთავრესად – ღამღამობით, მსტვენი სუნთქვა, შეტევის პერიოდში სუნთქვის გაძნელება და გახშირება.

ასთმა ყველა ასაკში გვხვდება?
უმეტესად – ხუთი წლიდან, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ უფრო მცირე ასაკში დიაგნოზის დასმა ძნელია. საქმე ის გახლავთ, რომ ასთმის სრულყოფილი დიაგნოსტიკისთვის სპირომეტრიაა საჭირო: ბავშვს სპეციალურ ხელსაწყოში ჩაასუნთქებენ, მონაცემებს კომპიუტერულად ამუშავებენ და სხვადასხვა კალიბრის ბრონქების შევიწროების ხარისხს ადგენენ. ამ კვლევის ჩატარება კი მხოლოდ ხუთი წლიდან არის შესაძლებელი.

როგორ მკურნალობენ ასთმას და რამდენად ეფექტურია მკურნალობა?
ასთმის წარმატებული მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების განათლებას გულისხმობს. ეს არ არის დაავადება, რომელიც შეიძლება მხოლოდ ექიმმა მართოს – პასუხისმგებლობა თავად პაციენტმა და მისმა მშობლებმაც უნდა გაინაწილონ. სხვაგვარად მკურნალობა შედეგს ვერ გამოიღებს. მშობლებს უნდა ესმოდეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა და რა საშიშია მკურნალობის თვითნებური შეწყვეტა.

მკურნალობის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტია ასთმის ტრიგერების იდენტიფიცირება და მოშორება. ტრიგერი ეწოდება ფაქტორს, რომელიც შეტევას უწევს პროვოცირებას. ასეთი ტრიგერი უამრავია: კატით დაწყებული, მწეველი ოჯახის წევრით დამთავრებული. ამავე ნუსხაში შედის ემოცია, ტენიანობის ცვლილება, მტვერი, ფიზიკური დატვირთვა... თუ შეტევის მაპროვოცირებელ ფაქტორს ვერ მივაგენით და აღვკვეთეთ, მკურნალობა უშედეგოდ ჩაივლის.

როცა ტრიგერი იდენტიფიცირებული და ლიკვიდირებულია და მკურნალობაც სწორად არის შერჩეული, შეტევებს შეიძლება აღარ ველოდეთ?
თუ პაციენტი იღებს საჭირო მედიკამენტებს და არის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მას თავისუფლად შეეძლება ყოველგვარ აქტივობაში ჩართვა. უამრავი მსოფლიო ჩემპიონია, რომლებსაც ბრონქული ასთმა აქვთ. მაგრამ ამისთვის აუცილებელია მკურნალობა და რეგულარული მეთვალყურეობა. სამ თვეში ერთხელ პაციენტი ექიმთან უნდა მივიდეს მდგომარეობის შესაფასებლად.

მშობლები, იმის დანახვისას, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა, არცთუ იშვიათად თვითნებურად წყვეტენ მკურნალობას. შედეგად დაავადება პროგრესირებას განაგრძნობს და მოგვიანებით ბავშვისთვის უფრო ძლიერი მედიკამენტის გამოწერა გვიწევს. იმატებს გართულების ალბათობაც.

გვახსოვდეს: ასთმა არ არის უბრალო ხველა –  მისი მძიმე ფორმა შესაძლოა ლეტალური შედეგითაც კი დასრულდეს. ასე რომ, ამ დაავადების ნებაზე მიშვება არ შეიძლება. სწორი მკურნალობა კი სავალალო შედეგს თავიდან აგვაცილებს და ბავშვს სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას მისცემს.

ალერგიული რინიტი
ზემოთ ალერგიული რინიტი ახსენეთ. ყველამ იცის, რომ ეს დაავადება ცხვირცემინებას, ცხვირიდან გამონადენს იწვევს, მაგრამ ხველის შესახებ ალბათ ცოტას თუ გაუგონია...
ტიპურ სიმპტომებთან: ცხვირცემინებასთან, ცხვირისა და თვალების ქავილთან, ცრემლდენასთან, ცხვირიდან გამონადენთან, – ერთად ალერგიულ რინიტს ხველაც ახასიათებს. არ არის გამორიცხული თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, სწავლის გაძნელება... ახასიათებს სეზონურობა.

ალერგიული რინიტის დიაგნოსტიკა უმთავრესად ანამნეზს და სიმპტომებს ეფუძნება. მკურნალობენ ანტიჰისტამინებით, დეკონგესტანტებით და ნაზალური სტეროიდებით.

სინუსიტი
სინუსიტი ცხვირის დანამატი ღრუების ანთებაა. ის უმთავრესად ექვს წელს გადაცილებულ ბავშვებთან გვხვდება. სინუსიტი ვირუსულიც შეიძლება იყოს და ბაქტერიულიც. ხველა ორივეს ახასიათებს, თუმცა ვირუსულს – უფრო მეტად. თავად მწვავე სინუსიტი დაახლოებით 12 კვირა გრძელდება.

 

სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დაავადების სიმპტომები, მათ შორის – ხველაც, ორ კვირაზე მეტხანს გასტანს, ბუნებრივია, ჩნდება ანტიბიოტიკის დანიშვნის ცდუნება. მაგრამ სინუსიტი არ არის ის დაავადება, რომელიც ყოველთვის მოითხოვს ანტიბიოტიკს _ მისი გამოწერა მხოლოდ ბაქტერიული სინუსიტის შემთხვევაშია მიზანშეწონილი.

როგორ ადგენენ, სინუსიტი ვირუსით არის გამოწვეული თუ ბაქტერიით?
უმთავრესად – კლინიკური სურათის მიხედვით. ბაქტერიულ ინფექციაზე მიუთითებს ჩირქოვანი გამონადენი, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი და ცვლილებები სისხლში.

თუმცა ბევრი ექიმისთვის დიაგნოზი "სინუსიტი" თავისთავად გულისხმობს ანტიბიოტიკოთერაპიას...
მართალი ბრძანდებით. ეს საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა და არამხოლოდ საქართველოში. არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი მთელ მსოფლიოში სწორედ სინუსიტია. სულ რამდენიმე კვირის წინ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების საბჭოს სხდომაზე წარვადგინეთ ახალი გაიდლაინი – პედიატრიული სინუსიტის მართვა კლინიკურ პრაქტიკაში. იქ ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მწვავე პოსტვირუსული (ვირუსული ინფექციის შემდგომი) სინუსიტი ანტიბიოტიკოთერაპიას არ მოითხოვს! იმასაც გეტყვით, რომ სინუსიტის დიაგნოსტიკისთვის ხშირად მიმართავენ რენტგენოგრაფიას, რაც ასევე შეცდომაა. ჯერ ერთი, სინუსიტს ძალზე დამახასიათებელი კლინიკა აქვს და როცა მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, ინსტრუმენტული კვლევა ზედმეტია. მეორე _ რენტგენოლოგიური კვლევის პასუხი ხშირად ცრუ დადებითია. მასზე გაცილებით სანდოა კომპიუტერული ტომოგრაფია, ოღონდ მისი ჩატარება მიზანშეწონილია მხოლოდ მაშინ, როდესაც სინუსიტი არ ემორჩილება მკურნალობას, მძიმედ მიმდინარეობს ან ახლავს გართულების რისკი.

როგორ მკურნალობენ ვირუსულ სინუსტს?
სიმპტომურად: ანალგეტიკებით, დეკონგესტანტებით, ზოგიერთი მცენარეული და ჰომეოპათიური პრეპარატით, თუმცა მთავარი სამკურნალო საშუალებაა ნაზალური სტეროიდი – სტეროიდი, რომლის ინჰალაციაც ხდება ცხვირის ღრუში.

რა შუაშია კუჭი?
ქრონიკული ხველის მიზეზთა ჩამოთვლისას გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ახსენეთ. რა არის ეს?
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (გერდ) მართლაც საინტერესო რამაა. “გასტროეზოფაგური” ლათინურიდან წარმოდგება და “კუჭ-საყლაპავისას” ნიშნავს, თუმცა ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ეს სასუნთქი სისტემის დაავადება უფროა, ვიდრე საჭმლის მომნელებლისა. გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს კუჭიდან საყლაპავში ადის აიროვანი ღრუბელი ან კუჭის წვენი. უნდა ითქვას, რომ დაავადებაა ძნელად სადიაგნოზოა, მისი სიმპტომები არ არის ტიპური: ხველა (ყელის ჩაწმენდის მსგავსი ჩახველება) იმატებს ჭამის დროს, ღამღამობით, შესაძლოა, თან ახლდეს მკერდის ტკივილი, მსტვენი სუნთქვა, ხმის ჩახლეჩა. გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომები ჰგავს ბრონქული ასთმის ნიშნებს, ამიტომ ხშირად ისმება მცდარი დიაგნოზიც.

 

– თუ პაციენტი უჩივის კუჭის ტკივილს, გულის კოვზთან წვას, გულძმარვას, რეგურგიტაციას, სიმძიმის შეგრძნებას, გულისრევას, დიაგნოზის დასმა იოლია, მაგრამ არსებობს გერდი გასტროენტეროლოგიური სიმპტომების გარეშეც – შესაძლოა, ადამიანს მხოლოდ ხველა აწუხებდეს და ამის მიზეზიც არა სასუნთქი სისტემის, არამედ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადება იყოს. დიაგნოსტიკას ისიც ართულებს, რომ თუ პაციენტი მცირეწლოვანია, ვერ აღწერს გულძმარვას, სიმძიმის შეგრძნებას, კუჭის ტკივილს. ასეთ დროს მივმართავთ ინსტრუმენტულ კვლევას – რენტგენოგრაფიას კონტრასტით და გასტროსკოპიას, მაგრამ სირთულეს აქაც ვეჯახებით – ეს კვლევები ყველგან არ ტარდება და, რაც მთავარია, არც მაღალი სარწმუნოობით ხასიათდება – შესაძლოა, ცრუ უარყოფითი შედეგი მოგვცეს. ყველაზე საიმედოა 24-საათიანი pH-მონიტორინგი – კუჭის წვენის მჟავიანობის შეფასება, მაგრამ ვერც ამ მეთოდს გამოვიყენებთ ყველასთან, ამიტომ არცთუ იშვიათად, განსაკუთრებით – მცირე ასაკობრივ ჯგუფში, გერდი გამორიცხვის დიაგნოზია.

ასთმის ნიღბი
გერდის დიაგნოსტიკა მთელ მსოფლიოში აქტუალურია. ბევრი პაციენტი რჩება დიაგნოზის გარეშე. იმის ვარაუდი, რომ კუჭსა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა ერთი და იმავე დაავადების ნიშნები იყოს, ექიმის მხრივ, სულ მცირე, სპეციფიკურ განათლებას მოითხოვს. თანაც სულ თხუთმეტიოდე წლის წინ ამ დაავადების შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ. დღესაც კი გერდის მქონე ბევრი ბავშვი ასთმის დიაგნოზით მკურნალობს. ბუნებრივია, ასეთი მკურნალობა უეფექტო იქნება. ამიტომ თუ "ასთმა" არ ემორჩილება მკურნალობას, მაგრამ სპირომეტრიის მაჩვენებლები ნორმალურია – გადაამოწმეთ დიაგნოზი!

თავად გერდს როგორ მკურნალობენ?
ასთმისგან განსხვავებით, პრეპარატების ჩამონათვალი აქ არც ისე დიდია – საკმარისია ერთი წამალი, როგორც წესი – პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი. მკურნალობა ძალზე ეფექტურია: თერაპიის დაწყებიდან 2-3 კვირაში შედეგი აშკარაა, თანაც საკმარისია მკურნალობის ერთი კურსი, – რა თქმა უნდა, კვების მოწესრიგებასთან ერთად. ასე რომ, მთავარია, სწორი დიაგნოზი დაისვას. ამის შემდეგ დაავადების მართვა უკვე შესაძლებელია.

ხშირად მოავადე ბავშვი თუ ქრონიკული ხველა?
არსებობს ასეთი ცნება: ხშირად მოავადე ბავშვი. ეს არის ბავშვი, რომელიც ხშირად ცივდება და, ამის კვალობაზე, ხშირად აქვს ხველაც. როგორ განვასხვაოთ მწვავე რესპირაციული დაავადების თანმხლები გახანგრძლივებული ხველა ქრონიკულისგან?
ძალიან კარგი კითხვაა. მთავარია არა ავადმყოფობის სიხშირე, არამედ მიმდინარეობა და სიმძიმე. პირობითად, ავიღოთ ბავშვი, რომელიც წელიწადში შვიდ-რვაჯერ ხდება ავად. თუ ავადმყოფობამ შვიდ-რვა დღეში გაიარა, არ დაგვჭირდა პაციენტის საავადმყოფოში დაწვენა, ანტიბიოტიკებით მკურნალობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვს მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია ჰქონდა. აქ საგანგაშო არაფერია. სხვა ბავშვი კი შესაძლოა წელიწადში ორჯერ ავადმყოფობდეს, მაგრამ ორივეჯერ ჰქონდეს ფილტვების ანთება, ყურიდან ჩირქოვანი გამონადენი ან სინუსიტი. ეს ორი ავადმყოფობა გაცილებით საყურადღებო და საშიშია, ვიდრე ზემოთ მოყვანილი შვიდი-რვა. ასეთი ბავშვები სპეციალიზებულ კლინიკებში უნდა გამოვიკვლიოთ.