თარიღი: 22 იანვარი, 2024
დრო ისე სწრაფად გადის, გონს მოსვლასაც ვერ მოასწრებთ, რომ თქვენი პატარა ხუთი წლის გახდება და სკოლისთვის დაიწყებს მზადებას.
ამ ასაკში ბავშვები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ვითარდებიან, იძენენ ახალ ცოდნასა და გამოცდილებას, ეტანებიან ყოველგვარ ინფორმაციას და გასართობს. მათი მოზღვავებული ენერგია თანდათან კალაპოტში დგება და თავდაჯერებული, მშვიდი ბავშვი გრჩებათ ხელში.
ოთხი-ხუთი წლის პატარებს ხშირად ეცვლებათ განწყობა – ზოგჯერ მოტივაციით და ენერგიით არიან სავსენი, ზოგჯერ კი მოიწყენენ და მშობლებს მიეჯაჭვებიან ხოლმე.
რაც მთავარია, ისინი იმ ეტაპისთვის ემზადებიან, როცა მათი ურთიერთობების წრე უნდა გაფართოვდეს, შეიცვალოს დღის წესრიგი და დაიწყოს განათლების პროცესი, რომელიც ასე განსხვავდება აქამდე არსებული რუტინისგან.
უხეში მოტორული უნარები
ოთხი წლის ბავშვს კოორდინაციისა და ბალანსირების უნარი უკვე მოზრდილივით აქვს განვითარებული. ის გამართულად დადის და დარბის, კიბეზე დამოუკიდებლად, მოაჯირის დაუხმარებლად ადის და ჩამოდის, შეუძლია, ფეხის წვერებზე იაროს, წრეზე იტრიალოს და თავისით იქანაოს საქანელაზე. ამ ასაკში კუნთების ძალაც იმატებს. პატარას შეუძლია, ყირაზეც დადგეს.
ბავშვი ისე თამამდება, რომ სეირნობის დროს უფროსის გვერდით აღარ ჩერდება და დარბის. მიუხედავად იმისა, რომ მის მოტორულ უნარებს წუნს ვერ დასდებთ, მას ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული საფრთხის შეცნობის უნარი, ამიტომ ხშირად უნდა შეახსენოთ, რომ შორს არ წავიდეს. რაც უნდა კარგად ცურავდეს, ნუ დატოვებთ მარტოს წყალში – შესაძლოა დაიღალოს ან შეეშინდეს და დაავიწყდეს, როგორ უნდა იტივტივოს წყლის ზედაპირზე. ყოველთვის მისი თვალთახედვის არეში იყავით.
ნატიფი მოტორული უნარები
უფროს სკოლამდელ ასაკში ბავშვს თითებისა და ხელების მოძრაობა თითქმის სრულყოფილად აქვს განვითარებული. მას უკვე შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა – კბილების გამოხეხვა, თმის დავარცხნა, ჩაცმა და ფეხსაცმლის თასმების შეკვრაც კი.
დააკვირდით, როგორ იქცევა ხატვისას. თავდაპირველად მოიფიქრებს, რა დახატოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგება ხატვას. შესაძლოა, მის მიერ დახატულ არსებებს ტანი საერთოდ არ ჰქონდეთ ან ხელ-ფეხი თავიდან ეზრდებოდეთ, მაგრამ აუცილებლად ექნებათ თვალები, ყურები, ცხვირი და პირი – ბავშვის ინტერესის მთავარი ობიექტები ადამიანები არიან. ის ხატავს დედას, მამას, და-ძმას, ბებიას, ბაბუას, ძიძას, ოჯახის სხვა წევრებს.
რაც უფრო უვითარდება ბავშვს მოტორული უნარები, მით უფრო მეტი ახალი საქმიანობა იზიდავს: წერა, ხატვა (მათ შორის – თითებითაც), ძერწვა, გაფერადება, სამაგიდო თამაშები, ფერადი ქაღალდისგან ფიგურების გამოჭრა და კომპოზიციის შექმნა, კონსტრუქტორის აწყობა. ყველა ეს აქტივობა პატარას ერთნაირად მოსწონს, ამიტომ სასურველია, ასაკისთვის შესაფერის ყველა გასართობზე მიუწვდებოდეს ხელი.
მეტყველების განვითარება
ოთხი წლისთვის ბავშვი უკვე გამართულად მეტყველებს და თითქმის ყველა თანხმოვანს სუფთად წარმოთქვამს. მისი ლექსიკონი უკვე 500-მდე სიტყვას მოიცავს და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კიდევ 1000-მდე სიტყვით შეივსება. ბავშვს უკვე რვა-ათსიტყვიანი წინადადებების აგებაც შეუძლია და დიდი სიამოვნებით ჰყვება ზღაპრებს, განვლილი დღის ამბებს, საუბრობს საკუთარ ოცნებებსა და სურვილებზე. უჩნდება აკვიატებული სიტყვები და ფრაზებიც, რომლებსაც ხშირად იყენებს, ზოგჯერ – უკონტექსტოდაც: “თუ შეიძლება”, “გმადლობ”, “მოდი, მეთამაშე”, “არ მინდა” და ა.შ.
ამ ასაკში პატარებს სჩვევიათ უხეში და უწმაწური სიტყვების აკვიატებაც. ეს სიტყვები ბავშვს უფროსებისგან ესმის, როცა ისინი გაბრაზებულები ან აღელვებულები არიან, იმახსოვრებს მათ და იყენებს. თუ დაინახა, რომ უფროსებს ამაზე რეაქცია აქვთ, უფრო მეტი ინტერესი უჩნდება, მიუღებელი ლექსიკა გამოიყენოს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საერთოდ არ ესმოდეს ამ სიტყვების შინაარსი. პირველი რჩევა, რაც მშობლებს შეიძლება მივცეთ, ის არის, რომ მოარიდონ პატარა მსგავს გარემოს და საუბრებს, ხოლო თუ ბავშვი მაინც ხმარობს ცუდ სიტყვებს, ყურადღება არ მიაქციონ. როცა ბავშვი უფროსებისგან რეაქციას ვერ დაინახავს, მათი გამოწვევა მობეზრდება.
ლექსიკის გამდიდრებასთან ერთად ბავშვი ხვდება, რომ მეტყველება ყველაზე მძლავრი იარაღია გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას, ამიტომ როცა გაბრაზდება, აუცილებლად გეტყვით რამე არასასიამოვნოს, რათა თქვენი ყურადღება მიიპყროს. მაგალითად, “ვერ გიტან!”, “მეზიზღები!”, “სხვა დედიკო (მამიკო) მინდა!” რა თქმა უნდა, ასეთი ფრაზები ძნელი მოსასმენია, მაგრამ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. პატარას ჯერ კიდევ უჭირს თავისი ემოციების სიტყვიერად გამოხატვა, ამიტომ როცა გეუბნებათ, რომ ვერ გიტანთ, უფრო იმას გულისხმობს, რომ სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდა, არ მოსწონს და თქვენი დახმარება სჭირდება. აგრძნობინეთ, რომ ბრაზის გამოხატვის უფლება ყველას აქვს. ეცადეთ, აალაპარაკოთ და ათქმევინოთ, რას გრძნობს. შეგიძლიათ, იუმორით განმუხტოთ სიტუაცია.
თუ ბავშვის უზღვავი ენერგია ვერ მოთოკეთ, შეგიძლიათ, ენის გასატეხები, გამოცანები, ანდაზები, ლექსები და სიმღერები ასწავლოთ და მათ თქმაში შეეჯიბროთ ერთმანეთს.
როგორ ვასწავლოთ კითხვა
აინტერესებს ასო-ბგერების სახელები?
წიგნებს და ჟურნალებს მარტო ხშირად ათვალიერებს ხოლმე?
ცდილობს წერილების “წერას”?
როცა ზღაპარს უყვებით, ყურადღებით გისმენთ?
თუ ამ კითხვებს დადებითი პასუხი გაეცით, ესე იგი თქვენი პატარა მზადაა, კითხვა ისწავლოს. თუ არა, ნუ ინერვიულებთ – უახლოეს ორ წელიწადში მეტყველება, ვიზუალური აღქმა და მეხსიერება ისე განუვითარდება, რომ მზად იქნება კითხვის დასაწყებად.
ოთხი წლის ბავშვების გარკვეულ ნაწილს თვითონვე სურს კითხვის სწავლა, ზოგიერთ ასოს ან სიტყვას ცნობენ კიდეც. თუ თქვენი შვილი მათ რიცხვში არ არის, ნუ შეშინდებით და ნუ დააძალებთ. თუ ძალდატანებით დააწყებინეთ სწავლა, შესაძლოა სკოლამდე ეს ცოდნა არც კი მიჰყვეს. მეორე-მესამე კლასებში ყველა ბავშვი ერთნაირად კითხულობს, განურჩევლად იმისა, რა ასაკში ისწავლა ასო-ბგერების ცნობა.
მთავარი ბავშვის ენთუზიაზმია და არა უფროსის მონდომება. სწავლის პროცესი სახალისო უნდა იყოს. ბავშვის ინტერესის წახალისება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რა ასაკში დაიწყებს კითხვის სწავლას.
როგორ მივუდგეთ სწავლების პროცესს?
უპირველეს ყოვლისა, შეეცადეთ, თქვენი მიდგომა თავს არ მოახვიოთ. პირიქით, აჰყევით მის ტემპს და იმხიარულეთ სწავლის პროცესში. არსებობს უამრავი სათამაშო, პაზლი, სიმღერა, ტელეპროგრამა, ვიდეოთამაში, რომლებიც ბავშვს სწავლაში დაეხმარება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მარტომ აკეთოს – პროცესში თქვენც უნდა იყოთ ჩართული. ერთად უყურეთ საბავშვო ტელეგადაცემებს, აუხსენით, რაზეა საუბარი, განიხილეთ ნანახი. თუ პაზლს აწყობთ, ეცადეთ, ზედმეტად რთული არ იყოს – თუ თავი ვერ გაართვა, გაღიზიანდება და თამაშის სურვილი გაუქრება. ხანდახან მიეცით საშუალება, გაჯობოთ.
კოგნიტიური განვითარება
ოთხი წლის ასაკში ბავშვი უკვე იღებს მეტ-ნაკლებ ინფორმაციას ისეთ თემებზე, რომელთა შესახებაც უფრო დეტალურ და ღრმა ცოდნას სკოლაში მიაწვდიან. მაგალითად, იგებს, რომ დღე იყოფა დილად, შუადღედ, საღამოდ და ღამედ, წელიწადში კი ოთხი დროა, კვირაში შვიდი დღეა, ხოლო დღები საათებისა და წუთებისგან შედგება.
ამ ასაკში ბავშვმა უკვე იცის:
• ცნებების "დიდი" და "პატარა" მნიშვნელობა;
• განსხვავება "ერთსა" და "ბევრს" (ერთზე მეტს) შორის;
• გეომეტრიული ფიგურების სახელები.
კარგი იქნება, თუ ატარებთ ზოოპარკში, მუზეუმებში, მარტივად მოუყვებით ისტორიული მოვლენების (მეფეების, ბრძოლებისა და გამარჯვებების, ახალი ქვეყნების აღმოჩენის) შესახებ.
მიუდექით ინდივიდუალურად. მაგალითად, თუ ხატვა იტაცებს, ატარეთ გამოფენებზე, დაათვალიერებინეთ მხატვართა ნამუშევრები, ჰკითხეთ, რომელი უფრო მოეწონა, მიიყვანეთ შესაბამის წრეზე. თუ მუსიკა მოსწონს, ატარეთ კონცერტებზე, მოასმენინეთ ცოცხალი შესრულება, თუ საშუალება გაქვთ (ან თვითონვე უკრავთ რომელიმე ინსტუმენტზე), აჩვენეთ, როგორ იქმნება მუსიკა. თუ უფრო მეტად მექანიზმები აინტერესებს, წაიყვანეთ ტექნოლოგიების გამოფენაზე, ერთად ააწყვეთ კონსტრუქტორი... დაიხმარეთ წიგნები, ერთად ეძებეთ პასუხები მის კითხვებზე. ნუ მოგერიდებათ იმის აღიარების, რომ რაღაც არ იცით ან არ გახსოვთ. პირიქით, აჩვენეთ, რომ ნებისმიერ კითხვაზე შესაძლებელია პასუხის პოვნა. ამით თვითგანვითარების მოტივაციას შემატებთ.
ამ ასაკში პატარებს უამრავი კითხვა აქვთ. მათ აინტერესებთ, როგორ არის მოწყობილი გარე სამყარო (“რატომ არის ცა ლურჯი?”; “რისგან შედგება მზე? ღრუბელი?”), აინტერესებთ სიტყვების წარმოშობა (“რატომ ჰქვია ზოოპარს ზოოპარკი?”), სიკვდილის რაობა. ნუ შეუშინდებით ასეთ კითხვებს. პირიქით, გახსოვდეთ, რომ ამ მნიშვნელოვან თემებზე ინფორმაციის ერთადერთი წყარო მისთვის თქვენ ხართ, ამიტომ გაეცით ადვილად გასაგები, მაგრამ ამომწურავი პასუხები.
სოციალური განვითარება
ოთხი წლის ბავშვს უკვე აქტიური სოციალური ცხოვრება აქვს – ჰყავს მეგობრები და საუკეთესო მეგობარი (უმეტესად – თავისივე სქესისა, თუმცა საპირისპირო სქესისაც შეიძლება). იდეალურ შემთხვევაში პატარები იმ თანატოლებთან მეგობრობენ, რომლებსაც ხშირად ხედავენ (ბაღში, სკვერში, სამეზობლოში).
თუ პატარა ბაღში არ დაგყავთ, სამეზობლოში კი მისი თანატოლი არავინაა, შეუძლია, სათამაშო მოედანზე გაიჩინოს ახალი ნაცნობები.
როცა ახალ ნაცნობებს გაიჩენს, სასურველია, მშობელმა წაახალისოს მათი ურთიერთობა. შესთავაზეთ, დაპატიჟოს მეგობრები სახლში. მისი თვითშეფასებისთვის მნიშვნელოვანია, მეგობრებს ამაყად წარუდგინოს ოჯახის წევრები, გააცნოს თავისი შინაური ცხოველი, აჩვენოს, რამდენი სათამაშო აქვს და ამით მათზე შთაბეჭდილება მოახდინოს.
ბავშვები ამ ასაკში ერთმანეთის ქცევასა და აზროვნებაზე დიდ გავლენას ახდენენ. თქვენს პატარას აუცილებლად ენდომება, რომელიმე მეგობარს დაემსგავსოს – მისნაირი მაისური ჩაიცვას, მასავით შეიჭრას ან დაივარცხნოს თმა, მასავით აცოცდეს ხეზე. ამ დროს ბავშვი აცნობიერებს, რომ მისი ოჯახისა და იქ არსებული წესების მიღმა (რომელთა წიაღშიც დაბადებიდან ცხოვრობს) არსებობს სხვა სამყაროც, სადაც განსხვავებული წესრიგია, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ აქამდე მისთვის აკრძალული სათამაშო, ტკბილეული ან სატელევიზიო გადაცემის ყურება მოგთხოვათ.
ნუ შეშფოთდებით, თუ ბავშვთან თქვენი ურთიერთობა რადიკალურად შეიცვლება, მაგალითად, შენიშვნის მიცემისას პატარა უხეშად გიყვირებთ, რომ თქვენი აზრი არ აიტერესებს. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო არ არის, მაგრამ დადებითი მხარეც აქვს: ბავშვი სწავლობს ავტორიტეტების ეჭვქვეშ დაყენებას და თავისი დამოუკიდებლობის საზღვრებს შეიცნობს. უფროსმა, რასაკვირველია, უნდა დაანახოს, რომ უკმაყოფილოა მისი ქცევით და აუცილებლად ჰკითხოს, რა მიზეზით ესაუბრება ასე, მაგრამ მშვიდად, გაწონასწორებულად. რაც უფრო ემოციურ პასუხს გასცემთ, მით უფრო წაახალისებთ მის ურჩობას. თუ თქვენი სიმშვიდე არ ჭრის, გამოიყენეთ წუთშესვენება.
ოთხი-ხუთი წლის ბავშვი ჯერ კიდევ სწავლობს კარგისა და ცუდის გარჩევას. მისი მორალი ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია. მიუხედავად ამისა, ის წესებს ემორჩილება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ესმის მათი მნიშვნელობა ან ეთანხმება მათ, არამედ იმიტომ, რომ სასჯელისა ეშინია. მისი აზრით, შედეგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განზრახვა. მაგალითად, თუ ძვირფასი ნივთი გატეხა, ჩათვლის, რომ ცუდი ბავშვია, განურჩევლად იმისა, განგებ გააფუჭა ნივთი თუ არა. ამიტომ მშობელმა უნდა აუხსნას განსხვავება განზრახ და უნებლიე დანაშაულს შორის.
იმისთვის, რომ ეს განსხვავება დაანახოთ, ბავშვის პიროვნება მისი საქციელისგან უნდა გამიჯნოთ. თუ ცუდად მოიქცა, უნდა იცოდეს, რომ ამ ქცევის გამო ისჯება და არა იმიტომ, რომ “ცუდი” ბავშვია. თუ, მაგალითად, უმცროს დედმამიშვილს აწყენინა, უთხარით, რომ სხვისი წყენინება ცუდი საქციელია (და არა ის, რომ თვითონ არის ცუდი). თუ უნებლიეთ დააშავა რამე, დაამშვიდეთ: ვიცი, ეს განზრახ არ გიქნია-თქო. ეცადეთ, ბრაზი გარეგნულად არ გამოხატოთ, რათა პატარას არ ეგონოს, რომ მის საქციელზე კი არა, თავად მასზე ბრაზობთ.
ხშრად დაავალეთ ისეთი საქმე, რომელსაც თავს გაართმევს, რათა მერე შეაქოთ. გარდა იმისა, რომ ამ გზით ბავშვის ყურადღებას სასარგებლო საქმიანობაზე გადაიტანთ, საკუთარი თავით სიამაყის საშუალებასაც მისცემთ. ოთხი-ხუთი წლის ბავშვს შეუძლია, დაალაგოს თავისი სათამაშო კუთხე, მოგიტანოთ რამე ნივთი, დაგეხმაროთ სუფრის გაწყობაში, ყვავილების მორწყვაში... თუ სასეირნოდ, სტუმრად ან სამოგზაუროდ მიდიხართ, წინასწარ მიახვედრეთ, რომ მისგან კარგ ქცევას ელით, შინ დაბრუნებისას კი აუცილებლად შეაქეთ.
ემოციური განვითარება
ოთხი-ხუთი წლის ბავშვებს უშრეტი ფანტაზია აქვთ, თუმცა ამ ასაკში უკვე თავისუფლად განასხვავებენ რეალობას გამონაგონისგან. ძალიან მოსწონთ ომობანა, რაინდობანა, “დრაკონებზე ნადირობა”... ხშირად დაინახავთ, როგორ დასდევს თქვენი პატარა ძაღლს თოფით ან წინ გაშვერილი ხელით და გაიძახის: “ბახ!.. ბახ!..”
ამ ასაკში ბავშვს ჯერ არ ესმის სიკვდილის არსი. მოზრდილებისგან განსხვავებით, ომობანას მისთვის არც ისტორიული და სოციალური კონტექსტი აქვს. და მაინც, ექსპერტების აზრით, ასეთი თამაშები პიროვნების ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ნაწილია. კარგი თუ ცუდი გმირის როლის მორგებისას პატარები სწავლობენ, რას ნიშნავს იყო ძლიერი და აკონტროლებდე სიტუაციას.
ნურც ზღაპრების გავლენა დაგვავიწყდება. ყველა ზღაპარი ძალადობის მცირე ელემენტს მაინც შეიცავს – მგელი წითელქუდას სანსლავს, ბოროტი დედინაცვალი წიქარას სასიკვდილოდ იმეტებს, უფლისწული დევს ცხრავე თავს აჭრის...
ბავშვის თავდაჯერების ხარისხის შესაფასებლად დაუკვირდით, როგორ ესაუბრება უფროსებს. თუ ორი-სამი წლის ასაკში თავშეკავებული და ჩაკეტილი იყო, ახლა უფრო ყურადღებიანი, გულღია და ცნობისმოყვარეა. აინტერესებს, რას გრძნობენ სხვები და ახარებს ის ფაქტი, რომ სხვების გამხიარულება შეუძლია. თუ დაინახა, რომ ვინმემ რამე იტკინა ან მოწყენილია, ჩაეხუტება, მოეფერება, თანაუგრძნობს, რადგან უნდა, რომ მასაც ასევე მოექცნენ, თუ მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა.
ამ ასაკში პატარა სქესსა და გამრავლებასთან დაკავშირებული ბაზისური საკითხებითაც ინტერესდება. აინტერესებს, საიდან ჩნდებიან ბავშვები, რა განსხვავებაა გოგოსა და ბიჭს შორის... ეცადეთ, მის კითხვებს მკაფიო და მარტივი პასუხები გასცეთ. არ არის აუცილებელი, სქესობრივი ცხოვრების დეტალებზე გაამახვილოთ ყურადღება. მთავარია, იგრძნოს, რომ თამამად შეუძლია, დასვას კითხვები მისთვის საინტერესო თემებზე – ამისთვის არ გაუბრაზდებიან, არ გაკიცხავენ და არ შეარცხვენენ.
ამ ასაკში ბავშვებს საპირისპირო სქესის მშობელი აღაფრთოვანებთ. გოგოები მამიკოებს ეპრანჭებიან, ბიჭები კი დედიკოების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. ეს ნორმალური მოვლენაა, რომელსაც ოიდიპურ ქცევას უწოდებენ და დროთა განმავლობაში, ბავშვის ზრდის კვალდაკვალ, გაივლის. მშობლებმა მშვიდად უნდა მიიღონ ეს ფაქტი, ვინაიდან ეჭვიანობის საფუძველი არ აქვთ.
წყარო: ჟურნალი "ავერსი"