Plasmon
თავბრუსხვევა, ტრიალისა და ვარდნის შეგრძნება

თარიღი: 10 სექტემბერი, 2023

რა არის თავბრუსხვევა და რა ითვლება თავბრუსხვევის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად, როგორი უნდა იყოს პირველი დახმარება თავბრუსხვევის დროს, როგორ ამოვიცნოთ ვესტიბულური შაკიკი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ოტორინოლარინგოლოგმა, ნეიროოტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა და პროფესორმა – ეკატერინე ხარხელმა ისაუბრა.

ქალბატონო ეკა, რა არის თავბრუსხვევა და რატომ წარმოადგენს ის შფოთვის საგანს?
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ თავბრუსხვევა ეს არის სიმპტომი და არა ცალკე აღებული პათოლოგია. იგი ვესტიბულური დარღვევებისთვის დამახასიათებელი ისეთივე ჩივილია, როგორც დეზორიენტაცია, გაბრუება და ოსცილოფსია. თავბრუსხვევა საკმაოდ გავრცელებული ჩივილია, რომელსაც ადამიანები ნებისმიერ ასაკში და განსაკუთრებით კი, ხანდაზმულობისას აღნიშნავენ. მოგეხსენებათ, რომ არსებობს პერიფერიული და ცენტრალური წარმოშობის ვესტიბულური დაავადებები. როცა პერიფერიულ პათოლოგიას ვახსენებთ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ესაა შიგნითა ყურში განთავსებული ვესტიბულური სტრუქტურების და წონასწორობის ნერვთან დაკავშირებული პათოლოგიები. თუ სიხშირის მიხედვით დავალაგებთ, პირველ რიგში პაროქსიზმული პოზიციური თავბრუსხვევა უნდა გაგვახსენდეს. პაროქსიზმული პოზიციური თავბრუსხვევა მომართვიანობის ხშირი მიზეზია. აღნიშნული დაავადების არსი თავად ტერმინში არის ჩადებული. იგი პროვოცირდება პოზიციის შეცვლით, ანუ თავს იჩენს, როცა ადამიანი იცვლის პოზიციას, მაგალითად, წამოდგომისას, საწოლში გადაბრუნებისას და ა.შ. ზუსტად ასეთ დროს აქვს ხოლმე პაციენტს საშინელი ტრიალის და ვარდნის შეგრძნება. მისი პროგნოზირება შეუძლებელია. არის კეთილთვისებიანი, რადგან გამოსავალი კეთილსაიმედოა, ანუ განკურნება შესაძლებელია, თუ ჩვენ სწორად ჩავატარებთ სადიაგნოსტიკო ტესტებს და სწორად გამოვავლენთ პრობლემას. პაროქსიზმულ პოზიციურ თავბრუსხვევას შეიძლება თან ახლდეს ვეგეტატიური სიმპტომები, გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა,  მაგრამ ისეთ არატიპურ ჩივილებსაც აღნიშნავენ პაციენტები, როგორიცაა მხედველობის გაორება, ყურში ტკივილის შეგრძნება,  გარდამავალი ხმიანობა და ა.შ. აღნიშნული პრობლემები არ არის ამ დაავადების ტიპური ნიშნები, ტიპური არის პოზიციის შეცვლით პროვოცირებული თავბრუსხვევა, რომელიც როგორც წესი, წამები გრძელდება, მაგრამ ის, რასაც მაშინ პაციენტი განიცდის, მისთვის წამებას უდრის. არსებობს ამ დაავადების სხვადასხვა ფორმები. აღნიშნული პათოლოგიის მიმართ ჩვენთან ძალიან ხშირად მარტივი მიდგომა არსებობს. ზოგჯერ, ჩემი კოლეგებიც კი მიუთითებენ პაციენტებს, რომ მაგალითად, „იუთუბზე“ ან რომელიმე სახელმძღვანელოში არის ამ პრობლემის მარტივი მოგვარების საშუალება – სამკურნალო ვარჯიშები და ის ჩაიტარონ, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მინდა აღვნიშნო, რომ საქმე ასე მარტივად არ არის. არსებობს ამ პრობლემის ტიპური, კლასიკური და არატიპური ფორმები. პაროქსიზმული პოზიციური თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზია ოტოკონიები, კალციუმის კრისტალები, რომლებიც დისლოცირებულია, გადავარდნილია თავის ლოკუსიდან, ანუ იქიდან, სადაც წესით უნდა იყოს. დისლოცირებული ოტოკონიები, იმისდა მიხედვით თავისუფლად მოძრობენ ნახევარრკალოვან არხებში თუ კუპულასთან არიან მიწებებული, გრავიტაციის და ინერციის ძალების ზემოქმედებით ენდოლიმფის დინამიკის ცვლილებას იწვევენ, რაც შესაბამისად, თავბრუსხვევის განცდას იწვევს. პოზიციურ თავბრუსხვევას   მრავალფეროვანი კლინიკა ახასიათებს, შესაბამისად, აუცილებლად ექიმის მიერ უნდა იყოს დადგენილი, თუ რასთან გვაქვს საქმე და ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს შესაბამისი სამკურნალო მანევრი. რა თქმა უნდა, მანევრი თავად ექიმმა უნდა ჩაატაროს, რადგან სწორად ჩატარებული მანევრის შემთხვევაში შედეგი მყისიერია. მკურნალობა უნდა მოხდეს ექიმის კაბინეტში და არა ბინაზე. ბინაზე ჩვენ მხოლოდ გარკვეულ ვარჯიშებს ვუნიშნავთ პაციენტს, ისიც იშვიათ შემთხვევაში, გარკვეული ფორმების დროს და არა ყოველთვის.

პერიფერიულ ვესტიბულურ დარღვევათა შორის სიხშირით მეორე ადგილას დგას მენიერის დაავადება. განასხვავებენ მენიერის სინდრომს და თავად დაავადებას. პირველ შემთხვევაში საუბრობენ, როცა ეტიოლოგიური ფაქტორები ცნობილია, მეორე უცნობი ეტიოლოგიის, ანუ იდიოპათიური  წარმოშობისაა.  მენიერის დაავადება ეპიზოდური და  როტატორული თავბრუსხვევით ხასიათდება.  მას შეიძლება არაფერი უძღოდეს წინ ანუ  სპონტანურად აღმოცენდეს ან შეიძლება რაიმე ფაქტორმა გამოიწვიოს პროვოცირება, მაგალითად, მარილიანი საკვების ან ნიტრატების მიღებამ, სტრესმა და ა.შ. ეს არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს არა მხოლოდ თავბრუსხვევა, არამედ ყურში ხმაურის ცვალებადობა, ყურში სისავსის, სიმძიმის შეგრძნება, სმენის დაქვეითება და ა.შ. დაავადება თავისთავად არაპროგნოზირებადია, არ ვიცით, როდის ჩნდება, რა ხარისხის სმენის დაქვეითებას გამოიწვევს… თუ არ ჩავერიეთ და არ გავითვალისწინეთ ის ფაქტორები, რომელიც მას აპროვოცირებს, საბოლოოდ ძალიან ცუდ შედეგს ვიღებთ, რადგან ვითარდება სმენის შეუქცევადი სენსონევრალური დაქვეითება. მანამდე კი პაციენტი  თავბრუსხვევის ძალიან ხშირ უმძიმეს შეტევებს გადის.

მესამე ადგილას დგას ვესტიბულური ნევრიტი, რაც წონასწორობის ნერვის დაზიანებას ნიშნავს. ძალზედ ხშირად მისი გამომწვევი ფაქტორი ვირუსული ეტიოლოგიისაა და ამბობენ, რომ ორგანიზმში პირველი ტიპის, მარტივი ჰერპეს ვირუსის ლატენტური ფორმის რეაქტივაცია განაპირობებს. ვესტიბულური ნევრიტი შეიძლება იყოს ვასკულური გენეზისაც. მოგეხსენებათ, კოვიდის დროს ძალზედ ხშირი იყო ვესტიბულური ნევრიტების შემთხვევები, ვირუსის სპეციფიური ზემოქმედებით გამოწვეული, როგორც იშემიური გენეზის, ისე ვირუსული ინტოქსიკაციით განპირობებული.

რა არის თავბრუსხვევის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტი?
ძალზედ დიდი ყურადღება ექცევა ანამნეზს, ექიმმა მისი საშუალებით უნდა განსაზღვროს, მოცემული ჩივილი მიეკუთვნება თუ არა ვესტიბულურ ჩივილს. თუ ვესტიბულური ჩივილია, უნდა მოხდეს მისი დიფერენცირება,  პერიფერიული წარმოშობისაა თუ ცენტრალური. ჩვენ ყოველთვის ვეკითხებით პაციენტს, თუ რას გულისხმობს თავბრუსხვევის ქვეშ, რადგან ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ბევრს თავბრუსხვევა კი არ აქვს, არამედ წონასწორობის მოშლა, გაბრუება, ოსცილოფსია. ამის მიხედვით ჩვენ უკვე ვხვდებით, თუ რა შესაძლო პათოლოგიასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. მნიშვნელობა აქვს თვითონ შეტევის ხასიათსაც, ანუ არის იგი სპონტანური, ეპიზოდური და ა.შ. აქვს თუ არა პაციენტს შეტევის მოლოდინი, თუ მოულოდნელად ემართება. მნიშვნელობა აქვს თითოეული ეპიზოდის ხანგრძლივობას, მაგალითად, პაროქსიზმული პოზიციური თავბრუსხვევა შეიძლება წამები ან რამდენიმე წუთი გაგრძელდეს, მენიერის დაავადების დროს შეტევა შეიძლება 20 წუთიდან 12 საათამდე გახანგრძლივდეს, ვესტიბულური შაკიკის დროს – დღეები, კერძოდ, 2- 3 დღე, შუალედებში კი კვირეების განმავლობაში პაციენტს ჰქონდეს გაბრუება, არამყარი დგომის შეგრძნება, გულის წასვლის მსგავსი მდგომარეობა. თუ ლაპარაკი გვაქვს ვესტიბულურ შვანომაზე, ვესტიბულური ჩივილები  ამ შემთხვევაში თვეები და წლები მიმდინარეობს, ოღონდ ნაკლები სიმწვავით.  უნდა გავითვალისწინოთ, რა ასოცირებული სიმპტომები და ჩივილები აქვს პაციენტს თავბრუსხვევასთან ერთად. მაგალითად, პაროქსიზმულ პოზიციურ თავბრუსხვევას ან ვესტიბულურ ნევრიტს სმენის დაქვეითება არ ახასიათებს,  თუმცაღა, არატიპურად პაციენტმა შეიძლება აღნიშნოს დაგუბების განცდა ან ყურის მტკივნეულობა. რაც შეეხება მენიერის დაავადებას, დიაგნოსტიკისას ამერიკის თავ-კისრის და ოტო-რინო-ლარინგოლოგიის საზოგადოების მიერ შემუშავებული გაიდლაინებით ვხელმძღვანელობთ, რომლის მიხედვითაც სახეზე უნდა გვქონდეს რამდენიმე ფაქტორი, კერძოდ, აუდიომეტრიულად დადასტურებული სმენის დაქვეითება დაბალ და საშუალო სიხშირეებზე, ფლუქტუაციური სიმპტომები ყურში,  როცა სმენა ხან კარგია, ხან ცუდი, ხან უმჯობესდება, ხან უარესდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო სტადიებში სმენა აღარ ცვალებადობს და თითქმის იკარგება. ასევე აღსანიშნავია ტინიტუსის ცვალებადობა, ტინიტუსის ფლუქტუაცია, ანუ ყურში ხმაურის ფლუქტუაცია, რომელიც ხან მოდის, ხან მიდის.

მენიერისთვის დამახასიათებელია დაბალსიხშირული ძრავის ზუზუნის მსგავსი ხმაური. სმენის კვლევისას მას დამახასიათებელი აუდიომეტრიული მრუდი აქვს.

 

აი, ამ ყველაფრის მიხედვით ხდება დაავადების დიფერენცირება. საჭირო კვლევებს ექიმი არჩევს და საჭიროების მიხედვით ამისამართებს.

არსებობს თუ არა იმ ტიპის თავბრუსხვევა, რომელიც არ საჭიროებს ექიმთან ვიზიტს თუ ექიმთან ვიზიტი ყოველთვის აუცილებელია?
გააჩნია, თავბრუსხვევის ბევრი მიზეზი არსებობს, მაგალითად, არსებობს ინტოქსიკაციით, ანემიით ან თუნდაც, გოგირდოვანი საცობით გამოწვეული თავბრუსხვევაც. როცა ვიცით, რასთან გვაქვს საქმე, სათანადო ზომებს მივმართავთ, ზოგჯერ მიზეზი ბანალურია და მარტივად შეიძლება მისი მოგვარება. ის რაც გაურკვეველია, რასაც ახასიათებს რეციდივი, რაც გამოირჩევა სიმწვავით და  ასოცირებულია სხვა ჩივილებთან, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. ასევე საყურადღებოა ისიც, რომ ზოგიერთი დაავადება ყველა ნიშანს თავიდანვე არ ავლენს, ზოგი სიმპტომი დროის გასვლის შემდეგ იჩენს თავს. შესაბამისად,  არ ვარ უგულებელყოფის მომხრე, იმის, რომ მსგავს პრობლემას ყურადღება არ მივაქციოთ. თუ თავბრუსხვევა ან გაბრუება, თუნდაც მსუბუქი, დროში გახანგრძლივებულია, იგი შეიძლება ძალზედ სერიოზული პათოლოგიის ნიშანი იყოს.

რა არის პირველი დახმარება თავბრუსხვევის დროს?
პირველ რიგში, თუ გვაქვს ჰიპერტენზია, არტერიული წნევა უნდა დავირეგულიროთ. თუ შაქრიანი დიაბეტი გვაქვს, ვიზომავთ გლუკოზას სისხლში. ვითვალისწინებთ იმას, თუ რა საკვები მივიღეთ, კვებითი ინტოქსიკაცია ხომ არ გვაქვს. პაციენტებს ვურჩევთ, რომ აღნიშნული პრობლემის დროს ნაკლებად ამოძრაონ თავი, ნუ გადატრიალდებიან მარჯვნივ, მარცხნივ, ნუ წამოდგებიან პირდაპირ გულაღმა მდგომარეობიდან, მით უმეტეს,  თუ კრისტალების გადანაცვლებასთან გვაქვს საქმე. ცალკეულ შემთხვევებში, ექიმი რომც არ ჩაერიოს, შეიძლება, თვითგანკურნებაც მოხდეს, ანუ კრისტალები თავის ადგილს დაუბრუნდნენ. ხშირად თავის უმოძრაობა მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, უმჯობესია პაციენტს თავი მაღალზე ჰქონდეს.

რა არის ვესტიბულური შაკიკი?
2012 წელს, ვესტიბულური შაკიკი ცალკე ნოზოლოგიად გამოჰყვეს, ის ცალკე პათოლოგიაა, რომელიც კომბინირებული წარმოშობისაა და ტრიგემინოვასკულური რეგულაციის მოშლა უდევს საფუძვლად, ვერ ვიტყვით, რომ ამ დაავადების პათოფიზიოლოგიური მექანიზმები ბოლომდე გარკვეულია. თუმცა ცნობილია, რომ იგი ქალებს უფრო მეტად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. თავბრუსხვევის დაწყებას თავის ტკივილები შეიძლება ათი წლითაც უსწრებდეს, ანუ თავის ტკივილები და თავბრუსხვევის ეპიზოდები არ იყოს ერთმანეთთან თანხვედრაში. ესაა “დიდი ხნის დავიწყებული“ თავის ტკივილები, როგორც პაციენტები აღნიშნავენ ხოლმე.

 

შაკიკისმიერი თავის ტკივილი, ხშირად პროვოცირდება გადაღლის, შიმშილის, გარკვეული საკვების მიღების, მგზავრობის, ქალებში ჰორმონალური დისბალანსის დროს. იგი შეიძლება იყოს ჰემიკრანიალური ხასიათის, პულსაციური, თან ახლდეს სინათლის და ხმაურის აუტანლობა, ზოგჯერ პაციენტები აღწერენ თავში წერტილოვანი წვის შეგრძნებას, კეფაში ქაჩვას, მტკივნეულობას და დაჭიმულობას კისრის და ზურგის მიდამოში. არსებობს ვესტიბულური შაკიკის ინდივიდუალური და ოჯახური ფორმები. პაციენტებს ბავშვობაში ხშირად აქვთ ხოლმე მგზავრობის დაავადება, რომელიც გარკვეულ ინდივიდებს მთელი ცხოვრება გაჰყვებათ ხოლმე. ამ პაციენტების უმეტესობას მგზავრობის ან მოძრაობის მიმართ აქვთ მომატებული მგრძნობელობა და ხანგრძლივი მგზავრობა აპროვოცირებს ხოლმე თავბრუსხვევებს. შეიძლება, რომ ასეთ პაციენტებს გამოკვლევის დროს, თავის რხევის ტესტის დროსაც დაემართოთ შეტევა.

თავბრუსხვევის დროს, თუ ჩვენ არ ვიცით, მისი გამომწვევი მიზეზი და ვერ ვახდენთ დიფერენცირებას, პირველ რიგში ვის უნდა მივმართოთ?
პაციენტებმა, ვისაც აქვთ იზოლირებული თავბრუსხვევა ან მასთან ასოცირებული ჩივილები, კერძოდ, ყურების დაგუბება, სმენის დაქვეითება, ყურებში ხმაური, აუცილებლად უნდა მიმართონ აუდიოლოგს და ნეიროოტოლოგს. თუ არის ასოცირებული ნევროტულობა, შფოთვა, დისაუტონომია, მწვავე ან ქრონიკული ნევროლოგიური ჩივილები, აუცილებლად უნდა მიმართონ სათანადო დარგის სპეციალისტებს: ფსიქიატრს, ფსიქოლოგს, ნევროლოგს და ა.შ.

ფსიქოგენურ თავბრუსხვევაზე მინდა გკითხოთ, ის მხოლოდ ემოციურ ფონთან არის კავშირში?
ფსიქოგენური თავბრუსხვევა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პათოლოგიაა. ასეთ პაციენტებს განცდაში აქვთ  ვარდნის, გაბრუების, ტრიალის შეგრძნება. აღნიშნული მდგომარეობა ხშირად სხვადასხვა ფსიქოსომატური დარღვევებით არის გამოწვეული. როცა ასეთი პაციენტები მოგვმართავენ, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახდინოთ პრობლემის დიფერენცირება, ფსიქოგენურთან ერთად შესაძლოა გვქონდეს სხვა კომორბიდული ვესტიბულური დაავადებებიც. ფსიქოგენური ფაქტორები ხშირად აფერხებს ვესტიბულურ რეაბილიტაციას, მწვავე ვესტიბულური დეფიციტის კომპენსაციას. არასრულყოფილ, არასათანადო, არასრულფასოვან კომპენსაციას ხშირად ნევროტულობა, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, სხვადასხვა ტიპის ფსიქო-სომატური დარღვევები განაპირობებს.

რა არის თავბრუსხვევის მკურნალობის ოქროს წესად მიჩნეული?
პირველ რიგში, სწორი დიაგნოსტიკა, რადგან სწორი დიაგნოსტიკა არის ეფექტური მკურნალობის გარანტი. ვესტიბულურ დარღვევათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, სტრესული ფაქტორების შემცირება, სწორი რეჟიმი,  საკმარისი ძილი, 7-8 საათი მაინც უნდა გვეძინოს, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რა საკვები აპროვოცირებს ჩვენს პრობლემას. თუ ჩვენ ვიცით, რომ ვესტიბულური შაკიკი გვაქვს, არ უნდა მივიღოთ ფერმენტიზირებული ყველი, „ჩედარი“, „გაუდა“ წითელი ღვინო, კონიაკი, ლიქიორი, ჭარბი რაოდენობის ციტრუსი, ფასთ ფუდები, სოიოს სოუსზე დამზადებული საკვები, კონსერვირებული მიწის თხილი და ა.შ. თუ ვიცით, რომ მენიერი გვაქვს, არ უნდა მივიღოთ ჭარბად ნიტრატები და სუფრის მარილი, კოფეინი, ასევე უნდა შევამციროთ სტრესული ფაქტორები, თუ არის ასოცირებული ალერგია, ალერგიულ ფაქტორებს უნდა ვებრძოლოთ. საჭიროა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში – რეპოზიციული მანევრები და სარეაბილიტაციო ვესტიბულური ვარჯიშები.


წყარო: https://fortuna.ge