თარიღი: 02 ოქტომბერი, 2023
ტკივილი გულმკერდის არეში ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო სიმპტომია. ხშირად სწორედ ის მიგვანიშნებს ინფარქტზე – მდგომარეობაზე, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ჩარევის გარეშე შესაძლოა სიკვდილით დამთავრდეს. საბედნიეროდ, ყოველთვის ისე არ წვიმს, როგორც ქუხს – გულმკერდის ტკივილი ისეთ დაავადებებსაც ახასიათებს, რომლებიც სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ამის ცოდნა მოდუნების უფლებას არ გვაძლევს – გულმკერდში ტკივილის აღმოცენებისას სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ მისი მიზეზის ძებნა.
მიოკარდიუმის ინფარქტი გულის კუნთში მკვდარი, ნეკროზული უბნის წარმოქმნაა სისხლის ნაკადის მოულოდნელი დაბლოკვისა და ჟანგბადის დეფიციტის გამო. გულის იშემიური შეტევის დროულად დაწყებული მკურნალობით ხელს ვუშლით ინფარქტის განვითარებას ან დაზიანებული უბნის ზრდას, ამიტომ ადამიანს უნდა შეეძლოს გულის შეტევის ნიშნების ამოცნობა, რათა მათი აღმოცენებისას სასწრაფო დახმარება გამოიძახოს, თუნდაც დარწმუნებული არ იყოს, რომ მიზეზი გულია.
სიმპტომები
ინფარქტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- გულმკერდის არეში დისკომფორტის შეგრძნება – ის ხშირად ჩნდება გულმკერდის ცენტრში ან მის მარცხენა მხარეს და რამდენიმე წუთზე მეტხანს გრძელდება. შესაძლოა, გაიაროს და ისევ იჩინოს თავი, ჰგავდეს ზეწოლას, მოჭერას, ტკივილს, გულძმარვის ან საჭმლის მონელების დარღვევით გამოწვეული დისკომფორტს.
- ჰაერის უკმარისობა – ზოგჯერ ის ინფარქტის ერთადერთი სიმპტომია. ტკივილთან ერთადაც შეიძლება იჩინოს თავი და მის დაწყებამდეც, როგორც მოსვენების, ისე ფიზიკური აქტივობის დროს.
- ტკივილი`დისკომფორტი სხეულის ზედა ნაწილში – ერთი ან ორივე მკლავში, ზურგში, მხრებზე, კისერზე, ყბაზე ან კუჭის ზედა ნაწილში.
შესაძლოა განვითარდეს სხვა სიმპტომებიც: გულზიდება, ღებინება, თავბრუხვევა, თავის სიმსუბუქე, ცივი ოფლის დასხმა. ქალები ზოგჯერ უმიზეზო დაღლილობას უჩივიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყველას ერთნაირი ჩივილები არ აქვს: ზოგი მსუბუქ ტკივილს უჩივის, ზოგი – უფრო ძლიერს, ზოგი კი საერთოდ არაფერს. ზოგისთვის ინფარქტის პირველი ნიშანი შესაძლოა გულის უეცარი გაჩერება იყოს. რაც უფრო მეტია ნიშანი, მით უფრო დიდია ინფარქტის განვითარების საფრთხეც. ხშირად გამაფრთხილებელი ნიშნები ინფარქტამდე რამდენიმე საათით, დღით ან კვირით ადრეც კი იჩენს თავს. ყველაზე ადრეული სიგნალი შესაძლოა სტენოკარდია იყოს.
სტენოკარდია გულმკერდის მორეციდივე, გარდამავალი ტკივილი, დისკომფორტი ან შებოჭილობაა. ის სულ რამდენიმე წუთს გრძელდება. გულის კუნთი ამ დროსაც ვერ იღებს საჭირო რაოდენობის სისხლსა და ჟანგბადს. სტენოკარდიის სიმპტომები ინფაქრქტის სიმპტომებს ჰგავს.
სტაბილური სტენოკარდია უფრო გავრცელებულია. ის თავს იჩენს ფიზიკური დატვირთვის (ვარჯიშის, აღმართზე ასვლის) ან ემოციური სტრესის დროს, როდესაც გულისცემა და არტერიული წნევა იმატებს და გულის კუნთი მეტ ჟანგბადს ითხოვს, დასვენებისას კი ქრება.
არასტაბილური სტენოკარდია, იგივე მწვავე კორონარული სინდრომი, ერთბაშად ვითარდება მცირე ფიზიკური დატვირთვის, მოსვენების ან ძილის დროს. ის შესაძლოა უფრო მეტხანსაც გაგრძელდეს.
როგორ ვიქცევით
ზოგი ვერ აცნობიერებს ინფარქტის ნიშნებს და რეაგირებას აგვიანებს.
თუ ინფარქტის სიმპტომებმა იჩინა თავი:
- გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ვინმეს სთხოვეთ, უახლოეს საავადმყოფოში წაგიყვანოთ.
- საჭესთან დაჯექით მხოლოდ მაშინ, თუ სხვა არჩევანი არ გაქვთ – მანქანის მართვისას თქვენი მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს და საფრთხეში ჩააგდოთ საკუთარი თავიც და სხვებიც.
- ვიდრე სასწრაფო დახმარებას გაგიწევენ, მიიღეთ ნიტროგლიცერინი.
- მიიღეთ ასპირინი. ის ხელს უშლის სისხლის შედედებას, თუმცა ურთიერთქმედებს ზოგიერთ მედიკამენტთან, ამიტომ თქვენს ექიმს ან სასწრაფო დახმარების პერსონალს დაეკითხეთ.
თუ უგონოდ მყოფ ადამიანს ხედავთ და ფიქრობთ, რომ შესაძლოა, გულის შეტევა ჰქონდეს, ჯერ სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ, მერე შეამოწმეთ, სუნთქავს თუ არა და აქვს თუ არა პულსი. თუ არც სუნთქავს და ვერც პულსს პოულობთ, უნდა დაიწყოთ გულ-ფილტვის რეანიმაცია: გულმკერდზე 100-120 ზეწოლა წუთში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური ტრენინგი გაქვთ გავლილი – სასუნთქი გზების გახსნაც.
მიზეზები
ინფარქტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი კორონარული არტერიების დაავადებაა – არტერიების კედლებზე, შიგნიდან, ქოლესტეროლისა და სხვა ნივთიერებებისგან წარმოიქმნება ათერომები – ათეროსკლეროზული ფოლაქები, ცხიმისმაგვარი ჩანართები, რომლებიც დროთა განმავლობაში იზრდება და სისხლძარღვის სანათურს ავიწროებს, შესაძლოა გასკდეს და წარმოქმნას პატარა თრომბები და სისხლის კოლტი, რომელიც არტერიას დაახშობს.
საინტერესოა, რომ სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებები ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რადგან როდესაც რომელიმე კორონარული არტერია ვიწროვდება და სისხლის ნაკადი მცირდება, საკომპენსაციოდ სხვა ახლომდებარე სისხლძარღვები ფართოვდება. ამას კოლატერალური სისხლის მიმოქცევა ეწოდება. ასეთი სისხლის მიმოქცევა შესაძლოა ინფარქტის შემდეგაც განვითარდეს, რაც გულის კუნთს აღდგენაში ეხმარება.
ინფარქტის დროს შესაძლოა მთლიანად ან ნაწილობრივ იყოს დაბლოკილი კორონარული არტერია.
ინფარქტის ნაკლებად გავრცელებული მიზეზია კორონარული არტერიის ძლიერი სპაზმი. ის შესაძლოა განვითარდეს როგორც ნორმალურ, ისე ათეროსკლეროზის გამო ნაწილობრივ დაბლოკილ სისხლძარღვებში. სიცოცხლისთვის საშიში სპაზმის გამოწვევა შეუძლია თამბაქოსა და ნარკოტიკების, მაგალითად, კოკაინის მოხმარებას.
გულის შეტევის იშვიათი მიზეზია კორონარული არტერიის სპონტანური დისექცია, მისი კედლის მთლიანობის უეცარი დარღვევა.
ინფარქტი ასევე შეიძლება განვითარდეს COVID-19 ინფექციით გულის დაზიანების შედეგად.
ინფაქრქტის რისკს ზრდის: ასაკი (45 წლიდან – მამაკაცებისთვის და 55 წლიდან – ქალებისთვის), როგორც აქტიური, ისე პასიური მწეველობა, სისხლის მაღალი წნევა, სისხლში ქოლესტეროლის (განსაკუთრებით – დაბალი სიმკვრივის სახესხვაობის) ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი, ინფარქტის ოჯახური ისტორია, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, სტრესი, ნარკოტიკების მოხმარება, პრეეკლამფსია, რევმატოიდული ართრიტი, ლუპუსი.
დიაგნოსტიკა
იდეალურ შემთხვევაში ექიმი პაციენტს იკვლევს ფიზიკური დატვირთვის დროს. ინფარქტის აღმოსაჩენად ტარდება ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ), სისხლის ანალიზები. ასევე შეიძლება ჩატარდეს გულმკერდის რენტგენოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, ანგიოგრაფია (თხევადი საღებავი კათეტერით შეჰყავთ გულის არტერიებში და მის მოძრაობას აკვირდებიან), გულის კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვითი გამოკვლევა.
მკურნალობა
ინფარქტის შემდეგ ყოველ წუთს უფრო და უფრო მეტი გულის ქსოვილი კვდება, ამიტომ აუცილებელია სისხლის ნაკადის სწრაფი აღდგენა. ამისთვის იყენებენ სისხლის გამათხელებლებს (ასპირინს, ჰეპარინს), თრომბის დამშლელ საშუალებებს, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებს, რომლებიც თავიდან გვაცილებს ახალი თრომბების წარმოქმნას და უკვე არსებულთა გადიდებას, ტკივილგამაყუჩებლებს (შესაძლოა, მორფინიც გახდეს საჭირო), ნიტროგლიცერინს, რომელიც გულის სიხლძარღვებს აფართოებს და ამგვარად აუმჯობესებს მათში სისხლის მიმოქცევას, ბეტა ბლოკატორებს, რომლებიც ხელს უწყობს გულის კუნთის მოდუნებას, ანელებს გულისცემას და ამცირებს არტერიულ წნევას, რითაც გულს მუშაობას უადვილებს, აგფ ინჰიბიტორებს, რომლებიც აქვეითებს არტერიულ წნევას და ამცირებს გულზე სტრესს, სტატინებს, რომლებიც სისხლში ქოლესტეროლის დონის კონტროლში გვეხმარება.
შესაძლოა, საჭირო გახდეს კორონარული ანგიოპლასტიკა და სტენტირება – არტერიის დაბლოკილ ადგილას იდგმება ლითონის ბადისებრი სტენტი და სისხლძარღვს შევიწროების საშუალებას აღარ აძლევს. თუ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, ტარდება შუნტირება – ოპერაცია, რომლის დროსაც შევიწროებულ ადგილას სისხლძარღვების შემოვლითი გზა კეთდება.
ინფარქტის შემდეგ გულის კუნთში შემაერთებელქსოვილოვანი ნაწიბური წარმოიქმნება. გამოჯანმრთელებას დაახლოებით რვა კვირა სჭირდება.
რეაბილიტაცია
გულის რეაბილიტაცია ფოკუსირებულია ოთხ ძირითად მიმართულებაზე – მედიკამენტურ თერაპიაზე, ცხოვრების წესის შეცვლაზე, ემოციური პრობლემების მოგვარებასა და ჩვეულ საქმიანობასთან თანდათანობით დაბრუნებაზე.
როგორ ავიცილოთ თავიდან
ინფარქტის პრევენციაზე ზრუნვა, თუნდაც ის უკვე გქონდეთ გადატანილი, გვიანი არასოდეს არის. ამისთვის უნდა მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები, პერიოდულად მდგომარეობა გადაამოწმოთ და მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს: შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა, იკვებოთ სწორად, არ მოწიოთ, შეზღუდოთ ალკოჰოლი (ქალებმა – ერთ ჭიქამდე, მამაკაცებმა – ორ ჭიქამდე), რეგულარულად ივარჯიშოთ (მიზნად დაისახეთ კვირის განმავლობაში 150-წუთიანი ზომიერი აქტივობა, ორჯერ – 10-წუთიანი ძალისმიერი ვარჯიში და სამჯერ – გაჭიმვები ხუთი-ათი წუთის განმავლობაში), მართოთ სტრესი, აკონტროლოთ და დაარეგულიროთ წნევა, ქოლესტეროლი და დიაბეტი, ჩაიტაროთ გრიპის ყოველწლიური აცრა.
პერიკარდიტი
ტკივილი გულმკერდის არეში პერიკარდიტის, გულის პერანგის ანთების, ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. წესისამებრ, ტკივილი აღმოცენდება მკერდის ძვლის უკან ან გულმკერდის მარცხენა მხარეს. შესაძლოა გავრცელდეს მარცხენა მხარსა და კისერზე, ხშირად მძაფრდება ხველის, წოლის, ღრმა სუნთქვის დროს, სუსტდება წამოდგომისას, წამოჯდომისას, წინ გადახრისას. პერიკარდიტს შესაძლოა თან ახლდეს მუცლის ან ფეხის შეშუპება, ხველა, დაღლილობა, სისუსტე, დაბალი ცხელება, გულისცემის გახშირება, ქოშინი წოლისას.
მიზეზები
პერიკარდიტის მიზეზის დადგენა ხშირად ჭირს. ზოგჯერ ექიმები ვერც კი პოულობენ მიზეზს (იდიოპათიური პერიკარდიტი). ზოგჯერ ის ვითარდება ინფარქტის ან გულის ოპერაციის შემდეგ. მისი გამოწვევა ასევე შეუძლია ინფექციას, სისტემურ ანთებით დაავადებას (მაგალითად, წითელ მგლურას, რევმატოიდულ ართრიტს), გულმკერდის ტრავმას, თირკმლის უკმარისობას, შიდსს, ტუბერკულოზს, კიბოს.
როგორ ადგენენ
ექიმი პაციენტს გასინჯავს და სიმპტომებს გამოჰკითხავს. ფონენდოსკოპით მოსმენისას შესაძლოა გაიგონოს სპეციფიკური ხმა – პერიკარდის ხახუნი, რომელსაც პერიკარდის გარეთა და შიგნითა ფურცლების ერთმანეთზე შეხება იწვევს. ნორმაში მათ შორის სითხეა და ისინი თავისუფლად სრიალებენ.
სისხლის ანალიზები ტარდება ინფარქტის, ანთებისა და ინფექციის ნიშნების აღმოსაჩენად. საჭიროებისამებრ ატარებენ ელექტროკარდიოგრაფიას (ეკგ), გულმკერდის რენტგენოგრაფიას, ექოკარდიოგრაფიას, გულის კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT), გულის მაგნიტურ-რეზონანსულ გამოსახვით კვლევას.
მკურნალობა
ხშირად ინიშნება მედიკამენტები ანთებისა და შეშუპების შესამცირებლად: ასპირინი ან იბუპროფენი, კოლხიცინი, კორტიკოსტეროიდები. თუ პერიკარდიტი ბაქტერიული ინფექციით არის გამოწვეული, მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. თუ პერიკარდიტის ღრუში ჭარბი სითხეა დაგროვილი, შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიონ მისი დრენირება – სპეციალური კათეტერის ჩადგმა ღრუს სითხისგან დასაცლელად, ხოლო კონსტრიქციული პერიკარდიტის დროს, როდესაც პერიკარდიუმში ნაწიბურის მსგავსი ქოვილი წარმოიქმნება, შესაძლოა ის ქირურგიულად ამოკვეთონ.
აორტის განშრევება
აორტის განშრევება – სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგია – ჩივილებით ძალიან ჰგავს მწვავე კორონარულ სინდრომს ანუ ინფარქტს და სტენოკარდიას, რის გამოც სწორი დიაგნოზის დასმა და ოპერაცია შესაძლოა დაგვიანდეს. შრევდება ანევრიზმა, აორტის პათოლოგიურად გაფართოებული უბანი. განშრევების სიმპტომებია:
- უეცარი ძლიერი ტკივილი გულმკერდის ან ზურგის ზედა ნაწილში, რომელსაც ხშირად აღწერენ როგორც გაგლეჯის, გახეთქვის შეგრძნებას. ვრცელდება კისერზე ან ზურგზე;
- უეცარი ძლიერი მუცლის ტკივილი;
- ცნობიერების დაკარგვა;
- ქოშინი;
- ინსულტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: მხედველობის უეცარი გაუარესება, მეტყველების გაძნელება და სისუსტე ან მოძრაობის უნარის დაკარგვა (დამბლა) სხეულის ერთ მხარეს;
- ცალ მკლავზე ან ბარძაყზე მეორესთან შედარებით სუსტი პულსი;
- ფეხის ტკივილი;
- სიარულის გაძნელება.
განასხვავებენ აორტის აღმავალ და დაღმავალ განშრევებას. პირველი უფრო სახიფათოა, თუმცა ორივე სასწრაფო ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.
აორტის განშრევება უმეტესად 60-70 წლის მამაკაცებს ემართებათ. მისი რისკფაქტორებია გაუკონტროლებელი ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, აორტის ანევრიზმა, აორტის ბიკუსპიდური სარქვლის დეფექტი, აორტის თანდაყოლილი შევიწროება, კოარქტაცია, ზოგიერთი გენეტიკური პათოლოგია. ამ რიგის ფაქტორებად განიხილავენ ნარკოტიკების მოხმარებას, ორსულობას, დიდი სიმძიმეებით ვარჯიშს – მაღალი ინტენსივობის ძალოსნობას.
პრევენცია
აორტის განშრევების თავიდან ასაცილებლად:
- იკონტროლეთ არტერიული წნევა;
- არ მოწიოთ;
- შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა. დაიცავით ნაკლებმარილიანი და ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულით მდიდარი დიეტა. რეგულარულად ივარჯიშეთ.
- ატარეთ უსაფრთხოების ღვედი – ის ამცირებს ავტოავარიის დროს გულმკერდის დაზიანების რისკს.
- ექიმთან მუდმივ კომუნიკაციას გირჩევთ, თუ გაქვთ აორტის დისექციის ოჯახური ისტორია, შემაერთებელი ქსოვილის დაავადება, აორტის სარქვლის პრობლემები, ანევრიზმა ან სხვა დარღვევები.
ფილტვებთან დაკავშირებული ტკივილი
გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზი შესაძლოა ფილტვებში იყოს საძიებელი. მისი გამოწვევა შეუძლია ფილტვის ემბოლიას, ფილტვის არტერიის ჰიპერტენზიას, პლევრიტს, ფილტვის კოლაფსს.
ფილტვის ემბოლია
ფილტვის ემბოლია ფილტვის ერთ-ერთი არტერიის დაბლოკვაა. მას ფეხების ან სხეულის სხვა ნაწილის ღრმა ვენებიდან წამოსული თრომბები იწვევს. ფილტვის ემბოლიის სიმპტომები ყოველთვის ერთნაირი არ არის – პროცესში ჩართული ფილტვების ფართობზე, თრომბის ზომაზე, თანმხლებ დაავადებებზეა დამოკიდებული. უმეტესად მას ახასიათებს:
- ქოშინი, რომელიც, წესისამებრ, მოულოდნელად იწყება და ვარჯიშის დროს ყოველთვის მძიმდება;
- ტკივილი (უმეტესად – მკვეთრი) გულმკერდის არეში, რომელიც ღრმა ჩასუნთქვისას ძლიერდება (ამის გამო ღრმა სუნთქვა შეუძლებელი ხდება), იგრძნობა ხველის, წელში მოხრის დროს;
- ხველა, რომელსაც შესაძლოა ახლდეს სისხლიანი ნახველი;
- სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა;
- თავის სიმსუბუქე ან თავბრუხვევა;
- ჭარბი ოფლიანობა;
- ცხელება;
- წვივის ტკივილი და შეშუპება, რაც ღრმა ვენების თრომბოზით არის გამოწვეული;
- წებოვანი, უფერული კანი (ციანოზი).
ფილტვის ემბოლია ხშირად მრავლობითია, ხოლო ფილტვის ის ნაწილები, რომლებსაც დაბლოკილი არტერია სისხლით ამარაგებს, შესაძლოა მოკვდეს – განვითარდეს ფილტვის ინფარქტი, რაც სხეულის ჟანგბადით მომარაგებას გაართულებს.
რატომ ვითარდება
ზოგჯერ სისხლძარღვის ბლოკირებას იწვევს არა თრომბი, არამედ სხვა ემბოლი, მაგალითად ძვლის ტვინის ცხიმი, რომელიც სისხლძარღვში გრძელი ძვლის მოტეხილობის შედეგად ხვდება, სიმსივნის ნაწილი, ჰაერის ბუშტები.
დაავადების მთავარი რისკფაქტორია ფეხის ვენების თრომბოზი. რისკს ზრდის თომბოზის ოჯახური ან პირადი ისტორია, გულის უკმარისობა, თავის ტვინის, საკვერცხის, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის, კუჭის, ფილტვის, თირკმელების, ძუძუს კიბოს ოპერაცია, სისხლის შედედების მემკვიდრეობითი თუ სხვა დარღვევები, COVID-19.
სისხლი ადვილად დედდება ხანგრძლივი უმოძრაობის პერიოდში: წოლითი რეჟიმის დაცვისას, ქვედა კიდურების ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დიდხანს გაჩერებისას, თვითმფრინავით ან მანქანით ხანგრძლივი მგზავრობისას.
სხვა რისკის ფაქტორებია მოწევა, ჭარბი წონა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება, ჰორმონული ჩანაცვლებითი თერაპია, რომელშიც ესტროგენიც შედის, ორსულობა – ამ დროს ნაყოფი მენჯის ვენებს აწვება, რაც ფეხებიდან სისხლის უკუდენას აფერხებს.
დიაგნოსტიკა, მკურნალობა
ფილტვის ემბოლიის დიაგნოსტიკა ადვილი არ არის, განსაკუთრებით – იმ პაციენტებთან, რომლებსაც გულის ან ფილტვის დაავადება აქვთ. იზომება სისხლში D დიმერის დონე, ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ოდენობა, მოწმდება სისხლის შედედების მემკვიდრეობით დარღვევათა არსებობა-არარსებობა, ტარდება გამოსახვითი გამოკვლევები. მკურნალობა მიზნად ისახავს თრომბის ზრდის შეჩერებას და ახალი თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილებას. სერიოზული გართულებების და ლეტალური შედეგის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დროული მკურნალობა.
პრევენცია გულისხმობს საჭიროებისამებრ სისხლის გამათხელებლების მიღებას, კომპრესიული წინდების ტარებას, ფეხების მაღლა აწევას, ფიზიკურ აქტიურობას, ხანგრძლივი მგზავრობისას ბევრი სითხის მიღებას, პერიოდულად მოძრაობას, ტერფების ვარჯიშს და კომპრესიული წინდების ჩაცმას.
წყარო: "ჟურნალი ავერსი"