Plasmon
რა სიმპტომები მიგვანიშნებს ტუბერკულოზზე და როდის უნდა მივმართოთ ექიმს

თარიღი: 04 აპრილი, 2018

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფტიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, ბატონი კახა ვაჭარაძე, ტუბერკულოზის დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის აუცილებლობაზე გვესაუბრება.


– ბატონო კახა, 24 მარტს მსოფლიოში ტუბერკულოზთან ბრძოლის დღე აღინიშნება. საინტერესოა, რა შედეგებით და სამომავლო გეგმებით შეხვდა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი ამ მეტად მნიშვნელოვან დღეს?

– 24 მარტს, ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყველას გაერთიანებისკენ და ისეთი მძიმე სენის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს, როგორიც ტუბერკულოზია, საქართველოს ყველა შესაბამისი სტრუქტურაც ერთიანდება და აქტიურად ერთვება მძიმე სენის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მედიკოსების, საინფორმაციო საშუალებების და საზოგადოების ერთ გუნდადა შეკვრა, რადგან ტუბერკულოზი მართლაც უმძიმესი დაავადებაა, რაზეც ცნობილი სლოგანიც კი მიანიშნებს: „ტუბერკულოზი სადღაც – ნიშნავს ტუბერკულოზი ყველგან!“ ალბათ იცით, რომ ტუბერკულოზის ბაქტერია 1882 წლის 24 მარტს აღმოჩინა გენიალურმა გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა და სწორედ ეს დღე იქცა დაავადებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ. წელს, მასშტაბურ ღონისძიებებში, რომელიც მთელი კვირა გაგრძელდა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტი, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი და სამედიცინო უნივერსიტეტი ჩაება აკადემიური სტაფის, ჩვენი დეპარტამენტის, 30-მდე  ქართველი და უცხოელი სტუდენტის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ კვირეულის ყველაზე აქტიურ მონაწილედ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი იქცა, რომელიც სრული შემადგენლობით ჩაერთო თემატურად ორ ნაწილად გაყოფილ, თბილისსა და ბათუმში გამართულ ღონისძიებებში. აჭარის დედაქალაქში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, სიმპოზიუმი და კომფერენცია ჩატარდა, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა კი, ღია კარის დღე მოაწყო წამყვანი ექიმებისა და ფტიზიატრების, პულმონოლოგებისა და რაც ყველაზე სასიამოვნოა სტუდენტების და მოხალისეების მონაწილეობით, რომელთაც ინტენსიურად მიიღეს და უფასო კონსულტაცია გაუწიეს პაციენტებს.

 

– რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების დროულად გამოსავლენად ამგვარი ღონისძიებების ჩატარება?

– ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ღია კარის დღეზე 300-მდე პაციენტი გაისინჯა, თუმცა მსურველთა ნაკადი მაინც არ წყდებოდა. რა თქმა უნდა, აუცილებელია, დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა, დროული პრევენცია და სწორედ ამიტომ, ვუხსნით ყველას თუ რა სიმპტომები აქვს ტუბერკულოზს და როგორ შიძლება მისგან თავის დაცვა. ალბათ ყველამ იცის, რომ დაავადებას საერთო სისუსტე, ოფლიანობა და წონაში კლება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, უმადობა, სუფებრილიტეტი ახასიათებს და ამგვარი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ნებისმირი მოქალაქე ვალდებულია მიმართოს რეგიონალურ ტუბდისპანსერს, სადაც უფასოდ ჩაუტარდება გამოკვლევა, დაავადების  დროულად აღმოჩენის შემთხვეაში კი, ბევრად მარტივი იქნება მისი ლოკალიზაცია და  პაციენტის ახლობლების დაავადებისგან დაცვა.

 

– რამდენადაც ვიცი, ბევრ ქვეყანას არ აქვს იმ უძვირფასესი მედიკამენტებით უსასყიდლოდ  მკურნალობის შესაძლებლობა, როგორიც საქართველოშია.  

– სენსიტიური და რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა, ისე როგორც დიაგნისტირება და გამოვლენა – ჩვენს ქვეყანაში უფასოა, რადგან უზარმაზარ თანხას – 5-დან 20 ათას დოლარამდე, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები ანაზღაურებენ. მსოფლიოში დაახლოებით 10 მლნ. ადამიანია ტუბერკულოზით დაავადებული, რომელთა შორის თითქმის 1 მილიონი ბავშვია, ნახევარი მილიონი – რეზისტენტული შტამია, 3 მილიონმა კი, საერთოდ არ იცის, რომ დაავადების მატარებელია. გარდა ამისა, წელიწადში სულ მცირე 2 მლნ. პაციენტი იღუპება, ამიტომ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ტუბერკულოზი, რომელიც ჰაერით გადაეცემა, მეტად ვერაგი დაავადებაა. სამწუხაროდ, ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში გამოვლენილ შემთხვევათა 35% – რეზისტენტული ტუბერკულოზია, რომლის მკურნალობა ბევრად რთულია, ინვალიდობის მაჩვენებელი კი – მაღალი. მართალია, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი  უმაღლესი დონის თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი, მედიკოსები კი, გულდასმით იკვლევენ ყველა ახალ პრეპარატს, მაგრამ მოქალაქეებმაც უნდა შეგვიწყონ ხელი, დროულად მიმართონ ექიმს დიაგნოსტირებისთვის და აბსოლუტურად უსასყიდლოდ მიიღონ პროფესიონალური დახმარება.

 

წყარო: http://fortuna.ge