Plasmon
უნაყოფობა

თარიღი: 18 ივნისი, 2018

აშშ-ში წყვილების დაახლოებით 15% უნაყოფობის პრობლემა აქვს.


უნაყოფობის დიაგნოზი ისმევა მაშინ, როდესაც ორსულობა არ დგება რეგულარული, დაუცველი სქესობრივი კავშირის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში.

 

უნაყოფობა შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ფაქტორით ან წარმოადგენდეს ორივე ზემოაღნიშნული მიზეზის კომბინაციის შედეგს. 

როგორც ჩატარებული კვლევების შედეგებიდან ვიგებთ უნაყოფობის გამოწვევი მიზეზების პროცენტული წილი მეტ-ნაკლებად თანაბრად ნაწილდება ქალისმხრივ და მამაკაცისმხრივ ფაქტორებზე.

 

განასხვავებენ უნაყოფობის პირველად და მეორად ფორმებს.

 

საბედნიეროდ, დღეს უკვე არსებობს მკურნალობის უამრავი უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი, რომელთა გამოყენებაც მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული ორსულობის მიღების ალბათობას.

 

სიმპტომები

როგორც წესი, ექიმთან მიმართვის ძირითად მიზეზს დაორსულებასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოადგენს, ამიტომ სავსებით ბუნებრივია თუ ვიზიტზე მოსული პაციენტი სხვა ჩივილებს არ აღნიშნავს. 

ზოგიერთ შემთხვევაში უნაყოფობის პრობლემის მქონე ქალს აღენიშნება არარეგულარული ან იშვიათი მენსტრუალური პერიოდები. მამაკაცებში კი შესაძლოა გამოხატული იყოს ჰორმონალური დისბალანსის გარკვეული ნიშნები, როგორიცაა მაგ: თმის ზრდა არატიპიურ ზონებში და სექსუალური დისფუნქცია.

 

როდ ს უნდა მიმართთ ექიმს?

 

მიაკითხეთ გინეკოლოგს თუ:

- თქვენ ხართ 35-40 წლის ასაკის ქალი და ცდილობთ დაორსულებას მინიმუმ 6 თვე ან უფრო მეტი ხანია

- თქვენი ასაკი 40 წლის ზემოთაა

- გაქვთ არარეგულარული მენსტრუალური პერიოდები

- თქვენი მენსტრუაცია ძლიერ მტკივნეულია

- ანამნეზში გაქვთ უკვე არსებული პრობლემები უნაყოფობის მხრივ

- გაქვთ ენდომეტრიოზი ან მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები

- გადატანილი გაქვთ მრავლობითი აბორტი

- იტარებთ სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობას

 

ქალებში უნაყოფობის გამომწვევი მიზეზებია:

- ოვულაციასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც მოიცავს შემდეგ პათოლოგიებს: 

- პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი

- ჰიპერპროლაქტინემია

- ჰიპერთიროიდიზმი ან ჰიპოთროიდიზმი

- ჰიპოპიტუიტარიზმი. 

- სხვა ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, კვებითი დარღვევები, ტრავმა და სიმსივნეები.

 

საშვილოსნოს ან საშვილოსნოს ყელის აბნორმალიები: 

- საშვილოსნოს ფორმის და ზომის, ასევე საშვილოსნოს ყელის განვითარების ანომალიები

- საშვილოსნოს ღრუს და ყელის არხის პოლიპები

- საშვილოსნოს ფიბროიდები (მიომა).

 

კვერცხსავალი მილების დაზიანება ან ბლოკირება: 

- ყველაზე ხშირად მისი გამოწვევი მიზეზი მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებების (სალპინგიტი) შედეგად განვითარებული შეხორცებებია, რომლებსაც, როგორც წესი , სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები იწვევს. 

- სხვა მიზეზებიდან მნიშვნელოვანია ენდომეტრიოზი, რომელიც ასევე იწვევს შეხორცებითი პროცესის გაჩენას.

 

საკვერცხეების რეზერვის ნაადრევი განლევა (ადრეული მენოპაუზა) : როდესაც საკვერცხეები წყვეტს მუშაობას და მენოპაუზა დგება 40 წელზე ნაკლები ასაკის ქალებში. ხშირ შემთხვევაში მისი გამომწვევი მიზეზები უცნობი რჩება. თუმცა, ცნობილია გარკვეული ფაქტორები, რომლებიც ასოცირებულია ადრეულ მენოპაუზასთან, როგორებიცაა იმუნური სისტემის პათოლოგიები, გარკვეული გენეტიკური მდგომარეობები, მაგ: ტერნერის სინდრომი, ფრაგიური X ქრომოსომის სინდრომი, რადიაციული ან ქიმიოთერაპიული მკურნალობა, თამბაქოს მოხმარება.

 

შეხორცებითი პროცესი მცირე მენჯის ღრუში: 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს მცირე მენჯის ღრუს შეხორცებებს, რომლებიც საკმაოდ ხშირია ქალებში და ჩნდება როგორც გადატანილი მუცლის ან მენჯის ღრუს ქირურგიული ჩარევების, ასევე აპენდიციტის და მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებების შემდეგ.

 

სიმსივნე და მისი მკურნალობა : რადიაციული ან ქიმიოთერაპია.

სხვა მდგომარეობები: ცელიაკია, დიაბეტი, სისტემური წითელი მგლურა, გენეტიკური აბნორმალიები.

 

რისკ-ფაქტორები:

უნაყოფობის გამომწვევი რისკ-ფაქტორები იდენტურია როგორც ქალების, ასევე მამაკაცებისთვის და მოიცავს შემდეგს:

 

ასაკი: ქალი > 30 წელზე და მამაკაცი > 40 წელზე. 

- თამბაქოს ან მარიხუანას მოხმარება : უნაყოფობის მკურნალობაში თანაბრად უარყოფით გავლენას ახდენს მათი მოხმარება როგორც ქალის, ასევე მამაკაცის მხრიდან. კვლევებით დადგენილია, რომ მწეველებში 60%-ითაა გაზრდილი უნაყოფობის მაჩვენებელი არამწეველებთან შედარებით. უფრო კონკრეტულად კი მწეველ ქალებში მაღალია თვითნებითი აბორტების მაჩვენებელი. მამაკაცებში კი მწეველობა ხდება ერექციული დისფუნქციის და სპერმის რაოდენობის შემცირების მიზეზი. 

- ალკოჰოლის მოხმარება: კვლევებით დადგენილია, რომ ალკოჰოლის მოხმარება ქალებში მავნებელია არა მხოლოდ ორსულობის პერიოდში, არამედ ორსულობისთვის მზადების პროცესშიც. მამაკაცებში ალკოჰოლი იწვევს სპერმის რაოდენობის და ხარისხის ცვლილებებს, რაც გარკვეულწილად გავლენას ახდენს ნაყოფიერების მაჩვენებელზე. 

ჭარბი წონა როგორც ქალის , ასევე მამაკაცისთვის სერიოზული პრობლემების შემქმნელია.

- წონის დეფიციტი - ბულიმია, ანორექსია, ძალიან მცირე რაოდებით კალორიების მიღება და დიეტის გარკვეული სახეობები ასევე მნიშვნელოვან პრობლემებს გვიქმნის უნაყოფობის მკურნალობის დროს წარმატებული გამოსავლის თვალსაზრისით.

- ვარჯიში დიდი დატვირთვით - პროფესიონალური ვარჯიში ქმნის ოვულაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს ქალებში, რაც ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორია.

 

დიაგნოსტიკა:

უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების დიაგნოსტიკა არ არის მარტივი და მოიცავს სხვადასხვა სახის გამოკვლევებს და პროცედურებს ორივე პარტნიორისთვის. მათი ჩამონათვალი ფართოა და ზოგიერთი საკმაოდ არაკომფორტულიცაა პაციენტისთვის. თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალი ექიმი წყვეტს საჭირო კვლევების სახესა და მათი ჩატარების თანამიმდევრობას. 

ქალებში ტარდება როგორც რეგულარული გინეკოლოგიური გამოკვლევა და ანთებითი დაავადების დიაგნოსტირება, ასევე სხვადასხვა სახის სპეციფიკური კვლევები, რაც მოიცავს: ოვულაციის პროცესის შესწავლას, კვერცხსავალი მილების გამტარუნარიანობის შემოწმებას, საკვერცხის რეზერვის ტესტირებას, ჰორმონული ფონის შესწავლას ციკლის სხვადასხვა ფაზაში, კვლევის ვიზუალური მეთოდების გამოყენებას (ულტრაბგერითი კვლევა, ჰისტეროსონოგრაფია). ამასთან შესაძლოა საჭირო გახდეს კვლევისა და მკურნალობის ინვაზიური მეთოდების გამოყენება, რაც მოიცავს ჰისტეროსკოპიულ და ლაპარასკოპიულ მიდგომებს.

გარკვეულ შემთხვევებში ტარდება გენეტიკური ტესტირებაც.

 

მკურნალობა:

მკურნალობის მეთოდის არჩევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

 

- რამ გამოიწვია უნაყოფობა?

- რა დროა გასული უნაყოფობის არსებობიდან?

- რამდენია თქვენი და თქვენი პარტნიორის ასაკი?

- როგორია პერსონალური მაჩვენებლები?

 

ამ და სხვა უამრავი ფაქტორის და ჩატარებული კვლევების შემდეგების გათვალისწინებით ექიმი არჩევს მკურნალობის შესაბამის გეგმას, რასაც პარტნიორები უნდა მიყვნენ ეტაპობრივად.

 

მკურნალობის მეთოდები მოიცავს როგორც ცხოვრების წესის ცვილლებას და ჯანსაღი წესის არჩევას, ასევე სხვადასხვა მედიკამენტოზურ თუ ქირურგიულ მკურნალობას.

 

სტატიის ავტორები: 

თსსუ პროფესორი: გიორგი თევდორაშვილი

რეზიდენტი მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე