Plasmon
ზაფხულის დაავადებები

თარიღი: 16 აგვისტო, 2022

ზამთარი გაციებისა და გრიპის სეზონად არის მიჩნეული, გაზაფხული ალერგიასთან ასოცირდება, შემოდგომა სტრეპტოკოკული ინფექციის აღზევების დროა... ზაფხულობით ვირუსებსაც რომ ჰქონდეთ არდადეგები, არ იქნებოდა ურიგო,  არა? მაგრამ შეშფოთების საფუძველი მშობლებს, სამწუხაროდ, არც ამ სეზონზე ელევათ.

დიარეა
დიარეას ანუ ფაღარათს საუბარში ხშირად "კუჭის აშლას" უწოდებენ, რაც ნიშნავს ნაწლავთა მოქმედებას სითხის შემცველი ან ძალიან თხიერი განავლოვანი მასებით დღეში სამჯერ ან მეტჯერ. ზაფხულობით ამის მიზეზი, წესისამებრ, საკვებით მოწამვლა ან ვირუსული (უმეტესად – როტავირუსით გამოწვეული) ინფექციაა. პირველ შემთხვევაში ღებინება და დიარეა საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში იწყება, ერთ დღე-ღამემდე გასტანს და მკურნალობას, წესისამებრ, არ მოითხოვს. ვირუსული ფაღარათი ფეკალური მასებით დაბინძურებული წყლის (ზღვის, ტბის, მდინარის) ან ჭუჭყიანი ხელების საშუალებით ვრცელდება. გრძელდება რამდენიმე დღე და ანტიბიოტიკოთერაპია ამ დროს უსარგებლოა.

მსუბუქი დიარეის ბინაზე მკურნალობა გულისხმობს დიდი რაოდენობით სითხის, – წესისამებრ, ორალური რეჰიდრატაციული ხსნარის – მიღებას სხეულის გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, ცხიმიანი საკვების შეზღუდვას, ადვილად მოსანელებელ მყარ საკვებზე (ფაფა, კრეკერები, ბრინჯი, მაკარონი, პიურე, ბანანი) გადასვლას.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვს ჰქონდა ექვსი ან მეტი ნაწლავთა მოქმედება 24 საათის განამვლობაში, სხეულის ტემპერატურა აღწევს 39 გრადუსს, ბავშვი მივარდნილია, მოთენთილი, არ ამჟღავნებს თამაშის სურვილს, რვა საათია არ მოუშარდავს ან აქვს მუქი შარდი, პირის ლორწოვანი გარსი მშრალი აქვს ან უცრემლოდ ტირის. ამ სიმპტომების არსებობისას სპეციალისტის სასწრაფო ჩარევაა საჭირო, რათა მდგომარეობა უფრო მეტად არ დამძიმდეს.

მზით დამწვრობა
სიცხეში ბავშვის მგრძნობიარე კანი ადვილად იწვება მზეზე, რადგან მელანოგენეზის პროცესი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული – პიგმენტი მელანინი სრულფასოვნად არ წარმოიქმნება. მზით დამწვრობა, გარდა იმისა, რომ თავისთავადაც მტკივნეულია და შემაწუხებელი, კანის აგრესიული სიმსივნის, მელანომის, განვითარების რისკსაც ზრდის.

მზით დამწვრობის სიმპტომებია: სიწითლე, ბუშტუკები, ტკივილი, შეშუპება, სხეულის მაღალი ტემპერატურა, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება.

თუ ბავშვს ეს ნიშნები აქვს, წაიყვანეთ შინ და 10-15 წუთით გრილ აბაზანაში ჩააწვინეთ ან დამწვარ ადგილებზე ცივი საფენები დაადეთ – ეს ანთებას და ტკივილის შეგრძნებას შეამცირებს. დაალევინეთ შეძლებისდაგვარად ბევრი წყალი. თუ აკანკალებს, სტკივა ან სიცხემ აუწია, მიეცით იბუპროფენის ან პარაცეტამოლის ჯგუფის პრეპარატი ასაკისა და სხეულის წონის შესაბამისად რეკომენდებული დოზით. დამწვარ ადგილებზე შეიძლება ალოეს ან სოიის შემცველი დამატენიანებელი გელ-ქაფის წასმა, ძლიერ დამწვარ ადგილებზე კი ჰიდროკორტიზონის კრემის.

არ წაუსვათ მაწონი, არაჟანი და სხვა ცხიმიანი პროდუქტები! მიუხედავად გამაგრილებელი ეფექტისა, ისინი ხელს უწყობენ ანთებითი პროცესის გაღრმავებას. არ გამოიყენოთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, რომელთა სახელწოდებაში შედის "კაინი" (ბენზოკაინი, დიბუკაინი, ტეტრაკაინი) – მათ შეუძლიათ, გააღიზიანონ კანი და ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ.

მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად ნუ გაიყვანთ ბავშვებს მზეზე მისი მაქსიმალური აქტივობის პერიოდში – დილის 10-დან საღამოს 16 საათამდე. რეგულარულად უსვით დამცავი კრემი, მაშინაც კი, როცა ჩრდილში თამაშობს. კრემი სახლიდან გასვლამდე 20-30 წუთით ადრე უნდა წაუსვათ და ბანაობის შემდეგ განუახლოთ. შეძლებისდაგვარად, ჩააცვით გრძელსახელოებიანი და გრძელტოტებიანი, მაგრამ მსუბუქი ტანსაცმელი, რომელიც სხეულის უმეტეს ნაწილს დაუფარავს.

გარეთა ოტიტი (მცურავის ყური)
ზაფხულის ცხელ დღეებში ცურვა ბავშვების საუკეთესო გასართობია. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ისე, რომ წყლიდან ამოსვლიდან 2-3 საათში ყურის ტკივილი იწყება. ეს ტკივილი ძლიერდება წოლის, მთქნარების, ღეჭვის დროს. ზოგჯერ თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატებაც. მოგვიანებით შესაძლოა ყურიდან გამონადენიც წამოვიდეს. ამ ყველაფერში კი დამნაშავეა ბაქტერია, რომელიც გარეთა სასმენ მილში დაგუბებული წყლით დაზიანებულ კანში იჭრება და ანთებას იწვევს.

მკურნალობა, წესისამებრ, ექიმის გამოწერილი ანტიბიოტიკის შემცველი ყურის წვეთებით ტარდება. სტანდარტული დოზაა 5 წვეთი დღეში 2-4-ჯერ 5-7 დღის განმავლობაში. აუცილებელია წამლის, სულ მცირე, 10 წუთით დაყოვნება გარეთა სასმენ არხში. სიმპტომურად ტკივილგამაყუჩებლების ადგილობრივი გამოყენებაც შეიძლება.

გახსოვდეთ, მკურნალობის დასრულებამდე წყალი ყურში არ უნდა მოხვდეს, თორემ პროცესი გახანგრძლივდება.

თუ ბავშვი წყლის სპორტს მისდევს და ხშირად აწუხებს გარეთა ოტიტი, პრევენციის მიზნით გამოიყენეთ ყურის სპეციალური წვეთები.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ყურის უკანა მიდამო შესივებული, შეწითლებული ან შეხებისას მტკივნეულია – ეს ნიშნები ინფექციის ძვალზე გადასვლას მოასწავებს.

წითელი თვალი
ამ სინდრომის რამდენიმე მიზეზია ცნობილი, მაგრამ ზაფხულობით ბავშვებს ყველაზე ხშირად ქიმიური გამაღიზიანებლის გამო (აუზის, ტბის ან ზღვის წყალში) ემართებათ. უმეტესად უმტკივნეულო სიწითლით მიმდინარეობს და 1-2 კვირა გრძელდება. მდგომარეობის შესამსუბუქებლად ცურვის შემდეგ იწვეთებენ ხელოვნურ ცრემლს.

თუ თვალიდან გამონადენი, წვის, ქავილის ან ტკივილის შეგრძნება გაჩნდა, სავარაუდოა კონიუნქტივიტი, რომლის სამკურნალოდ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ლეიშმანიოზი
წლამდე ასაკის ბავშვების შებინდებისას სასეირნოდ გაყვანა არცთუ ისე კარგი აზრია, რადგან ლეიშმანიოზის გამომწვევი მწერი სწორედ ამ დროს დაფრინავს. მისი ნაკბენის შემჩნევა შეუძლებელია. ლეიშმანიოზის გამომწვევი პარაზიტი ინფიცირებული მოსკიტის კბენისას იჭრება ადამიანის ორგანიზმში. მოსკიტების კბენის სეზონი ივნისის მეორე ნახევარში იწყება, ხოლო დაავადება შემოდგომის ბოლოს იჩენს თავს.

ლეიშმანიოზით უმეტესად ბავშვები ავადდებიან. ეს არის გაურკვეველი ტიპის, უმეტესად ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომლის დიაგნოზის დასმა ხშირად ძნელია. ინფიცირებული პატარა მწერები უმთავრესად დაავადებული ცხოველების გარშემო დაფრენენ. ქალაქში ესენი არიან ძაღლები.

არსებობს ლეიშმანიოზის სამი ძირითადი ფორმა: კანისა, ლორწოვანი გარსებისა და ვისცერული (აზიანებს ღვიძლს, ელენთას, ძვლის ტვინს). დაავადებას უმარტივესი, ერთუჯრედიანი ორგანიზმი ლეიშმანია იწვევს, გადამტან მწერს კი ფლებოტომუსი ჰქვია.

ლეიშმანიოზი სოფლად უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალაქად, მაგრამ ზოგიერთი ქალაქის გარეუბნებშიც ვლინდება. ინფიცირების რისკი ყველაზე მაღალია შებინდებიდან გათენებამდე, რადგან ამ დროს ლეიშმანიოზის გადამტანი მოსკიტები ყველაზე აქტიურები არიან.

კანის ლეიშმანიოზის დროს ნაკბენ ადგილას წარმოიქმნება ლეიშმანიომა, რომელიც წყლულდება, ხოლო ინფექციის შეჭრისას ძირმაგარას ტიპის ჩირქგროვა ჩნდება.

დიაგნოზი მხოლოდ ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე დაისმის. ექიმთან დროულად მისვლა და გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია, რადგან არასწორი მკურნალობის შედეგად ცხელება მეორდება და ბავშვის მდგომარეობა უარესდება.

ტკიპას ნაკბენი
ტკიპა-გადამტანს, ჩვეულებრივ, 48 საათი სჭირდება, რომ ადამიანის დაინფიცირება მოასწროს, ამიტომ ტყიდან, მინდვრიდან, პიკნიკიდან, ლაშქრობიდან შინ დაბრუნებული ბავშვი კარგად დაათვალიერეთ. თუ კანზე მიკრულ მწერს აღმოაჩენთ, სასწრაფოდ მოაცილეთ. გახსოვდეთ, ტკიპას გასრესისას ინფიცირების რისკი მკვეთრად იმატებს, ამიტომ უკიდურესად ფრთხილად უნდა იყოთ, რომ მწერის სხეულის ნაწილები ჭრილობაში ან ლორწოვან გარსზე არ მოგიხვდეთ.

გაიკეთეთ დამცავი ხელთათმანი, ჩაავლეთ ტკიპას პინცეტი კანში ჩარჭობილი თავის ძირში, ანუ კანთან რაც შეიძლება ახლოს, და თანაბარი და ვერტიკალურად მიმართული  მოძრაობებით ნელ-ნელა ამოქაჩეთ კანიდან.

თუ ტკიპას პირის ნაწილი სხეულში ჩაგრჩათ, კიდევ ერთხელ სცადეთ ამოღება. თუ არაფერი გამოვიდა, ექიმს მიმართეთ, რადგან ჩარჩენილ ნაწილს შეუძლია გამოიწვიოს ადგილობრივი ინფექცია – აბსცესი და სეპტიცემიაც კი.

ტკიპას ამოღების შემდეგ ნაკბენი ადგილი აუცილებლად დაამუშავეთ ანტისეპტიკური ხსნარით ან ჩამობანეთ საპნითა და წყლით.

არ შეიძლება ტკიპასთვის ხელის მოჭერა, გასრესა ან დაჩხვლეტა, ვინაიდან ტოქსინებს შესაძლოა შეიცავდეს მწერის ნებისმიერი ბიოლოგიური სითხე.

გავრცელებული შეცდომაა ტკიპას ზეთით, ვაზელინით, ლაქითა თუ ბენზინით "გაგუდვა" – ყველაფერი ეს მხოლოდ ახანგრძლივებს ტოქსინის ზემოქმედებას და, შესაბამისად, ზრდის ინფიცირების საშიშროებას.

ტკიპა ძალიან სახიფათოა, რადგან ხშირად არის ენცეფალიტის (თავის ტვინის ანთება) და ლაიმის დაავადების გადამტანი. პირველის სიმპტომებია დისკომფორტი, მაღალი ტემპერატურა, ღებინება, ფაღარათი, თავის, თვალებისა და შუბლის ტკივილი, სინათლის შიში, ცნობიერების დაბინდვა, მძიმე ფორმის შემთხვევაში – კომა. მეორე ინფექციური დაავადებაა, რომელიც კანის, ნერვული სისტემისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებას იწვევს.

ტკიპას ნაკბენი კანზე ტოვებს კვალს, რომელიც გარეგნულად ხარის თვალის მსგავს გაფართოებულ ძაბრს ჰგავს.

მწერის ნაკბენი
ფუტკრისა და კრაზანის ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია და შეუძლია, საშიში ალერგიული რეაქციაც გამოიწვიოს. ნაკბენს უმეტესად არ სჭირდება სამედიცინო მოვლა, მაგრამ დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები და მივმართოთ ექიმს.

მანამდე:

. დააკვირდით ბავშვს და დარწმუნდით, რომ ალერგიული რეაქცია არ აქვს;

. მობანეთ  ნაკბენი მიდამო საპნითა და წყლით;

. ფრთხილად მოაცილეთ ნესტარი;

. შეშუპების შესამცირებლად დაადეთ ცივი საფენი ან ყინული;

. ნაკბენი მიდამო არ გააღიზიანოთ, თორემ შესაძლოა გამოიწვიოთ შეშუპება, ქავილი და ინფიცირება;

. თუ ალერგია დადასტურებულია, დაუყოვნებლივ გაუკეთეთ ეპინეფრინის ინექცია ექიმის დანიშნულებისამებრ;

. მრავლობითი ნაკბენის ან მძიმე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიის  თუნდაც მხოლოდ ერთი ან ორი სიმპტომის) შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

გველის ნაკბენი
გველი მარტის ბოლოდან ოქტომბრის მიწურულამდეა აქტიური. უმთავრესად ღამით გამოდის, მაგრამ გაზაფხულზე დღისითაც შეიძლება მოარიდეთ ბავშვი მაღალი ბალახით დაფარულ ტერიტორიას, ადგილებს, სადაც ბევრი მღრღნელი და ბაყაყია – გველებს სწორედ ასეთი გარემო იზიდავს.

გველის მიერ დაკბენილმა ადამიანმა, ვიდრე კლინიკამდე მიაღწევს, სასურველია მიიღოს ბევრი სითხე, ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) საშუალება, ძლიერი ტკივილის შემთხვევაში – ტკივილგამაყუჩებელი. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი ჰოსპიტალიზება სპეციალიზებულ კლინიკაში.

მნიშვნელოვანია ნაკბენის ლოკალიზაცია და სიღრმე. განსაკუთრებით საშიშია კისერი და სახე.

გველის შხამით მოწამვლა არაერთ გართულებას იწვევს. ყველაზე მძიმეა თრომბოჰემორაგიული სინდრომი.

შხამიანი გველის კბენიდან რამდენიმე წუთში იწყება, წესისამებრ, მკვეთრი და ძლიერი ტკივილი. ნაკბენის ადგილას მკაფიოდ ჩანს ერთი ან ორი კბილის კვალი. ინტოქსიკაციაზე მიანიშნებს შეშუპება და ერითემა ნაკბენის არეში. სხეულზე ჩნდება სისხლჩაქცევები და ჰემორაგიული სითხით სავსე ბუშტუკები.

არ შეიძლება: ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა, ნაკბენის გაკვეთა, მოწვა, ასეპტიკური ნივთიერებით (იოდი, ბრილიანტის მწვანე, სპირტი) დამუშავება, ლახტის დადება, ყინულის დადება.

კონტაქტური დერმატიტი
ღია ცის ქვეშ მოკლემკლავებიანი მაისურებითა და შორტებით მოთამაშე ბავშვებს ხშირად უჩნებათ გამონაყარი "მკბენარა" მცენარეებთან (ჭინჭარი, სურო) ხშირი კონტაქტის გამო. ამას ემატება მზისა და ოფლის ზემოქმედება. კანი უცხო ჰიგიენურმა საშუალებამ ან ახალმა ტანსაცმელმაც შეიძლება გააღიზიანოს.

გამონაყარი უმთავრესად ორი ტიპისაა:

1. მცირე უბანზე თავმოყრილი ქერქით დაფარული წითელი მუწუკები, რომლებიც გამაღიზიანებელთან განმეორებითი კონტაქტის შემდეგ უფრო დიდ ფართობზე ვრცელდება;

2. წვრილი წითელი ფერიმჭამელები.

გამონაყარი არ იწვევს ქავილს, გრძელდება რამდენიმე დღე და მკურნალობას არ მოითხოვს.

გრიპისმაგვარი ინფექცია
რატომ აქვს ბავშვს გრიპის სიმპტომები, როდესაც ამ დაავადების სეზონი უკვე დასრულდა და გარეთ ცხელა?! ზამთრის გრიპისგან განსხვავებით (რომელსაც ინფლუენცა იწვევს), ზაფხულის გრიპისმაგვარი ინფქციის 200-ზე მეტი გამომწვევია ცნობილი. განსაკუთრებით ხშირია ენტეროვირუსით გამოწვეული ცხელება, რომელიც რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის.

დამახასიათებელია: ცხელება, ზოგჯერ – 40◦ჩ-მდე, თავის, ყელისა და სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზოგჯერ – ღებინება.

მკურნალობა სიმპტომურია: სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, ბლომად სითხე.

თუ გეშინიათ, სტრეპტოკოკით გამოწვეული ფარინგიტი არ გამოგეპაროთ (რომელიც ანტიბიოტიკოთერაპიას მოითხოვს), შეგახსენებთ სტრეპტოკოკული ინფექციის ნიშნებს:

. სამ წელზე უფროსი ასაკი;

. 38,3 ოჩ-ზე მაღალი ტემპერატურა 3 დღე-ღამისა და მეტი ხნის განმავლობაში;

. ალისფერი ყელი, ენასა და ნუშურებზე თეთრი ჩირქოვანი ნადები;

. კისრის ლიმფური კვანძების გადიდება;

. სეზონურობა (შემოდგომა-ზამთარი);

. სკარლეტის ცხელება (წვრილწინწკლოვანი წითელი გამონაყარი ტორსზე, რომელიც სტრეპტოკოკული ტოქსინის პასუხად ვითარდება).

მიმართეთ ექიმს, თუ ცხელება კვირაზე მეტია გრძელდება ან სტრეპტოკოკულ ფარინგიტს ეჭვობთ.

 

წყარო: ჟურნალი "ავერსი"