Plasmon
ძილის დარღვევა ბავშვებში: მიზეზები და რეკომენდაციები

თარიღი: 09 მარტი, 2021

ძილთან დაკავშირებული პრობლემები ბავშვთა ნევროლოგთან ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია მთელ მსოფლიოში. მშობლები საკუთარ გადაღლილობას სწორედ ბავშვის “უძილობას” აბრალებენ და არცთუ უსაფუძვლოდ – ძილი ხომ ადამიანის ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა. ძილ-ღვიძილის ციკლის ნორმალური მიმდინარეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვის, არამედ მშობლების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც. ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ექიმი, ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე ამბობს, რომ, ეპიდემიოლოგიური კვლევების თანახმად, ბავშვების ნახევარზე მეტს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ჰქონია ძილთან დაკავშირებული პრობლემა. რაც შეეხება დიაგნოზს, აქ მონაცემები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ვარირებს. მაგალითად, კოშმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, კერძოდ, 30%, მოზარდების წილად მოდის, სომნაბულიზმის (ძილის დროს სიარული) გავრცელება 25-30%-მდეა 3-დან 10 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ღამის უნებლიე შარდვა (ენურეზი) 5-დან 10 წლამდე ორჯერ იშვიათია, ვიდრე 5 წლამდე. საზოგადოდ, ძილის დარღვევების გავრცელების საშუალო მაჩვენებელი, სხვადასხვა კვლევის მიხედვით, 20-25%-ის ფარგლებში მერყეობს.

ძილის დარღვევა საყურადღებოა, რადგან...
ბავშვებში ძილის დეფიციტი უმეტესად გაღიზიანებით და ქცევითი დარღვევებით ვლინდება. გამოუძინებელი ბავშვი ჰიპერაქტიურია, უჭირს ემოციების კონტროლი, იმპულსურია. პრობლემის გახანგრძლივების შემთხვევაში ეს ყველაფერი შეიძლება დასწავლის უნარისა და აკადემიური მოსწრების დაქვეითებით გამოვლინდეს. ძილის დეფიციტი უარყოფითად აისახება ბავშვის იმუნურ სისტემაზეც, რაც შესაძლოა ხშირი ავადობისა და ქრონიკული დაავადებების გამწვავების მიზეზად იქცეს.

ძილის შეფასება
სიცოცხლის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, ფიზიკური მომწიფებისა და განვითარების პარალელურად, ძილის ხასიათი საგრძნობლად იცვლება. ცნობილია, რომ ახალშობილებს ყველაზე მეტი სძინავთ – დღე-ღამეში დაახლოებით 16-18 საათი, თუმცა ძილის ეპიზოდები ხანმოკლეა. დაახლოებით 3 წლიდან ბავშვები ეტაპობრივად იწყებენ დღის ძილის ამოგდებას და მხოლოდ ღამის ძილზე გადადიან. მცირდება ძილის საერთო სადღეღამისო ხანგრძლივობაც (10-13 საათი). მოზარდობის ასაკში ის კიდევ უფრო მცირდება და ზრდასრული ადამიანის მაჩვენებელს უახლოვდება. აქვე უნდა ითქვას, რომ ბავშვის ძილის ინდივიდუალური ხანგრძლივობა შესაძლოა განსხვავდებოდეს საშუალო ასაკობრივი მაჩვენებლისგან, მაგრამ ეს მისთვის ნორმა იყოს. ამიტომ ძილის შეფასება ყოველთვის კომპლექსურად ხდება და არა უბრალოდ ძილის ხანგრძლივობაზე დაყრდნობით.

რა არის ძილის დარღვევის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ბავშვთა ასაკში?
სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – სხვადასხვა რამ. ადრეულ ასაკში უფრო ხშირია კვებასთან დაკავშირებული, ასევე ძილის რუტინისა და ჰიგიენის დარღვევით განპირობებული ძილის პრობლემები. ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში იმატებს პარასომნიების (ძილში სიარული/ლაპარაკი, ღამის კოშმარები) წილი. საბედნიეროდ, ძილის ყველაზე გავრცელებული დარღვევები ბავშვებში არაორგანული ბუნებისაა და ასაკთან ერთად უმეტესად თავისთავად გაივლის. თუმცა, აღსანიშნავია ისეთი სერიოზული პრობლემებიც, როგორიცაა, მაგალითად, ძილის ობსტრუქციული აპნოე. საინტერესო ფენომენია გადავადებული ძილის ფაზების მდგომარეობა და მოუსვენარი ფეხების სინდრომიც.

თუ ბავშვი რწევის გარეშე არ იძინებს
ბავშვობის ქცევითი უძილობა ძილის დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმად მიიჩნევა. სავარაუდო გავრცელება 10%-დან 30%-მდეა. ამ დროს ბავშვს არ შეუძლია ან არ სურს დაძინება ან გამოღვიძების შემთხვევაში ძილის დამოუკიდებლად შებრუნება.

ახალშობილებსა და ორ წლამდე ასაკის ბავშვებთან ყველაზე ხშირად ჩაძინების რიტუალთან დაკავშირებულ სირთულეებს ვაწყდებით. ჩასაძინებლად ბავშვებს სჭირდებათ რწევა, ხელით ტარება, მშობლის გვერდით ყოფნა. ამის გამო მათ არა მხოლოდ ჩაძინება, არამედ ღამით გამოღვიძებისას ძილის დამოუკიდებლად შებრუნებაც უჭირთ. უფრო მოზრდილ ბავშვებისთვის რწევას ანაცვლებს გაჯეტი, რაც არღვევს ცირკადულ რიტმს და ძილის გადავადების მიზეზი ხდება.

ძილის მოსაწესრიგებლად უმნიშვნელოვანესია რეჟიმი, რომელსაც ოჯახის ყველა წევრი უნდა აღიარებდეს და იცავდეს, თუმცა მშობლები ამას იშვიათად ახერხებენ. ბავშვები ცდილობენ, რაც შეიძლება გააჭიანურონ დაძინების რიტუალი, ითხოვენ წყალს, დამატებით ზღაპარს, საკვებს...

რა გზით შეიძლება ქცევითი უძილობის პრევენცია?
მშობელს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ძილის სწორი მოდელის შესახებ. ადრეული ასაკიდანვე აუცილებელია ძილის რუტინის შემუშავება და მისი ზედმიწევნით დაცვა. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია ბავშვის ბიოლოგიურ რიტმზე დაკვირვება და ამოცნობა, რეალურად როდის ეძინება მას. დაკვირვებული ოჯახის წევრი ადვილად შეამჩნევს, რომ საღამოს, კონკრეტული დროისთვის, ბავშვი ნელ-ნელა ითენთება, იწყებს მთქნარებას, იფშვნეტს თვალებს. ეს საუკეთესო დროა ბავშვის საწოლში ჩასაწვენად. თუმცა საჭიროა, ამ დროისთვის ბავშვი უკვე მომზადებული იყოს ძილისთვის. დაახლოებით 2 საათით ადრე უნდა შევუზღუდოთ აქტიური და ხმაურიანი თამაშები, გამოვართვათ გაჯეტი, გამოვურთოთ ტელევიზორი, აღარ ვაჭამოთ, განსაკუთრებით – ტკბილეული. სასურველია, მოვარიდოთ ზედმეტ ემოციებს, თუნდაც დადებითს, საჩუქრები დილით, ახალგაღვიძებულზე მივცეთ და არა ძილის წინ. საწოლში ჩაწოლის შემდეგ შეიძლება მოვუყვეთ ზღაპარს ან ვუმღეროთ იავნანა. ეფექტურია საყვარელი სათამაშოს ჩახუტებაც, რომელიც უსაფრთხოდ აგრძნობინებს თავს.

დაიმახსოვრეთ: ბავშვი საწოლში ძილისთვის მომზადებული, მაგრამ ჯერ კიდევ ფხიზელი უნდა ჩავაწვინოთ, რათა მან იქვე დაიძინოს, სადაც უნდა იძინოს დილამდე. ამ შემთხვევაში, ღამით ფიზიოლოგიური შეღვიძებების შემთხვევაში, ის უფრო ადვილად მოახერხებს ძილის დაუხმარებლად შებრუნებას.

სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები
ძილის ობსტრუქციული აპნოეს დროს ზედა სასუნთქი გზების კუნთოვანი ტონუსი იკლებს, სანათური ვიწროვდება და ჰაერის მიმართ წინააღმდეგობა იზრდება, რასაც თან ახლავს ჰაერის ნაკადის შემცირება და სუნთქვის შეჩერება. ზოგ შემთხვევაში აპნოეს ეპიზოდების ხანგრძლივობა 10 წამსაც აჭარბებს, ხოლო რაოდენობა – 50-ს. სასუნთქი გზების გაზრდილი წინააღმდეგობის დასაძლევად ძლიერდება ჩასუნთქვა, რაც მძინარეს აფხიზლებს ან აღვიძებს. ეს მდგომარეობა არღვევს ძილის ნორმალურ ციკლს და ბავშვს დღისით ძილის ნაკლებობის ნიშნები აქვს.

რისი ბრალია აპნოე?
ბავშვებში ყველაზე ხშირი მიზეზი ნუშურებისა და ადენოიდების გადიდებაა. სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია სიმსუქნე და ზედა სასუნთქი გზების ანატომიური თუ ნერვკუნთოვანი პათოლოგიები. აპნოე თავს იჩენს უმეტესად ორიდან რვა წლამდე, რაც ემთხვევა ნუშურა ჯირკვლების ზრდის პიკს, მაგრამ შესაძლოა, ნებისმიერ სხვა ასაკშიც გამოვლინდეს.

შეიძლება, ხვრინვის მიზეზი ძილის ობსტრუქციული აპნოე იყოს?
ხვრინვა ძილის ობსტრუქციული აპნოეს კლასიკური სიმპტომია. მასთან ასოცირებული სხვა სიმპტომების რიცხვშია, მაგალითად, ძილის უჩვეულო პოზა (გადაჭიმული კისერი და ღია პირი) და ძილის დეფიციტის ნიშნები: დილის თავის ტკივილი და დღის ძილიანობა. თუმცა ყველას, ვინც ხვრინავს, რა თქმა უნდა, არ აწუხებს აპნოე. უფროსები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ძილის დროს სუნთქვის შეჩერება არ გამოეპაროთ და დროულად მიიყვანონ ბავშვი ნევროლოგთან და სომნოლოგთან – ძილის სპეციალისტთან. თუ ეჭვი დადასტურდა, პაციენტებს უტარდებათ პოლისომნოგრაფია – ძილის ნეიროფიზიოლოგიური კვლევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დეტალურად შევაფასოთ ძილის ფაზები, ამოვიცნოთ და ადეკვატურად ვმართოთ ძილის დარღვევა.

ვის მივმართავთ მკურნალობისთვის – ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს თუ ძილის სპეციალისტს?
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მიზეზის ამოცნობა და აღმოფხვრა. მაგალითად, ადენოტომია, ტონზილექტომია, სხეულის წონის კორექცია, ნერვკუნთოვანი პათოლოგიების საჭიროებისა და შეძლებისამებრ მართვა. პაციენტების უმეტესობას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. მულტიდისციპლინურ გუნდში ნევროლოგებსა და სომნოლოგთან ერთად ხშირად ჩართულნი არიან პედიატრი, ოტორინოლარინგოლოგი, ყბა-სახის ქირურგი, ორთოდონტი და ენდოკრინოლოგი. აუცილებელია, პაციენტი მართოს გამოცდილმა და კვალიფიციურმა სპეციალისტმა, რათა არ დაიკარგოს დრო და მოხდეს პოტენციური გართულებების პრევენცია.

პარასომნიები – ღამის "უწყინარი" კოშმარი
პარასომნიები: ძილის დროს სიარული (სომნობულიზმი), ძილში საუბარი (სომნოლოქვია), ძილის შიშები და კოშმარები, ენურეზი (ღამის უნებლიე შარდვა), – ძილის არაორგანული ტიპის დარღვევებია და განპირობებულია ძილის არა ხანგრძლივობის, არამედ ციკლურობის მოშლით. მათთვის დამახასიათებელია არასასურველი, სიფხიზლის მსგავსი და გარემოსთვის შეუფერებელი აქტივობა, რომელიც ძილის სხვადასხვა ფაზაში ვლინდება. პარასომნიები, ღამის კოშმარების გამოკლებით, როგორც წესი, ღამის ძილის პირველ ნახევარში ვითარდება და გაღვიძებისთანავე დავიწყებას ეძლევა. ღამის კოშმარები, პირიქით, უფრო გამთენიისას, საზოგადოდ, გამოღვიძების მახლობელ პერიოდში გვხვდება. კოშმარის შინაარსის აღდგენაც უმეტესად ადვილია. ვინაიდან პარასომნიების დროს ძილის ხანგრძლივობა არ იცვლება, არც დღის საათებში ვლინდება ძილის დეფიციტი და სხვა ქცევითი დარღვევები. საბოლოოდ, ეს მდგომარეობები ოჯახის წევრებისთვის უფრო შემაწუხებელია, ვიდრე თავად ბავშვისთვის. განსაკუთრებით ხშირია ადრეული ბავშვობიდან 10 წლამდე და ასაკის მატებასთან ერთად ბუნებრივად იშვიათდება.

როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან პარასომნიები და ძილის კრუნჩხვები?
სპეციალისტისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო საკითხი სწორედ ისაა, რომ ძილის სრულიად უვნებელი და ასაკდამოკიდებული დარღვევის მსგავსი სიმპტომების მიღმა დროულად ამოიცნოს ძილის ეპილეფსიური გულყრები. ამისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, უპირველეს ყოვლისა, სიმპტომების დეტალურ აღწერას. ძალიან გვეხმარება ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული ვიდეოჩანაწერების ანალიზი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამორიცხული არ არის პარასომნიისა და ეპილეფსიური გულყრების თანაარსებობა. მნიშვნელოვანია ნევროლოგისა და ეპილეპტოლოგის დროული კონსულტაცია. საჭიროების შემთხვევაში იგეგმება ძილის ნეიროფიზიოლოგიური კვლევა.

რატომ ვითარდება პარასომნიები?
ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. განსაზღვრულ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობა. ხელშემწყობ და მაპროვოცირებელ ფაქტორებად შეიძლება იქცეს გარემო, ემოციური ფონი, ძილის რეჟიმისა და ჰიგიენის დარღვევა, ქრონიკული დაავადების გამწვავება. უნდა გვახსოვდეს, რომ არც ისე იშვიათია ერთ პაციენტთან რამდენიმე ტიპის პარასომნიის თანაარსებობა და ურთიერთსტიმულაცია. ამიტომ სიმპტომების დეტალური და სრულყოფილი აღწერა დიაგნოსტიკის ნებისმიერ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია.

დაე ილაპარაკოს, თუნდაც ძილში...
პარასომნიების მკურნალობის სპეციფიკური მეთოდები არ არსებობს და უმეტესად არც არის საჭირო, რადგან ეს სრულიად უვნებელი და ასაკთან ერთად თვითლიკვიდირებადი მდგომარეობებია, მაგრამ სასურველია, ექიმმა ოჯახის წევრებს მიაწოდოს სათანადო და ამომწურავი ინფორმაცია ასეთი ეპიზოდების სწორად სამართავად. მაგალითად, ძილში საუბარი ჩარევას საერთოდ არ მოოთხოვს. ძილის კოშმარების შემთხვევაში საკმარისია ბავშვის დამშვიდება და გამხნევება, კოშმარის "მთავარი გმირის" იდენტიფიცირება, მერე კი ბავშვის თავდაჯერებისა და თვითშეფასების ამაღლება ამ "მონსტრისადმი" შიშის დასაძლევად. ნუ მოერიდებით მასზე საუბარს. პირიქით, "დაამეგობრეთ" ბავშვი მასთან. და გახსოვდეთ: შეშინებული ბავშვის დამშვიდებისას უწინარესად თვითონვე უნდა იყოთ მშვიდად.

უსაფრთხო გარემო
ძილის შიშების დროს ბავშვი აგზნებულია, ყვირის, სახე წამოუწითლდება, ოფლი ასხამს, გული ამოვარდნაზე აქვს. თვალები შესაძლოა გახელილი ჰქონდეს, მაგრამ არ რეაგირებდეს და ვერ ცნობდეს ოჯახის წევრებს, ცდილობდეს გასხლტომას, ეჯახებოდეს საწოლის კიდეს, ხოლო გამოფხიზლების შემდეგ არაფერი ახსოვდეს. ამ დროს სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ბავშვი უნებლიე ტრავმებისგან დავიცვათ. სხვა ტიპის ჩარევა ამ დროს საჭირო არ არის. სომნაბულიზმის (ძილში სიარული) შემთხვევაშიც ოჯახის წევრების ერთადერთი მოვალეობა პოტენციური ტრავმებისგან ბავშვის დაცვაა. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მარტივია მისი მოქმედების არეალი და ქცევის შინაარსი, მაგალითად, შესაძლოა უბრალოდ ადგეს და ოთახში მცირე მანძილზე გადაადგილდეს. ასაკის მატებასთან ერთად სომნამბულიზმის ეპიზოდები იშვიათდება, თუმცა ქცევის შინაარსი რთულდება. ბავშვმა შესაძლოა გააკეთოს ისეთი რამ, რასაც სიფხიზლეშიც ხშირად აკეთებს, ოღონდ ამჯერად შესაბამისი კონტროლის გარეშე. მაგალითად, გააღოს კარი და საკმაოდ დიდი მანძილი გაიაროს, გაუცნობიერებლად მოუშვას ცხელი წყლის ონკანი, გამოიყენოს ბასრი საგანი და თავი დაიზიანოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მისი გარემო ზედმიწევნით უსაფრთხო იყოს, კარი და ფანჯარა – საიმედოდ ჩაკეტილი, მჭრელი და მსხვრევადი საგნები – დამალული. შეიძლება ბავშვის საწოლთან რაიმე სასიგნალო სისტემის მოწყობაც, რომელიც ადგომის შემთხვევაში გააღვიძებს თავად ბავშვს ან მისი ოჯახის წევრებს.

მოუსვენარი ფეხები
მოუსვენარი ფეხების სინდრომი ძალიან საინტერესო და, როგორც კვლევები ცხადყოფს, არც ისე იშვიათი მდგომარეობაა. ის ვლინდება კიდურების ამოძრავების დაუოკებელი სურვილით, რომელიც საკმაოდ უსიამოვნოა და უმეტესად ქვედა კიდურებშია გამოხატული. აღმოცენდება საღამოობით და ძილისწინა პერიოდში, თუმცა არც დღის საათებში აღმოცენებაა გამორიცხული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვს დიდხანს ჯდომა უწევს (მაგალითად, გაკვეთილზე ან ტრანსპორტით შორ მანძილზე მგზავრობის დროს). ამ ფონზე ბუნებრივია ჩაძინების გაძნელება და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მსგავსი სიმპტომების განვითარება. გახანგრძლივებული და მძაფრი გამოვლენის შემთხვევაში მოუსვენარი ფეხების სინდრომი იწვევს ნეგატიურ ქცევასა და განწყობას, ყურადღებისა და შემეცნების უნარის დაქვეითებასაც კი.

რატომ  ვითარდება მოუსვენარი ფეხების სინდრომი?
კონკრეტული მიზეზი თუ მიზეზები უცნობია. არსებობს რამდენიმე თეორია, მათ შორის – გენეტიკური განწყობის შესახებ, რადგან ოჯახური შემთხვევები ძალიან ხშირია. შესაძლო მიზეზად განიხილება დოფამინის დისფუნქცია. სიმპტომები ხშირად აქვთ რკინის დეფიციტის ან თირკმლის უკმარისობის მქონე  პაციენტებს და ორსულებს. შესაძლოა, გამწვავდეს ანტიჰისტამინური საშუალებების, სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მიღებისას. ძილის წინ ზომიერი ფიზიკური დატვირთვა სასარგებლოა პაციენტისთვის, თუმცა ზედმეტი და არაადეკვატური დატვირთვის შედეგად ჩივილები შესაძლოა გამძაფრდეს.

მიიჩნეოდა, რომ ეს სინდრომი მხოლოდ მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ მიზანმიმართულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთივე სიმპტომები შესაძლოა 2 წლამდე ასაკის ბავშვებსაც კი გამოუვლინდეთ.

როგორ ამოიცნოს მშობელმა მოუსვენარი ფეხების სინდრომი?
ბავშვებთან ამ სინდრომის დიაგნოსტირება რთულია, რადგან მათ შესაძლოა ვერ აღწერონ სიმპტომები. მშობელი ამჩნევს კიდურების ზედმეტ მოძრაობას, რომელიც მწვავდება ძილის წინ, მოსვენებულ მდგომარეობაში.  ბავშვი შფოთავს, ამბობს, რომ "ფეხები არ ასვენებს", ერთმანეთზე ან ზეწარზე უსვამს და ეს შვებას ჰგვრის. შესაძლოა, აღწეროს დაბუჟების, ფეხებში ნემსების ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, რომელიც ფეხების ამოძრავებისთანავე ქრება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ნიშანი სწორედ ეს არის: ჩივილის გამძაფრება მოსვენებისას და შვების განცდა ამოძრავებისთანავე. პირველი რიგის ნათესავთან იგივე სიმპტომების არსებობაც მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. გვეხმარება ძილის ელექტროფიზიოლოგიური კვლევებიც – აქტიგრაფია და პოლისომნოგრაფია.

მკურნალობის სქემა
სპეციფიკური მედიკამენტური მკურნალობა არ არსებობს, მაგრამ ფონური ან სხვა ასოცირებული მდგომარეობის გამოვლენისას ხდება მათი მართვა. ყველაზე ხშირად დასტურდება რკინისა და ფერიტინის დეფიციტი, რომელიც მარტივად აღმოიფხვრება მედიკამენტების საშუალებით. არსებობს სხვადასხვა ტიპის ქცევითი რეკომენდაციები, რომლებსაც პაციენტები ასრულებენ ძილის წინ ან სიმპტომების სავარაუდო გამწვავებამდე. ესენია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, მაგალითად, ფეხით სიარული, ვარჯიში, ასევე – გრილი შხაპი, მასაჟი. ეფექტურია მძიმე საბანი. სასურველია, პაციენტი ერიდოს ხანგრძლივ უძრაობას, შორ მანძილზე მგზავრობისას ხშირად შესვენება და ფეხით გასეირნება ან კიდურების მარტივი ვარჯიშების შესრულება. ბუნებრივია, აუცილებელია ბავშვის პედაგოგების ინფორმირება და რეკომენდაციების შემუშავება საგაკვეთილო პროცესისათვის. მნიშვნელოვანია, დიაგნოსტიკა და მეთვალყურეობა წარმართოს გამოცდილმა სპეციალისტმა, რათა სინდრომის არასწორი მართვისგან თავი დავიზღვიოთ.

დაბოლოს, შესაძლოა თუ არა, ძილის დარღვევის მიზეზი ერთდროულად რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა იყოს?
დიახ, ასეც ხდება. პაციენტს შესაძლოა ერთსა და იმავე დროს ჰქონდეს ღამის კოშმარები და სომნაბულიზმი ან სუნთქვითი და ქცევითი დარღვევა. არც ის არის გამორიცხული, ერთი დარღვევა მოგვიანებით მეორემ ჩაანაცვლოს. თუ ძილის დარღვევა ორგანული ტიპისა არ არის, საგანგაშო არაფერია. საჭიროა მხოლოდ მოთმინება, პაციენტისა და მშობლების ინფორმირება და მათი მხრივ სპეციალისტთა რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება.