Plasmon
კურორტი ბაკურიანი


კურორტი ბაკურიანი გაშენებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის ნაპირას. იგი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, ბორჯომიდან 30, ხოლო საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან – 180 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

ბაკურიანისათვის დამახასიათებელია მზის ხანგრძლივი ნათება – 2052 სთ. წელიწადში და გრძელი, თოვლიანი ზამთარი – დეკემბრიდან მარტამდე. აქ ზამთარი – ცივი, ხოლო ზაფხული – ხანგრძლივი იცის, იანვრის საშუალო ტემპერატურაა -7 გრ. ცელსიუსით, აგვისტოსი +15 გრ. ცელსიუსით, თოვლის საფარი საშუალოდ 64 სმ. სისქისაა.

მაღალი მთების კრისტალივით სუფთა ჰაერი, უმეტესად წიწვიანი (ნაძვნარი) და წიფლნარი ტყის სურნელი, კოხტაგორას, კოხტაგორა II, საყველოს მთისა და ცხრაწყაროს მთების – ხედები წელიწადის ყოველ დროს იზიდავს დამსვენებელს.

არაა გასაკვირი, რომ ბაკურიანი საერთაშორისო მნიშვნელობის სათხილამურო ცენტრებს შორის საქართველოს ერთ-ერთი სახელგანთქმული სამთო კურორტია. მისი კლიმატი და რელიეფი იდეალურია სპორტის ზამთრის სახეობების განვითარებისათვის. აქ პირველი მოთხილამურეები 1932 წელს გამოჩნდნენ.

ბაკურიანი არის მაღალი მთის საუკეთესო კურორტი, აქ არის მშრალი ჰავა და, შესაბამისად, აქ ზამთარი საუკეთესო სეზონია დასვენებისთვის. ბაკურიანის კურორტი სასარგებლოა ისეთი დაავადებებისთვის, როგორებიცაა: სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებები, ქრონიკული ბრონქიტი, მეორეული სისხლნაკლულობა, რაქიტი და ბრონქული ასთმის მსუბუქი თუ საშუალო ფორმები.

ბაკურიანი სამთო-კლიმატური კურორტია, ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია: მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება და ულტრაიისფერი სხივების მაღალი აქტივობაა; აქ დასვენება კურნავს ადამიანებს ლიმფადენიტის, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებებისა და სისხლნაკლებობისაგან.

აქაა თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტის მაღალმთის ბოტანიკური ბაღი (დაარსდა 1910 წ.), სადაც არის ალპიური ფლორის ევროპაში საუკეთესო კოლექცია.

 

რით გამოირჩევა მთის ჰავა და რა სარგებლობა მოაქვს მთის კურორტზე დასვენებას?

 

მთის კლიმატი - ეს არის სუფთა ჰაერი, მზის, განსაკუთრებით- ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რადიაცია, დაბალი ბარომეტრიული წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა. ყველა ამ ფაქტორის გამო მთის კლიმატი ახდენს მატონიზებელ და გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე. განსაკუთრებით უხდება მათ, ვისაც ფილტვებისა და გულის ქრონიკული კომპენსირებული დაავადებები აწუხებს. მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია: ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას; აუმჯობესებს  სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას (ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვის ფუნქციას, სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებას); ზრდის ორგანიზმის სენშეუვალობას სხვადასხვა დაავადების, მათ შორის- ინფექციური პათოლოგიების მიმართ. ოზონი, რომლითაც მდიდარია მთის ჰაერი: დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე; აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს; სწრაფად ამცირებს და ხსნის ინტოქსიკაციის მოვლენებს; აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რითაც აძლიერებს ქსოვილთა ჟანგბადით გაჯერებას, აღმოფხვრის ჟანგბადოვან შიმშილს; მაღალი ენერგეტიკული დანახარჯის დროს ახდენს ცხიმოვანი რესურსების მობილიზებას. კლიმატური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორები კლიმატი და ლანდშაფტის თავისებურებები გახლავთ. მთის კლიმატურ კურორტებს იყენებენ ფილტვის ტუბერკულოზის,  ბრონქული ასთმის,  ჰიპოტონიისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. მკურნალობასთან ერთად კურორტს დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ და ორგანიზმის გასაკაჟებლად.  განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მთის კურორტს ბავშვებისთვის.