Plasmon
კურორტი ნაბეღლავი

ნაბეღლავი — სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი: ნაბეღლავი, თავპანტა, ქვაბღა, ჩხაკოურა. მდებარეობს მდინარე გუბაზეულის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 475 მ., ჩოხატაურიდან 22 კმ. სოფელში გადის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზა.

ნაბეღლავი არის ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი. მდიდარია როგორც ფოთლოვანი, ისე ხელოვნურად გაშენებული წიწვოვანი ტყით. მოიპოვება ბორჯომის ტიპის მინერალური წყალი.

მინერალური წყაროებით განთქმული სოფელი ნაბეღლავი ჩოხატაურიდან ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ბალნეო-კლიმატური კურორტის წყაროები უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით ხასიათდება და მათი სისტემატური მოხმარება ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდას და საჭირო მინერალებით გამდიდრებას უწყობს ხელს. რეკომენდებულია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, თანაც - შეუზღუდავი რაოდენობით. ნაბეღლავის  წყარო 1905 წელს აღმოაჩინეს. გადმოცემის თანახმად, ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღება მიიქცია ერთ-ერთმა წყარომ, რომელსაც პირუტყვი სხვებზე მეტად ეტანებოდა. წყალს განსაკუთრებული გემო და გამორჩეული სამკურნალო თვისებები აღმოაჩნდა. მალე საბადო მკვლევრებმა მოინახულეს. მათ წყლის სამკურნალო თვისებები მეცნიერულად შეისწავლეს და ნაბეღლავს ოფიციალურად მიანიჭეს კურორტის სტატუსი. 

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი

(ბორჯომის ტიპის) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 7,5-8,0 გ/დმ3, შეიცავენ კაჟმჟავას, ბრომს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს; 

დებიტი: 600-700 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ქრონიკული კოლიტები და ენტეროკოლიტები, ქრონიკული გასტრიტი, ჰიპოაციდური გასტრიტი, ნაღვლის ბუშტისა და

სანაღვლე გზების ქრონიკული ანთება, ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეული დაავადებები (შაქრიანი

დიაბეტის მსუბუქი და საშუალო ფორმა, სიმსუქნე).

 

რა სარგებლობა მოაქვს ბალნეოლოგიურ კურორტებზე დასვენებას?

ბალნეოლოგიური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყაროს წყალი, რომელსაც სასმელად და აბაზანებისთვის იყენებენ. ნახშირმჟავა წყლის ცნობილი კურორტებია ბორჯომი, საირმე, ჯავა და სხვა. სასმელ მინერალურ წყალს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ღვიძლის, თირკმელების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. აბაზანებით მკურნალობენ სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, გინეკოლოგიურ დაავადებებს, აგრეთვე- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთ სნეულებას