Nuk
გახსენების საერთაშორისო დღე 2017
გახსენების საერთაშორისო დღე 2017

მისამართი:
თარიღი: 14/10/2017

14 ოქტომბერს ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციამ უკვე მეოთხედ აღნიშნა გახსენების საერთაშორისო დღე. ღონისძიება ჩატარდა სამეანო-გინეკოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „ვენუს ჯორჯია“-ში. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მშობლები, რომლებმაც გადაიტანეს დანაკარგი და საზოგადოების ის წევრები, რომლებიც თანადგომას უცხადებენ მგლოვიარე მშობლებს. პირველად გახსენების დღე აღინიშნა 1988 წელს ა.შ.შ-ში, როდესაც პრეზიდენტმა რეიგანმა ოქტომბერი გამოაცხადა ახლაშობილობის და ორსულობის დროს დაკარგული ჩვილების გახსენების თვედ. შემდეგ ამ მოძრაობას შეუერთდა კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, იტალია, ჰოლანდია, ესპანეთი, ვიეტნამი და 2014 წლიდან კი საქართველო.

მსოფლიოში დაახლოებით 4 მილიონი ქალი იმყოფება დეპრესიაში დანაკარგის შემდეგ. როდესაც ვკარგავთ ახლობელ ადამიანს, ყველა გვერდში გვიდგას და გვითანაგრძნობს, მაგრამ როდესაც გადავიტანთ პერინატალურ დანაკრაგს, რატომღაც საქართველოში ამაზე ლაპარაკი მიღებული არ არის. ეს თემა ერთგვარად სტიგმატიზებული და ტაბუდადებული საზოგადოების მიერ, რაც გარკვეულწილად საზოგადოების დაბალი ინფორმირებით აიხსნება. ჩვენს ქვეყანაში მრავალი ოჯახი დანაკარგის შემდეგ ჩუმად გლოვას ამჯობინებს, იკეტება საკუთარ თავში და ვერ უმკლავდება იმ ტკივილს, რომელსაც მათ ეს დანაკარგი ანიჭებს. ტაბუ და სტიგმა ამძაფრებს და ახანგრძლივებს დანაკარგის შემდგომი პერიოდის გლოვას. ეს კი თავის მხრივ ამცირებს შობადობის მაჩვენებელს. გახსენების საერთაშორისო დღის აღნიშვნის მთავარი მიზანია დავეხმაროთ ასეთ ოჯახებს (მშობლებს, ბებია-ბაბუებს, დედმამიშვილებს, ამ ოჯახის მეგობრებს და ნათესავებს) დაძლიონ ეს ტკივილი და ვასწავლოთ მათ თუ როგორ იცხოვრონ ამ ტკივილთან ერთად.

დავარღვიეთ სიჩუმე.

ვისაუბრეთ გულახდილად დიდ ტკივილზე.

გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ დაკარგულ ჩვილებს.

ღონისძიების დასასრულს კი დავანთეთ სანთლები და მივუძღვენით ყვავილები იმ დაკარგულ ჩვილებს, რომლებიც დაკარგა არა მარტო ოჯახმა, არამედ მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ და ქვეყანამ.

 

ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, მედ. დოქტორი, კლინიკა „ვენუს ჯორჯია“-ს მეან-გინეკოლოგი მანანა აბულაძე