Nuk
რვა, ცხრა, ათი თვის ბავშვის განვითარება

თარიღი: 22 სექტემბერი, 2020

ამ სამი თვის განმავლობაში ბავშვი ვითარდება ერთნაირად, ნელ-ნელა ხვეწავს და ანვითარებს თავის შესაძლებლობებს, იზრდება მისი მიერ წარმოთქმულ ბგერათა მარაგი და მოძრაობის დიაპაზონი. უფრო და უფრო ცნობისმოყვარე ხდება. მოწონს თავის ჭურჭელი, ცდილობს თავად ჩაიდოს კოვზი პირში და ასევე ჯამში ჩაყოს თავისი ფუნთუშა ხელები. ამ თვეებში ბავშვი ცდილობს დამოუკიდებლად წამოდგეს მწოლიარე მდგომარეობიდან და აღწევს კიდეც ამას. მიუხედავდ იმისა, რომ თავად ბავშვი ცდილობს  ფეხზე დადგომას ჩვენ არ უნდა დავაძალოთ, რადგან ჯერ კიდევ ადრეა ამ უნარის სრულყოფილად წარმოდგენა.  მისი გადაადგილება უფრო აქტიური ხდება, დღეში რამოდენიმეჯერ მოივლის ოთახებს. იცის რომელ ოთახში ,,გართობის’’ რა შესაძლებლობები ექნება. როგორც დედები ამბობენ - ,,სულ გაფაციცებულია რა გააფუჭოს’’. დახვეწილია მისი მოძრაობა, კერძოდ, ადვილად ხმარობს საჩვენებელ და ცერა თითს და იღებს საგნებს. ცოცვის დროს კარგად უჭირავს სათამაშო და ისე ხოხავს. დგება ფეხზე და დაყრდნოით გამართულად დგას. ყველაფერს იდებს პირში და ასე განაგრძობს სამყაროს შეცნობას.

 

ბავშვი ხდება კაპრიზული ძილისა და კვების მიმართ. სტუმრიანობის შემთხვევაში შეიძლება ისე აღიგზნოს, რომ ღამით ძილი გაუჭირდეს. კბილების ამოჭრასთნ დაკავშირებით მადა უქვეითდება, შეიძლება ჰქონდეს ტემპერატურული რეაქცია, დიარეა, უძილობა. ნორმალურ მდგომარეობაში იძინებს დღის განმავლობაში 2-3ჯერ. დაძინებისა და გაღვიძების რიტმი მკაცრად ინდივიდუალურია.

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის განვითარების მართვის ძირითადი ღონისძიებები უნდა გაატაროთ თქვენ, თუმცა გარშემომყოფების აზრი მოსმენილ და განხორციელებული უნდა იქნას, იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. სისტემატურად უნდა იკონტაქტოთ პედიატრთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები, მაშინ თქვენი ქმედებები გაწონასწორებული იქნება, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე.