Nuk
ალერგია და მასთან ბრძოლა ყოველდღიურ ცხოვრებაში

თარიღი: 21 აგვისტო, 2017

XXI საუკუნე „ალერგიის საუკუნედ“ იწოდება.

ალერგიის მასშტაბების ზრდის მთავარი მიზეზი ის ტოქსიკური ნივთიერებებია, რომლებთანაც ყოველდღიურად გვიწევს შეხება. როგორც ექიმები გვირჩევენ, აუცილებელია უპირატესობა მივანიჭოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებულ საკვებ, სარეცხ და საწმენდ საშუალებებს, და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ როგორც ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების კეთილდღეობას, ისე გარესამყაროს.ალერგიის გამომწვევ მიზეზებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მაია გოთუა გვესაუბრა.

რამ გამოიწვია XXI საუკუნეში ალერგიის ასეთი გამწვავება?

მაია გოთუა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი: ალერგიას „ცივილიზაციის დაავადებას“ უწოდებენ. სამწუხარო პროგნოზით, 2025 წლისთვის კაცობრიობის 50% ალერგიით იქნება დაავადებული. არავინაა დაცული ნებისმიერ მომენტში ალერგიის განვითარებისგან. მისი განვითარების გლობალური მიზეზი პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაა, რაც საფრთხეს უქმნის ბუნებას და ადამიანს. ჩვენ მოვიხმართ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, პარფიუმერიას, გამწმენდ, სარეცხ და სხვა საშუალებებს, რომლებიც ხშირად ქიმიური წარმოებისაა, იწვევს ჰიპერმგრძნობელობას და ჩვენს მიკრობიოლოგიურ სამყაროს ანადგურებს. ეს კი იმ ანთებითი დაავადებების ერთ-ერთი საფუძველი ხდება, რომელთაც ალერგია მიეკუთვნება. 

როგორ ვებრძოლოთ ალერგიას?

ალერგიის ეფექტური მკურნალობა სწორ დიაგნოსტიკაზეა დაფუძნებული. დღეს ალერგიის დიაგნოსტიკა მაღალ დონეზეა შესაძლებელი. ჩვენ თანამედროვე ალერგოლოგიაში დანერგილ ყველა მეთოდს ვიყენებთ. კეთდება როგორც კანის, ისე სისხლის ალერგოტესტირება და მოლეკულური დიაგნოსტიკა.ალერგენებისგან განრიდება, ან საჭიროების შემთხვევაში ტოლერანტობის აღდგენა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ბუნებასთან სიახლოვე, ალერგიასთან ბრძოლის მოგების საწინდარია.

ყოველდღიურ ცხოვრებაში რა ტიპის რისკები არსებობს?

განსაკუთრებით ზაფხულში, კანის ალერგიის დროს ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენას. წინააღმდეგ შემთხვევაში ალერგიული პროცესები შესაძლოა გართულდეს ჩირქოვანი და სოკოვანი ინფექციით. ზაფხულში ბავშვები ხშირად უნდა დავბანოთ და მათი ტანსაცმელი ჰიპოალერგიული სარეცხი საშულებებით გავრეცხოთ. 

რომელია კარგი ხარისხის სარეცხი საშუალებები?

არსებობს სარეცხი და საწმენდი საშუალებები, რომლებიც ბუნებრივ ნედლეულზეა დამზადებული და შეიცავს ძმარს, სოდას, ლიმონს, გრეიფრუტს, ყურძენს, ლავანდას, ალოეს, მარმარილოს ფხვნილს... ყველა მათგანი ნატურალური, ბუნებრივი პროდუქტია და ზოგადად ადამიანისთვის და გარემოსთვის ზიანის მომტანი არაა. ასეთი პროდუქტები არ უნდა შეიცავდნენ ფოსფატებს, ბორატებს, ფორმალდეჰიდს, ჰალოგენურ და სხვა ტოქსიკურ ნაერთებს. ფოსფატები კანზე ცუდად ზემოქმედებენ, ბორატებმა შესაძლოა  ნაყოფს შეუქმნას პრობლემები, ფორმალდეჰიდი ტოქსიკური კონსერვანტია, რომელიც იწვევს ალერგიას, სასუნთქი გზების პრობლემებს და ონკოდაავადებებს. ჰალოგენური ნაერთები გარემოს წამლავენ. ყურადღება უნდა მივაქციოთ ასევე სარეცხი და საწმენდი საშუალებების მარკირებას. შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს, რომ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, ნატურალურ ნედლეულზეა დამზადებული, დერმატოლოგიურად ტესტირებულია და ჰიპოალერგიული თვისებების მატარებელია.

არსებობს სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია და არჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ასევე ინდივიდუალურ ჰიპერმგრძნობელობას შემადგენლობაში არსებული კომპონენტების მიმართ.


მინდა ყველა პაციენტს ვურჩიო, რომ იცხოვრონ ჯანსაღი წესით, იქონიონ ბუნებასთან მჭიდრო კავშირი, მოიხმარონ უპირატესად ნატურალური, ჰიპოალერგიული პროდუქტები და ის საშუალებები, რომლებიც ჰიგიენის  დაცვასა და საყოფაცხოვრებო პირობების მოწესრიგებაში დაგვეხმარება.