ასტიგმატიზმი

თარიღი: 31 აგვისტო, 2017

ხშირად მარტივად ვხვდებით, ახლომხედველები ვართ თუ შორსმხედველები, თუმცა როდესაც ნებისმიერ მანძილზე ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავთ, შეიძლება საქმე გვქონდეს ასტიგმატიზმთან - კიდევ ერთ გავრცელებულ თვალის დეფექტთან, რომელიც თვალის რქოვანას ფორმაზე ახდენს გავლენას.
როგორ მოქმედებს ასტიგმატიზმი თვალის მდგომარეობაზე?
რქოვანა თვალის წინ არსებული ქსოვილების გამჭვირვალე შრეა. იგი სრულყოფილი სიმრუდისაა, როგორც ფეხბურთის ბურთი. როგორც წესი, რქოვანას გარსი გლუვი და იდეალურად სფერული უნდა იყოს, რათა სინათლის გარდატეხა თვალში თანაბრად განაწილდეს და რქოვანაში სწორად ფოკუსირდეს, რაც შემდგომ სურათის მკვეთრად, ნათლად აღქმაში გვეხმარება. ასტიგმატიზმის დროს კი რქოვანას სიმრუდე დარღვეულია. ამ დროს თვალში შემავალ სხივთა გარდატეხა სხვადასხვა სიბრტყეში სხვადასხვანაირად ხდება, რაც მხედველობის დაქვეითებას იწვევს. მკურნალობის გარეშე ნებისმიერი გამოსახულება ბუნდოვანია, რაც იწვევს თავის ტკივილებს, თვალის დაძაბულობას და გადაღლილობას. თავად ასტიგმატიზმის ორი ტიპი არსებობს:
რეგულარული (ჩვეულებრივი) - ყველაზე გავრცელებული, რომლის დროსაც რქოვანას ფორმა ოდნავ არის დარღვეული.
არარეგულარული (უჩვეულო) - როცა რქოვანას ფორმა სრულიად ასიმეტრიულია. ძირითადად ვითარდება თვალის დაზიანებებისა და ინფექციების დროს. რქოვანაზე წარმოიქმნება ნაწიბური, ვითარდება კერატოკონუსი (რქოვანას გარსის დაავადება), რომელიც უფრო თხელსა და კონუსური ფორმისას ხდის მის გარსს.
რომელია საუკეთესო გზა ასტიგმატიზმის დასადგენად?
თუკი ეჭვობთ, რომ ასტიგმატიზმი გაქვთ, აუცილებელია თვალის ვარჯიშებისა და გამოკვლევის ჩატარება. დიაგნოსტიკის დროს ოფთალმოლოგი დაადგენს ნამდვილად ამ დაავადებასთან გვაქვს საქმე თუ რაიმე სხვასთან - მაგალითად ზარმაცი თვალი - მიოპია (ახლომხედველი თვალი) ან ჰიპეროპია (შორსმხედველი). თვალის გამოსაცდელად იყენებენ რეტინოსკოპს (სპეციალური ფარანი, რომელიც თვალის რეფრაქციის უკეთესად აღქმას არეგულირებს), რათა დაადგინონ რეგულარულია ასტიგმატიზმი თუ არა. არარეგულარული ასტიგმატიზმის დასადგენად კი ატარებენ რქოვანას ტოპოგრაფიას, რომელზეც ნათლად ჩანს რქოვანას მრუდის სისწორე.
როგორ ვუმკურნალოთ ასტიგმატიზმს?
სამკურნალო გზები დამოკიდებულია როგორც თქვენზე და თქვენს არჩევანზე, ასევე თვალის მდგომარეობაზე. ასტიგმატიზმის მკურნალობის თერაპიული მეთოდი არ არსებობს. არსებობს რეფრაქციული ოპერაციების რამდენიმე ვარიანტი და ოფთალმოლოგი პაციენტს ინდივიდუალურად უნიშნავს მას. ბევრი რამ დამოკიდებულია ასტიგმატიზმის ხარისხზე და კატარაქტის არსებობა/არ არსებობაზე.
რეგულარული ასტიგმატიზმი - მისი გამოსწორება შესაძლებელია როგორც სათვალით, ასევე კონტაქტური ლინზებით ან თვალის ლაზერული ოპერაციით.
ასტიგმატიზმი კატარაქტის დროს - არსებობს სხვადასხვა სახის ოპერაციები, რომლებიც ამ დროს კეთდება. იმპლანტირებული ლინზები კიდევ ერთი ალტერნატივაა კატარაქტითა და ასტიგმატიზმით დაავადებულთათვის. გარეგნულად ის თითქმის არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ლინზისგან. ლინზების დროს სათვალის ტარება საჭირო აღარ არის.
არარეგულარული ასტიგმატიზმი - მისი გამოსწორება სპეციალური მყარი გაზ-გამტარი კონტაქტური ლინზებით ან რეფრაქციული ოპერაციით შეიძლება.
აუარესებს თუ არა ტელევიზორი, კომპიუტერი ან ბევრი კითხვა ასტიგმატიზმს?
რეგულარული ასტიგმატიზმი თანდაყოლილია - თუ ოჯახის რომელიმე წევრი/წევრები ამ დაავადების მატარებელია, არსებობს ალბათობა, რომ თქვენ ან თქვენს შვილსაც აღმოაჩნდება.
იცვლება თუ არა დროსთან ერთად ასტიგმატიზმი?
დიახ, იცვლება. თუ პედიატრიულ ასაკში ბავშვს არ დაუდგინდა ასტიგმატიზმი, მას ხშირად თვალის გაზარმაცება (ამბლიოპია) სდევს. როდესაც ერთი თვალი მეორეზე სუსტია, ტვინი მხოლოდ მკაფიო გამოსახულებას ემხრობა, შესაბამისად სუსტი თვალის მდგომარეობა უარესდება.
სისტემატიური თვალის ვარჯიშები აუცილებელია:
მხედველობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია თქვენი ცხოვრების მრავალ ასპექტში - ამიტომაც საუკეთესო, რაც შეგიძლიათ მას გაუკეთოთ არის მეთვალყურეობა და მოვლა. სისტემატიური თვალის ვარჯიშები და ადრეული დიაგნოსტიკა ბავშვებისთვის თავიდან აგაცილებთ შემდგომ გართულებებს და მკურნალობას გაგიმარტივებთ.
გირჩევთ, წელიწადში ერთხელ მიაკითხოთ ოფთალმოლოგს კონსულტაციის მიზნით, რათა შეამოწმოთ თვალის მდგომარეობა და დაადგინოთ, რა არის უკეთესი თქვენი მხედველობისთვის.