Nuk
ბავშვის ყურადღება საკვებზე უნდა იყოს კონცენტრირებული და არა ცისფერი ეკრანისკენ

თარიღი: 23 მარტი, 2018

სტატისტიკურად ბავშვებში სასუნთქი დაავადებების შემდეგ ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს კუჭ-ნაწლავის პრობლემები წარმოადგენს. დაავადების პრევენცია და მკურნალობის მეთოდი, ბალანსირებული და სწორი კვება, ამ თემებზე პედიატრი ანა მაღრაძე საუბრობს.

 

კუჭ-ნაწლავის დაავადებებიდან რომელია ყველაზე მეტად გავრცელებული ბავშვებში?

ანა მაღრაძე: ბავშვთა ასაკში კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, სიხშირით მეორე ადგილზეა სასუნთქი სისტემის დაავადებების შემდეგ. ძირითადად ეს დაავადებები სიმპტომურად გამოიხატება მუცლის ტკივილით, რომელსაც მშობელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს და სიფრთხილე გამოიჩინოს, რათა არ გამოეპაროს საგანგაშო ნიშნები. მუცლის ტკივილი ბავშვებში შესაძლოა იყოს რომელიმე დაავადებების გამოხატულება, ან მხოლოდ მის ფუნქციურ აშლილობაზე მიანიშნებდეს.

 

ახალშობილობის ასაკში მუცლის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი ნაწლავური კოლიკაა, ამ დროს სრულიად ჯანმრთელი ახალშობილი რომელიც გარკვეული რეჟიმით იკვებება, მაშინ როდესაც მას არანაირი ჩივილი დაბადებიდან გარკვეული კვირის განმავლობაში არ ქონდა, შესაძლოა რამოდენიმე კვირის შემდეგ დაეწყოს ჭირვეულობა, ხმამაღალი ხასიათის ტირილი, გაღიზიანება და მოუსვენრობა. ასეთ დროს სასურველია მშობელმა შეინარჩუნოს სიმშვიდე რადგან ნაწლავური კოლიკა 2-3 კვირიდან იწყება და დაახლოებით 3 თვემდე გრძლდება. 4-5 თვიდან უკვე იშვიათობას წარმოადგენს მსგავსი შემთხვევები. ამ დროს ხდება მონელების პრობლემა, აირების ტკივილი, დაჭიმულობა ნერვული რეცეპტორების გაღიზიანების გამო, რაც გამოიხატება ძლიერი და უეცარი ტკივილით ბავშვებში. ძირითადად ეს არის ერთი და იგივე დროს საღამოს ან გვიან ღამით, გრძლდება დაახლოებით 3 საათის განმავლობაში. ამ დროს ყველაზე მთავარია დედამ მაქსიმალური ყურადღება მოიკრიბოს რადგან ეს ყოველივე დამახასიათებელია ჩვილისთვის. ბავშვი უნდა აიყვანოთ მუცლით, მიიბჯინოთ გულ-მკერდზე რათა იგრძნოს თქვენი თანადგომა, პარალელურად სხეულის ტემპერატურით თბება მუცელი რაც სპაზმის მოხსნაში ეხმარება პატარას. არის ასევე ზედაპირული მუცლის მასაჟი, თბილ წყალში რამდენიმე წუთით ჩასმა, ასევე არის ანტიკოლიკური პრეპარატები, რომელიც პედიატრის რეკომენდაციით ინიშნება. არსებობს ლაქტობაქტერია რეუტერი რომელის დამატებაც ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში ნაწლავური კოლიკის შეტევების რაოდენობას ამცირებს. 

 

რა მნიშვნელობა აქვს დედის კვებას მაშინ, როდესაც ბავშვის ბუნებრივ კვებაზე იმყოფება?

ანა მაღრაძე: თუ ბავშვი იმყოფება ბუნებრივ კვებაზე თანამედროვე კვლევების მიხედვით დედის კვებას მნიშვნელობა არ ენიჭება. ადრე იყო მკაცრი დიეტები მშობლებისთვის რაც ხშირ შემთხვევაში უარესს იწვევდა, დღეს ასე არ არის, რადგან დედამ უნდა იკვებოს ბალანსირებულად. ცხადია არ უნდა იყოს მასში ჩართული ალერგიული საკვები, დანარჩენი საკვები კი რაც ბავშვში ალერგიულ რეაქციებს არ გამოიწვევს შესაძლებელია რომ დედამ მიიღოს.

 

შედარებით მოზრდილი ასაკის ბავშვებისთვის მუცლის ტკივილის გამომწვევი მიზეზია ჰელმინთოზი (პარაზიტებით ინვაზია). რაც განპირობებულია სოციალურ განვითარებასთან, ბავშვთა 99% ეს პრობლემა აღინიშნება. დასაწყისში არც ვლინდება, რადგან მუცლის ტკივილი ყრუ ხასიათისაა, რასაც მშობელი შესაძლოა უკავშირებდეს სხვადასხვა სახის საკვებს. 1 წლის ასაკის შემდეგ ბავშვი იცვლის გარემოს მეტი შეხება აქვს სხვადასხვა სახის ბაქტერიებთან, შესაბამისად ჰიგიენასაც ზედმიწევნით ვერ დაიცავს რაც იწვევს ამ პრობლემის გამოჩენას. პარაზიტებით ინვაზიის სიმპტომებია: ხშირი მუცლის ტკივილი, დისკომფორტი, რაც ფიზიკურ- ფსიქიკურ განვითარებაზე ახდენს გავლენას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი დასუსტება, შესაბამისად ვითარდება ანემია, რადგან პარაზიტები სწორედ იმ ნივთიერებებით იკვებებიან რაც ბავშვმა უნდა მიიღოს სინამდვილეში. გარდა მუცლის ტკივილისა შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, ალერგიული გამოვლინებაც, განსაკუთრებით ლამბლიოზის დროს.

 

რამდენად რთულია მკურნალობის პროცესი?

ანა მაღრაძე: მკურნალობის პროცესი თუ ჩვენ უშუალოდ პარაზიტს გამოვავლენთ, რაც ხდება განავლის მინიმუმ სამჯერადი დათესვით სადაც უნდა გამოვლინდეს პარაზიტის კვერცხი ან აპლიკაცია, რომელიც ეკვრება ანუსის არეში და იქ შემდგომ პარაზიტის გამოვლინებით ხდება., - ეს რთული პროცესია რადგან შესაძლოა 20-ჯერ ჩავაბაროთ ანალიზი და არ მოხვდეს იქ არანაირი პრობლემა და თუ მოხვდა, უშუალოდ მიზანმიმართლად დავნიშნავთ მკურნალობას, ცხადია მკურნალობა ამ შემთხვევაში მარტივი და ადვილია. თუმცა ამ პროცედურების და ჰიგიენის დაცვის მხრივ ცხადია საყურადღებოა. ამ ყველაფრის მიუხედავად საკმარისია პირის ღრუში მოხვდეს პარაზიტი, ისევ თავიდან იწყება ეს ყველაფერი მაგრამ ჩვენ ყველა ბავშვს ანტიპარაზიტულ მკურანლობას არ ვუნიშნავთ თუ სიმპტომები არ გააჩნია.

 

როგორია ჰიგიენის პროცედურები?

ანა მაღრაძე: ჰიგიენის პროცედურა ეს არის ხელების ხშირი დაბანა ჭამის წინ და შემდგომ. ასევე თამაშის შემდეგ, განსაკუთრებით ბაღებში, ოთახის სველი წესით დამუშავება და ხშირი განიავება იქ სადაც ბავშვი ხშირად იმყოფება. 

 

რამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში საკვების მონელების პროცესის შეფერხება?

ანა მაღრაძე: ძალიან ბევრმა მიზეზმა შესაძლოა გამოიწვიოს. ახალშობილობის პერიოდში, პირველი და უალტერნატივო კვება ეს არის ბუნებრივი კვება, ასეთ დროს პრობლემები ნაკლებია. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის, ვინაიდან ის ვერ იღებს საკმარის ფერმენტებს, ასეთ დროს შედარებით მეტია კუჭ-ნაწლავის პრობლემები. 

მოზრდილ ასაკში, განსაკუთრებით სასკოლო ასაკში, ეს გამოწვეულია არაბალანსირებული კვებით. ბავშვების უმრავლესობა დილით საკვებს არ იღებს, შემდეგ მიირთმევს სწრაფი კვების ობიქტებში მშრალ საკვებს, სწორედ ამითაა განპირობებული ეს ყოველივე. კუჭ-ნაწლავი არის სისტემა რომელიც ერთმანეთზეა აწყობილი და იქ თანმიმდევრულად ხდება საკვების მონელების პროცესი. როდესაც ჩვენ არასწორ დროში, არსწორ საკვებს ვიღებთ შესაბამისად იქ ფერმენტების წარმოქმნა და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების თანმიმდევრობა ირღვევა, რაც შემდგომში განაპირობებეს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებას. როგორიცაა: მწვავე გასტრიტი და წყლულოვანი დაავადება, იშვიათია ბავშვთა ასაკში, თუმცა უნდა ითქვას რომ ზოგადად ძალიან ხშირია. რასაც ჰელიკობაქტერია პილორი იწვევს, თუმცა ეს არ გამოიხატება პირდაპირი მნიშვნელობით წყლულის გაჩენაში, რომ ჩამოყალიბდეს ასეთი პათლოგია საჭიროა მთელი რიგი განწყობები ორგანიზმის თვალსაზრისით.

 

თუ აქვს მნიშვნელობა გენეტიკურ განწყობას?

ანა მაღრაძე: ცხადია, გენეტიკური განწყობა ყველაზე დიდი ალბათობით იწვევს ამ პრობლემას.

 

რამდენად დასაშვებია ბავშვებში კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს ხალხური მედიცინის გამოყენება?

ანა მაღრაძე: ხალხურ მედიცინას რაც შეეხება, მე ყველა მშობელს ვურჩევდი რომ მოერიდონ ექსპერიმენტების ჩატარებას. რადგან ხალხური მედიცინის მხრივ სხვადასხვა მცენარეების ნაყენის თუ მასში შემავალი ეთერზეთის გამოყენებამ, შესაძლოა ძლიერი ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს პატარებში.

ურჩიეთ მშობლებს იმ ძირითადი წესების შესახებ, რომლის მეშვეობითაც ბავშვის კუჭ-ნაწლავის სისტემა მწყობრში იქნება.

ანა მაღრაძე: პირველ რიგში ეს არის სწორი, ბალანსირებული კვება. ჩვენ როგორც წლამდე ასაკში ვაქცევთ კვებას ყურადღებას, ისე შემდგომ ასაკშიც უნდა იყოს კვება დაბალანსირებული, დაახლოებით ერთი და იგივე დროს. რაც შეეხება მოზარდ ასაკში უნდა იყოს კვება მინიმუმ 3-ჯერ დღეში. ეს არის ყველაზე მცირე, იმისათვის რაც შესაძლებელია რომ გავაკეთოთ.

 

ბავშვი დილით სკოლაში საუზმის გარეშე არ უნდა წავიდეს, შუადღით უნდა იყოს სადილი წვნიანის სახით, ყოველ მეორე დღეს მაინც. რაციონი უნდა იყოს სწორად დაბალანსირებული. აუცილებლად უნდა მიირთვან ხილი. შეძლებისდაგვარად შეზღუდეთ ცომეული, ტკბილი და მარილიანი საკვების მიღება.

ნაკლები სტრესი. არ არის სასურველი დაძალებით, ჩხუბით რაიმეს ძალდატანება ბავშვზე. უნდა იყოს მუდმივად ჩვენი ყურადღების ქვეშ, ვეთამაშოთ, გავართოთ, დღეს ჩვენი ბავშვებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ყურადღების დეფიციტია.

 

რამდენად მნიშვნელოვანია, ის რომ პატარა არ იკვებებოდეს ცისფერი ეკრანის წინ და იყოს საკვებზე კონცენტრირებული?

ანა მაღრაძე: არ არის სასურველი. ეს პირველ რიგში იწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემის წარმოშობას, შემდგომ როდესაც ბავშვის ყურადღება გატანილია სხვა საკითხზე, მაშინ როცა მისი ყურადღება უნდა იყოს მიმართული კვებაზე, ამიტომ აუცილებელია ბავშვს პატარა ასაკიდანვე შევაჩვიოთ თავად იკვებოს, რათა მისი ყურადღება საკვებზე იყოს კონცენტრირებული და არა ცისფერი ეკრანისკენ.

 

რა ასაკშია რეკომენდირებული პატარამ დამოუკიდებლად მიიღოს საკვები?

ანა მაღრაძე: ბავშვი როდესაც იწყებს დამატებით კვებას, მას უკვე კოვზის დაჭერა შეუძლია, ეს არის 8-9 თვის ასაკიდან, ჩვენ ბავშვს უკვე უნდა მივცეთ თავისი თეფში, კოვზი, მივუჩინოთ მშვიდი და წყნარი გარემო, სადაც დაჯდება და მიირთმევს საკვებს. ეს პროცესი მისთვის საინტერესო უნდა გავხადოთ ანუ ჩვენ თავიდანვე უნდა შევაჩვიოთ ბავშვი სწორი კვების კულტურას.

 

რა როლი აქვს წყალს?

ანა მაღრაძე: ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა წლის მიღება არ უნდა მოხდეს კვების წინ ან შემდეგ. დღეში 1,5-2 ლიტრამდე სითხე უნდა მიიღოს მოზრდილმაც და ბავშვმაც. თუმცა ეს უნდა მოხდეს კვებიდან 1 საათის შემდეგ რათა კუჭ-ნაწლავის მუშაობას და კერძოდ მონელებას ხელი არ შეუშალოთ. ასევეა ხილის მიღებაც კვებიდან 40 წთ-1 სთ შემდეგ უნდა მოხდეს.

წყარო: https://4u.ge