Nuk
ფარისებრი ჯირკვალი და გარდატეხის ასაკი

თარიღი: 08 აპრილი, 2021

ფარისებრი ჯირკვალი და გარდატეხის ასაკი - აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება ექიმი-ენდოკრინოლოგი ნინო ბერიძე.

1.ქალბატონო  ნინო, რამდენად  ხშირია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება გარდატეხის ასაკში და რამ შეიძლება გამოიწვიოს ის? 

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ე.წ. ჰიპოთირეოზი,  საკმაოდ ხშირია სქესობრივი გარდატეხის ასაკში და უკანასკნელ წლებში აღინიშნება ამ კლინიკური მდგომარეობის მატების  ტენდენცია. შეიძლება ითქვას, რომ ყოველ  100 მოზარდზე მოდის დაახლოებით  1-2   ჰიპოთირეოზის შემთხვევა. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ გოგონებში უფრო ხშირია, ვიდრე ვაჟებში. მიზეზები მრავალფეროვანია. მოზარდობის ასაკში, ძირითადად, ვითარდება შეძენილი ჰიპოთირეოიზი. ბოლო პერიოდში იმატა აუტოიმუნური თირეოიდიტით, ე.წ. ჰაშიმოტოს თირეოიდიტით, გამოწვეული ჰიპოთირეოზის შემთხვევათა რიცხვმა. აუტოიმუნური თირეოდიტი იმუნური სისტემის ფუნქციის ისეთი დარღვევის შედეგია, როცა ორგანიზმი საკუთარ ორგანოს - ფარისებრ ჯირკვალს აღიქვამს როგორც უცხოს, იწყებს მისი დამაზიანებელი ანტისხეულების - ე.წ. აუტოანტისხეულების გამომუშავებას, რასაც საბოლოდ მივყავართ ჰიპოთირეოზის განვითარებისკენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში  ასევე იმატა  კვანძოვანი ჩიყვის განვითარების სიხშირემ, რაც ხშირად ხდება ქირურგიული ოპერაციის და რადიოაქტიური იოდით მკურნალობის მიზეზი, რაც თავის მხრივ იწვევს ჰიპოთირეოზს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისთვის აუცილებელია იოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში ეს ელემენტი საკმარისი რაოდენობით უნდა იყოს. იოდის დეფიციტი იწვევდა, როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი ჰიპოთირეოიზის მძიმე ფორმებს, ასევე ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას - ენდემურ ჩიყვს. დღესდღეობით, იოდის დეფიციტით გამოწვეული ჰიპოთირეოზის წილი მკვეთრად შემცირდა, რადგან მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ იოდის დეფიციტის პრობლემა მოაგვარა. არსებობს ჰიპოთირეოზის უფრო იშვიათი ფორმებიც. მაგალითად, თიროიდული ჰორმონებისადმი რეზისტენტობის სინდრომი, რომლის დროსაც საკუთარი ჰორმონების მოქმედება და ქსოვილების მათდამი მგრძნობელობაა დაქვეითებული. 

2.რა დროს შეიძლება მივიტანოთ ეჭვი ჰიპოთირეოზზე?

ჰიპოთირეოზზე ეჭვის მიტანა შეიძლება მისთვის დამახასიათებელი სიმპტომთა ერთობლიობის  აღმოჩენისას. ეს სიმპტომებია: 

• კანის სიმშრალე

• თმის ცვენა 

• წონაში მატების ტენდენცია 

• სიმაღლეში ზრდის შეფერხება 

• მენსტრუალური ციკლის დარღვევა, არარეგულარული და მტკივნეული მენსტრუალური ციკლი 

• სქესობრივი მომწიფების შეფერხება, ან იშვიათ შემთხვევაში ნაადრევი სქესობრივი მომწიფება 

• გუნება-განწყობის ცვლილება, ემოციური ლაბილობა, დეპრესიულობა, გაღიზიანებადობა 

• ძილის დარღვევა - უძილობა ღამით და ძილიანობა დილით 

• კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ყურადღების დეფიციტი, მეხსიერების პრობლემები.

3.მიუხედავად გამოხატული სიმპტომების არ არსებობისა, რა დროს უნდა იყოს მშობელი ყურადღებით?

ზოგადად, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ სქესობრივი გარდატეხის პერიოდში, მიუხედავად გამოხატული სიმპტომების არ არსებობისა, ჰორმონალური სტატუსის შეფასება აუცილებელია, რათა შემდგომში ზრდისა და სქესობრივი მომწიფების პერიოდი დარღვევის გარეშე წარიმართოს. განსაკუთრებით, თუ ამის საფუძველს იძლევა ოჯახური ანამნეზი, ორსულობის დროს დედის თიროიდული სტატუსი, ბავშვის არასათანადო განვითარება და ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე კლინიკური ნიშნის არსებობა.  

4.კვლევის რა მეთოდების საფუძველზე ხდება ფარისებრი ჯირკვის ფუნქციური მდგომარეობის შეფასება?

ფუნქციური მდგომარეობის შეფასება იწყება პაციენტის გამოკითხვით, ანამნეზის შეკრებით (სიმპტომების ერთობლიობა, ხანგრძლივობა, ოჯახური ანამნეზი), ართროპომეტრიული მონაცემების შეგროვებით: სიმაღლე, წონა. ზოგადი გასინჯვა - დათვალიერებით, მეორადი სასქესო ნიშნების და განვითარების შეფასებით. შემდეგ  გადავდივართ შესაბამის დიაგნოსტიკურ კვლევებზე:

- ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა 

- ჰორმონალური სტატუსის შეფასება (თირეოტროპული ჰორმონის, თავისუფალი თიროქსინის განსაზღვრა, თავისუფალი ტრიოდთირონინის განსაზღვრა)

- თიროიდული ანტისხეულების განსაზღვრა 

5.რამდენად მნიშვნელოვანია დროული ჩარევა საწყის ეტაპზე და რა გართულებები შეიძლება ავიცილოთ თავიდან?

მკურნალობის გარეშე, ან არაადეკვატური და დაგვიანებული მკურნალობის ფონზე, ჰიპოთირეოიზი იწვევს: ფიზიკური განვითარების შეფერხებას, ზრდის და  სქესობრივი მომწიფების შეფერხებას, იშვიათად - ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, მოზარდ გოგონებში მენსტრუალური ციკლის დარღვევას, ნივთიერებათა ცვლის, მათ შორის ცხიმოვანი ცვლის დარღვევას. გარდა ამისა, ხანგრძლივმა  ჰიპოთირეოზმა შესაძლოა გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების გაჩენა და ზრდა, რაც შემდგომში ქირურგიული მკურნალობის აუცილებლობას განაპირობებს. ასე რომ დროულ დიაგნოსტირებას და ადეკვატურ მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აქტიური, ჯანმრთელი და შრომისუნარიანი მომავალი თაობის ჩამოყალიბებისთვის. 

6. ქალბატონო ნინო, რას გვეტყვით სუბკლინიკურ ჰიპოთირეოზზე, რამდენად არის ჰორმონოთერაპიის დაწყება აუცილებელი ყველა შემთხვევაში და რა ალტერნატიული მიდგომა შეიძლება  ავირჩიოთ ამ დროს?

პირველ რიგში, განვმარტოთ, რა არის სუბკლინიკური ჰიპოთირეოიზი.  ეს არის კლინიკური მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის მარეგულირებელი ცენტრალური ჰორმონი,  ე.წ. თირეოტროპული ჰორმონი, არის მომატებული, მაგრამ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები  - თავისუფალი თიროქსინი და ტრიოდთირონინი არის ნორმის ფარგლებში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი შეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც  ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებით, ასევე სხვა მიზეზებით. მისი განვითარების მიზეზები შეიძლება იყოს: ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, ცელიაკია, ანტიეპილეფსიური მედიკამენტები, ქრონიკული თირკლის უკმარისობა, ტერნერის სინდრომი, დაუნის სინდრომი. გარკვეული მიკროელემენტების დეფიციტი - იოდის, სელენის, რკინის დეფიციტი. ცალკე მინდა გამოვყო სიმსუქნე, რომელიც შეიძლება გახდეს თირეოტროპული ჰორმონის მატების მიზეზი, ისე რომ თვითონ ფარისებრი ჯირკვალი ფუნქციონირებდეს ნორმალურად. შესაბამისად, სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის მკურნალობის ტაქტიკის არჩევისას გასათვალისწინებელია ძირითადი მიზეზი. მკურნალობის ტაქტიკა წყდება ინდივიდუალურად კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში ზოგადი მდგომარეობის, ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტრული მდგომარეობისა და ჰორმონალური სტატუსის გათვალისწინებით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ჰორმონალური თერაპიის დაწყება სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის ყველა შემთხვევის დროს არ არის საჭირო. შეიძლება გამოვიყენოთ მკურნალობის სხვა მეთოდები, საკვები დანამატები, რომლებიც აუმჯობესებენ თიროიდულ სტატუსს და აუმჯობესებენ პაციენტის ზოგად მდგომარეობას. იოდის მნიშვნელობაზე უკვე დიდი ხანია ცნობილია და ამაზე არ შევჩერდები. მე მინდა აღვნიშნო მიო-ინოზიტოლი და სელენიუმი. მიო-ინოზიტოლი ჩვენს ორგანიზშმი არსებული  ნივთიერებაა, რომელსაც B8 ვიტამინს, ე.წ. სინორჩის ვიტამინს, უწოდებენ. ის აუმჯობესებს მრავალი ჰორმონის რეცეპტორთან კავშირს, არეგულირებს სწორ ურთიერთკავშირს უჯრედსა და ჰორმონს შორის, შესაბამისად, ფიზიოლოგიურად აწესრიგებს უჯრედის შიგნით ჰორმონების წარმოქმნისა და აქტივაციის პროცესს. ეს ძირითადად ეხება  თირეოტროპულ ჰორმონს, ინსულინს და FSH, LH.  შესაბამისად, მისი გამოყენება არეგულირებს თირეოტროპული ჰორმონის დონეს, დადებითად მოქმედებს ინსულინრეზისტენტობასა და სხვა მეტაბოლურ პროცესებზე. რაც შეეხება სელენიუმს, ის მრავალი ფერმენტის ძირითად მიკროელემენტს წარმოადგენს, ახდენს ანტიანთებით და ანტიოქსიდაციურ მოქმედებას, მისი დეფიციტი იწვევს აუტოანტისხეულების სტიმულაციას, შესაბამისად, მისი ადეკვატური დოზა აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს.