კანის პიგმენტური ცვლილებები: გამორჩეული გარეგნობა

თარიღი: 31 იანვარი, 2018

რას ნიშნავს, იყო განსხვავებული? ამა თუ იმ კუთხით ყველა ჩვენგანი ინდივიდუალურია, მაგრამ საერთო ფონზე ეს ინდივიდუალურობა თითქოს იკარგება. იქმნება ერთგვარი სტანდარტი და მისგან გამორჩეული ყურადღებისა და განსჯის საგანი ხდება. “გამორჩეულის” სტატუსი ძნელი სატარებელია. ფსიქოლოგიურ დისკომფორტზე რომ არაფერი ვთქვათ, ასეთ ადამიანს ხშირად საზოგადოებისგან იზოლაცია ემუქრება.

 

კანის პიგმენტური ცვლილებები სრულიად უწყინარი რამაა, მაგრამ ხშირად არასწორად აღიქმება და, ერთი მხრივ, სტიგმას, მეორე მხრივ კი საზოგადოებისაგან გაქცევის სურვილს აღძრავს.

 

კანის ფერი დამოკიდებულია პიგმენტ მელანინზე, რომელსაც კანში არსებული უჯრედები – მელანოციტები გამოიმუშავებს. მისი რაოდენობა ფერის პირდაპირპროპორციულია. მელანინის გარეშე კანი მოთეთროა და სისხლძარღვების ვარდისფერი ჩრდილები ეტყობა. რაც უფრო იმატებს პიგმენტი, მით უფრო მუქდება კანიც. ჩვეულებრივ, მელანინი კანის მთელ ზედაპირზე თანაბრად ნაწილდება, მაგრამ არის არათანაბარი განაწილების შემთხვევებიც. სწორედ ამის შედეგია ხალები, ჭორფლი, მელაზმა (მუქი ლაქები კანზე) და სხვა.

 

გამოყოფენ პიგმენტაციის დარღვევის სამ ტიპს:
* ჰიპოპიგმენტაციას – მელანინის ნაკლებობას;
* ჰიპერპიგმენტაციას – მელანინის სიჭარბეს;
* დეპიგმენტაციას – პიგმენტის არარსებობას.

 

პიგმენტაციის დარღვევა შეიძლება იყოს გავრცობილი (ანუ მოიცავდეს მთელ კანს) ან ფოკალური (მოიცავდეს კანის მხოლოდ განსაზღვრულ უბანს).

 

პიგმენტაციის დარღვევას შეიძლება საფუძვლად დაედოს წყლული, დამწვრობა, ქიმიური ზემოქმედება, ინფექცია, წარსულში გადატანილი ანთებითი დაავადება (ატოპიური დერმატიტი, ფსორიაზი),  მემკვიდრეობითი დაავადება.

 

ჰიპერპიგმენტაციის მიზეზად შეიძლება იქცეს ანთებით მიმდინარე დაავადებები, სისტემური დაავადებები, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება, რომელიც ადისონის დაავადების სახელწოდებით არის ცნობილი, ორსულობა, წამლები (ზოგიერთი ანტიბიოტიკი, ანტიარითმიული და ანტიმალარიული საშუალება). სიმსივნის დროს მელაზმა უფრო ფართოდ ვრცელდება და შესაძლოა, მთელი სხეული მოიცვას.

 

ვიტილიგო
დეპიგმენტაციის ერთ-ერთი ფორმაა ვიტილიგო. ამ დროს კანის ზოგიერთი უბანი თეთრია და დანარჩენი კანისგან მკვეთრად გამოირჩევა. ვიტილიგოს მიზეზი უცნობია. არსებობს მოსაზრება, რომ პიგმენტაციის დარღვევას მელანოციტებზე იმუნური შეტევა იწვევს. ზოგჯერ ვიტილიგო სხვა აუტოიმუნურ დაავადებებთან არის ასოცირებული. ყველაზე ძლიერი კავშირი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევებთან (გრეივსისა და ჰაშიმოტოს დაავადებები) შეინიშნება. ვიტილიგო ასევე შეიძლება აღმოცენდეს ქიმიური დამწვრობის, მზით დამწვრობის ან ემოციური სტრესის შემდეგ.

 

ლაქები (დეპიგმენტირებული უბნები) ჩნდება უმეტესად სახეზე, ხელისა და ფეხის თითებზე, მაჯებზე, იდაყვებზე, მუხლებზე. დამახასიათებელი ნიშნების საფუძველზე დიაგნოზი ადვილად ისმება. დიაგნოსტიკის კიდევ ერთი მეთოდია დაზიანებული ადგილების ვუდის ნათურით დასხივება – ულტრაიისფერი სხივების მოხვედრისას დეპიგმენტირებული უბნები სპეციფიკურ ნათებას იწყებს.

 

სხვადასხვა პაციენტი სხვადასხვანაირად რეაგირებს მკურნალობაზე, ასე რომ, პროგონოზზე საუბარი ძნელია, თუმცა იშვიათია, ლაქები მთლიანად გაუჩინარდეს.

 

არსებობს პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზა:
1. მედიკამენტების გარეშე – კანის ფერდაკარგული უბნები შეიძლება კოსმეტიკით დაიფაროს.
2. სამკურნალო კრემები. კორტიკოსტეროიდების რეგულარული გამოყენების შემთხვევაში პაციენტების დაახლოებით 45%-ს 4-6 თვეში აღუდგება კანის ბუნებრივი ფერი. ამ მეთოდს მიმართავენ შავგრემან პაციენტებთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლაქები სახეზეა, თუმცა კორტიკოსტეროიდებს გვერდითი ეფექტები ახასიათებს, ამიტომ მათ მიმართ დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. მათმა ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა კანის ატროფიამდე მიგვიყვანოს.
3. ლაზერით მკურნალობა. ეს მეთოდი შემთხვევათა 70%-ში შედეგიანია. მას გავრცობილი დეპიგმენტაციის დროს იყენებენ, მაგრამ ყველაზე უკეთ სახეზე არსებულ ლაქებს აქრობს. განსაკუთრებით ეფექტურია მკურნალობა ლაზერისა და კორტიკოსტეროიდების კომბინაციით. სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული, წლების შემდეგ დეპიგმენტირებული უბნები ხელახლა გაჩნდეს.
4. ულტრაიისფერი სხივებითა და ფსორალენით მკურნალობა. ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია გავრცობილი ვიტილიგოს დროს, მაგრამ ფსორალენს თვალის დაზიანება შეუძლია, ამიტომ მდგომარეობის კონტროლისთვის აუცილებელია ოფთალმოლოგიური გამოკვლევა მკურნალობამდეც და მის შემდეგაც.
5. ქირურგიული მკურნალობა. როდესაც მედიკამენტები და დასხივება უშედეგოა, ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ, რაც უმეტესად ნორმალური კანის ნაწილის აღებას და დეპიგმენტირებულ უბნებზე გადატანას გულისხმობს. 90-95%-ში პროცედურა შედეგიანია, თუმცა შესაძლოა, მოჰყვეს გართულებებიც: ინფექცია, კანის დანაწიბურება. ქირურგიულად არ მკურნალობენ ბავშვებს და ისეთ ადამიანებს, რომელთა კანი დანაწიბურებისკენ არის მიდრეკილი.
6. დეპიგმენტაცია. ამ შემთხვევაში პაციენტი იღებს გადაწყვეტილებას, მოიშოროს დარჩენილი პიგმენტი და კანი მთლიანად გაითეთროს. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია – საშუალოდ ერთიდან 4 წლამდე გრძელდება.

 

ალბინიზმი
ალბინიზმი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც გვხვდება თითქმის ყველა ეთნიკურ ჯგუფში. ამ დროს კანის ჰიპოპიგმენტაციას თან ახლავს მხედველობის დარღვევები: ახლომხედველობა, ნისტაგმი (თვალის უნებლიე მოძრაობა), სიელმე.

 

განასხვავებენ ალბინიზმის რამდენიმე ტიპს.

პირველი ტიპი, რომელიც ალბინიზმის შემთხვევათა 40%-ს შეადგენს, გამოწვეულია ფერმენტ თიროზინაზის სრული ან ნაწილობრივი არარსებობით. თიროზინაზა მელანინის სინთეზში მონაწილე ფერმენტია. მისი არარსებობისას კანი და თმა რძესავით თეთრია.

 

მეორე ტიპი დაახლოებით 50%-ში გვხვდება და P გენის მუტაციით არის გამოწვეული. ამ გენის ფუნქცია ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ის უჯრედულ დონეზე პიგმენტის რეგულაციაში მონაწილეობს. თიროზინაზა ამ დროს აქტიურია. პიგმენტური ცვლილება თითქმის შეუმჩნეველია, თუმცა ასეთ ადამიანებს მზესთან კონტაქტის დროს ადვილად უჩნდებათ ხალები და ჭორფლი.

 

მესამე ტიპი გვხვდება შედარებით მუქკანიან ადამიანებთან და საფუძვლად უდევს თიროზინაზასთან დაკავშირებული პროტეინ 1-ის მუტაცია. ეს ცილა აუცილებელია ეუმელანინის (მელანინის ერთ-ერთი ფორმის) სინთეზისთვის. ამ დროს კანი მოყავისფროა, თმა – მოწითალო, თვალები – ლურჯი ან ყავისფერი

 

მეოთხე ტიპი ძალიან იშვიათია. ამ დროს მუტაციას განიცდის გენი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თიროზინაზის მემბრანული გადამტანის შესახებ. ეს ტიპი სიმპტომურად მეორე ტიპს ჰგავს.

ოკულარული ალბინიზმის შემთხვევაში მხოლოდ თვალი ზიანდება.

ალბინიზმით დაავადებულს ადვილად იცნობთ რძისფერი თმით, თეთრი კანით და ვარდისფერი ან მოციფრო-მონაცრისფრო თვალებით. ალბინოსებს მზის სინათლის მიმართ ძალიან მგრძნობიარე თვალები აქვთ, ამიტომ დღის შუქს ერიდებიან. მელანინის არარსებობისას ადვილად იწვება კანიც. ალბინიზმით დაავადებულებს კანის სიმსივნის მიმართაც აქვთ მიდრეკილება, განსაკუთრებით – ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის მიმართ.

 

დიაგნოზი ემყარება გენეტიკურ ტესტირებას, თუ პაციენტს აქვს ალბინიზმის ოჯახური ისტორია, და გარეგნულ დათვალიერებას, მაგრამ წამალი, სამწუხაროდ, არ არსებობს. ალბინიზმით დაავადებულები უნდა ერიდონ მზით დამწვრობას: წაისვან დამცავი კრემი, ჩაიცვან ტანსაცმელი, რომელიც მაქსიმალურად ფარავს კანს, – ამით მინიმუმამდე დაიყვანენ კანის სიმსივნის რისკს. მხედველობის დარღვევისას უნდა ატარონ ექიმის მიერ შერჩეული სათვალე. სიელმისა და ნისტაგმის შემთხვევაში რეკომენდებულია ქირურგიული ჩარევა.

 

მელაზმა
ჰიპერპიგმენტაციის მაგალითია მელაზმა, რომელსაც ქლოაზმასაც უწოდებენ. ამ დროს კანზე, უმთავრესად – სახისაზე, ყავისფერი ლაქები ჩნდება. ხშირად ეს მდგომარეობა ორსულობასთანაა ასოცირებული და მშობიარობის შემდეგ ლაქები მალევე ქრება. ამ შემთხვევაში დერმატოლოგები მზისგან დამცავი კრემის გამოყენებას გვირჩევენ.

 

ყველა ეს მდგომარეობა კანის პიგმენტაციის დარღვევის შედეგია, მაგრამ ყველას თავისი მიზეზი და მექანიზმი აქვს, ამიტომ თითოეულ მათგანს თავისებური, განსხვავებული ყურადღება სჭირდება. დაწვრილებითი რეკომენდაციებისთვის მიმართეთ ექიმს.

წყარო: aversi.ge