Nuk
მნიშვნელოვანია ბავშვის თანდასწრებით ოჯახის წევრები აღზრდის საკითხებზე არ კამათობდნენ

თარიღი: 15 აპრილი, 2021

რა გავლენა აქვს მშობელს ბავშვზე და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი – ამ თემაზე ფსიქოლოგმა მარი გოგიაშვილმა გვესაუბრა.

რა როლი აქვს ოჯახს?
ოჯახის როლი უდიდესია  – პიროვნების ფორმირების პროცესში,სწორედ ოჯახში ხდება მისი მომზადება  სოციალური და კულტურული ცხოვრებისათვის. 

ოჯახი ბავშვისთვის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია ნაწილია. ის დამოკიდებულებები  და მიდგომები, რომლებსაც მშობლები ირჩევენ აღზრდის პროცესში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე. ოჯახში იწყება ბავშვის ჩვევებისა და ქცევის ათვისება, ბავშვის ემოციური სამყარო სრულიად დამოკიდებულია ოჯახში არსებულ ურთიერთობებზე, აღზრდის სტილზე, თუ რამდენად თანმიმდევრული არიან მშობლები.

მნიშვნელოვანია ოჯახის წევრები ბავშვის თანდასწრებით აღზრდის საკითხებზე არ კამათობდნენ, პატივის სცენ ერთმანეთს. თუ ერთი უკრძალავს, მეორე მშობელმაც მხარი უნდა აუბას. თუმცა არის შემთხვევები, როცა ერთი კრძალავს, მეორე ნებას რთავს, რაც არასწორია. ამ დროს ბავშვი იბნევა, სწავლობს მანიპულაციას, მანიპულატორი ბავშვი კი საშიშია, ვინაიდან ის უფროსებისგან განსხვავებით რისკებს ვერ თვლის.

როგორ დაისწავლის ბავშვი?
პირველ ეტაპზე ბავშვი თამაშით ახდენს სიტუაციების გადმოტანას, სწავლობს სიხარულის, შიშის, ბრაზის ისე გამოხატავს, როგორც ამას დედა ან ოჯახის წევრები გამოხატავენ. ამდენად მნიშვნელოვანია  მშობელმა იცოდეს, რომ ბავშვთან დაბადებიდანვე უნდა დავამყაროთ სწორი კომუნიკაცია. მშობლის ყველა მოქმედება ახდენს გავლენას ბავშვზე, როგორ ვკონტაქტობთ არა მხოლოდ შვილებთან, არამედ ზოგადად სამყაროსთან. ყველაფერი, რასაც ბავშვები განიცდიან გამოიხატება მათ ყოველდღიურ ქცევაში.

ხშირად ვხვდები პრაქტიკაში ბავშვებს, რომლის მშობლებიც ჩივიან, რომ შვილებს აქვთ ძილის დარღვევა, შფოთვის დონე მაღალია,უჭირთ საკუთარი თავის გამოხატვა, აგრესიულები არიან და ჭირვეულები. ძირითადად ეს ყველაფერი არასწორი აღზრდის სტილიდან და მშობლიდან გამომდინარეობს.

თუ ბავშვი იზრდება ჯანსაღ გარემოში, ოჯახში სადაც სიმშვიდე, ურთიერთპატივისცემა და სიყვარულია, სადაც ბავშვისთვის ორივე მშობელი ერთნაირად ხელმისაწვდომია, სადაც ბავშვი უპირობოდ უყვართ, ასეთ გარემოში ბავშვი ვითარდება ასაკის შესაბამისად, ყალიბდება ჯანსაღ პიროვნებად.

პრობლემა, რომელიც ცუდ გავლენას ახდენს მოზარდის შემდგომ სოციალურ განვითარებაზე არის მშობელთა ჰიპერმზრუნველობა, მისი გახანგრძლივებული „ბავშვურობა“, ცხოვრების სირთულეებისადმი მოუმზადებლობა, დამოუკიდებლად პრობლემების გადაჭრის უუნარობა, რის შედეგადაც არ შესწევს უნარი თავად მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, გაუმკლავდეს ცხოვრების სირთულეებსა და გამოწვევებს, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, ასეთ ადამიანს მუდმივად სჭირდება დამხმარე, ვინც ყოველთვის მასთან იქნება.

 

იმისთვის, რომ ბავშვებმა სხვა ადამიანების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება, სწორად აზროვნება, ღირებულებებისა და ფასეულობების, პრიორიტეტულობა და მათი პატივისცემა ადრეულ ასაკშივე ისწავლონ, მომავალში კი თავად შეძლონ ოჯახში შვილების სწორად აღზრდა, მნიშვნელოვანია აღზრდის თანმიმდევრული სტილი და მათთან ჯანსაღი და სწორი კომუნიკაცია.

წყარო: https://www.fortuna.ge/