ონკოლოგიური დაავადება განაჩენი არ არის - სოსო სანიკიძე

თარიღი: 13 ივლისი, 2018

ქირურგი ონკოლოგი, კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის წევრი, ბატონი სოსო სანიკიძე 2002 წლიდან ქირურგიის სამსახურშია და ყოველდღიურად იბრძვის ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენის, პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. 

სოსო სანიკიძე: ექიმობაზე არასდროს მიოცნებია და ამ სფეროში წასვლის გადაწყვეტილება ერთ მოცემულ მომენტში მივიღე. მახსოვს, სკოლას ვამთავრებდი, როდესაც რაიონში შევესწარი სიტუაციას, როდესაც ადამიანმა მიიღო თავის ტრავმა. არც მახსოვს როგორ, მაგრამ ჩემდაუნებურად, შევძელი სისხლის შეჩერება და ჭრილობის დამუშავება. მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო საქმე, რისი კეთებაც მინდოდა და ასე მოვხვდი ჯერ სამედიცინოზე და მერე – ქირურგიაში. 2002 წელს დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი, გავიარე  რეზიდენტურა. თავდაპირველად ზოგადი ქირურგიის მიმართულებით ვმუშაობდი, 2009 წლიდან – ონკოქირურგიაში, ახლა კი, უკვე ათ წელზე მეტია, „კონსილიუმ მედულას“ ქირურგი ვარ. 

– რითაა გამორჩეული და რატომ უნდა მოვიდნენ პაციენტები სწორედ „კონსილიუმ მედულაში“?

– „კონსილიუმ მედულა“ არის სიახლეზე და პაციენტის ინდივიდუალური მიდგომით მკურნალობაზე ორიენტირებული, კარგად აღჭურვილი კლინიკა, სადაც პროფესიონალების გუნდი მუშაობს. ჩვენთან კეთდება იშვიათი და გამორჩეული სირთულის ოპერაციები, როგორც ტრადიციული, ისე ლაპარასკოპიული და თორაკოსკოპიული მეთოდით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს კლინიკაში  პაციენტის ბედს მხოლოდ ერთი სპეციალობის ექიმი არ წყვეტს, ყველა გადაწყვეტილებას კონსილიუმის რეჟიმში ვიღებთ. ამისთვის, კლინიკის სამედიცინო პერსონალი ყოველ დილით ვიკრიბებით კონფერენციაზე, სადაც დეტალურად განვიხილავთ რთული პაციენტების მდგომარეობას, ვსაზღვრავთ მოსალოდნელ შედეგს. ასეთი მიდგომის მიზანია, რაც შეიძლება, მინიმუმამდე დავიყვანოთ სამედიცინო  შეცდომის დაშვების ალბათობა.  

– თქვენთვის, როგორც პროფესიონალისთვის, რა მნიშვნელობა აქვს იმ გუნდს, ვისთან ერთადაც გიწევთ თქვენი პროფესიული საქმიანობა?

– დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდს, ვისთან ერთადაც მუშაობ, ვინაიდან ქირურგია გუნდური საქმეა. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს რთული შემთხვევების დროს. „კონსილიუმ მედულას“ გუნდი ისეთი კლასის პროფესიონალებისგან შედგება, რომ მათთან ერთად თამამად შეიძლება მასშტაბური შემთხვევის მართვა. 

– თქვენ თავად რა მიმართულებით მუშაობთ?

– ამ ეტაპზე ძირითადად სამი მიმართულებით ვმუშაობ – ეს არის სარძევე ჯირკვლისა და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, ასევე კანისა და რბილი ქსოვილების დაავადებები. 

– რა უპირატესობა აქვს „კონსილიუმ მედულას“ სხვა კლინიკებთან შედარებით?

– ჩვენ პაციენტებს ვთავაზობთ ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების, მკურნალობისა და შემდგომში უკვე დაკვირვების თანამედროვე მეთოდებს. რაც მთავარია, ჩვენამდე მოსულ პაციენტს არსად წასვლა არ სჭირდება და მას ერთ სივრცეში, მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე კვალიფიციური სპეციალისტი გაუწევს სამსახურს. თუ საჭირო ხდება პაციენტის გადამისამართება სხვა კლინიკაში, ეს ხდება ჩვენი რეკომენდაციით, რათა შემდეგ ისევ ჩვენთან დაბრუნდეს ადეკვატური შედეგით. 

– „კონსილიუმ მედულა“ ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრია, სადაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედებს სკრინინგის, ანუ უფასო კვლევის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა. რა სასიკეთო ცვლილებებია ამ პროგრამის მოქმედების შედეგად?

– სახელმწიფო ნამდვილად იმსახურებს მადლობას იმ სკრინინგ-პროგრამებისთვის, რის შედეგადაც ათასობით პაციენტს პირველ-მეორე სტადიაზე გამოუვლინდა სხვადასხვა ონკოლოგიური პრობლემები და დაავადებისგან სრულიად განკურნების საშუალება მიეცა. მოხარული ვარ, რომ თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული ეს პროგრამა „კონსილიუმ მედულაშიც“ მოქმედებს. მინდა ვთქვა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე განაჩენი არ არის, მით უმეტეს, სარძევე ჯირკვლის შემთხვევაში. დროული, პირველ-მეორე სტადიაზე დიაგნოსტირება თითქმის ასპროცენტიანი გარანტიაა იმისა, რომ სწორი მკურნალობის შედეგად პაციენტი ბოლომდე გამოჯანმრთელდეს. 

– რას იტყვით იმ შემთხვევებზე, როცა სარძევე ჯირკვლის მოკვეთამდე მიდის საქმე?

– ქალისთვის ძუძუს მოკვეთა დიდი ფსიქოლოგური ტრავმაა, საბედნიეროდ, ისევ და ისევ სკრინინგ-პროგრამების დამსახურებით, სტატისტიკურად მომრავლდა იმ ტიპის ოპერაციები, როდესაც სარძევე ჯირკვლის შენარჩუნება შეგვიძლია და ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩენთ დაავადებას. დროული დიაგნოსტიკის დროს, როდესაც უმცირესი ზომის წარმონაქმნის დანახვაც კი შესაძლებელია, ჩვენ გვეძლევა საშუალება, პაციენტს სარძევე ჯირკვალი შევუნარჩუნოთ, ხოლო, თუ ვერ მოხერხდა ძუძუს შენარჩუნება, არსებობს აღდგენითი ოპერაციის სხვადასხვა  ტიპი, როდესაც პაციენტს შეუძლია ჩაიდგას დროებითი იმპლანტი და პარალელურად ჩაიტაროს იმუნო და ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია.  მკურნალობის დასრულების შემდეგ კი მუდმივი  იმპლანტი იდგმება, რომლითაც ხდება სარძევე ჯირკვლის ფორმის აღდგენა. 

– სტატისტიკურად რამდენად ხშირია ძუძუს კიბოს შემთხვევები და რა ძირითადი გამომწვევი მიზეზები არსებობს?

– ქალებში ავთვისებიანი ონკოლოგიური პათოლოგიების  სიხშირის თვალსაზრისით სარძევე ჯირკვლის კიბო პირველ ადგილზე დგას, ამიტომ  დროულ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად,  დაავადების გამომწვევი ბევრი ფაქტორის ჩამოთვლა შეიძლება – განსაკუთრებით საყურადღებოა გენეტიკური ფაქტორი და ასეთი ქალები დაავადების განვითარების დიდი რისკის წინაშე დგანან. ასევე მოქმედებს ენდოკრინული პათოლოგიები, გარემო პირობები, თამბაქოს მოხმარება და ასე შემდეგ.

– რა არის თქვენთვის „კონსილიუმ მედულა“?

– „კონსილიუმ მედულა“ არის ჩემი პროფესიული ზრდის, განვითარებისა და მუდმივად ახალ ეტაპზე გადასვლის ყველაზე ეფექტიანი სივრცე. ჩვენი კლინიკა მუდმივად ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. ჩვენთან არის სწავლისა და სწავლების უწყვეტი პროცესი – ვატარებთ და ვესწრებით ტრენინგებს, ვმასპინძლობთ სამედიცინო კონფერენციებს და აქტიურად ვთანამშრომლობთ წამყვან, უცხოელ სპეციალისტებთან. გვაქვს, ასევე, რეზიდენტურა ონკოლოგიაში. პირადად მე წელიწადში 300-350 ოპერაციის გაკეთება მიწევს.  როდესაც ასეთი სამუშაო გარემოა, კიდევ უფრო თამამად შემიძლია განვახცადო, რომ ონკოლოგიური დაავადება არ არის განაჩენი. მთავარია, დროული დიაგნოსტიკა. 

წყარო: http://tbiliselebi.ge