Nuk
პანკრეატიტი

თარიღი: 27 აპრილი, 2018

პანკრეატიტი პანკრეასის ჯირკვლის ანთებაა, რომელიც მუცლის ღრუს ზედა ნაწილში, კუჭის უკან მდებარეობს. პანკრეასი საჭმლის მომნელებელი სისტემის მნიშვნელოვანი ორგანოა, იგი ორი ჯგუფის ნივთიერებებს გამოიმუშავებს - საჭმლის მომნელებელ სეკრეტებს და ჰორმონებს.

პანკრეასის მიერ გამომუშავებული ფერმენტები და ბიკარბონატები სადინარით თორმეტგოჯა ნაწლავში გამოიყოფა და მონაწილეობს ცილებისა და ცხიმების გადამუშავებაში. ჰორმონები, გლუკაგონი და ინსულინი კი უშუალოდ სისხლში გამოიყოფა, ისინი სისხლში გლუკოზის შემცველობას აკონტროლებენ.

პანკრეატიტი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. იგი იწვევს მიმდებარე სისხლძარღვების ანთებას, სისხლდენას, ჯირკვლის დაზიანებას. ანთების განმავლობაში ჯირკვლის მიერ გამოყოფილი საჭმლის მომნელებელ ფერმენტები თავად პანკრეასზე მოქმედებენ და მას ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევენ.

არსებობს მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი. აუცილებელია დროული მკურნალობა, რადგან ორივე დაავადება საკმაოდ საფრთხის შემცველია.

მწვავე პანკრეატიტი - ჯირკვლის დაზიანებას თან ახლავს ძლიერი ტკივილი. შეტევის დრო ძალიან მოკლეა და მალე გაივლის. მწვავე პანკრეატიტის დროს ჯირკვლის ფუნქცია მალევე უბრუნდება საწყის მდგომარეობას.

ქრონიკული პანკრეატიტი -  ქრონიკული პანკრეატიტიც მწვავეს მსგავსად ტკივილით იწყება, თუმცა შედარებით ნაკლებად მწვავეა. მის დროს ზიანდება ჯირკვლის ფუნქცია და თავად ორგანოც.

მწვავე პანკრეატიტის სიმპტომები:

ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში

ტკივილის შეგრძნება ჭამის შემდგომ

ტემპერატურა

სწრაფი პულსი

გულისრევა

ტკივილი მუცელზე შეხებისას

ქრონიკული პანკრეატიტის  სიმპტომები

ნაკლებად მწვავე ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში

წონის უეცარი დაკლება

უჩვეულო, ზეთოვანი განავალი

რა იწვევს პანკრეატიტს?

პანკრეატიტის მთავარი მიზეზებია ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მიღება და ნაღვლის ბუშტის კენჭები. ალკოჰოლისგან გამოწვეული ქრონიკული პანკრეატიტი ვითარდება რამდენიმე წლიანი ალკოჰოლის სისტემატიური მიღების დროს.

სხვა შემთხვევების დროს მიზეზები შეიძლება იყოს:

მედიკამენტები

მიღებული ტრავმები

მავნე ქიმიური ნივთიერებები

პანკრეასის ან ნაწლავის ანომალიები

პანკრეასის თანდაყოლილი დაავადება.

პანკრეასის დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკა უმთავრესად ხდება პაციენტისგან მიღებული ინფორმაციით და ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროებს ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებსაც.

დიაგნოსტიკისთვის ტარდება შემდეგი კვლევები:

პანკრეასის, ღვიძლის, თირკმლის ფუნქციის შესასწავლი ლაბორატორიული კვლევები

სისხლის საერთო ანალიზი

სისხლში გლუკოზის, ელექტროლიტების და კალციუმის შემცველობის განმსაზღვრელი კვლევები

ინფექციის ლაბორატორიული კვლევები

მკურნალობა

მკურნალობა ხდება როგორც მედიკამენტებით, ასევე ცხოვრების წესის გაუმჯობესებით, უარეს შემთხვევებში კი საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

განკურნებისათვის აუცილებელია ალკოჰოლისთვის თავის დანებება, დიეტა, რომელიც გამორიცხავს ცხიმიან საკვებს.

როგორ მოვუაროთ თავს და ავიცილოთ პანკრეატიტი

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ პანკრეატიტი და მისგან გამოწვეული დისკომფორტი, საჭიროა:

- შევამციროთ ან საერთოდ არ მივიღოთ ალკოჰოლი

- ვიკვებოთ ხშირად, მცირე ულუფებით

- არ მივიღოთ ბევრი ცხიმიანი საკვები

- შევამციროთ მედიკამენტების მიღება, რომელიც განსაზღვრულ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს. 

 

ექიმთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 

ტელ: 2 10 44 44 

მის: ჩაჩავას 1