რა უნდა ვიცოდეთ ცხიმგროვების, პაპილომა ვირუსისა და ჰაიმორიტის შესახებ?

თარიღი: 01 თებერვალი, 2017

ათერომა ცხიმგროვის ერთ–ერთი სახეა. ის მრგვალი ფორმის, უმტკივნეულო წარმონაქმნია, რომელიც ხშირად ერევათ აკნეში.

 

აკნე თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა. მის განვითარებას ხელს უწყობს ინფექციური დაავადებები, ავიტამინოზი, კანის არასაკმარისი ჰიგიენა, ჰორმონული დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი და ნერვულ–ფსიქიკური აშლილობა. მთავარი მიზეზია ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეცია.

 

სახეზე ნებისმიერი ტიპის წარმონაქმნის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, მოერიდეთ მექანიკურ გაღიზიანებას, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს საკმაოდ სერიოზული გართულებები. გაითვალისწინეთ, რომ სახის არეში ვენებს არ გააჩნია სარქველები, რის გამოც ინფექცია ვრცელდება თავის ტვინში. საზოგადოებაში ცხიმგროვა ასოცირდება კანის დაავადებასთან და მიმართავენ დერმატოლოგს, თუმცა ზოგჯერ მედიკამენტური მკურნალობა შედეგს არ იძლევა და საჭიროა ქირურგიული ოპერაცია. ბევრ ადამიანს აინტერესებს საშიშია თუ არა ცხიმგროვა და რა დროს არის საჭირო ქირურგიული ოპერაცია.

 

ამ თემაზე, პაპილომა ვირუსსა და ჰაიმორიტის შესახებ გვესაუბრა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყბა–სახის ქირურგი, შოთა ლობჟანიძე.

 

- რა უნდა ვიცოდეთ სახის არეში ცხიმგროვების შესახებ?

- ის წარმოადგენს კლასიკურ კისტას, რომელსაც გააჩნია თავისი კაფსულა და შიგთავსი. შიგთავსი არის თხელი, ფაფისებური, მოყვითალო მასა. ათერომა არის ცხიმოვანი ჯირკვლების გამომტანი სადინრის დახშობის შედეგად გამოწვეული წარმონაქმნი, რომელიც არ მიეკუთვნება სიმსივნეს, მიეკუთვნება ეპიდერმულ კისტას. ეს უკანასკნელი ხშირად ეშლებათ ლიპომაში, რომელიც ცხიმოვანი ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო, ხშირად კლინიკური დიაგნოსტიკა რთულდება და საჭიროა ჩატარდეს ციტოლოგიური კვლევა (ხდება შიგთავსის ამოქაჩვა და მიკროსკოპულად მისი დათვალიერება).

ათერომა შეიძლება გახდეს ანთებადი და დაჩირქდეს – ვლინდება ტკივილი, შეშუპება და იშვიათ შემთხვევაში ტემპერატურის მომატება.

 

- რატომ ჩნდება ცხიმგროვა სახის არეში?

- ათერომა ხშირად ჩნდება პრობლემური, ცხიმოვანი კანის მქონე პაციენტებში. ამასთან, სხვა გამომწვევი მიზეზებია: მეტაბოლიზმის დარღვევა, არასწორი კვების რაციონი, ჭარბი დოზით ცხიმის შემცველი პროდუქტები.

 

- რა შემთხვევაში კეთდება ცხიმგროვის გამო ქირურგიული ოპერაცია?

- ათერომას ვმკურნალობთ ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, წარმონაქმნის ამოკვეთით. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტური მკურნალობა შედეგს არ იძლევა. ასევე გასათვალისწინებელია წარმონაქმნის ზომა. თუ ათერომა არის მცირე ზომის, პაციენტს არ უქმნის დისკომფორტს და არ იზრდება ზომაში, ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. აუცილებელია, რომ წარმონაქმნი ამოკვეთის შემდეგ გაიგზავნოს ჰისტო მორფოლოგიურ კვლევაზე. ანთებითი პროცესების დროს, ვერ ხერხდება წარმონაქმნის გარსის სრულად მოცილება, რადგან ჩირქოვანი პროცესი შლის გარსის სტრუქტურას, რის გამოც ხშირია რეციდივები. სასურველია ათერომის ამოკვეთა ცივ (არა ანთებად) სტადიაში. 

 

– გთხოვთ, განგვიმარტეთ რა არის პაპილომა ვირუსი?

– პაპილომა ვირუსი ძირითადად ვლინდება კანზე ან ლორწოვან გარსზე. ამ ვირუსით დაავადებულია მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 90%. როგორც წესი ვირუსი ორგანიზმში არის რემისიის (მიძინებული) ფაზაში და გამოვლინდება რაიმე სტრესის ან იმუნიტეტის დაქვეითების შედეგად. ეს კეთილთვისებიანი წარმონაქმნი ვლინდება პირის ღრუს იმ ადგილებში, სადაც ხშირია ლორწოვანი გარსის ტრავმატიზაცია, მაგალითად: ენა, ტუჩის კუთხეები, ლოყა, ლორწოვან გარსზე კბილების შეთანასოვნების პარალელურად (რომლის დროსაც შესაძლოა ლოყის ლორწოვანი გარსის ტრავმირება). იშვიათ შემთხვევაში, ხანდაზმულ ასაკში შეიძლება განვითარდეს მაგარ სასასა და ღრძილზე (უხეში პროთეზის ხმარების დროს). პაპილომა არის ფუძეზე (ფეხზე) მრგვალი ფორმის, უხეში ზედაპირის, წვრილმარცვლოვანი და რბილი კონსტიტენციის წარმონაქმნი, რომლის სისხლით მომარაგება არის ძალიან მაღალი და ხშირ შემთხვევაში სისხლმდენია, განსაკუთრებით ტრავმის დროს. პირის ღრუს სხვადასხვა უბნებში განსხვავდება მისი ფორმა და შეფერილობა. ლორწოვანზე არის შედარებით ღია ფერის, ხოლო ტუჩების წითელ ყაეთანზე და კანზე არის შედარებით  მუქი ფერის.

 

– რას გვეტყვით პაპილომა ვირუსის გადაცემის გზებსა და რისკ–ფაქტორებზე?

– პაპილომა ვირუსი გადადის სისხლით, ნაკაწრისა და ჭრილობაში შეღწევის გზით.

 

– როგორ მკურნალობთ  ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

– ჩვენს კლინიკაში პაპილომას ვმკურნალობთ ქირურგიული გზით. ამოკვეთის შემდეგ აუცილებელია წარმონაქმნი გაიგზავნოს მორფოლოგიურ კვლევაზე.  

 

– რას გვეტყვით ჰაიმორიტის შესახებ?

– ჰაიმორის წიაღები სახის არეში ძვლოვანი ვაკუუმია, რომლებიც ამოფენილნი არიან ლორწოვანი გარსით. მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ჩასუნთქული ჰაერის გათბობა. ჰაიმორიტები არსებობს რამდენიმე გენეზის: ოდონტოგენური (კბილისგან გამოწვეული), რინოგენული (ვირუსული ან ბაქტერიული გენეზის), ჰემატოგენური (ტრავმის შედეგად ჰაიმორის წიაღში დარჩენილი სისხლის ან უცხო სხეულის მიერ გამოწვეული).

ყბა–სახის ქირურგიაში ძირითადად მოგვმართავენ ოდონტოგენური ჰაიმორიტების დროს. ოდონტოგენური ჰაიმორიტის ინფექციის წყაროა ზედა ყბაზე არსებული ძირითადი საღეჭი კბილები (15, 16, 17, 18 – 25, 26, 27, 28 კბილები). აღნიშნული კბილების ფესვების მწვერვალები ხშირ შემთხვევაში ანატომიურად (ნორმაში) ვრცელდება ჰაიმორის წიაღში, შესაბამისად, ანთებითი პროცესების გადასვლა ჰაიმორის წიაღში მარტივია. ანთებითი პროცესები ჰაიმორიტების დროს ძირითადად გვხვდება ქრონიკულ ან ქრონიკულ გამწვავებულ სტადიაში. მწვავე, ანუ დაწყებით ფაზაში არ აღინიშნება ჩივილები. სავსებით შესაძლებელია, რომ პაციენტმა ჰაიმორიტის შესახებ შეიტყოს სტომატოლოგთან ვიზიტის დროს, რენტგენოლოგიური კვლევების შედეგად. რაც შეეხება ქირურგიულ მეთოდს – ოპერაციული ჩარევა ხდება ჰაიმორის წიაღის გახსნით და შიგთავსის (ანთებადი ქსოვილი) ევაკუაციით (გამოტანით). ოდონტოგენური ჰაიმორიტების მკურნალობა კონსერვატიულად უშედეგოა.

 

– რა ჩივილებით მოგმართავთ პაციენტი ოდონტოგენური ჰაიმორიტების დროს?

– ქრონიკული, გამწვავებული ფორმის დროს პაციენტს პირველ რიგში აწუხებს ტკივილი, იშვიათ შემთხვევაში ლოყის არეში შეშუპება და ტემპერატურის მატება. ასევე დილით ცხვირის ნესტოდან, შესაბამის მხარეს, უსიამოვნო სუნის გამონადენი. ანამნეზში (დაავადების ხანგრძლივობა) პაციენტს შესაბამის მხარეს აქვს კბილის ტკივილი.