როდის არის ცხელება ბავშვებში საგანგაშო და რატომ არის საშიში იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები

თარიღი: 26 თებერვალი, 2018

რატომ ხდება ვირუსული ინფექციების დროს ცხელება შეუპოვარი, როდის შეიძლება განვითარდეს გულყრა, რა პირველადი დახმარების გაწევა შეიძლება სახლის პირობებში, რა დროს გვჭირდება სისხლის საერთო ანალიზი და რა უნდა მოიმოქმედონ მშობლებმა, როცა ტემპერატურას ხველაც ახლავს – ამ და სხვა საინტერესო თემებზე პედიატრმა ცოტნე ბესელიამ ისაუბრა.

 

რატომ არის რთულად დასამორჩილებელი მაღალი ტემპერატურა ვირუსული ინფექციისას?

ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, უნდა გავერკვეთ რას წარმოადგენს ცხელება. ცხელება არის ნორმალური რეაქცია სხვადასხვა მდგომარეობებზე, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია მწვავე ვირუსული ინფექცია. ცხელება არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია, ორგანიზმს გააჩნია ტემპერატურა, რომლის მუდმივობაზეც ის გარკვეული მექანიზმებით ზრუნავს. წარმოვიდგინოთ, არსებობს თერმოსტატი, რომელსაც ევალება სხეულის ტემპერატურა გარკვეულ ფარგლებში შეინარჩუნოს. მწვავე ვირუსული ინფექციისას, მიმდინარეობს ანთება, რომლის შედეგადაც გამოიყოფა ისეთი ნივთიერებები, რომელიც თერმოსტატს სხვა რეჟიმზე გადართავს. ტემპერატურის აწევის დროს აქტიურდება იმუნური პროცესები და უფრო ეფექტურად წარიმართება, ეს ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარება. ცხელება არ არის საშიში, ის არის დამცველობითი რეაქცია. თუმცა, შეიძლება გახდეს საშიშიც.

რა დროს შეიძლება განვითარდეს გულყრა?

6 თვიდან 6 წლამდეა ყველაზე საშიში ასაკი. ეს ხდება მაშინ, როდესაც სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსზე მაღალია. მნიშვნელოვანი როლი ეკისრება გენეტიკურ ფაქტორებსაც. თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად სწრაფად იმატებს ტემპერატურა და რამდენად მაღალია ის. ცალსახა მიზეზი, თუ რატომ ხდება ფებრილური გულყრა, უცნობია. თუმცა, ეს გულყრა მიიჩნევა კეთილთვისებიანად, რადგან მას არ ახლავს ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება. მშობლებს ვურჩევ, რომ ნუ შეეშინდებათ მაშინ, როდესაც მაღალ ტემპერატურაზე ბავშვს გულყრა დაემართება. ეს ხშირი არ არის, მაგრამ გხვდება ხოლმე. ვერ ვიტყვით რა ტემპერატურაზე მოხდება, განმეორდება თუ არა, რა ინფექციის დროს მოხდება და მოხდება თუ არა საერთოდ. მშობლებმა ცივი გონებით უნდა შეხედონ ამ ფაქტს.

 

რა უნდა გააკეთოს მშობლემა პირველ რიგში, როდესაც ვითარდება გულყრა?

მშობელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვის სწორი პოზიცია, სასუნთქი გზები უნდა იყოს გამავალი. სასურველია იწვეს გვერდულად, თუ ღებინების შემთხვევა იქნება. უნდა იყოს ბავშვის თავი დაფიქსირებული, რადგან მოძრაობისას არ მოხდეს მისი დაზიანება. სასურველია გამოაღოთ ფანჯარა, რომ მეტი ჟანგბადის მიწოდება მოხდეს. გულყრა აუცილებლად გაჩერდება და უნდა დაელოდოს, მეტი მშობელს არაფერი არ ევალება.

 

მაღალი ტემპერატურის მართვა პირველ დღეებში განსაკუთღებით რთულია, მშობელი ამ დროს სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. რა არის ტემპერატურის დაწევის ყველაზე სწორი მეთოდი?

ოფიციალური რეკომენდაციით, უნდა გამოვიყენოთ სიცხის დამწევი პრეპარატები, ასევე იყენებენ სხეულის დაზელვის მეთოდებს, გრილ წყალს, ან ალკოჰოლის შემცველ ხსნარებს, ცხელებასთან საბრძოლველად არ არის სასურველი ეს უკანასკნელი გამოვიყენოთ, რადგან შეიძლება მოიწამლოს ბავშვი. ბავშვის ორგანიზმი უნდა დაიტვირთოს სითხით, იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში.

 

რა დროს უნდა მივცეთ სიცხის დამწევი ბავშვს. მართალია თუ არა მოსაზრება, რომ დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში სიცხის დამწევი კიდევ უფრო დაბლა დაწევს მას?

თუ ამ პრეპარატებს გამოვიყენებთ შესაბამისი დოზითა და რეჟიმით, დავიცავთ შუალედებს, გვერდით ეფექტებს რა თქმა უნდა ეს პრეპარატები ნაკლებად გამოავლენენ. აქ საინტერესოა, საერთოდ სჭირდება თუ არა პრეპარატი ბავშვს. თუ ის დისკომფორტს განიცდის, შეგვიძლია მივცეთ სიცხის დამწევი დაბალი ტემპერატურის დროსაც. თუ შესაბამისი დოზირებითა და შუალედით მოხდება სიცხის დამწევის გამოყენება, ის ტემპერატურას ნორმაზე დაბლა არ დაწევს.

 

სად გადის ზღვარი ტემპერატურის სახლის პირობებში მართვასა და სტაციონარში გადაყვანას შორის?

მხოლოდ ცხელებით თუ განვსაზღვრათ ამას, გვაქვს რეკომენდაციების ჩამონათვალი. როდესაც ბავშვი არის სამ თვემდე ასაკის, თუ მას აქვს 38-ზე მაღალი ტემპერატურა, ნებისმიერ შემთხვევაში მშობელმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. თუკი ბავშვი არის 3 თვიდან სამ წლამდე ასაკის და აქვს მაღალი ტემპერატურა სამ დღეზე მეტ ხანს, ამ შემთხვევაშიც მშობელმა ექიმს უნდა სთხოვოს დახმარება. სხვა ნებისმიერ ასაკში, როდესაც ტემპერატურა 39 გრადუსზე მაღალია, ასევე უნდა მიმართოთ ექიმს. ასევე, სამედიცინო დახმარებაა საჭირო თუკი ცხელებას თან ერთვის გამონაყარი, მორეციდივე ცხელება, რომელიც 7 დღეზე მეტ ხანს მიმდინარეობს და ა.შ.

 

ექიმთან ყველაზე ხშირად სიცხის, ან ხველების გამო ხდება მიმართვა, რა დროს არის საჭირო სისხლის საერთო ანალიზი?

სისხლის საერთო ანალიზი საკმაოდ ინფორმაციული კვლევაა. თუმცა, როდესაც ლაბორატორიულ კვლევებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ექიმთან უნდა იყოს შეთანხმებული. უნდა გავითვალიწინოთ, როგორ მიმდინარეობს დაავადება, ამის მიხედვით შეიძლება შეიტანოს ეჭვი ექიმმა რაიმე გართულებაში და დანიშნოს კვლევა. სისხლის საერთო ანალიზი საწყისი კვლევაა, ყველაზე მეტად მშობლები ერითროციტების დალექვის სიჩქარეზე ამახვილებენ ყურადღებას. ე.წ. როე მწვავე ანთების დროს იმატებს, გასათვალისწინებელია ინფექცია ვირუსულია თუ ბაქტერიული და რამდენ ხანს მიმდინარეობს ცხელება.

 

როდესაც ცხელებას ახლავს ხველა, რასთან გვაქვს საქმე ამ დროს?

ცხელება ყველაზე ხშირად ინფექციების დროს აღინიშნება. მწვავე ვირუსული ინფექციების უმრავლესობა მწვავე რესპირაციული ინფექციებია, ხშირად ცხელება და ხველა თანმდევია. ხველა სათანადო ყურადღებას საჭიროებს, ხველაც ისევე როგორც ცხელება, დამცველობით რეფლექსია და მიმართულია იმისკენ, რომ სასუნთქ გზებში არსებული უცხო ნაწილაკები მოიშოროს ორგანიზმმა თავიდან. ხველა თუ დაითრგუნა, გაჩნდება საშიშროება იმისა, რომ ინფექციის დროს სასუნთქ გზებში დაგროვებული უცხო მასებისგან გათავისუფლება ვერ მოხდეს და სწორედ ამ დროს ხდება გართულება – ქვედა სასუნთქი გზების ანთება.

 

ხშირად გვესმის რეკომენდაციები იმის შესახებ, რომ ბავშვები მოვარიდოთ ბაღებსა და სკოლებს, შეიძლება თუ არა გამოჯანმრთელებული ბავშვი წავიყვანოთ სკოლასა თუ ბაღში და რა დროს არის ის საშიში სხვა ბავშვებისთვის?

ბავშვი, რომელიც წარმოადგენს ინფექციის წყაროს, როგორც კი შედის თანატოლებთან, დანარჩენებისთვის დაავადების წყარო ხდება. ცხელებიდან მინიმუმ 24 საათი უნდა იყოს გასული, სანამ მას სახლიდან გაიყვანთ, თუმცა, უმჯობესია 2-3 დღე დააკვირდეთ ბავშვს. რაც შეეხება ხველას, როდესაც აღარ არის მწვავე, ის ხანგრძლივად რჩება ხოლმე და ამ დროს ბავშვი არ წარმოადგენს ინფექციის წყაროს.

 

რატომ ავადობენ პატარები ხშირად და რა არის ის აუცილებელი და მთავარი რეკომენდაცია იმისათვის, რომ დავიცვათ ისინი ვირუსებისგან?

ამ კითხვას პასუხი რომ გავცეთ, უნდა ვთქვათ, რას ნიშნავს ხშირად მოავადე ბავშვი. ეს ძირითადად ბაღში წასვლის პირველ წელს ხდება. ავადმყოფობათა დასაშვები სიხშირე ცივ სეზონზე არის 10-12 ავადმყოფობა. ეს დამოკიდებულია კოლექტივსა და ასაკზე. ბავშვი, რომელიც დადის საბავშვო ბაღში, უნდა იავადმყოფოს. რაც შეეხება პრევენციას, საჭიროა სწორი კვება, სიფხიზლისა და ძილის რეჟიმის დაცვა, დროული ვაქცინაცია, პირადი ჰიგიენის წესების გამკაცრება და ცხოვრების ჯანსაღი წესი. რაც შეეხება მკურნალობას, ამ დროს საჭიროა სიმპტომური საშუალებები. იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებება კი უნდა იყოს ერთდროულად ეფექტური და უსაფრთხო და ასეთი პრეპარატი მე არ მეგულება. ნუ დაიწყებთ ასეთი წამლების ძებნას, რადგან შეიძლება იმუნიტეტის ამაღლების ნაცვლად, ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოთ.

 

წყარო: http://fortuna.ge