Nuk
როგორ უნდა იკვებებოდეს ალერგიული ბავშვი

თარიღი: 11 ივნისი, 2015

როგორ უნდა დავიცვათ თავი სეზონური ალერგიისგან? როგორი უნდა იყოს ალერგიული ბავშვისა და მეძუძური დედის კვების რაციონი. ამ და სხვა მნიშვნელოვან შეკითხვებზე "ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის" დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი ალერგოლოგი მაია გოთუა გვიპასუხებს. 

- შეიძლება, ალერგია შეძენელი ან გენეტიკური იყოს?
- ალერგიის ჩამოყალიბებაში წამყვან როლს ალერგიის მიმართ მემკვიდრული, ანუ „ატოპიური“ განწყობა ასრულებს, თუმცა ალერგია შეიძლება ნებისმიერ ასაკში გენეტიკური დატვირთვის გარეშე ე.წ. “მოწმენდილ ცაზეც" გაჩნდეს, რასაც ხელს უწყობს ძლიერი სტრესი, მედიკამენტებით, ალერგენული საკვებითა და სხვა მძაფრი ალერგენებით ორგანიზმის გადატვირთვა, გასტროენტეროლოგიურ დაავადებათა ფონი, ორგანიზმის მიკროფლორის გაღარიბება, ჭარბი წონა, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ვირუსული ინფექციები, ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების დეფიციტი, გარემოს რადიაციული ფონის მომატება, ალერგენებითა და პოლუტანტებით ინტენსიური დაბინძურება და სხვ.
ალერგიის განვითარების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როცა ოჯახის ერთ-ერთი წევრი ალერგიითაა დაავადებული. თუ ალერგიულია ერთ-ერთი მშობელი, ბავშვის ალერგიის ალბათობა დაახლოებით 20%-40%-ია, ხოლო თუ ორივე ალერგიულია, დაავადების ალბათობა 50%-80%-ს აღწევს. ალერგიული რეაქციები მრავალფეროვანია, დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ თვისებებზე, ალერგენების ბუნებაზე, გარემო ფაქტორებზე, ფონური ქრონიკული დაავადებების არსებობაზე, რომლებიც ცვლიან ორგანიზმის საწყის იმუნურ სტატუსს და სხვ.

- რას გვეტყვით აცრის შემდგომ ალერგიაზე? აცრიდან რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ალერგია?
- ბავშვთა ასაკში ვაქცინაცია ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია და სასურველია ყველა, მათ შორის ალერგიისადმი მიდრეკილი ბავშვების აცრაც. ვაქცინები უსაფრთხოა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მაღალი რისკის მქონე პირებს, რომელთაც აღენიშნებათ ანაფილაქსიური, ანუ დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები (ბრონქოსპაზმი, ურტიკარია, ანგიოედემა, ანაფილაქსიური შოკი). ალერგიული ბავშვისათვის ზოგჯერ შეიძლება შეიქმნას ვაქცინაციის გადავადების ან შეწყვეტის საჭიროება, თუ ადგილი აქვს ანაფილაქსიურ რეაქციას. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აცრის შედეგად განვითარებული დაუყოვნებელი სისტემური ალერგიული რეაქციები უკიდურესად იშვიათია. მიუხედავად ამისა, ყველა აცრის კაბინეტი აღჭურვილია აუცილებელი სამკურნალო საშუალებებით, რათა 
აცრის შემდგომი ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში სათანადო დაუყოვნებელი დახმარება აღმოუჩინონ პაციენტს.

ალერგიის (ატოპიის) ჩამოყალიბების გენეტიკური რისკი გავლენას ახდენს ჩვილობის პერიოდში ვაქცინაციისადმი რეაგირების უნარზე (ალერგიულ რეაქციათა ინტენსივობა, ხანგრძლივობა). რისკი თუ სარგებელი - შეფარდება იხრება ვაქცინაციის სასარგებლოდ, რაც უნდა გადაწყდეს პედიატრისა და ალერგოლოგის ერთობლივი შეთანხმებით.

- დამტვერვის პერიოდში შეიძლება თუ არა ალერგიული ბავშვის დასასვენებლად წაყვანა? 
- დასასვენებელი ადგილის და დროის შერჩევა პაციენტისათვის ხდება ალერგოლოგის მიერ ინდივიდუალურად ალერგიის სპექტრისა და დაავადების კლინიკური თავისებურებების გათვალისწინებით. სასურველია ალერგიული ბავშვის მორიდება დამნაშავე ალერგენებთან კონტაქტისაგან.

- როგორი უნდა იყოს ალერგიული ბავშვის და მეძუძური დედის კვების რაციონი?
- ალერგიული ახალშობილებისთვის, ისევე როგორც უფრო წამოზრდილი ბავშვებისთვის დიეტა ინდივიდუალურია, ალერგიული ბავშვის რაციონს ადგენს ალერგოლოგი სათანადო გამოკითხვისა და გამოკვლევების საფუძველზე და უხამებს პედიატრის რეკომენდაციებს. ფეხმძიმე დედა უნდა ღებულობდეს ბალანსირებულ, ჯანსაღ კვებას, ზომიერად, განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე, რაც სასარგებლოა მისი და მისი შვილის ჯანმრთელობისათვის. ანალოგიური ეხება მეძუძურ დედას, რომელმაც ასევე უნდა მიიღოს ზომიერი (არაცხარე, არამჟავე, არა ძალიან ტკბილი ან ძალიან მარილიანი) საკვები, განსაკუთრებული მკვეთრი გადახრებისგან თავი შეიკავოს. რეკომენდებულია მოერიდოს გადამეტებულად ტკბილეულის, ყავის, კაკოს, გაზიანი სასმელების, თხილეულის და ნიგვზეულის მიღებას; არაა რეკომენდებული დაკონსერვებული და შებოლილი საკვების, მკვეთრი სანელებლებისა და ალკოჰოლის მიღება. თამბაქოს მოწევა დედის მიერ ყოვლად დაუშვებელია, ის ტოქსიკურია და აქვს მაღალი ალერგიზაციის უნარი. თუ ბავშვი აღმოჩნდება ალერგიული, დიეტას ურჩევს ბავშვსაც და მეძუძურ დედასაც ინდივიდუალურად ალერგოლოგი და პედიატრი. ახალშობილისთვის დედის რძე შეუცვლელია, ამიტომაც სასურველია ამ მხრივ მშობლის გულმოდგინება ძუძუთი კვების ხანგრძლივად უზრუნველყოფისათვის. თუ ბავშვს აქვს საეჭვო ალერგია ძროხის რძის მიმართ, საჭიროა ალერგოდიაგნოსტიკა და რძის სათანადო ჰიპოალერგიული და ექსტენსიური ნარევების გამოყენება ალერგოლოგის და პედიატრის შეთანხმებით.თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, ალერგიის ნიშნების გაჩენისთანავე მას კვების განსაკუთრებული რეჟიმი და საკვები უნდა შევურჩიოთ. 
ნუ იჩქარებთ ალერგიული ბავშვებისთვის დამატებითი საკვების მიცემას. ყოველი ახალი პროდუქტი მიეცით ფრთხილად - წვეთწვეთობით ან მცირე ულუფებით. ალერგიულ ბავშვებს შეიძლება უსაფრთხო და სრულფასოვანი რაციონი შევუდგინოთ, ალერგოდიაგნოსტიკის შემდეგ, თუ ზუსტად გავიგებთ, რომელი საკვები ვნებს მათ.თუ ბავშვი ალერგიულია, უნდა შეიზღუდოს მეტისმეტად მარილიანი, ცხარე, სანელებლებიანი და ტკბილი საკვები. ერიდეთ აგრეთვე ისეთ საკვებს, რომელიც შეიცავს კვებით დანამატებსა და საღებავს. არასასურველია შოკოლადის, კაკაოს, თხილეულის, ციტრუსების,ჭარბი გამოყენება. დაუშვებელია კონსერვირებული და შებოლილი პროდუქტების გამოყენება.

- გარკვეულ საკვებზე შეზღუდვა საერთოდ გამორიცხავს მათ კვების რაციონში ჩართვას, თუნდაც მცირე რაოდენობით?
- ალერგიული ბავშვის მართვა გულისხმობს მის ადაპტაციას გარე სამყაროსთან და კვებასთან. საკვების კატეგორიული ამოღება კვებიდან დამოკიდებულია პაციენტის სიმძიმეზე. სასურველია მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ ალერგიული პროდუქტი უმცირესი ულუფებით ნელ-ნელა შევაჩვიოთ ორგანიზმს, რაც უნდა განხორციელდეს ალერგოლოგთან შეთანხმებით.

- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ალერგიის მძიმე ფორმას ბავშვებში?
- ალერგიულ დაავადებათა სიცოცხლისათვის ყველაზე საშიში გართულებაა ანაფილაქსიური შოკი, რასაც ხშირად თან ახლავს ჭინჭრის ციება, ანგიოედემა, ბრონქოსპაზმი, ლარინგოსპაზმი. ანაფილაქსია ყველაზე ხშირად ასოცირებულია კვებით ალერგიასთან, პენიცილინის, ლოკალური ანესთეტიკების, ტკივილდამაყუჩებელი მედიკამენტების და მწერების ნაკბენის ალერგიასთან.

- რამდენად დასაშვებია ალერგიული ბავშვის ცურვაზე ტარება?
- ბავშვის ალერგიულობის თავისებურება განსაზღვრავს ცურვის ჩვენებასა და უკუჩვენებას. ცურვა ძალიან სასარგებლოა, ამიტომ მისი უკუჩვენებანი გულდასმით უნდა შეფასდეს ალერგოლოგთან ერთად. კერძოდ, ის არაა რეკომენდებული ქლორის, სოკოვანი ალერგენების მიმართ გამოხატული სენსიბილიზაციის დროს. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ თუ ქლორის შემცველობა ერთ ლიტრ წყალში 0,4-0,6 მილიგრამი იქნება, ის პრაქტიკულად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ქლორზე ალერგიული რეაქციის განვითარება გამორიცხული არ არის. ამ დროს ადგილი აქვს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციას ქლორის მიმართ, რომელიც აშრობს კანის საფარველს. აუზში ბანაობის შემდეგ სასურველია კანის წყლით საფუძვლიანად ჩამობანა და გამშრალება.

- რა გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო ალერგიის „მიზეზის“ მისაგნებად?
- ალერგიის გამოსავლენად ტარდება ზოგადი და სპეციფიკური კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები, რასაც კონკრეტული პაციენტისათვის ადგენს ალერგოლოგი. ალერგენის, ან ალერგენთა ჯგუფის დასადგენად კეთდება კანის ალერგოლოგიური სინჯები (პრიკ და ფეჩ ტესტები) თვითონ ადამიანზე. სისხლის შრატში ალერგენების მიმართ სპეციფიკური იმუნოგლობულინ E-ს შემცველობის გამოვლენით ხორციელდება ამა თუ იმ ალერგენისა და ზოგადად ალერგიული განწყობის გამოვლენა. ალერგოდიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტს“ წარმოადგენს პროვოკაციული ტესტები სავარაუდო დამნაშავე ალერგენებით.

- იკურნება თუ არა ალერგია? 
- არსებობს ალერგიის მკურნალობის სამი გზა: ელიმინაციური (ალერგენისგან თავის დაღწევის გზით), მედიკამენტური და იმუნოთერაპია (ალერგიული აცრები). ოპტიმალური და ნებისმიერ შემთხვევაში განსახორციელებელი მეთოდია ელიმინაცია - ალერგენის მოცილება ან მისი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა. ადვილი მისახვედრია, რომ ამის გაკეთება უმეტესად პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომაც მკურნალობა და პრევენცია მედიკამენტებით იწყება და სტაბილური ეფექტის შემთხვევაში სხვა მეთოდის გამოყენება დღის წესრიგში აღარ დგება. თუ მდგომარეობა არ ემორჩილება მედიკამენტებს და აუცილებელი ხდება მათი რეგულარული გამოყენება, მივმართავთ ალერგიულ აცრებს - იმუნოთერაპიას. ეს მეთოდი სტაბილურ ეფექტს იძლევა და შესაძლებელია პაციენტის განკურნებით დამრთავრდეს. 

- როგორ უნდა დავიცვათ თავი სეზონური ალერგიისგან?
ყვავილობის პერიოდში ეცადეთ არ გახვიდეთ სახლიდან მზიან და ქარიან ამინდში მზის სათვალეების გარეშე, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ რესპირატორი.
არ გააღოთ ფანჯრები სახლის გასანიავებლად დღის პირველ ნახევარში, როდესაც პოლინაციის ინტენსივობა მაღალია, ამ პერიოდში გამოიყენეთ კონდენციონერი.
არ მიიღოთ თაფლი, რადგან მასში შეიძლება ყვავილების მტვერი აღმოჩნდეს.
მანქანით მგზავრობისას დღისით არ გააღოთ ფანჯრები.
გაეცანით მცენარეთა „ყვავილობის რუკას“ და მიადევნეთ ყურადღება ამინდის პროგნოზს - წვიმიანი ამინდი სასიკეთოა მცენარეული მტვრის მარცვლის მიმართ ალერგიული პაციენტებისათვის, ქარიანი- კი სახიფათო.
ბალახების მიმართ ალერგიული პაციენტები უნდა მოერიდნენ ბალახის მოთიბვას, გაკრეჭას, თივის ზვინებს, განსაკუთრებით ქარიან ამინდში მინდვრებში სეირნობას და მიეშურონ ფოთლოვან ტყეს.
სეზონური მცენარეული ალერგიის მქონე პაციენტები უნდა მოერიდნენ ფიზიკურ აქტივობას ბუნებაში.
სეზონის დადგომამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე მიმართეთ ალერგოლოგს საკონსულტაციო ვიზიტისათვის.