Nuk
სპორტული აქტივობის გავლენა ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე

თარიღი: 19 დეკემბერი, 2019

ბოსტონის სამედიცინო სკოლის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც ჩართული არიან სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ნაკლებად აქვთ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.

მკვლევარები ვარაუდობდნენ, რომ რისკ-ჯგუფის ბავშვების სპორტში ჩართულობა იქნებოდა ეფექტური ადრეული ინტერვენცია. ამ ჰიპოთეზაზე დაყრდნობით მათ გამოიკვლიეს კავშირი ბავშვების სპორტში ჩართულობასა და მენტალური ჯანმრთელობის სიმპტომებს შორის. აღმოჩნდა, რომ ბავშვებს, რომლებიც ჩართულები იყვენენ ერთ სპორტის სახეობაში ან საერთოდ არ იყვნენ ჩართულები, აღენიშნებოდათ მეტი არიდებადი ქცევა და დეპრესიული სიმპტომები, ხოლო ორ ან მეტ სპორტში ჩართულობა აღმოჩნდა „ჯადოსნური რაოდენობა“.

კვლევა წარმოადგენდა 6-დან 11 წლამდე ასაკის 206 ბავშვის მონაცემების მეორად ანალიზს, რომელთა 51% იყო ბიჭი.

ფსიქიკური სფეროს შეფასება მოხდა CBCL-ის (Child Behavior Checklist-ის) იმ პუნქტების შეფასებით, რომლებიც აღწერს ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობას (მშფოთვარე/დათრგუნული; არიდებადი ქცევა/დათრგუნული; სომატური ჩივილები; სოციალური პრობლემები; კოგნიტური პრობლემები; ყურადღების პრობლემები და აგრესიული ქცევა).

ბავშვთა ფსიქიატრები მიიჩნევენ, რომ სპორტში ჩართულობის რეკომენდირება კარგი ალტერნატივაა რისკ-ჯგუფის ბავშვებში ფსიქიკური პრობლემების პრევენციისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ ასაკში არ არის სასურველი მედიკამენტური მკურნალობა.

მნიშვნელოვანია, რომ სპორტის რამდენიმე სახეობაში ჩართული ბავშვები სპორტულ აქტივობებში მონაწილეობენ მთელი წლის განმავლობაში და არა მხოლოდ ერთ სეზონზე. მნიშვნელოვანი ფაქტორია არამარტო ფიზიკური აქტივობის დადებითი ზეგავლენა, არამედ მეგობრობა, რომელიც თან ახლავს სპორტში ჩართულობას. ბავშვები არიან საერთო ინტერესის მქონე გუნდში. შესაბამისად, საუბრის დაწყება გუნდელებთან უფრო მარტივია, რაც ამაღლებს მათ თავდაჯერებას სხვა თემებზე სასაუბროდაც. ამასთან ერთად, სპორტში ჩართული ბავშვები ნაკლებად მოიხმარენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს და/ან არ არიან ჩართულნი არასასურველ აქტივობებში.

კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტში რეგულარული ჩართულობის დადებითი გავლენა როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

კვლევის შედეგები წარმოდგენილი იყო ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის ამერიკის აკადემიის (American Academy of Child & Adolescent Psychiatry – AACAP) 66-ე, 2019 წლის შეხვედრაზე.

წყარო: https://mhc.ge/