Nuk
სწორი ნაწლავის სიმსივნე

თარიღი: 10 ივნისი, 2020

რა არის სწორი ნაწლავის სიმსივნე
სწორი ნაწლავი მსხვილი ნაწლავის დისტალური ანუ ბოლო ნაწილია და მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში. მისი სიგრძე 15-18სმ-ია. ნაწლავში ხდება სითხის, მარილებისა და ზოგიერთი მედიკამენტური ნივთიერების შეწოვა ასევე ფეკალური მასების დაგროვება, შეკავება და რეფლექსური გამოდევნა. სწორი ნაწლავის კიბო ავთვისებიანი დაავადებაა და ვითარდება ლორწოვანი გარსის ეპითელური უჯრედების სიმსივნური გადაგვარებით. იგი იზრდება ნელა, შესაძლოა წლების განმავლობაშიც, ახასიათებს მეზობელ ორგანოებში ჩაზრდა და სწორი ნაწლავის ლიმფური და ვენური გზებით სიმსივნური უჯრედების გავრცელება ანუ მეტასტაზირება, უფრო ხშირად ღვიძლში, ფილტვებში, მიმდებარე და შორეულ ლიმფურ კვანძებში.
კლინიკური ნიშნები და სიმპტომები
სწორი ნაწლავის კიბოს კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, სიმსივნის ზომასა და მის ლოკალიზაციაზე. რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით დაავადების I-II სტადიაში დამახასიათებელია დაავადების ფარული მიმდინარეობა. სიმსივნე შეიძლება შემთხვევით აღმოჩნდეს პროფილაქტიკური გასინჯვის ან სკრინინგული კვლევის დროს. ყველაზე ხშირი სიმპტომია სისხლდენა. რომელიც უხშირესად უმნიშვნელოა, სისხლი შერეულია ფეკალურ მასებთან. ბუასილიდან ალისფერი სისხლდენისგან განსხვავებით, სისხლი შედარებით მუქი ფერისაა. მოგვიანებით აღინIშნება პათოლოგიური სისხლიან-ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი. სიმსივნის ზრდასთან ერთად თავს იჩენს ნაწლავის ფუნქციური დარღვევები: ფაღარათი, შეკრულობა, ხშირი ჭინთვები, ავადმყოფს აქვს გარეთ გასვლის ხშირი მოთხოვნილება, მაგრამ მიდგომის დროს გამოყოფს მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით ლორწოს. განავალი იღებს ლენტისებრ ფორმას. ტკივილი იწყება უფრო მოგვიანებით, სიმსივნის ადგილობრივად, მეზობელ ორგანოებზე ან ქსოვილებზე გავრცელებისას, ხშირია გაუვალობაც. III-IV სტადიით დაავადებისას ყურადღებას იპყრობს ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა - საერთო სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება, უძილობა, მადის დაკარგვა და სხვა.
სტატისტიკა
ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა ცხადყო, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება სწორი ნაწლავის კიბოთი ავადობის ინტენსიური მატება. ეს ტენდენცია ყველაზე მეტად გამოხატულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც სწორი ნაწლავის კიბოს ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში II-III ადგილი უკავია. საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში სწორი ნაწლავის კიბომ IV-დან III ადგილზე გადაინაცვლა ძუძუსა და ფილტვის კიბოს შემდეგ. ყოველწლიურად ჩვენს ქვეყანაში სწორი ნაწლავის კიბოს 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. სწორი ნაწლავის კიბოთი მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები. ყველაზე ხშირად ავადდებიან 50 წლისა და მეტი ასაკის პირები. აქვე შევნიშნავთ, რომ ასაკის ზრდასთან ერთად ორჯერ და მეტად მატულობს ავადობის მაჩვენებელი. ქალაქის მოსახლეობა სოფლისაზე 3-ჯერ უფრო ხშირად ავადდება სწორი ნაწლავის კიბოთი. ამ შემთხვევაში გარკვეულ როლს თამაშობს კვების ფაქტორი. სწორი ნაწლავის კიბო უფრო გავრცელებულია მოსახლეობის იმ პოპულაციაში, სადაც კვების რაციონში ხშირად გამოიყენება ხორცი, ცხოველური ცხიმები და რაფინირებული ნახშირწყლები. ნაწლავში ამ პროდუქტების დაშლის შედეგად წარმოიქმნება ისეთი კანცეროგენული ნივთიერებები, როგორებიცაა ინდოლი, სკატოლი და გუანიდინი, რომელთა ხანგრძლივი მოქმედება ნაწლავის ლორწოვან გარსზე (განსაკუთრებით შეკრულობის დროს) იწვევს სიმსივნის განვითარებას. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც კვების რაციონში ჭარბად ხმარობს მცენარეულ საკვებს და ხილს, ნაკლებად ავადდება სწორი ნაწლავის კიბოთი. ბოსტნეული და ხილი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას და ამცირებს პოტენციური კანცეროგენების ექსპოზიციას სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსზე. თანამედროვე ადამიანის ცხოვრების არაჯანსაღი წესი, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, ჰიპოდინამია, სხეულის ჭარბი წონა ასევე ადუნებს ნაწლავის პერისტალტიკას და ამით ხელს უწყობს სიმსივნური პროცესის განვითარებას. სწორი ნაწლავის კიბოს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კიბოსწინარე დაავადებები - სწორი ნაწლავის ერთეული და მრავლობითი ჯირკვლოვანი პოლიპები, დიფუზური ანუ ოჯახური პოლიპოზი და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი.
დიაგნოსტირება
სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოსტიკა კომპლექსურია. იგი ემყარება კლინიკური, ენდოსკოპიური, ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევების მონაცემებს.
მკურნალობა
სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობის ძირითადი მეთოდი ოპერაციულია, რომელიც დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, სიმსივნის ზომაზე, ლოკალიზაციასა და მეტასტაზების არსებობაზე. ძირითადი მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს დაავადებულ ავადმყოფთა ოპერაციისშემდგომ განკურნებას, დაავადებული ნაწლავის რადიკალური ამოკვეთაა მეტასტაზებთან ერთად. თუ სიმსივნე სწორი ნაწლავის შუა და ზემო მესამედში მდებარეობს, შესაძლებელია ნაწლავის ნაწილობრივი ამოკვეთა და მისი ფიზიოლოგიური ფუნქციის შენარჩუნება. სიმსივნის ნაწლავის ქვემო მესამედში არსებობისას ოპერაცია მთავრდება სწორი ნაწლავის ამოკვეთით და მსხვილი ნაწლავის გამოტანით მუცლის წინა კედელზე ერთლულიანი კოლოსტომის სახით. სწორი ნაწლავის III სტადიის კიბოს დროს ტარდება კომბინირებული მკურნალობა - ოპერაციისწინა ქიმიო- ან სხივური თერაპია, შემდეგ ოპერაცია. სწორი ნაწლავის IV სტადიის კიბოს დროს, როდესაც მეტასტაზებით დაზიანებულია შორეული ორგანოები, რიგ შემთხვევაში ტარდება კომბინირებული ქირურგიული ოპერაცია - სიმსივნით და მეტასტაზებით დაზიანებული ორგანოების ერთდროული ან გადავადებული ამოკვეთა. ინოპერაბელობის შემთხვევაში, ანუ როდესაც ოპერაცია შეუძლებელია - ნაჩვენებია ქიმიოთერაპია.