მოქმედებს თუ არა ხელოვნური განაყოფიერება ბავშვის ჯანმრთელობაზე?

თარიღი: 15 თებერვალი, 2018

ცნობილია, რომ რეპროდუქციული ასაკის წყვილებში ყოველ მეშვიდეს უშვილობის პრობლემა აქვს. უშვილობის დიაგნოზი ისმება  მაშინ, როდესაც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გარეშე ფეხმძიმობა არ დგება ერთწლიანი რეგულარული სქესობრივი კავშირის ფონზე. ინ ვიტრო ანუ ხელოვნური განაყოფიერება ითვლება ქალისა და მამაკაცის სხვადასხვა ფაქტორით  გამოწვეული უშვილობის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ საშუალებად. ხშირ შემთხვევაში აღნიშნულ მეთოდს მიმართავენ მას  შემდეგ, რაც უშვილობის პრობლემის გადასაჭრელად იქნა გამოყენებული ყველა სხვა ალტერნატიული საშუალება და შედეგი ვერ იქნა მიღწეული. ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების წყალობით მრავალი ოჯახი გაბენდიერდა და დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოს 6,5 მილიონზე მეტი სიცოცხლე შეემატა. საქართველოში ინვიტრო განაყოფიერებას 20 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და ხშირ შემთხვევებში ითვლება უშვილობის მკურნალობის უალტერნატივო  საშუალებად. მიუხედავად ამ  მეთოდის მაღალი ეფექტურობისა პარალელურად ხშირად ისმის კითხვები აღნიშნული მეთოდის  გამოყენების უსაფრთხოობის, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვების ჯანმრთელობის სტატუსის,  თანდაყოლილი დაავადებების და აუტიზმის მომატებულ რისკის შესაძლო არსებობის შესახებ. ინ ვიტრო განაყოფიერების გზა -  მიმავალი სანუკვარი ოცნების ახდენისკენ – არის თუ არა სახიფათო? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მივმართეთ მეან-გინეკოლოგს, რეპროდუქტოლოგს, აკადემიურ დოქტორს მედიცინაში – ანი  მორჩილაძეს. 

ბუნებრივი გზით გაჩენილ ბავშვებთან შედარებით როგორია ინ ვიტრო განაყოფიერების გზით ჩასახულ ბავშვებში განვითარების  თანდაყოლილი დაავადებების  რისკი? 

- მრავალი კვლევა იქნა ჩატარებული ინვიტრო განაყოფიერებითა და ბუნებრივი გზით გაჩენილი ბავშვების ჯანმრთელობის  მდგომარეობის შესადარებლად. რიგ მათგანში არ იქნა ნანახი განსხვავება თანდაყოლილი დაავადებებისა და განვითაერების  შეფერხებასთან კავშირში., თუმცა ზოგიერთ კვლევაში გამოიკვეთა მომატებული ემოციური ლაბილობა, დაქვეითებული  შემეცნებითი და მეტყველების უნარჩვევები, ცერებრალური დამბლის უპირატესად განვითარების შედარებით მომატებული შემთხვევევბი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით გაჩენილ ბავშვებში.

და თუ ამ მაჩვენებლებს ციფრებით გამოვსახავთ, როგორია მათ შორის თანაფარდობა?

 - ცნობილია რომ ახალშობილთა დეფექტები ვლინდება სპონტანური ანუ ბუნებრივი გზით გაჩენილი ბავშვების 4-5  %-ში. ინვიტრო  განაყოფიერების შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი  შეადგენს 6-9 %-ს. თუმცა, მნიშვნელოვანია იმ  ფაქტის გათვალისწინება,  რომ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ცენტრებს მიმართავენ წყვილები გაცილებით გვიანი რეპროდუქციული ასაკის (>40 წელზე) და ასევე უკვე არსებული სხვადასხვა  ჯანმრთელობისათვის ხელშემშლელი ან არასასურველი ფაქტორის არსებობის ფონზე. საფიქრებელია, რომ  თანდაყოლილი  დაავადებების  შედარებით მომატებული  მაჩვენებელი დამხმარე  რეპროდუქციული  ტექნოლოგიების გზით გაჩენილ ბავშვებში დაკავშირებულია არა უშუალოდ ინ ვიტროს ტექნიკურ პროცედურებთან არამედ უშვილობის გამომწვევ მიზეზებთან არის კავშირში. 

ახდენს  თუ  არა თანდაყოლილი დაავადებების არსებობაზე ზეგავლენას გადატანილი ემბრიონების  რაოდენობა?

რა თქმა უნდა ახდენს,  და  რაც  კიდევ   უფრო   ყურადსაღებია -  რომ  აღნიშნული  ზეგავლენა უმრავლეს  შემთხვევაში  ნეგატიურია. ძირითადი პრობლემები,  რომელთა   წინაშეც   ინ  ვიტრო  განაყოფიერების   შემთხვევაში შეიძლება   აღმოვჩნდეთ  -  დაკავშირებულია  მრავალნაყოფიან ორსულობასთან,  რასაც   ხშირ   შემთხვევაში  თან  სდევს ნაადრევი  მშობიარობა -  ორსულობის  28-34  კვირის  ვადაზე,  ახალშობილთა  მცირე  წონა  და   სასიცოცხლო  ორგანოების მოუმწიფებლობა  დაბადების მომენტისათვის. აღნიშნული დღენაკლი  ახალშობილების გამოზრდა ინტენსიური  თერაპიის მქონე სამშობიარო  სახლებში საკმაოდ  დიდ  ფინანსურ  ხარჯებთან არის დაკავშირებული   გარდა  იმ  სტრესული   ფაქტორისა,  რისი  გადატანაც უხდებათ  მშობლელბს  კვირეების  და  ზოგჯერ თვეების  მანძილზე. მეორეს მხრივ  წყვილის  სურვილი  და  რიგ  შემთხვევებში  მოთხოვნაც კი გარკვეულ წილად  გამართლებულია საქართველოში შექმნილი  საკმაოდ  არასახარბიელო სოციო-ეკონომიკური  მდგომარებით.

ვფიქრობ, რომ თქვენთან მოსული პაციენტთა უმრავლესობა  დაჟინებით მოითხოვს ერთდროულად რამოდენიმე ემბრიონის გადატანასაც კი -  იმაზე  ფიქრით და იმედით, რომ იქნებ ერთ-ერთი მაინც მიემაგრება საშვლოსნოს ღრუს. 

 - აბსოლიტურად  მართალი ბრძანდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ აანალიზებენ, თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება   აღმოჩნდნენ მომავალში ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში, რაც ტყუპი ნაყოფით ორსულობისას 25-30 % -ით მომატებულია. 

ცნობილია, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ინ ვიტრო განაყოფიერება ფინანსდება. როგორია საქართველოს რეალობა? 

 - სამწუხაროდ ხელოვნური განაყოფიერებისათვის გაღებული ხარჯები არ იფარება არც კერძო სადაზღვეო კომპანიების მიერ და არც  სახელწიფო დაფინანსების  პროგრამებშია ჩართული. წყვილის მიერ წლების  განმავლობაში ნაგროვები და გამოზოგილი თანხა  -  ორიენტირებულია პირველლივე მცდელობისას დადებითი შედეგის მიღებაზე. ერთზე მეტი გადასატანი ემბრიონის ტრანსფერისას იზრდება ნანატრი ორსულობის მიღების ალბათობა. ვფიქრობ, რომ აბსოლიტურად გაუმართლებელია ორსულობის დადგომის ფასად მომავალი ბავშვების ჯანმრთელობის  მდგომარეობის რისკის ქვეშ  ჩაყენება. სკანდინავიის  ქვეყნები მიეკუთვნებიან ეპროპის იმ ერთ-ერთი პირველი  ქვეყნების რიცხვს, სადაც იქნა შემოღებული  სელექტიური ემბრიოტრანსფერი და აღნიშნული პროცედურები  მკაცრად კონტროლირდება სახელმწიფოს  მიერ. ზემოაღნიშნული ქმედებით მნიშვნელოვნად  იქნა შემცირებული როგორც ბავშვთა  დაავადებების ასევე ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

ძირითადად რომელი ორგანოთა დაავადებების  რისკია  მომატებული ხელოვნური  განაყოფიერების   შემთხვევაში?

- ინვიტრო განაყოფიერების გზით გაჩენილ ბავშვებში უმთავრესად გვხვდება არა სტატისტიკურად სარწმუნოდ მნიშვნელოვანი, არამედ მცირედით მომატებული ალბათობა კუჭ-ნაწლავთა, კარდიო-ვასკულარული, უროგენიტალური და ძვალ-კუნთოვანი სისტემის დეფექტების შესაძლო არსებობის, ბუნებრივი  გზით გაჩენილ ბავშვებში ანალოგიურ  მაჩვენებლებთან შედარებით. აღნიშნულის  გამოვლინება  შეიძლება იყოს გულის კამერათაშორისი ძგიდის დეფექტები, სპინა ბიფიდა, ჰიპოსპადია, მგლის სასა, საყლაპავისა  და ანორექტალური არის ატრეზია.


ხელოვნური განაყოფიერების გზით  გაჩენილი ბავშვების  ფიზიკური, გონებრივი და ნევროლოგიური განვითარება არის  ყველაზე  მნიშვნელოვანი  ასპექტები, როდესაც განიხილება ის ინვიტრო განაყოფიერების პოტენციური ნეგატიური ეფექტები. თუ  შეიძლება მოკლედ აგვიხსნათ, თუ  რა  არის აუტიზმი და  არის  თუ  არა  აღნიშნული  დაავადება კავშირში ინვიტრო განაყოფიერებასთან? 

- აუტიზმი არის ნეიროგანვითარების სერიოზული დარღვევა და ახასიათებს კომუნიკაციებისა და სოციალური ურთიერთობების მნიშვნელოვანი დეფიციტი, ხშირად თან ახლავს განმეორებადი და შეზღუდული ქცევები. აუტიზმის მქონე პირებთან სწორედ კომუნიკაციის სოციალური  ასპექტი, მაგალითად  სხვისთვის საკუთარი გრძნობების და აზრების გაზიარება წარმოადგენს  სირთულეს.
 

რამდენად ხშირია აუტიზმის შემთხვევა?

- უახლესი დაკვირვებების თანახმად, დაავედებების მართვისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით - აშშ- ში 8 წლის ასაკის   ბავშვებში 68 ბავშვიდან ერთს აუცილებლად გამოვლენილი ექნება აუტისტური სპექტრის დარღვევა. 

ცნობილია  აუტიზმის   გამომწვევი  ფაქტორები?

- მრავალი კვლევა არის ჩატარებული აუტიზმის გამომწვევი რისკ-ფაქტორების დასადგენად, თუმცა არცერთ მათგანს არა აქვს  სარწმუნოობის მაღალი ინდექსი. აუტიზმის ეტიოლოგია დღემდე დაუდგენელია, განიხილება როგორც მულტიფაქტორული დარღვევა, სადაც წამყვანი ადგილი უკავია გენეტიკურ და გარემო ფაქტორებს. სხვადახვა რისკ-ფაქტორებს შორის ასევე წლების  განამვლობაში განიხილება – ინვიტროგანაყოფიერება, თუმცა მისი როლი აუტიზმის განვითარებაში  დღემდე დისკუტაბელურია.  აუტიზმი  ხშირად ვაჟებში ვლინდება - სქესობრივი  თანაფარდობით გოგონებთან – 4:1 და  ახასიათებს  მჭიდრო ასოციაციური  კავშირი ისეთ პრე  და პერინატალურ გართულებებთან, როგორიცაა – ნაადრევი მშობიარობა, დაბალი მასის წონა დაბადებისას  და  გესტაციური დიაბეტი. ტყუპების შემთხვევაში თუ  ერთ-ერთს აღენიშნება აუტიზმის სპექტრის  დარღვევა, მეორესთან აღნიშნული დარღვევების  ალბათობა – მონოზიგოტური ტყუპების  შემთხვევაში – 70-80 %, დიზიგოტურის შემთხვევაში  აღნიშნული  მაჩვენებელი  5-20 %  შეადგენს. მშობლების  მაღალი სოციო-ეკონომიკური სტატუსი, ასაკი 40 წელი და ზევით, თეთრი რასა და  წინაპრებში ფსიქიატრიული დაავედებებით დამძიმებული ანამნეზი –შესაძლოა ჩაითვალოს აუტიზმის გამომწვევ რისკ-ფაქტორებად. 

რამდენად შესაძლებელია ემბრიონის  საშვილოსნოს  ღრუში  გადატანამადე აუტიზმის  დიაგნოსტირება? 

- აუტიზმის გამოვლენის მრავალფეროვნება სპეციალისტთა შორის ხშირად იწვევს აზრთა რადიკალურ  სხვადასხვაობას. აუტიზმის  დიაგნოსტიკური  კრიტერიუმები  მუდმივად იცვლება ახალი მტკიცებულებების საფუძველზე. აუტიზმს ხშირად მოიხსენიებენ დაავადებად, მაშინ  როდესაც ის  განვითარების შეფერხება და არა დაავადებაა. აქედან  გამომდინარე, აუტიზმის დიაგნოსტირება  შეუძლებელია  სისხლის  ანალიზის, სამედიცინო ტესტებისა და პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგების საშუალებით. დიაგნოზი უმთავრესად ბავშვის ქცევაზე დაკვირების შედეგად და  მშობლებსა და საბავშვო ბაღის ან სკოლის პედაგობებთან საუბრის საფუძველზე  დგინდება. 

როგორია ხელოვნური განაყოფიერების როლი აუტიზმის განვითარებაში?

- რიგ კვლევებში ნაჩვენები  იქნა აუტიზმის სპექტრის დარღვევების და გონებრივი სისუსტის მომატებული ალბათობა ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექციის (ICSI) მეთოდით გაჩენილ ახალშობილებში, შედარებით იმ ბავშვებთან, რომლებიც  დაიბადნენ  მხოლოდ ტრადიციული  ხელოვნური განაყოფიერების გზით. ზემოაღნიშნული მიუთითებს მამაკაცის სპერმატოგენეზის მძიმე  დარღვევებით გამოწვეული უშვილობის შედარებით მაღალი ხვედრითი წილის როლს აუტიზმის  განვითარებაში. ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე – ინვიტრო განაყოფიერება შეიძლება ჩაითვალოს აუტიზმის სპექტრის დარღვევების  განვითარების რისკ-ფაქტორად. სავარაუდოდ აღნიშნული კავშირი  შესაძლოა განპირობებული იყოს ეპიგენეტიკური ფაქტორებით, რაც უკავშირდება ჰორმონალურ სტიმულაციას, სპერმის დამუშავებას, საკულტივაციო ნიადაგებს, დაგვიანებულ  ინსემინაციას.

შესაძლებელია თუ  არა  ჯერ  კიდევ  მუცლად ყოფნის  პერიოდში თანდაყოლილი  დაავადებების   დიაგნოსტირება?

რა თქმა უნდა, როგორც სპონტანური ასევე ინ ვიტრო განაყოფიერების გზით ჩასახული ორსულობების მართვისას მოწოდებულია  ფეხმძიმობის სხვადასხვა ვადებზე  სკრინინგული ტესტების წარმოება - როგორც ბიოქიმიური ასვე  ულტრაბგერთი პარამეტრების  განასაზღვრა - ემბრიონის/ნაყოფის რიგი გენეტიკური დაავადებების და განვითარების სტრუქტურული ანომალიების დასადგენად. 

მსმენია, რომ გარკვეულ  შემთხვევებში ქართველი პაციენტები მიმართავენ უცხოეთის  ქვეყნებს კვალიფიციური დახმარების  მისაღებად. არის თუ  არა შესაძლებელი საქართველოში აღნიშნული კვლევების ჩატარება?

ჩვენს კლინიკაში გარდა ორსულობის დროს მოწოდებული სტანდარტული ორმაგი და სამმაგი ბიოქიმიური ტესტებისა, პაციენტებს  უტარდებათ ასევე არაინვაზიური, დედის სისხლში თავისუფალი დნმ-ის ფრაქციის განსაზღვრა გენეტიკური დაავდებების - დაუნი, ედვარდსი, პატაუ-ს და სასქესო ქრომოსომების ცვლილებებით გამოწვეული  დაავედებების გამოსავლენად. უცხოურ პარტნიორებთან კოლაბორაციის მეშვეობით კლინიკა “ინ ვიტრო”ში  მოსულ პაციენტს საჭიროების შემთხვევაში შეთავაზებული აქვს ემბრიონის გადატანამდე - მისი გენეტიკური ხარისხიანობის შეფასება - პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირების საფუძველზე. 

მოკლედ რომ  შევაჯამოთ, სწორედ  წარმართული ინ ვიტრო  განაყოფიერების პროცესი, სელექტიური ემბრიოტრანსფერი  და ორსულობის პერიოდში ჩატარებული სკრინინგული – ინვაზიური  თუ  არაინვაზიური ტესტები -  ჯანმრთელი  ახალშობილის  გაჩენის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელ მომავალზე!

 

მისამართი:ქ.თბილისი, ლუბლიანას2/6

ქ.ბათუმი,ვახტანგ გორგასლის 159ბ

ტელ: +995 32 2 15 77 77

www.invitro.ge

Facebook: In Vitro Clinic.კლინიკა ინ ვიტრო