Plasmon
კარდოპანი-სანოველი / CARDOPAN-SANOVEL


შემადგენლობა:
შემოგარსული ტაბლეტი - 1 ტაბ.
ვალსარტანი - 320 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰიპერტენზული საშუალება 
ათქ კლასიფიკაციის კოდი – C09CA03

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ანგიოტენზინ II წარმოადგენს რენინინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის (რაას) აქტიურ ჰორმონს, რომელიც წარმოიქმნება ანგიოტენზინ I-დან აგფ-ის მონაწილეობით. ანგიოტენზინი II უკავშირდება სხვადასხვა ქსოვილებში უჯრედულ მემბრანებზე განლაგებულ სპეციფიკურ რეცეპტორებს. მას გააჩნია ფიზიოლოგიური ეფექტების ფართო სპექტრი, რომელშიც პირველ რიგში შედის მისი როგორც უშუალო, ასევე არაპირდაპირი მონაწილეობა არტერიული წნევის რეგულაციაში. წარმოადგენს რა, სისხლძარღვთა შემავიწროვებელ ძლიერ საშუალებას, ანგიოტენზინ II იწვევს პირდაპირ ვაზოპრესულ ეფექტს. გარდა ამისა, იგი ახდენს ალდოსტერონის სეკრეციის სტიმულაციას და ხელს უწყობს ნატრიუმის შეკავებას. 
ვალსარტანი – ანგიოტენზინ II რეცეპტორების აქტიური და სპეციფიური ანტაგონისტია, რომელიც გამოიყენება შიგნით მისაღებად. იგი არჩევითად მოქმედებს AT1 რეცეპტორებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ანგიოტენზინ II ცნობილ ეფექტებზე. ვალსარტანით AT1 რეცეპტორების ბლოკადის შედეგად ანგიოტენზინ II-ის შრატისმიერი დონის გაზრდამ შესაძლებელია გამოიწვიოს თავისუფალი AT2 რეცეპტორების სტიმულირება, რაც აწონასწორებს AT1 რეცეპტორების ეფექტს. ვალსარტანი AT1 რეცეპტორების მიმართ რაიმე გამოხატულ აგონისტურ აქტივობას არ ამჟღავნებს. AT1 რეცეპტორებისადმი ვალსარტანის აფინურობა დაახლოებით 20000-ჯერ მეტია, ვიდრე AT2 რეცეპტორებისადმი.
ვალსარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს, რომელიც ცნობილია ასევე კინინაზა II–ის სახელწოდებით, რომელიც გარდაქმნის ანგიოტენზინ I-ს ანგიოტენზინ II-ად და შლის ბრადიკინინს. ბრადიკინინით განპირობებული რაიმე გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება. კლინიკური გამოკვლევებისას, რომლებშიც ტარდებოდა ვალსარტანის შედარება აგფ-ის ინჰიბიტორებთან, მშრალი ხველის განვითარების სიხშირე ნაკლები იყო (p<0.05) იმ ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს, ვიდრე ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორს (2.6%-7.9% შესაბამისად). იმ ავადმყოფებში, რომლებშიც ადრე აგფ ინჰიბიტორით მკურნალობის დროს ვითარდებოდა მშრალი ხველა, ვალსარტანით მკურნალობისას ეს გართულებები აღინიშნა შემთხვევათა 19.5%-ში, ხოლო თიაზიდური დიურეზული საშუალებით მკურნალობისას აღინიშნა შემთხვევათა 19.0%-ში, იმ დროს როდესაც ავადმყოფთა იმ ჯგუფში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა აგფ ინჰიბიტორით, ხველა აღინიშნა შემთხვევათა 68.5%-ში (p<0.05). ვალსარტანი ურთიერთქმედებს და არ აბლოკირებს სხვა ჰორმონების რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეგულაციაში. არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებში ვალსარტანით მკურნალობის დროს აღინიშნება არტერიული წნევის დაქვეითება, რასაც თან არ ახლავს პულსის სიხშირის ცვლილება.
პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ავადმყოფთა უმრავლესობაში ანტიჰიპერტენზიული მოქმედება იწყება 2 საათის შემდეგ, ხოლო არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება – 4-6 საათის განმავლობაში. პრეპარატის მიღების შემდეგ ანტიჰიპერტენზიული მოქმედება გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს. პრეპარატის განმეორებითი მიღებისას, მიუხედავად მიღებული დოზისა, არტერიული წნევა მაქსიმალურ დაქვეითებას აღწევს ჩვეულებრივ 2-4 კვირის განმავლობაში და აღნიშნულ დონეზე რჩება ხანგრძლივი თერაპიის მსვლელობისას. ჰიდროქლოროთიაზიდთან კომბინირებისას ადგილი აქვს არტერიული წნევის დამატებით დაქვეითებას. 
პრეპარატის მიღების უეცარ შეწყვეტას თან არ ახლავს მოხსნის სინდრომის განვითარება. 
არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებში პრეპარატის კურსობრივი გამოყენებისას დადგინდა, რომ პრეპარატი არსებით გავლენას არ ახდენს საერთო ქოლესტერინის, შარდმჟავას დონეზე, ასევე უზმოზე გამოკვლევისას-სისხლის შრატში ტრიგლიცერიდებისა და გლუკოზის კონცენტრაციაზე.
გულის ქრონიკული უკმარისობა
შესწავლილი იყო პლაცებოსთან შედარებით ვალსარტანის გავლენა დაავადებასა და სიკვდილიანობაზე პაციენტებში შემდეგი მონაცემებით: გულის ქრონიკული უკმარისობა NYHA კლასიფიკაციის მიხედვით ფუნქციური კლასი II (62%), III (36%) და IV (2%), მარცხენა პარკუჭის გადასროლის ფრაქცია  < 40%, მარცხენა პარკუჭის შიდა დიასტოლური დიამეტრი <2.9 სმ/მ2, რომლებიც გადიოდნენ ტრადიციული თერაპიის კურსს, რაც მოიცავდა აგფ ინჰიბიტორებს (93%), დიურეზულ საშუალებებს (86%), დიგოქსინს (67%) და ბეტა-ბლოკერებს (36%). დაკვირვების პერიოდი გაგრძელდა დაახლოებით 2 წელი; ვალსარტანის საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენდა 40მგ – 160 მგ 2-ჯერ დღეში. ეფექტურობის ორი პირველადი კრიტერიუმი მოიცავდა საერთო სიკვდილიანობას (დროის პერიოდი გარდაცვალებამდე) და გულის უკმარისობასთან დაკავშირებულ დაავადებას (დროის პერიოდი პირველ გამოვლინებამდე), რომლებიც შემდეგი მაჩვენებლებით შეფასდა: სიკვდილი, უეცარი სიკვდილი რეანიმაციით, ჰოსპიტალიზაცია გულის უკმარისობის მიზეზით, ინოტროპული ან სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატების ინტრავენური შეყვანა 4 ან მეტი საათის განმავლობაში ჰოსპიტალიზაციის გარეშე. 
ეფექტურობის ძირითად პარამეტრად იყენებდნენ გულის უკმარისობის მიზეზით პირველ ჰოსპიტალიზაციამდე დროის პერიოდის შემცირებას. ეს ეფექტი მაქსიმალურად იყო გამოხატული პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ აგფ-ინჰიბიტორებს ან ბეტა-ადრენობლოკერებს.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის პერორალური მიღების შემდეგ ვალსარტანი სწრაფად შეიწოვება, თუმცა შეწოვის ხარისხი ვარირებს ფართო საზღვრებში. ბიოშეღწევადობის საშუალო სიდიდე შეადგენს 23%-ს. 
ვალსარტანის ფარმაკოკინეტიკურ მრუდს გააჩნია დაღმავალი მულტიექსპონენციალური ხასიათი (T1/2α<1 სთ და T1/2β დაახლოებით 9 სთ).
შესწავლილი დოზების დიაპაზონში ვალსარტანის კინეტიკას აქვს ხაზოვანი ხასიათი. პრეპარატის განმეორებითი მიღებისას კინეტიკური მაჩვენებლების ცვლილებები არ აღნიშნულა. პრეპარატის კონცენტრაცია ქალისა და მამაკაცის სისხლის პლაზმაში ერთნაირია. 
ვალსარტანი მნიშვნელოვანი ხარისხით (94-97%) უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს, უპირატესად ალბუმინებს. განაწილების წონასწორული მოცულობა დაბალია (დაახლოებით 17 ლ). 
ვალსარტანის პლაზმური კლირენსი შედარებით დაბალია (დაახლოებით 2ლ/სთ) თირკმლის სისხლმიმოქცევასთან შედარებით (დაახლოებით 30ლ/სთ), ვალსარტანის შიგნით მიღებული დოზის 70% გამოიყოფა განავალთან ერთად, 30% - შარდთან ერთად უპირატესად შეუცვლელი სახით.
ფარმაკოკინეტიკა ავადმყოფთა ცალკეულ ჯგუფებში:
ხანდაზმული ასაკის ავადმყოფები:
ხანდაზმული ასაკის ზოგიერთ ავადმყოფთან ვალსარტანის სისტემური ზემოქმედება რამდენადმე უფრო გამოხატულია, ვიდრე ახალგაზრდა ავადმყოფებში, თუმცა იგი კლინიკურად უმნიშვნელოა. ხანდაზმული პაციენტებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 40 მგ-ს.
ავადმყოფები თირკმლის ფუნქციის დარღვევებით: გამოვლენილი არ ყოფილა კორელაცია თირკმლის ფუნქციასა და ვალსარტანის სისტემურ ზემოქმედებას შორის, რაც მოსალოდნელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ ამ ნივთიერებისათვის თირკმლის კლირენსი შეადგენს საერთო კლირენსის მხოლოდ 30%-ს. ამიტომ ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით, პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ჯერ-ჯერობით არ ჩატარებულა პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის გამოკვლევა ავადმყოფებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე. თუმცა, ვალსარტანი ხასიათდება პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხით და ჰემოდიალიზის დროს არ გამოიყოფა.
ავადმყოფები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: ნაჩვენები იყო, რომ ღვიძლის ციროზის ან ნაღველგამომყოფი გზების ობსტრუქციით დაავადებულ პაციენტებში ვალსარტანის AUC მატულობს დაახლოებით 2-ჯერ.

ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია.
გულის ქრონიკული უკმარისობა (II-IV ფუნქციური კლასი NYHA კლასიფიკაციის მიხედვით) ავადმყოფებში, რომლებიც არ რეაგირებენ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობაზე. 

უკუჩვენებები
ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
ღვიძლის მწვავე უკმარისობა სანაღვლე გზების ობსტრუქციის ფონზე.

განსაკუთრებული მითითებები 
ორგანიზმში ნატრიუმის და/ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის დეფიციტი. ავადმყოფებში, რომლებსაც ორგანიზმში აღენიშნებათ ნატრიუმის და/ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის დეფიციტი, მაგალითად დიურეზული საშუალებების მაღალი დოზების მიღებისას, იშვიათად მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია სიმპტომატური ჰიპოტენზიის განვითარება. ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ჩატარდეს ორგანიზმში ნატრიუმის და/ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის კორექცია, მაგალითად დიურეზული საშუალებების დოზის შემცირების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში რეკომენდებულია ვალსარტანის 40 მგ საწყისი დოზა. 
თირკმლის არტერიის სტენოზი: თირკმლის არტერიის ცალმხრივი სტენოზის შედეგად მეორადად განვითარებული რენოვასკულარული ჰიპერტენზიის მქონე 12 ავადმყოფთან ხანმოკლე კურსით ვალსარტანის მიღება არ იწვევს თირკმლის ჰემოდინამიკის, სისხლის შრატში კრეატინინის დონის ან სისხლის შარდოვანას აზოტის რაიმე არსებით ცვლილებებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სამკურნალო საშუალებებმა, რომლებიც გავლენას ახდენს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, შესაძლებელია გამოიწვიონ შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით დაავადებულ პაციენტებში უსაფრთხოებისათვის რეკომენდებულია ამ მაჩვენებლების სისტემატური კონტროლი. 
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში საჭირო არ არის პრეპარატის დოზის კორექცია. ვალსარტანი ძირითადად უცვლელი სახით გამოიყოფა ნაღველთან, და ნაჩვენები იყო, რომ ავადმყოფებში ნაღვლგამომყოფი გზების ობსტრუქციით, ვალსარტანის კლირენსი დაქვეითებულია. ვალსარტანის დანიშვნისას ასეთ პაციენტებში საჭიროა გარკვეული სიფრთხილე. 
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: პაციენტებში გულის მძიმე უკმარისობით ან თირკმლის ფუნქციის დარღვევებით რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირების შედეგად შესაძლებელია აღინიშნოს შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება და თირკმლის ფუნქციის ცვლილებები იშვიათად თანმხლები მწვავე თირკმლის უკმარისობით. 
გულის უკმარისობა: გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებს ვალსარტანით მკურნალობის დასაწყისში ხშირად აღინიშნებათ არტერიული წნევის უმნიშვნელო დაქვეითება, რის გამოც რეკომენდებულია არტერიული წნევის კონტროლი, მაგრამ თერაპიის შეწყვეტა საჭირო არ არის თუკი გამოვიყენებთ პრეპარატის დოზირების ინსტრუქციას.
გულის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე, აგფ-ინჰიბიტორებით და ანგიოტენზური რეცეპტორების ანტაგონისტებით მკურნალობას შესაძლებელია თან ახლდეს ოლიგურია და/ან აზოტემია და (იშვიათად) თირკმლის მწვავე უკმარისობა.
გულის ქრონიკული უკმარისობისას არ არის რეკომენდებული აგფ, ბეტა-ბლოკერების და ვალსარტანის კომბინაციის გამოყენება.  
ორსულობა და ლაქტაცია: 
ორსულობის კატეგორია: C/D
ცნობილია, რომ აგფ ინჰიბიტორების მოქმედება საშვილოსნოზე, მათი მიღებისას ორსულობის II და III ტრიმესტრში, იწვევს ნაყოფის დაზიანებას ან სიკვდილს. ამიტომ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პრეპარატი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონულ სისტემაზე, არ გამოიყენება ორსულობისას.
ცნობილი არ არის, აღწევს თუ არა ვალსარტანი დედის რძეში. ამიტომ რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის დროს.
ავტომანქანის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენა: ისევე როგორც სხვა ანტიჰიპერტენზული საშუალებების დანიშვნისას, რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

გვერდითი მოვლენები
კონტროლირებადი კვლევებისას განვითარებული გვერდითი ეფექტები ატარებდა ზომიერ და გარდამავალ ხასიათს.
არასასურველი მოვლენების სიხშირის შესაფასებლად გამოყენებულია შემდეგი კრიტერიუმები: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10), ზოგჯერ (≥1/1000, მაგრამ <1/100), იშვიათად (≥1/10 000, მაგრამ <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10 000).
სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად – ნეიტროპენია; ძალიან იშვიათად – თრომბოციტოპენია.
ცნს-ის მხრივ: ხშირად – პოსტურალური თავბრუსხვევა; ზოგჯერ – თავბრუსხვევა; იშვიათად – ვერტიგო; ძალიან იშვიათად – თავის ტკივილი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად – ორთოსტატული ჰიპოტენზია; ზოგჯერ – გულის უკმარისობა, ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათად – ვასკულიტი.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ზოგჯერ ხველა.
საჭმლისმომნელებელი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – დიარეა, ტკივილი მუცელში; ძალიან იშვიათად – გულისრევა.
დერმატოლოგიური რეაქციები: ძალიან იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ქავილი.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – ტკივილი ზურგში; ძალიან იშვიათად – ართრალგია, მიალგია. 
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დარღვევები, თირკმლის მწვავე უკმარისობა,  თირკმლის უკმარისობა.
იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, შრატისმიერი დაავადების ჩათვლით.
სხვა: ხშირად – ვირუსული ინფექციები; იშვიათად – ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ფარინგიტები, სინუსიტები; ძალიან იშვიათად – რინიტები.
ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: იშვიათად – ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დაქვეითება. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში 0.8% და 0.4% ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს, აღინიშნა ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის არსებითი დაქვეითება (>20%). შედარებისათვის – იმ ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს, როგორც ჰემატოკრიტის, ასევე ჰემოგლობინის დაქვეითება, აღინიშნა შემთხვევათა 0.1%-ში.
ნეიტროპენია გამოვლინდა 1.9% ავადმყოფებში, რომლებიც იღებდნენ ვალსარტანს, და 1.6% ავადმყოფებში, რომლებიც იღებდნენ აგფ-ინჰიბიტორებს. 
არსებობს ცნობები ვალსარტანის მიღებისას ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მომატების შემთხვევების შესახებ.
გულის უკმარისობის დროს კრეატინინის დონის მომატება 50%-ზე ზევით აღინიშნა ავადმყოფთა 3.9%-ში, რომლებიც იღებდნენ ვალსარტანს, პლაცებოს ჯგუფში 0.9%-თან შედარებით. 
შრატში კალიუმის დონის მომატება 20%-ზე ზევით აღინიშნა  ავადმყოფთა 10%-ში, რომლებიც იღებდნენ ვალსარტანს და ავადმყოფთა 5.1%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. 
შარდოვანას აზოტის დონის მომატება აღინიშნა ავადმყოფებთა 16.6%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს და 6.3%-ში პლაცებოს ჯგუფში.
გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნლო საშუალებებთან: 
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები დადგენილი არ არის. შესწავლილი იყო ურთიერთქმედება შემდეგ პრეპარატებთან: ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ატენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლორთიაზიდი, ამიდოპირინი და გლიბენკლამიდი.
ვინაიდან ვალსარტანი არ განიცდის რაიმე არსებით მეტაბოლიზმს, ნაკლებად სარწმუნოა მეტაბოლიზმის დონეზე მისი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც წარმოადგენენ ციტოქრომ P450 სისტემის ინჰიბირების ან ინდუქციის შედეგს. მიუხედავად იმისა, რომ ვალსარტანი მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ინ ვიტრო გამოკვლევებში გამოვლენილი არ ყოფილა მოცემულ დონეზე რაიმე ურთიერთქმედებები მოლეკულათა მთელ რიგთან, რომელთაც გააჩნიათ ისეთივე მაღალი კავშირი პლაზმის ცილებთან, მაგალითად, დიკლოფენაკთან, ფუროსემიდთან და ვარფარინთან.
კალიუმშემნახველი დიურეზული საშუალებების (მაგ. სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატების ან კალიუმის შემცველი მარილების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კალიუმის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის შრატში. თუკი ასეთი კომბინირებული მკურნალობა აუცილებელია, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

მიღების წესი და დოზირება: 
ტაბლეტები მიიღება შიგნით, დაუღეჭავად, უზმოზე ან ჭამის შემდეგ. 
არტერიული ჰიპერტენზიის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 80 მგ ან 160 მგ დღეში ერთხელ, რასის, ასაკის და სქესის მიუხედავად. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში, ხოლო მაქსიმალურ ეფექტს აღწევს 4 კვირის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში ვალსარტანის დოზა შეიძლება გაიზარდოს 320 მგ-მდე დღეში ან დაემატოს დიურეზული საშუალებები.
ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის სუსტად ან ზომიერად გამოხატული დარღვევების მქონე ავადმყოფებში პრეპარატის დოზის შეცვლა საჭირო არ არის. თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე ავადმყოფებში საჭიროა დოზის კორექცია განსაკუთრებული სიფრთხილით.
ვალსარტანის დანიშვნა შეიძლება ასევე სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან ერთად. 
გულის უკმარისობისას ვალსარტანის საწყისი დოზა შეადგენს 40 მგ დღეში 2-ჯერ. დოზა საჭიროა გაიზარდოს თანდათანობით 80 მგ-მდე ან 160 მგ-მდე დღეში 2-ჯერ. ამავდროულად შეიძლება შემცირდეს დიურეზული საშუალებების დოზა. ვალსარტანის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 320 მგ-ს, 2 მიღებაზე.
ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ვალსარტანის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, თუმცა ამ დროისათვის ჭარბი დოზირების შემთხვევები ცნობილი არ არის.
მკურნალობა: თუკი პრეპარატის მიღებიდან დიდი დრო არ არის გასული, საჭიროა ღებინების გამოწვევა. ჰიპოტენზიის დროს თერაპიის ჩვეული მეთოდია ვენაში ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანა.
ნაკლებად სარწმუნოა ვალსარტანის ორგანიზმიდან გამოდევნა ჰემოდიალიზის დახმარებით, პლაზმის ცილებთან მისი მნიშვნელოვანი შეკავშირების გამო. 

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
შენახვის ვადა _ 2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:
მუყაოს კოლოფში მოთავსებულ ბლისტერებზე 28, 98 შემოგარსული ტაბლეტი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: 
პრეპარატი გაიცემა რეცეპტით (II ჯგუფი).

სხვა ფორმები:
კარდოპანი -სანოველი 80 მგ #28, #98 შემოგარსული ტაბლეტი.
კარდოპანი -სანოველი 160 მგ, #28 #98 შემოგარსული ტაბლეტი.
კარდოპანი -სანოველი პლუსი 80 მგ/12.5 მგ #28, #98 შემოგარსული ტაბლეტი.
კარდოპანი -სანოველი პლუსი 160 მგ/12.5 მგ #28, #98 შემოგარსული ტაბლეტი.
კარდოპანი -სანოველი პლუსი 160 მგ/25 მგ #28, #98 შემოგარსული ტაბლეტი.

არ გამოიყენოთ ექიმის დანიშნულების გარეშე.
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

სად შევიძინოთ?