Nuk
ალერგია ციტრუსების მიმართ

თარიღი: 14 იანვარი, 2021

კვებითი ალერგია ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა აღიქვამს კონკრეტულ საკვებში ცილებს, როგორც ორგანიზმისათვის მავნეს და შემდეგ ცდილობს "ებრძოლო" ამ "მავნე" ცილებს იმუნური პასუხით (რომლებიც სინამდვილეში უვნებელია). ციტრუსებიმიმართ ალერგია საკმაოდ გავრცელებული კვებითი ალერგიაა. ის უფრო ხშირად მოზრდილებში გვხდება, ვიდრე ბავშვებში.

ციტრუსები, რომლებზეც შეიძლება განვითარდეს ალერგია, არიან:

ფორთოხალი
მანდარინი
ლიმონი ან ლაიმი
გრეიფრუტი

ციტრუსების მიმართ ჭეშმარიტი ალერგია არ უკავშირდება ლიმონმჟავას. ლიმონმჟავა არ იწვევს იმუნურ პასუხს და იწვევს მხოლოდ რეაქციებს, რომლებიც ამ ნივთიერების გვერდით ეფექტთანაა დაკავშირებული. იმუნური რეაქციები ვლინდება ცილებზე, პროფილინზე და პექტინზე, რომლებიც ციტრუსებში გვხდება.


როგორი სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს ალერგია ციტრუსების მიმართ?

ადგილობრივი რეაქციებით:
- ტუჩების, ენის, სასის ქავილით, სიწითლითა და/ან შეშუპებით

სისტემური რეაქციებით:
- კანისმიერი გამოვლინებებით (ეგზემა, ჭინჭრის ციება, კიდურების ან სახის შეშუპება და სიწითლე)
-
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გამოვლინებებით (მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა)
- სასუნთქი სისტემის მხრივ გამოვლინებებით (სურდო ან ცხვირის გაჭედილობა, ცემინება, ხველა, ხიხინი, სუნთქვის გაძნელება)
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გამოვლინებებით (თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, არტერიული წნევის ვარდნა).

ციტრუსების მიმართ ალერგიის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს თავად მანდარინის, ფორთოხლის, ლიმონის, გრეიფრუტისა თუ ლაიმის ან მათი წვენებისიღების შემდეგ მცირე რაოდენობითაც კი ან უბრალოდ ნაყოფის ქერქის შეხებისას ან ჰაერში გაფრქვეული ციტრუსების მცირე ნაწილაკების შესუნთქვის შედეგადაც. სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ციტრუსებთან კონტაქტისთანავე დაუყოვნებლივ ან რამდენიმე საათში.

 

თუ თქვენ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ციტრუსის ხილის მირთმევის ან კონტაქტის შემდეგ, უნდა მიმართოთ ალერგოლოგს, რომ გაიგოთ ზუსტად, რომელ ხილზე ხართ ალერგიული. ტესტირების მეთოდები მოიცავს:
ა)
კანის სინჯს, რომლის დროსაც ექიმი სავარაუდო ალერგენს აწვეთებს თქვენს მკლავზე ან ზურგზე და რეაქციას აფასებს რამდენიმე წუთში;
ბ) კონკრეტული ციტრუსის მიმართ ანტისხეულების (IgE) განსაზღვრას სისხლში;
გ) პროვოკაციულ ტესტს (
“food challenge”), როდესაც პაციენტს ექიმის დაკვირვების ქვეშ ეძლევა სავარაუდო ალერგენი (მაგ. მანდარინი).

 

მცენარეთა მტვრის მიმართ ალერგიით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს შეიძლება გამოუვლინდეს ალერგია ასევე ციტრუსებზეც. ეს გამოწვეულია ჯვარედინი რეაქციით, რაც მაშინ ვლინდება, როდესაც სხვადასხვა ნივთიერებაში არსებული ცილები გვანან ერთმანეთს და მსგავსი რეაქციის პროვოცირებას ახდენენ.


პაციენტებს,
რომლებსაც ბალახებზე აქვ ალერგია, უფრო ხშირად უვითარდებათ ალერგია ციტრუსებზე. თუმცა ჯვარედინი რეაქცია დადგენილია ასევე ციტრუსებსა და არყის ხის ან ავშანის მიმართ ალერგიულ პაციენტებშიც.


იმ პაციენტებმა, რომელთაც დაუდასტურდათ ალერგია რომელიმე ციტრუსის მიმართ, არ უნდა მიირთვან ისინი მცირე რაოდენობითაც კი. ასევე საყურადღებოა, რომ ბევრი მზა საკვები შეიცავს სხვადასხვა ციტრუსების ხილს. ალერგიული რეაქციებისაგან თავის ასარიდებლად,
მნიშვნელოვანია ეტიკეტების შემოწმება ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა:
- წვენები, ლიმონათები და სხვა სასმელები
- ნაყინი
- არომატული იოგურტები
- ჟელიბონები
- მცენარეული ჩაი
- სოუსები და სალათის დრესინგები, მაიონეზის და ტკბილი და მჟავე სოუსების ჩათვლით
- ზღვის პროდუქტებისა და ხორცის კერძები
- მარინადები და მწნილები
- ალკოჰოლური და უალკოჰოლო კოქტეილები
- ტკბილეული და საკონდიტრო ნაწარმი
-
C ვიტამინის და ბიოფლავონოიდური დანამატები
- ზოგიერთი
პირადი ჰიგიენის საშუალებები, მაგ. კბილის პასტა
- კოსმეტიკური საშუალებები და სუნამოები ხშირად შეიცავენ ლიმონენს, ციტრუსის პილინგის შემადგენლობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტური დერმატიტი.


ლიმონმჟავა ჩვეულებრივ გამოიყენება როგორც კონსერვანტი ან გამამკვრივებელი საშუალება, ასევე როგორც არომატიზატორი. მას შეუძლია გამოიწვიოს კანისა და პირის ღრუს გაღიზიანება, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არა ალერგიული რეაქცია. ამიტომ, ალერგიით დაავადებული ზოგიერთ ადამიანს, შეუძლია გამოიყენოს ლიმონმჟვას შემცვლელი საშუალებები.


რა პროდუქტებით შეუძლიათ  ჩაანაცვლონ ციტრუსები მათზე ალერგიულმა პაციენტებმა?
ციტრუსის ხილი C ვიტამინის პოპულარული წყაროა, მაგრამ უამრავი სხვა ხილი და ბოსტნეული შეიძლება დაეხმაროს მათზე ალერგიულ ადამიანს ნუტრიციოლოგიური ყოველდღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში. C ვიტამინით მდიდარი სხვა საკვები პროდუქტებია: ბულგარული წიწაკა ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, კივი, მანგო პაპაია, კენკროვანი ხილი და სხვ.


რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ციტრუსების ჭარბი რაოდენობით მირთმევის შემდეგ კანის სიყვითლე?
ციტრუსის ხილი, მსგავსად ზოგიერთი ბოსტნეულისა, მდიდარია ბეტა კაროტინით, ამიტომ
კაროტინოიდებით მდიდარი ხილის ჭარბი დოზით მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს კანის (ხელისგულების, ფეხისგულების) ფერის შეცვლა მოყვითალო შეფერილობით (ქსანტოდერმია). ეს პრობლემა ადვილად გვარდება ციტრუსების მიღებისაგან თავის შეკავებით ან დოზის შემცირებით