Plasmon
არცთუ უწყინარი ვიტამინები

თარიღი: 16 ნოემბერი, 2017

ორსულობისას ყველა ქალი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ჯანმრთელობას, ზედმიწევნით ასრულებს ექიმის რეკომენდაციებს და ცდილობს, არ გამოეპაროს არც ერთი სასარგებლო რჩევა. საკითხავი ის არის, რა შეიძლება მივიჩნიოთ სასარგებლოდ.

წამლებთან რომ სიფრთხილე გმართებთ, უკვე იცით. აი, ვიტამინები კი ალბათ დღემდე უწყინარი გეგონათ. სამწუხაროდ, ცდებოდით. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფოლიუმის მჟავაც კი, რომელიც ორსულისთვის ფაქტობრივად ერთადერთ უვნებელ ნაერთად მიიჩნეოდა, შესაძლოა მძიმე დაავადების განვითარებას უწყობდეს ხელს.

მაშ ასე, ორსულობა და ვიტამინები ახალი რაკურსით. გვესაუბრება მე-5 კლინიკური საავადმყოფოს სამეანო სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ნემსაძე.

 

 – რა ფუნქცია აკისრია ვიტამინებს და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მათი მიღება?

– ვიტამინები ორგანული ნაერთებია, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო ფუნქციებში, მათ შორის – ცილების, ჰორმონებისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზში, მონაწილეობს. ვიტამინების უმეტესობა ორგანიზმში არ წარმოიქმნება, ისინი გარედან უნდა მივაწოდოთ ორგანიზმს. მათი საუკეთესო წყარო საკვებია. თუ ჩვენი რაციონი ვიტამინებით ღარიბია, მათ დეფიციტს ვერ გადავურჩებით.

მეტაბოლიზმის მიხედვით ვიტამინები ორ ჯგუფად იყოფა – ცხიმში ხსნადებად და წყალში ხსნადებად. წყალში ხსნადი ვიტამინები ტოქსიკური არ არის. ისინი ორგანიზმში არ გროვდება, შარდთან ერთად გამოიყოფა და ამიტომ მათი მარაგიც მცირეა. ასეთი ვიტამინები მუდმივად უნდა მივიღოთ საკვებისა თუ დანამატების მეშვეობით. ცხიმში ხსნად ვიტამინებთან (ასეთებია A, E, K და D) მეტი სიფრთხილეა საჭირო. მათ ცხიმოვან საკვებთან ერთად ვიღებთ, ამიტომ თუ ცილოვან დიეტაზე მყოფმა ადამიანმა დამატებით არ მიიღო ეს ვიტამინები, მათი დეფიციტი განუვითარდება. მეორე მხრივ, ჭარბად მიღებული ცხიმში ხსნადი ვიტამინები ღვიძლში ან ცხიმოვან ქსოვილში გროვდება და ინტოქსიკაციას იწვევს.

 

ორის ულუფა

– იზრდება თუ არა ორსულობისას ვიტამინებზე მოთხოვნილება?

– თუ ქალს, ჩვეულებრივ, დღეში საშუალოდ 2200 კილოკალორია ენერგია სჭირდება, ორსულობის დროს მოთხოვნილება 2500 კილოკალორიამდე იმატებს. მაშასადამე, რადიკალური ცვლილება არ ხდება, არ არის საჭირო, ქალი ორი ადამიანის ულუფას ჭამდეს. მთავარია, სრულფასოვნად იკვებებოდეს. მისი რაციონი უნდა მოცავდეს კვების პირამიდის ყველა საფეხურს შესაბამისი თანაფარდობით. პირველ საფეხურზეა მარცვლეული, რომელიც ქალმა ყველაზე  დიდი ოდენობით უნდა მიიღოს. შემდეგ მოდის ხილ-ბოსტნეული. მომდევნო საფეხურზე ცხოველური პროდუქტებია – ხორცი, რძის ნაწარმი და სხვა. პირამიდის წვერი კი ტკბილეულს უკავია. ის კალორიებს უხვად შეიცავს, სარგებლობა კი ცოტა მოაქვს.

 

ორსულს დღეში 60 გრამი ცილა სჭირდება. სასურველია, ამ ცილის დიდი ნაწილი მან ცხოველური საკვების – საქონლის ან ქათმის ხორცის, თევზეულის, კვერცხით, რძის ნაწარმის მეშვეობით მიიღოს. ხილ-ბოსტნეულის დღიური ნორმა კი 400 გრამია.

 

მივიღოთ თუ არა ვიტამინები

– რაციონს ვიტამინებიც უნდა დაემატოს?

– აი, მივადეგით ძალზე აქტუალურ საკითხს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამ მენიუსთვის რამის დამატება ზედმეტია. 2016 წლის 12 ივლისს ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ბრიტანეთის სამეფო კოლეგიის სენსაციური სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ორსულთა უმეტესობას არ სჭირდება მულტივიტამინები და მინერალური დანამატები და მათი მიღება მხოლოდ ფულის ამაო ხარჯვაა.

 

– გავრცელებული პრაქტიკით კი მულტივიტამინების კომპლექსი ლამის ყოველ ორსულს რუტინულად ენიშნება...

– მართალი ბრძანდებით, მაგრამ თანამედროვე მიდგომით ეს სრულიად გაუმართლებელია. მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ქალები. ვიტამინების მიღება გამართლებული მხოლოდ იმ ქვეყნებში აღმოჩნდა, სადაც კვების დეფიციტი აქვთ. თუ ორსულის რაციონი მრავალფეროვანი და დაბალანსებულია, საჭირო ვიტამინებს ის საკვებიდანაც მიიღებს და დამატება აღარ დასჭირდება.

 

კვლევები, რომლებიც ვიტამინების მიღების აუცილებლობაზე მიუთითებდა, დღემდე განვითარებად ქვეყნებში ტარდებოდა – იქ, სადაც ქალებს კვების დეფიციტი აქვთ. არ არის გასაკვირი, რომ ამ კვლევების მიხედვით ორსულისთვის ვიტამინების მიცემა გამართლებული იყო. ვფიქრობ, საქართველოში ქალების უმეტესობას აქვს საშუალება, ბალანსირებულად იკვებოს და თუ ასე არ ხდება, ეს იმდენად სიღარიბის ბრალი არ არის, რამდენადაც ამ საკითხში გაუთვიცნობიერებლობისა. აქ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექიმის სიტყვას, ამიტომ როდესაც ორსული მოგვმართავს, უწინარესად მისი რაციონის მოწესრიგებაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდაზე უნდა ვიზრუნოთ და არ უნდა შემოვიფარგლოთ მარტივი პროცედურით – მულტივიტამინის დანიშვნით.

 

უბრალო მაგალითს მოგიყვანთ: მიღებულია, რომ ორსულმა დღეში 2,5 ლ სუფთა წყალი უნდა სვას. ჩემთან მოსული ორსულები ხშირად უჩივიან სისუსტეს, ძილიანობას, თავბრუხვევას. როდესაც ჩავეძიები, აღმოჩნდება ხოლმე, რომ დღეში ერთ ლიტრსაც კი არ სვამენ. ამას მოჰყვება დაბალი წნევა, ყაბზობა, სისუსტე, უგუნებობა... ხშირად მხოლოდ ამ საკითხის მოგვარება – წყლის სათანადო რაოდენობით მიღება – საკმარისია, რომ ჩივილები უკუგანვითარდეს და ორსულმა თავი უკეთ იგრძნოს. ჩვენ რომ ყველა ამ სიმპტომის "სამკურნალოდ" ვიტამინების კომპლექსი დავნიშნოთ, ნამდვილად არ ვიქნებით მართლები. აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ორსულის დღის რეჟიმიც: რამდენს სეირნობს, როგორი სამუშაო პირობები აქვს. რამდენად დიდხანს უწევს კომპიუტერთან ჯდომა. შრომის ჰიგიენა გულისხმობს ფეხების ოდნავ წამოწეულ ზედაპირზე დაწყობას, ხელების მაგიდიდან იმ სიმაღლეზე დაჭერას, რომ მხრები და მაჯები არ დაგვეღალოს, საათში ერთხელ ათიოდე წუთით ადგომას, მუხლის გამართვას. გასათვალისწინებელია განათების ინტენსივობა, ოთახში თანამშრომელთა რაოდენობა, სივრცის აერაცია და სხვა ფაქტორები.

 

– გამოდის, თუ ორსული ამ წესებს ასრულებს დამატებით არავითარი ვიტამინის მიღება არ არის საჭირო?

– მულტივიტამინების დანიშვნა მართლაც გაუმართლებელია, მაგრამ არსებობს ორი ვიტამინი, რომლებზეც ეს მითითება არ ვრცელდება. ესენია B9, იგივე ფოლიუმის მჟავა, და D ვიტამინი. ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული ასოციაცია სწორედ მათ მიღებას უწევს რეკომენდაციას. მოგეხსენებათ, ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ნერვული მილის განვითარების დეფექტების თავიდან ასაცილებლად, ამიტომ ორსულს ის რუტინულად, ყოველგვარი ჩივილისა თუ კლინიკური გამოვლინების გარეშე უნდა დაენიშნოს. საყურადღებოა, რომ ორსულმა ფოლიუმის მჟავა უნდა მიიღოს არა მხოლოდ ორსულობის პირველი 12 კვირა, არამედ დაორსულებამდეც,  3 თვის განმავლობაში. ვინაიდან ის დეფექტები, რომელთა პრევენციასაც ფოლიუმის მჟავა ეწევა, ორსულობის საწყის ეტაპზე ყალიბდება, ორსულობის დადასტურების შემდეგ კი ფოლიუმის მჟავას მიღება შესაძლოა დაგვიანებულიც აღმოჩნდეს.

 

ექსპერტთა შეფასებით, ამ პერიოდში ფოლიუმის მჟავას რეკომენდებული დღიური ნორმა 400 მკგ-ია. თუ ორსულის საოჯახო ანამნეზში ნერვული მილის დეფექტის შემთხვევაა ან ქალს დიაბეტი აქვს, ანდა წინა ორსულობისას ნაყოფს ნერვული მილის დეფექტი აღმოაჩნდა, ნორმა 5 მლგ-მდე იზრდება. ფოლიუმის მჟავას მიღება ნერვული მილის დეფექტების განვითარების ალბათობას 50-70% ით ამცირებს.

 

არცთუ უწყინარი ფოლიუმის მჟავა

– მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი სარგებლობა მოაქვს, არც ფოლიუმის მჟავაა უწყინარი. მინდა, კიდევ ერთი სენსაციური კვლევის შედეგები გაგაცნოთ. ისინი შარშან წარმოადგინეს ბალტიმორში გამართულ აუტიზმისადმი მიძღვნილ საერთაშორისო შეხვედრაზე და მან მსოფლიოში საკმაოდ დიდი გამოხმაურება პოვა. კვლევის მიზანი ვიტამინების ოპტიმალური დოზის დადგენა გახლდათ. აღმოჩნდა, რომ მშობიარობის მომენტში სისხლში ვიტამინ B9-ისა და ვიტამინ B12-ის მაღალი შემცველობა ბავშვებში აუტიზმის სპექტრის დაავადებათა განვითარების მაღალ რისკს უკავშირდება, მაშინ როდესაც პირველ ტრიმესტრში ფოლიუმის მჟავა, პირიქით, ამცირებს თანდაყოლილი პათოლოგიებისა და აუტიზმის განვითარების რისკს. როცა მშობიარობისას სისხლში ფოლატების რაოდენობა მომატებულია, აუტიზმის განვითარების რისკი ორჯერ იმატებს, ვიტამინ ბ12-ის სიჭარბე აუტიზმის რისკს სამჯერ ზრდის, ხოლო როცა სისხლში ორივე ვიტამინის შემცველობაა მომატებული, რისკი 17-ჯერ (!) იზრდება. კვლევა 1998-დან 2013 წლამდე მიმდინარეობდა. ათიდან ერთ გამოკვლეულ ქალს ფოლატების სიჭარბე აღმოაჩნდა, ექვსს კი – ვიტამინ B12-ისა. სავარაუდოდ, ამის მთავარი მიზეზი ორსულობისას ვიტამინების ჭარბი მიღება გახლდათ.

 

– აქვთ თუ არა რაიმე ახსნა ამ კორელაციას?

– მკვლევრები არ ამტკიცებენ, რომ დიდი დოზა ერთმნიშვნელოვნად აუტიზმს იწვევს. კვლევამ ჯერჯერობით მხოლოდ ეს კავშირი გამოავლინა. ექსპერტთა საბჭომ ეს მიიღო როგორც მეტად მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელი ინფორმაცია, თუმცა ითქვა, რომ საბოლოო დასკვნის გამოტანა ჯერ ადრეა, საჭიროა შემდგომი კვლევა კორელაციის სიმყარის დასადგენად. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ კავშირს ყურადღება მიექცა, ამიტომ მსურს, არა მხოლოდ პაციენტების, არამედ ექიმების ყურადღებაც მივიპყროთ.

 

– შესაძლოა, მშობიარობის მომენტისთვის სისხლში ფოლიუმის მჟავას კონცენტრაციის მომატება პირველ ტრიმესტრში მისი ჭარბი მიღების შედეგი იყოს?

– ფოლიუმის მჟავა წყალში ხსნადი ვიტამინია და, როგორც უკვე მოგახსენეთ, ორგანიზმში არ გროვდება. მაშ, რა იწვევს მის სიჭარბეს? ფოლიუმის მჟავა მხოლოდ ნერვული მილის დეფექტების პროფილაქტიკისთვის არ ინიშნება – ორსულობის მესამე ტრიმესტრში მას ანემიის სამკურნალოდაც იყენებენ. ისევე როგორც ვიტამინ B12-ს B12-დეფიციტური ანემიის სამკურნალოდ. სავარაუდოდ, სწორედ აქ უშვებენ შეცდომას.

 

უპირველეს ყოვლისა, ანემიის ბრმად მკურნალობა არ შეიძლება. მხოლოდ ჰემოგლობინის ან ერითროციტების სიმცირის მიხედვით ვერ ვიტყვით, რამ გამოიწვია ანემია. ხშირად მის სამკურნალოდ ყოველგვარი დამატებითი კვლევის გარეშე ნიშნავენ რკინის პრეპარატებს. არადა, თუ ანემია ნამდვილად რკინადეფიციტური არ არის, შესაძლოა, რკინის პრეპარატმა მხოლოდ შეწოვის პრობლემები, ნაწლავის კოლიკა და სპაზმი კი არ გამოიწვიოს, არამედ დაგროვდეს ღვიძლსა და სისხლმბად ორგანოებში და მძიმე დაავადების – ჰემოქრომატოზის განვითარებას შეუწყოს ხელი. ასევეა ფოლიუმის მჟავას შემთხვევაშიც – ჯერ ლაბორატორიულად უნდა დადასტურდეს, რომ ანემია მისი დეფიციტის შედეგია და მერეღა დაენიშნოს ის ორსულს. რაც შეეხება ვიტამინ B12-ს, მისი ძირითადი წყარო ცხოველური საკვებია, თუმცა ნაწილობრივ ნაწლავშიც წარმოიქმნება. ამის გამო ცხოველური საკვების მიუღებლობის შემთხვევაშიც კი ამ ვიტამინის დეფიციტი დიდხანს არ ვითარდება. დადგენილია, რომ სრულიად ვეგეტარიანული დიეტის შემთხვევაშიც კი ორგანიზმში წარმოქმნილი B12 მომდევნო 6 წლის განმავლობაში საკმარისია დეფიციტის თავიდან ასაცილებლად. უფრო მკაფიო მაგალითს თუ მოვიშველიებთ, ბავშვს, რომელმაც 12 წლის ასაკში თქვა უარი ცხოველურ საკვებზე, B12-ის დეფიციტი 18 წლმადე არ ემუქრება. ექიმები კი, როცა ორსული ხორცს ცოტას ჭამს, "ანემიის" პროფილაქტიკისთვის მას ვიტამინ B12-ს უნიშნავენ. ასეთი დაუსაბუთებელი ჩარევით შესაძლოა კი არ ვარგოთ, არამედ ვავნოთ პაციენტს. სავარაუდოდ, სწორედ ეს იწვევს ორსულებში აღნიშნული ვიტამინების სიჭარბეს. ანემიას ჰემატოლოგთან ერთად უნდა ვუმკურნალოთ და ჩვენი ყოველი ნაბიჯი დასაბუთებული უნდა იყოს.

 

რა უნდა ვიცოდეთ D ვიტამინის შესახებ

– ფოლიუმის მჟავას მნიშვნელობაზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ორსულობისას D ვიტამინის მიღების აუცილებლობის შესახებ მოწოდებები იშვიათად გვესმის. ორსულისთვის აუცილებელ ვიტამინებზე საუბრისას ფოლიუმის მჟავასთან ერთად სწორედ ეს ვიტამინი ახსენეთ. რას გვეტყვით მის შესახებ?

 

– ბოლო დროს D ვიტამინმა სამედიცინო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. აღმოჩნდა, რომ მის დეფიციტს მრავალი დაავადების განვითარებაში მიუძღვის ბრალი. დღემდე ცნობილი ძვლოვანი სისტემის დეფორმაციების გარდა მის დეფიციტს უკავშირებენ ნაადრევ მშობიარობას, ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენას, პრეეკლამფსიასა თუ სხვა პათოლოგიურ მდგომარეობებსაც. D ვიტამინი კანზე მზის სხივების ზემოქმედების შედეგად გამომუშავდება, ამიტომ მის ცვლაში დიდ როლს ასრულებს გეოგრაფიულ მდებარეობა, ინსოლაციის ხარისხი. ჩვენ 35-ე პარალელის ზემოთ ვცხოვრობთ, მზის გამოსხივება არც ისე ინტენსიურია, თანაც, დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე: ბეტონი-მანქანა, მანქანა-ბეტონი, – მაშინაც კი, როდესაც მზე მაქსიმალურად კომფორტული კუთხით ეცემა სხეულს, ჩვენ მას გულმოდგინედ "ვემალებით". საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ორსულთა 60%-ს D ვიტამინის ნაკლოვანება აქვს, ხოლო 30%-ს – მისი მნიშვნელოვანი დეფიციტი.

 

ახალი მიდგომის მიხედვით, ექსპერტები მოგვიწოდებენ, ორსულებს დღეში 10 მკგ D ვიტამინი მთელი ორსულობისა და ძუძუთი კვების განმავლობაში მივცეთ. ეს პროფილაქტიკური დოზაა. თუ ქალს D ვიტამინის დეფიციტი აქვს, დოზა იზრდება. მაგრამ მის დანიშვნამდე სისხლში ვიტამინის შემცველობა უნდა განვსაზღვროთ. თუ ქალს დეფიციტი აქვს და მას არა პროფილაქტიკური, არამედ სამკურნალო მიზნით უნიშნავენ, ორ თვეში ერთხელ აუცილებლად უნდა გაკეთდეს განმეორებითი ანალიზი, რათა შეფასდეს მკურნალობის ეფექტურობა და თავიდან იქნეს აცილებული დოზის გადაჭარბება. როგორც მოგახსენეთ, D ვიტამინი ცხიმში ხსნადია, ის შესაძლოა დაგროვდეს ცხიმოვან ქსოვილში და ინტოქსიკაცია გამოიწვიოს, ამიტომ საჭიროა მკურნალობის მკაცრი კონტროლი. ამასთან, ქალს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, ყოველდღე 15-20 წუთი ისეირნოს მზეზე. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ეს სავსებით საკამრისია, რათა ორგანიზმში სათანადო რაოდენობის D ვიტამინი გამომუშავდეს.

 

– დღემდე D ვიტამინს კალციუმთან ერთად იღებდნენ. ეს, როგორც ჩანს, ახალი რეკომენდაციაა...

– დიახ, შეიძლება ითქვას, ახლა ამ საკითხის ბუმია. ისევე როგორც ყველა სიახლის მიმართ, აქაც სიფრთხილეა საჭირო. ჩვენც ყურადღებით ვადევნებთ თვალს მედიცინის სამყაროში მიმდინარე მოვლენებს და ვცდილობთ, არც ერთი სიახლე არ გამოგვეპაროს. რაც შეეხება კალციუმთან ერთად D ვიტამინის მიღებას, ჯერ ერთი, ამას ყველა ორსულს არ უნიშნავდნენ. მეორე – ეს ის დოზა იყო, რომლის მიცემაც ორსულისთვის დაუფიქრებლად შეიძლებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არ კმაროდა. ამიტომ დაიწყეს საუბარი D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზის რუტინულად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სამკურნალო დოზის მიცემაზე.

 

რომ არ შეშინდეთ

– თუ რეკომენდაციები დროსთან ერთად იცვლება, არსებობს საფუძველი, ახლანდელ მიდგომაშიც შევიტანოთ ეჭვი...

– ადამიანი ყოველთვის კრიტიკული თვალით უნდა აფასებდეს საკუთარ საქციელს და ხშირად სვამდეს კითხვას: "სწორად ვიქცევი?" დრო გადის, მეცნიერება ვითარდება, გარემოებები იცვლება და შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ჩვენი ჩარევა არათუ კარგის მომტანი, არამედ საზიანოც კია. მაგრამ ეს არა უკუსვლის, არამედ განვითარების მაჩვენებელია. სწორედ ეს არის პროგრესის მამოძრავებელი ძალა – გამუდმებით შეფასდეს და გადააზრებულ იქნეს ყოველგვარი დასკვნა თუ რეკომენდაცია.

 

ჩემი სიტყვები იმას არ ნიშნავს, რომ ვიტამინები უნდა დავივიწყოთ ან საერთოდ გავანადგუროთ. რეკომენდებული (!) ვიტამინების მიღება ამცირებს დედათა და ბავშვთა ავადობის რისკს. მაგრამ მათ მიმართაც ისევე გვმართებს სიფრთხილე, როგორც ნებისმიერი წამლისა თუ სამკურნალო ღონისძიების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთმა უწყინარმა ნაერთმაც კი, როგორიც ფოლიუმის მჟავაა, შესაძლოა ზიანი მოგვაყენოს. ვიტამინების მიღება დადებით შედეგს მხოლოდ მაშინ გამოიღებს, თუ საჭირო დროს და საჭირო ოდენობით გამოვიყენებთ. ზემოხსენებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პრინციპის დაცვა. ჩვენი მთავარი სათქმელიც სწორედ ეს იყო.

 

გვანცა გოგოლაძე