Plasmon
არის თუ არა კიდურებისა და თავის კანკალი (ტრემორი) აუცილებლად პარკინსონის დაავადების ნიშანი?

თარიღი: 31 აგვისტო, 2020

ხელების კანკალი (ტრემორი), ორიენტაციის დარღვევა, დაძაბულობის შეგრძნება და მოძრაობის შენელება -  თუკი ამ სიმპტომებს მოიძიებთ ინტერნეტში, შესაძლოა იფიქროთ რომ გაქვთ პარკინსონის დაავადება.

რეალურად პარკინსონის დაავადების ნიშნები სხვა დაავადებებსაც აქვს, ამიტომ აუცილებელია სწორი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის მეთოდის შერჩევა.

რომელი დაავადების სიმპტომები შეიძლება გავდეს პარკინსონის დაავადებას?
ესენციური ტრემორი - ასევე ცნობილი როგორც კეთილთვისებიანი ესენციური ტრემორი ოჯახური ტრემორი, მოძრაობის დარღვევაა, რომელიც იწვევს პერიოდულ, ხანმოკლე, რითმულ კანკალს.

ესენციური ტრემორისას კანკალი ძირითადად გამოხატულია ხელის მტევნებზე, მაგრამ მოქმედებს ასევე თავზე, ხმაზე და სხეულის სხვა ნაწილებზე. იშვიათ შემთხვევებში გავლენას ახდენს სხეულის ქვედა კიდურებზეც.

ესენციური ტრემორის პარკინსონის დაავადებისაგან გასარჩევად  არსებობს მარტივი მეთოდი - თუ კანკალი იწყება დასვენების დროს, მშვიდ მდგომარეობაში, მაშინ მეტად სავარაუდოა რომ ეს იყოს პარკინსონის დაავადება, ხოლო თუ კანკალი იწყება რაიმე აქტივობის განხორციელებისას (ჭამა, წერა) ეს არის ესენციური ტრემორი (გაითვალისწინეთ, ეს არაა დიაგნოზის დასმის უტყუარი მეთოდი).

ესენციური ტრემორის მქონე ადამიანების ნახევარზე მეტს აქვს დაავადების ოჯახური ისტორია. პარკინსონის დაავადებისგან განსხვავებით, ესენციური ტრემორი არაა პროგრესირებადი და თუ მსუბუქ ფორმებშია გამოხატული შესაძლოა მკურნალობასაც არ საჭიროებდეს. კანკალის მოხსნა შესაძლებელია მედიკამენტების საშუალებით, რაც პარკინსონის დაავადების მკურნალობის მეთოდებისგან განსხვავებულია.

წამლების მოქმედებით გამოწვეულ პარკინსონის დაავადებას კანკალის გარდა სხვა ბევრი ისეთი სიმპტომი აქვს, რომელიც შესაძლებელია პარკინსონის დაავადებასაც ჰქონდეს, მაგალითად - დაძაბულობა, მოძრაობის შენელება, სახის მიმიკის დარღვევა და მეტყველების მანერის შეცვლა. როგორც სახელიდან ჩანს  აღნიშნულ დაავადებას იწვევს, ფსიქოტროპული და ანტიდეპრესიული მედიკამენტები. დაავადების ჩამოყალიბება დამოკიდებულია იმაზე თუ რა მედიკამენტს იღებს პაციენტი, ასევე მისი გამოყენების ხანგრძლივობასა და დოზირებაზე.

ისეთი ნევროლოგიური დაავადებები, რომლებსაც ახასიათებს პარკინსონის მსგავსი სიმპტომები, შესაძლოა გაერთიანდეს ერთ კატეგორიაში, ე.წ. პარკინსონ პლუს დარღვევები, რომელთა მკურნალობაც მიმდინარეობს პარკინსონის დაავადების მკურნალობის მსგავსად.

პარკინსონის დაავადების დიაგნოზი 30%-ის შემთხვევაში არასწორადაა დასმული, განსაკუთრებით დაავადების ადრეულ სტადიაში. ხშირ შემთხვევაში შეცდომის მიზეზი მკურნალი ექიმის არასწორად შერჩევაა. გახსოვდეთ, მხოლოდ ნევროლოგს აქვს კომპეტენცია დასვას პარკინსონის დიაგნოზი და განასხვაოს სხვა მსგავსი დაავადებებისგან.

პარკინსონის დაავადების სწორი და დროული მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული დაავადების აღმოჩენა მარტივადაა შესაძლებელი ნევროლოგთან ვიზიტით.