თარიღი: 28 დეკემბერი, 2021
კიბოს ხსენებაც კი უარყოფით ემოციას იწვევს. სამედიცინო წრეებში ამ ავადსახსენებელი პათოლოგიების ჯგუფს ონკოლოგიური დაავადებები უწოდეს. თითქოს ნაკლებ შემაძრწუნებლად ჟღერს, თუმცა უკურნებელი სენისადმი დამოკიდებულება ნებისმიერ შემთხვევაში ნეგატიურია, რომ არ ვთქვათ – შიშნარევი და პესიმისტური.
მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა წლიდან წლამდე ვითარდება, ინერგება მკურნალობის ახალი, მეტად ეფექტური მეთოდები, – კიბო ჯერ კიდევ მომაკვდინებელ სნეულებათა ლიდერად რჩება. მართალია, ავთვისებიანი სიმსივნის საიდუმლოს ფარდა ჯერჯერობით ვერ ახადეს, მაგრამ ის კი დანამდვილებით იციან, რა მექანიზმი უდევს საფუძვლად “გაავებული” უჯრედების წარმოქმნას. მოდი, თავდაპირველად ამაზე ვისაუბროთ.
Out Of Control
სიმსივნური კერა სხვა არაფერია, თუ არა ქცევაშეცვლილი უჯრედების გროვა. ორგანიზმში ყველა უჯრედი განსაზღვრული მისიის შესასრულებლად ჩნდება და შესრულებისთანავე კვდება. ერთი შეხედვით, ძნელია აკონტროლო სხვადასხვა თვისებისა და ფუნქციის მქონე მილიონობით უჯრედი, მაგრამ ჯანმრთელი ორგანიზმი ამას შესანიშნავად ახერხებს, მისი მთავარი გუშაგი კი იმუნური სისტემა გახლავთ. თუმცა ხდება ისეც, რომ უჯრედთა განვითარების ციკლის კონტროლი ჯეროვნად ვერ სრულდება, თავნება წარმონაქმნები უსასრულოდ და უწესრიგოდ მრავლდებიან და განსხვავებული შენების ქსოვილს წარმოქმნიან. სწორედ ასე ჩნდება სიმსივნე. თუმცა სიმსივნეც არის და სიმსივნეც…
გადაგვარებული უჯრედები ზოგჯერ სინდისიერად იქცევიან – თავისთვის იზრდებიან, ირგვლივ არსებულ ქსოვილებს არ ერჩიან და სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნიან. ასეთ სიმსივნეს კეთილთვისებიანს უწოდებენ. რაკი “კეთილი” ზნის უჯრედები არსებობენ, ლოგიკურად, შესაძლოა, “ავზნიანებიც” წარმოიქმნან. მართლაც ასეა: აგრესიული უჯრედები დანაშაულებრივი მოქმედების არეალს აფართოებენ, ზოგჯერ – ისე ძლიერ, რომ მხოლოდ ირგვლივ მყოფ ორგანოებს არ სჯერდებიან და სისხლისა და ლიმფის მეშვეობით შორეულ ქსოვილებამდე აღწევენ.
რატომ ვეღარ იმორჩილებს იმუნური სისტემა გაავებულ უჯრედებს ან რატომ მრავლდებიან მუტანტები (სიმსივნური უჯრედები მათ ბირთვში ჩაშენებული დე-ენ-ემის სტრუქტურის ცვლილების ანუ მუტაციის გამო წარმოიქმნებიან) ასეთი სისწრაფით, დანამდვილებით არავინ იცის. მეცნიერები მხოლოდ და მხოლოდ თეორიულად განიხილავენ ყველა იმ საეჭვო ფაქტორს, რომელთა ხელიც შესაძლოა უჯრედების გადაგვარებაში ერიოს. თქვენც სტატიის სწორედ იმ ნაწილს მიადექით, სადაც კიბოს განვითარების რისკის ფაქტორებზე გვექნება საუბარი.
არ გარისკოთ!
მკვლევართა აზრით, არსებობს რამდენიმე რისკის ფაქტორი, რომლებიც ხელს უწყობს სიმსივნის ჩამოყალიბებას. ესენია:
. ასაკის მატება;
. თამბაქოს წევა;
. მზის ულტრაიისფერი გამოსხივება;
. მაიონიზებელი გამოსხივება;
. ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების ზემოქმედება;
. ზოგიერთი ვირუსი და ბაქტერია;
. ზოგიერთი ჰორმონი;
. ავთვისებიანი სიმსივნით დატვირთული მემკვიდრეობა;
. ალკოჰოლის ჭარბი მიღება;
. მკაცრი დიეტა, მცირე ფიზიკური აქტივობა, ჭარბი წონა.
მოდი, უფრო ახლოს გავიცნოთ ის ფაქტორები, რომლებიც კიბოს განვითარებით გვემუქრებიან.
*მკვლევართა დაკვირვებით, ასაკთან ერთად სიმსივნის განვითარების ალბათობაც იმატებს. ყველაზე ხშირად კიბო 65 წელს გადაცილებულ პირებს ემართებათ. თუმცა ონკოლოგები ბოლო ხანს ავთვისებიანი სიმსივნეების გაახალგაზრდავებაზე ალაპარაკდნენ. მათი თქმით, კიბოთი ავადობა ახალგაზრდებში კატასტროფულად გახშირდა.
*ამერიკის კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, თამბაქოს მოხმარების გამო განვითარებული კიბოთი ყოველწლიურად 180 000 ამერიკელი იღუპება. მწეველებს ყველაზე ხშირად ფილტვის, ხორხის, პირის ღრუს, საყლაპავის, თქვენ წარმოიდგინეთ, საშარდე ბუშტის, თირკმელების, კუჭის, პანკრეასისა და საშვილოსნოს ყელის კიბოც კი უვითარდებათ. მართალია, პასიურ მწეველებს კიბო აქტიურებთან შედარებით ნაკლებად ემუქრებათ, მაგრამ რამდენად ნაკლებად – მათ იღბალზეა დამოკიდებული. ისე რომ, გარისკვა არ ღირს.
დაკვირვებამ ცხადყო, რომ მათ, ვინც მოწევას თავი დაანება, კიბოს განვითარების ალბათობა მწეველებთან შედარებით მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, თუმცა არა იმდენად, რომ არამწეველებისას გათანაბრებოდა.
*მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელსაც ვუმადლით შოკოლადისფერ ნარუჯს, გარდა იმისა, რომ კანის დაბერებას იწვევს, ავთვისებიანი გადაგვარების მიზეზადაც შეიძლება იქცეს. მზის სხივების ნეგატიური ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად დერმატოლოგები (მათ არც ონკოლოგები ჩამორჩებიან) გვირჩევენ, მაქსიმალურად ვერიდოთ მზის პირდაპირ სხივებს და მაინცდამაინც ნურც სოლარიუმში ვინებივრებთ. თუ დასხივება გარდაუვალია, უმჯობესია, სპეციალური დამცავი კრემები და საცხები გამოვიყენოთ, რომელთა SPF 15-ს მაინც უდრის.
უსაფრთხო გარუჯვის შესახებ ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია, ამიტომ ამ საკითხზე თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებთ.
*მაიონიზებელი რადიაცია ორგანიზმში ხშირად იწვევს პათოლოგიურ ცვლილებებს. ასეთი გამოსხივების წყარო კი გარემოში მრავლადაა. სხივები ჩვენამდე ატმოსფეროდან, რადიაქტიური ნარჩენებიდან და რენტგენის აპარატიდან აღწევენ, თუმცა, მკვლევართა აზრით, რენტგენოგრაფიული კვლევისას მაიონიზებელი გამოსხივება იმდენად სუსტია, რომ კიბოს ჩამოყალიბებაში მისი დადანაშაულება (მით უმეტეს, ერთჯერადი დასხივების შემდეგ) უბრალოდ სასაცილოა.
მაიონიზებელი გამოსხივება ყველაზე მეტად ფარისებრ ჯირკვალს, სარძევე ჯირკვალს, ფილტვებსა და კუჭს ერჩის.
*სამრეწველო ქიმიკატები ჯანმრთელობას ვნებს – ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ მხოლოდ სპეციალისტებს შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ, რომელ პათოლოგიებს იწვევს მავნე “ქიმია” (ბენზინი, პესტიციდები, კადმიუმი და სხვა).
კიბოს ჩამოყალიბების რისკი მაღალია, როცა ადამიანს წლების განმავლობაში უწევს მავნე ქიმიასთან შეხება (ესე იგი, როდესაც ასეთ მსხვერპლს მისი პროფესია მოითხოვს). ნუ იტყვით და არც მხატვრები ყოფილან ონკოლოგიური დაავადებებისგან სავსებით დაზღვეულნი: თურმე საღებავში უხვად არის კარცინოგენული ნივთიერებები.
*ვირუსები და ბაქტერიები, გარდა იმისა, რომ მწვავე ინფექციებს იწვევენ, ხშირად ქსოვილის ავთვისებიან გადაგვარებასაც უწყობენ ხელს. ასე, მაგალითად: ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბებაში მონაწილეობს, B და C ჰეპატიტით დაზიანებული ღვიძლი კი იოლად ხდება ავთვისებიანი გადაგვარების მსხვერპლი. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV) მეტად ვერაგი სიმსივნის – კაპოშის სარკომის ჩამოყალიბების მიზეზად გვევლინება. ამგვარი ვირუსებისა და ბაქტერიების ჩამონათვალი მეტად ვრცელია, თუმცა ადეკვატური პრევენციის პირობებში მათთან ბრძოლა ძნელი სულაც არ არის.
პროფილაქტიკა, პირველ რიგში, უსაფრთხო სქესობრივ კავშირს გულისხმობს. თავდაცვის ბარიერული მეთოდები ერთბაშად რამდენიმე აგრესორისგან: HPV-ს, HIV-ს, B და C ჰეპატიტების ვირუსებისგან – გვიცავს.
*მკვლევართა ნაწილი ემხრობა მოსაზრებას, თითქოს ესტროგენები და პროგესტერონი მკერდის კიბოს ჩამოყალიბების რისკს ზრდიდეს. “ქალური” ჰორმონების სინთეზური ანალოგების მიღება განსაკუთრებით საშიში მენოპაუზის დროს ყოფილა. ძნელი სათქმელია, მართლა ასე ზრდის თუ არა ჰორმონული თერაპია კიბოს ჩამოყალიბების რისკს, მაგრამ ერთი რამ უდავოა: ესტროგენებისა და პროგესტერონის მიღება სიფრთხილით, მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტის დანიშნულებით და, რაც მთავარია, სათანადო გამოკვლევის შემდეგ უნდა მოხდეს.
*თუ ოჯახის რომელიმე წევრი სიმსივნით არის ავად, ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ თქვენც უთუოდ კიბოს მსხვერპლი გახდებით. მიუხედავად ამისა, არსებობს მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტი: სიმსივნის (ისევე როგორც მრავალი სხვა დაავადების) მიმართ განწყობა მემკვიდრეობით გადაეცემა. გენეტიკური ბუნება აქვს მელანომას, მკერდის, საკვერცხის, წინამდებარე ჯირკვლის, სწორი ნაწლავის ავთვისებიან სიმსივნეებს.
თუ რომელიმე მშობელს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, რისკი, რომ პათოლოგია თქვენც აღმოგაჩნდეთ, არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უთუოდ კიბოს მსხვერპლი გახდებით.
*ალკოჰოლი მხოლოდ გულისთვის კი არ ყოფილა მავნე, თურმე კიბოს განვითარების რისკსაც ზრდის. ამერიკაში არაერთგზის ჩატარებული კვლევის თანახმად, თუ წლების განმავლობაში ყოველდღე ორ ჭიქაზე მეტ ალკოჰოლიან სასმელს მიიღებთ, შესაძლოა, პირის ღრუს, ხახის, ხორხის, საყლაპავის, ღვიძლისა და სარძევე ჯირკვლის კიბო დაგემართოთ. ავთვისებიანი სიმსივნე
განვითარების ალბათობა კიდევ უფრო იმატებს, როდესაც ადამიანი ალკოჰოლთან ერთად თამბაქოსაც ეტანება. გამოსავალი? მავნე ჩვევებზე უარის თქმა.
*მკაცრი დიეტა ანუ საკვები ნივთიერებების დეფიციტი, თავისთავად ცხადია, ჯანმრთელობისთვის მეტად საზიანოა. მკვლევართა ნაწილი მას ავთვისებიან სიმსივნეთა მიზეზადაც მიიჩნევს. გარდა ამისა, ითვლება, რომ მეტისმეტად ცხიმიანი საკვები ზრდის სწორი ნაწლავის, საშვილოსნოსა და წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. დამნაშავეთა სიაში მოხვდა ჭარბი წონაც, რომლის გამოც შესაძლებელია სარძევე ჯირკვლის, სწორი ნაწლავის, საყლაპავის, თირკმელებისა და საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნე განვითარდეს.
ასე რომ არ მოხდეს, სპეციალისტები გვირჩევენ, გავიმდიდროთ მენიუ ხილითა და ბოსტნეულით, მივიღოთ მინერალებისა და ვიტამინების კომპლექსი და შესძლებისდაგვარად შევზღუდოთ მეტისმეტად ცხიმიანი საკვები. რაც მთავარია, არამც და არამც არ ვთქვათ უარი სპორტზე და, საზოგადოდ, ცხოვრების აქტიურ სტილზე. ასე ჭარბ წონასთან ბრძოლაც გაგვიადვილდება, ავთვისებიანი სიმსივნისგანაც მაქსიმალურად ვიქნებით დაცულნი და, რაც მთავარია, განწყობასაც ავიმაღლებთ, ეს კი, მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა.