თარიღი: 06 იანვარი, 2020
ფსიქოლოგი ნინო ლაბარტყავა მიიჩნევს, რომ მორცხვი ადამიანები განსაკუთებით მგრძნობიარენი არიან. როგორც ფსიქოლოგმა განაცხადა, სიმორცხვეს განაპირობებს ნერვული სისტემის ტიპი, ასევე აღზრდა და კულტურა. ბავშვები უკვე პირველი თვეებიდან განსხვავდებიან ერთმანეთისგან ტემპერამენტით. ზოგიერთი მათგანი ძალზედ მგრძნობიარე ნერვული სისტემით გამოირჩევა, ისინი მეტად რეაგირებენ სიტუაციის ცვლილებებზე, საფრთხეზე და ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ. მიიჩნევა, რომ სწორედ ამგვარი მგრძნობიარე ბავშვები დიდობაში ხასიათდებიან სიმორცხვით. ბავშვი, რომელსაც ეშინია სოციალური სიტუაციების, არ იცავს საკუთარ მოსაზრებას, იგი თანდათან თავს არიდებს უცხო ადამიანებითან ურთიერთობას. ასეთ დროს იგი შესაძლოა სხვისი გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს, გარდა ამისა, დაბალი თვითშეფასება ასევე საფრთხის შემცველია და იწვევს სიმორცვეს.
ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ მორცხვი ადამიანები ხშირად განიცდიან სირცხვილის გრძნობას, როდესაც რაიმე არ გამოსდით. სირცხვილის გრძნობის ფორმირება უმცროს სასკოლო ასაკში ხდება, როდესაც ბავშვი უკვე ითვისებს სოციალურ გარემოში არსებულ სტანდარტებს.
ფსიქოლოგის თქმით, სოციალური ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია სამეტყველო კომპეტენციები. უკეთესი ვერბალური უნარებით გამოირჩევიანიან ბავშვები, რომელთაც მშობლები ჩვილობის ასაკიდან ესაუბრებიან, ახმოვანებენ მასთან თამაშის პროცესს, აცდიან მოსაზრებების გამოთქმას, უსვამენ შეკითხვებს, თუ რომელია მისი საყვარელი მულტფილმი ან წიგნი, უკითხავენ წიგნებს და ესაუბრებიან სხვადასხვა გამოცდილების შესახებ.
„მორცხვი ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის იცნობდეს სხვადასხვა სიტუაციას. ვინაიდან, ადამიანები მეტად ვმორცხვობთ უჩვეულო, უცნობ სიტუაციაში, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს მივცეთ მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. ეს შეიძლება იყოს დასასვენებელი პარკები, თეატრები, გამოფენები და ა.შ. თუ ბავშვი აღნიშნულ სიტუაციაში თქვენს გარეშეც აღმოჩნდება, ის ნაკლებად დაიმორცხვებს“ – აცხადებს ფსიქოლოგი.
წყარო: https://fortuna.ge