Plasmon
ბავშვის უძილობა, შიშები – სიმპტომები, რომლის დროსაც ნევროლოგს უნდა მივმართოთ

თარიღი: 01 მაისი, 2017

რატომ ტირიან ჩვილები გამუდმებით, რა იწვევს უძილობას, როგორ დავძლიოთ შიშები ბავშვებში და რა არის ის საგანგაშო ნიშნები, რომლის გამოვლენისთანავე უნდა მივმართოთ ნევროლოგს, სად ვეძებოთ უსაფუძვლო პანიკისა და რეალური შფოთვის მიზეზი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნანა გელაძემ ისაუბრა.

 

რა არის ის საგანგაშო ნიშნები, რასაც მშობელმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება, როდის არის საჭირო პირველი ვიზიტი ნევროლოგთან?

საქმე ის გახლავთ, რომ ასე თუ ისე ბავშვთა ასაკის განვითარების ნორმები ცნობილია, მითუმეტეს, თუ საუბარი არ არის პირველ ბავშვზე. ექიმებს ყურადღებიანი და აჟიტირებული დედა უფრო გვიყვარს. როგორც წესი, დედა ყველაზე ადრე ამჩნევს ბავშვს სხვადასხვა დარღვევას.

თუ ბავშვს არ აქვს კარგი ძილი, თუ წოვის დროს ხშირი გადაცდენა ან ხელების კანკალია ქვს, თუ ბჟირდება, ან ლურჯდება, რა თქმა უნდა ბავშვს სჭირდება ნევროლოგის კონსულტაცია.

როგორც წესი, ყველა ახალშობილს ნახულობს ნეონატოლოგი, ან პედიატრი და ის იღებს გადაწყვეტილებას, არის თუ არა რაიმე დარღვევა და ადგენს სჭირდება თუ არა პატარას ნევროლოგის კონსულტაცია. მე მიმაჩნია, რომ ყველა ახალშობილი, თვენახევრამდე ასაკში უნდა იყოს კონსულტირებული არა მხოლოდ ნევროლოგის, არამედ ორთოპედის მიერ, რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსარს შეამოწმებს. რაც შეეხება თვალის ქაჩვას და სხვა სიმპტომებს, მოსახლეობაში არის კლიშე, მშობელი კარში შემოსვლისთანავე მეუბნება, რომ ბავშვი თვალებს ქაჩავს, ენას ყოფს, თავს უკან აგდებს და თავად აქვს გამზადებული ქალა შიდა წნევის დიაგნოზი. სინამდვილეში ქალა შიდა წნევის დიაგნოზი იშვიათია, ახალშობილებში თვალის ქაჩვა გარკვეულ ასაკამდე სრულიად ნორმალურია, თავს უკან გაადააგდებს თუ გვერდზე – ეს ბავშვის სურვილია. ქალა შიდა წნევა ისინჯება არა მხოლოდ კლინიკურად, არამედ ნეიროსონოსკოპიით. ექიმი რადიოლოგი ღია ყიფლიბანდიდან ზომავს ტვინის სტრუქტურებს, როდესაც ყიფლიბანდი იხურება, მაშინ ქალა შიდა წნევის სინდრომი ისინჯება, მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფიით, ან ბირთვულ მაგნიტური ტომოგრაფიის საშუალებით.

 

მშობლებისგან ხშირად გვსმენია, რომ ბავშვს აქვს ცუდი ზნე, ან ბავშვი არის ”მუთაქასავით”, რა არის იმის მიზეზი, რომ ბავშვი გამუდმებით ტირის?

ჯანმრთელი, მაძღარი და მშრალი ბავშვი უმიზეზოდ როგორც წესი, არ ტირის. მას შესაძლოა ჰქონდეს მუცლის კოლიკა, ან გადახურებულია, ან სულაც დედასთან სურს. როდესაც ბავშვი ტირის, ეს არის სიგნალი, რომ მას სჭირდება მიხედვა, დედამ უნდა შეამოწმოს რა აწუხებს, ამის შემდეგ კი მიმართოს ექიმს. რაც შეეხება დუნე ბავშვს, ესეც ცოტა გვაშინებს ხოლმე, ბავშვმა უნდა აგრძნობინოს მშობელს რა უნდა. გააჩნია სიტუაციას, თუ მშობელი გაწონასწორებულია, ბავშვი იზრდება მშვიდ გარემოში, შესაძლოა, ნამდვილად არ იტიროს.

 

ხშირად ბავშვებს პირველ თვეებში უჭირთ დაარეგულირონ ძილის რეჟიმი, ხომ არ არის რაიმე რეკომენდაცია, რომელიც დაეხმარება მშობელს?

ჩვენს რეალობაში ბოლო პერიოდში თითქმის ყველა მშობელი ბავშვის უძილობას უჩივის, როდესაც გამოვკითხავ, ისეთი სავალალო და არასწორი რეჟიმით ცხოვრობს ბავშვი, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ღამით ცუდად სძინავს. მაგალითად, 2-3 წლის ბავშვი მიდის ბაღში და 18:00 საათზე დედას უკან მოყავს, ამის შემდეგ მშობელი, ჩემი აზრით ვალდებულია გაასეირნოს, მშვიდად ესაუბროს, ათამაშოს, წაუკითხოს ზღაპარი, დაბანოს და დააძინოს. რა ხდება ნაცვლად ამისა: მშობელი ურთავს ტელევიზორს, ან აძლევს ტელეფონს და თვითონ სხვა საქმეს აკეთებს. ჩვენ ემოციური ხალხი ვართ, როდესაც ყველა სამსახურიდან ბრუნდება, არის ხმაური. მაგალითად პატარას ჰყავს ძიძა, რომელსაც საღამომდე ბავშვი მშვიდად ჰყავს, საღამოს კი მოდიან ოჯახის წევრები და იწყება ქაოსი. საღამოს ბავშვი მშვიდად უნდა იყოს. ბოლო პერიოდში საძილე საშუალებას კი არ ვაძლევ, მე მშობელს ვაძლევ რეკომენდაციას და ძალიან ხშირად სწორედ ამით ვშველი.

 

არსებობს მცენარეული საძილე საშუალებები, საჭიროა თუ არა ისინი, როდესაც ბავშვს ცუდად სძინავს და რეალურად როგორ მოქმედებს?

ექიმი ვალდებულია დანიშნოს მხოლოდ ლიცენზირებული პრეპარატები. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები სხვადასხვა ჰომეოპათიურ საშუალებებს. თუ მცენარეული საშუალება იყიდება აფთიაქში, არის ლიცენზირებული, რატომაც არა, მე მომხრე ვარ, დაინიშნოს მცენარეული, ვიდრე ქიმიური პრეპარატი. თუმცა, წამლის დანიშვნა იმისთვის, რომ მშობელმა კარგად დაიძინოს, ეს მიდგომა არასწორია. პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, რატომ აქვს ბავშვს ინსომნია, ანუ ძილის დარღვევა. ყველა ასაკისთვის ძილის ხანგრძლივობა განსხვავებულია, თუმცა ესეც კავშირშია ოჯახის ტრადიციებთან, რომლებიც მაგალითად იძინებენ ღამის 02:00 საათზე და შუა დღემდე სძინავთ. მე მშობლებს ვეუბნები, რომ ბავშვმა უნდა გაიღვიძოს 08:00 საათზე და მოწესრიგდეს, რათა მან იაროს საბავშვო ბაღში სკოლაში და ა.შ. მშობლის რითმი მათი საქმეა, ბავშვს კი რეჟიმი სჭირდება.

 

ხშირად ბავშვები იღვიძებენ ღამით და აქვთ შიშის მაგვარი შეკივლებები…

არის ასეთი კვლევა პოლისომნოგრაფია, რომელიც ადგენს ძილის ნელი, ან სწრაფი სტადიისას რა დარღვევებია ტვინში. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, შიშები ღამით. ხშირად ეს იმ ტელეგადაცემების, ან კომპიუტერული თამაშების საშიში სიუჯეტის გაგრძელებაა, რასაც დაძინებამდე უყურა. ბავშვი ძალიან ემოციურია, ახლა ყველა ასაკში ერთსა და იმავეს უყურებენ. ის რაც შეიძლება 10-12 წლის ასაკში დასაშვები იყოს, არ შეიძლება 2-3 წლის ასაკის ბავშვმა უყუროს. როდესაც მშობელი ასეთი ჩივილით მოდის, ვიღებთ ელექტროენცეფალოგრამას და ვადგენთ, ხომ არ არის ღამის პაროქსიზმი და ხომ არ მოითხოვს ბავშვი კრუნჩხვისა თუ ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატების ჩართვას.

 

როდესაც ბავშვს ეშინია ღამით ოთახიდან ოთახში გასვლა, ესეც ხომ არ არის იმის გაგრძელება, რაზეც თქვენ საუბრობდით…

ეს ჩვეულებრივი რამ არის. ზოგს ეშინია ტელეფონის ზარის, ან გარეთ გასვლის და ა.შ. გააჩნია რა სოციუმში იზრდება ბავშვი. თუ ბავშვს ბნელ ოთახში შესვლის ეშინია, ჯერ მშობელი უნდა შევიდეს, აანთოს სინათლე და შემდეგ შეიყვანოს ბავშვი. ეს შიში ბავშვს დროთა განმავლობაში გაუვლის. ხშირად მშობელი ბავშვს აშინებს, რომ მოვა ტომრიანი კაცი და მას წაიყვანს, შეიძლება ბავშვი ასე გამოხატავს შიშს. ტრენირება, ანუ ბნელ ოთახში შეყვანის მიჩვევვა, არავითარ შემთხვევაში ბავშვთა ასაკში არ შეიძლება. დღისით უნდა აუხსნას მშობელმა რომ საშიში არაფერია, ნელ-ნელა ბავშვი ამას დაძლევს.

 

რა ინფორმაციის მომცემია ენცეფალოგრამა და რა განსხვავებაა სხვადასხვა მსგავს კვლევას შორის?

ელექტროენცეფალოგრამა ეს არის თავის ტვინის ბიოელექტრული აქტივობის ჩანაწერი, მარტივად რომ ვთქვა, როგორც გულის კვლევისას, ვაკეთებთ კარდიოგრამას, იგივეა თავის ტვინის კვლევის დროსაც. ნორმალურად მომუშავე თავის ტვინს აქვს გარკვეული ნორმალური რითმი, ვინაიდან ბავშვის ტვინი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, ამ ასაკში გარკვეული ტალღებია ენცეფალოგრამაზე. რეზინის შლემს ამაგრებენ თავზე და ელექტროდების საშუალებით მიმდინარეობს ჩანაწერი. ეს არ არის მავნე, სრულიად უმტკივნეულოა, შეიძლება 24 საათის განმავლობაშიც კი კეთდებოდეს. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, აქ უნდა იყოს კლინიკური კვლევა, ფსიქოლოგიური კვლევა, რომ ბავშვის ინტელექტი და განვითარება შევაფასოთ. ყველაზე მეტად ელექტროენცეფალოგრამა ინფორმატიულია ეპილეფსიის დროს. რაც შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფიას, როდესაც ბავშვის განვითარება მკვეთრად ჩამორჩება ასაკს, აქვს სისუსტე, არის 2 წლის და არ დადის, არის კოორდანაციის დარღვევა, ანუ აშკარა ნევროლოგიურ ჩამორჩენასთან გვაქვს საქმე, ამ დროს ვაკეთებთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას და ბირთვულ მაგნიტურ რეზონანსულ კვლევას,რომელიც უფრო მეტი ინფორმაციის მომცემია.

 

თქვენ ერთ–ერთ ინტერვიუში საუბრობთ, რამდენად ნეგატიური გავლენა შეუძლია მოახდინოს ბავშვზე ხანგრძლივი დროით ტელევიზორთან და გაჯეტებთან ყოფნამ, თუმცა მშობლებს ამის არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ ბავშვებმა სწორედ ეკრანებიდან ისწავლეს რუსული, ან ინგლისური ენა, ფერების, ცხოველების დასახელება…

გააჩნია ასკს, არავინ არ უარყოფს, რომ სკოლის ასაკის ბავშვმა გარკვეული პერიოდი შეიძლება გაატაროს კომპიუტერთან, მაგრამ ჩვილობის პერიოდში და მცირე ასაკის ბავშვებში ეკრანების გამოყენება მხოლოდ მავნებლობაა.

2013 წლიდან ამერიკის ფსიქიატრიის ასოციაციამ შემოიტანა დიაგნოზი ”ეკრანდამოკიდებული დაავადება”. ბავშვებში ვითარდება ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ფსიქიატრიულ რუბრიკაში ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის შემდეგომ არის შეყვანილი.

მე ასეთ პაციენტებს ვხვდები ყოველდღე. 2-3 თვის წინ მქონდა შემთხვევა, როდესაც მამამ ღამის 02:00 საათზე შვილს გამოურთო კომპიუტერი, რადგან ძილის დრო იყო. ბავშვმა თვითმკვლელობა სცადა. მყავს პაციენტები, რომლებიც 4-5 თვის ბავშვს საწოლში პლანშეტს უდებენ, რომ დაიძინოს. მობილურ ტელეფონს აქვს გამოსხივება, მას აქვს მოციმციმერ ეკრანი, არის სიუჟეტი, ჩვილისთვის სრულიად გაუგებარი და ჰანგები, რომლებიც მისთვის არ არის საჭირო. ბავშვი იღლება ამის ყურებით და იძინებს. შემდეგ ბავშვს ტელეფონს უკვე ჭამის დროს აძლევენ.

საქართველოში სამწუხაროდ ბავშვი დამოუკიდებლად 3-4 წლამდე არც ჭამს და არც იცვამს. მშობელი ფიქრობს, რომ ოღონდ ბავშვმა ჭამოს და სულ ერთია რა გზით. უნდა გაირკვეს, რატომ არ აქვს მადა და რატომ არ ჭამს. მშობელს ბავშვი გარეთ არ გაყავს, არ ანიავებს ოთახს, ამის შემდეგ კი ვითარდება ეკრანთან პათოლოგიური დამოკიდებულება.

რატომ უნდა ისწავლოს ფერები კომპიუტერით, ნუთუ მშობელს არ შეუძლია ბავშვს აჩვენოს წითელი ბურთი, მწვანე ბალახი, ან ყვითელი ყვავილი, იმიტომ რომ მშობელი ბავშვთან დიდ დროს არა ატარებს, ეს სავალალოა. ბევრი მშობელია დაკავებული, მაგრამ თუ დედას არ სცალია, მამა იღებს ამას თავის თავზე, ან ბებია. მყავს პაციენტი, სამი წლის, რომელიც არ ლაპარაკობს, მამამ მითხრა დაუწერეთ ციფრებიო, დავწერე და ბავშვმა ინგლისურად მითხრა. ეს სავალალოა, ბავშვი, რომელსაც არ აქვს მეტყველებითი განვითარება, აქვს ალალია – ასე ქვია ამ დარღვევას, წარმოიდგინეთ რამდენი საათი ზის კომპიუტერთან, რომ ინგლისური ტექსტი ისწავლა. ეს მხოლოდ უყურადღებობაა ბავშვის მიმართ.

 

კბილების კრაჭუნი – ამ დროს ამბობენ რომ ბავშვს ჭიები ყავს, რა ხდება ამ დროს?

სულ რამდენიმე დღის წინ დედამ მოიყვანა ბავშვი და მითხრა რომ კბილებს აკრაჭუნებს, არადა პატარას სულ ოთხი კბილი აქვს, მან პირველად იგრძნო ეს ხმაური და აგრძელებდა ასე მოქცევას, ეს არაფრის სიმპტომი არ არის. კბილის კრაჭუნი, ანუ ბრუქსიზმი შესაძლებელია ჭიების გამოც იყოს გამოწვეული, შესაძლოა ნევროტიული სენი იყოს.

მშობელმა უნდა დაიცვას ჰიგიენა, ძნელია სკოლის ასაკში, თუმცა, უნდა გაატანოს სველი ხელსახოცი, ან სახლიდან გაატანოს საკვები და არ მიირთვას ბავშვმა სკოლის სასადილოში, თუ იქ სისუფთავე არ არის. არ უყიდოს ბავშვს მშობელმა ისეთ ჯიხურებში საკვები, სადაც არ არის ჰიგიენის ნორმები დაცული.

 

რა არის ოპტიმალური ასაკი ბაღსა და სკოლაში ბავშვის მისაყვანად? არის თუ არა რაიმე სტანდარტი?

 

არიან ერთეული ინდივიდები, რომლებსაც 2-2,5 წლიდან შეუძლიათ კომუნიკაცია, არიან მშვიდები და მათთვის ინტეგრაცია პრობლემა არ არის.

ბავშვების უმრავლესობა დედისგან განცალკევებას ძალიან მტკივნეულად განიცდის. ასეთ ბავშვს გარკვეული მომზადება სჭირდება. მიიჩნევა, რომ ბაღი არის სამი წლის ზემოთ, თუმცა ამ ასაკში ზოგიერთი ბავშვი ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდის. ეს ინდივიდუალურია. უფრო ადრეულ ასაკში მიყვანას მე არ ვურჩევ დედებს. უნდა შეასწავლო ბავშვს ის ძირითადი ზნეობრივი ცნებები და შენზე უკეთესად შენს შვილს ვერავინ გაზრდის.

ბავშვის ზედმეტი ნერვოტიზაცია არ ღირს, არცერთი სამსახური არ ღირს იმად, რომ ბავშვმა ასე ინერვიულოს. თუმცა, ერთეულ შემთხვევებში შეიძლება ადრეულ ასაკშიც მიყვანა. რაც შეეხება სკოლას, ბავშვს არ აქვს ოსტეოგენეზი ანუ ძვალსახსროვანი სისტემა ისეთი სრულყოფილი, რომ ის 3-4 საათი იჯდეს მერხთან. ბავშვი უნდა მოძრაობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა ტანმდეგობა. მადლობა ღმერთს ამოღებულია აკვანი, ჭოჭინა… ბევრი რამ არის კიდევ მავნე ჩვენს რეალობაში, რომელსაც სამწუხაროდ ტრადიცია ქვია.

 

მშობლებს ისევ ეშინიათ აცრების, რას ფიქრობთ თქვენ?

შესაძლოა გარკვეულ წილად მშობლები რომელიმე ექიმის გავლენის ქვეშ არიან.

აუცილებლად უნდა აიცრან ბავშვები, ერთი ბავშვი არ არის სტატისტიკა, სტატისტიკა კი იმას ამბობს, რომ დაავადებას უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე აცრას.

ამიტომ, ის ნუსხა, რაც ამჟამად კეთდება, არის აუცილებელი. არის ძალიან მცირე უკუჩვენება, პირველ რიგში ეს არის ალერგიული რეაქცია. 3-4 თვის წინ გუდაურში გაიმართა კონფერენცია, რომელსაც ყველა წამყვანი პედიატრი და ნევროლოგი ესწრებოდა, ლექცია ჯანდაცვის საერთასორისო ვაქცინაციის ასოციაციის თავჯდომარემ წაგვიკითხა და თქვა, რომ პრაქტიკულად ვაქცინაციას უკუჩვენება არ აქვს. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ამის უკან კომერცია დგას, თუმცა ყოველდღიური რეალობა სხვას ამბობს.

 

ნევროზები ბავშვებში – რამდენად სწორია ეს ტერმინი?

 

სიტყვა ნევროზი ბოლო კლასიკაციაში აღარც არის შეყვანილი.

ნევროზი შეყვანილია რუბრიკაში სომატოფორმული აშლილობა. რა არის ეს? ფობიები, შიშები, ძილის დაღვევა, ქცევითი აშლილობა, უნებლიე მოძრაობები, უნებლიე შარდვა ან დეფეკაცია.

აუცილებელია ნევროლოგის კონსულტაცია. მაგალითად ენაბორძიკობის უკან გარკვეეული შიში დგას, ის სახლში, ბაღში კონფლიქტის მოწმე გახდა, ან დაეცა და ტრამვის შედეგად დაეწყო. შესაძლოა სხვადასხვა სომატოფორმული აშლილობა განვითარდეს მუდმივად უსიამოვნო სოციუმის შედეგად, მაგალითად აგრესიული მშობელი, ან ზეზრუნვა, ან ფიზიკური დასჯა. მე როგორც ნევროლოგი, ასეთი ტიპის დაავადებებს არც ვკურნალობ, პირველ რიგში მე ვასწავლი მშობელს როგორ უნდა მოექცეს ბავშვს და ვაგზავნი ფსიქოლოგთან, ან ლოგოპედთან, იმ შემთხვევვაში თუ ბავშვი დიდია და პრობლემა რამდენიმე წელს ითვლის.

 

წყარო: www.fortuna.ge