თარიღი: 19 ივნისი, 2017
14 ივნისს გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ისეთ აქტუალურ თემებს მიეძღვნა, როგორიცაა ჭიპის თიაქარი ბავშვებში, ჰემანგიომა, ბიჭების ჰიგიენა და მუცლის ტკივილი. ამ და სხვა საინტერესო თემებით გადაცემას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგი ლევან ხარაშვილი სტუმრობდა. რესპირაციული მედიცნის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იმ მნიშვნელოვან სიმპტომებზე გაამახვილა ყურაღება, რომელიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.
რა ასაკში უნდა დაგეგმოს მშობელმა პირველი ვიზიტი ქირურგთან?
თუ ბავშვს არ აქვს რაიმე ხილული ქირურგიული პათოლოგია, არ არის რაიმე წარმონაქმნი კანზე, არ არის თიაქარი და ა.შ. რა თქმა უნდა ქირურგის კონსულტაცია გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუმცა, ყველა ბავშვი დაბადებიდანვე უნდა იყოს პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ და თუ რაიმე ეჭვი გაჩნდა ქირურგიულ პათოლოგიაზე, პედიატრი თავად გადაამისამართებს ბავშვთა ქირურგთან. ტერმინის ”ბავშვთა ქირურგი” ყველას ეშინია, რადგან ოპერაციულ ჩარევებთან, ტკივილთან და დისკომფორტთან ასოცირდება. ამ ყველაფრის ასარიდებლად დროულად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.
ბავშვებში ხშირად ვხვდებით ისეთ თანდაყოლილ პათოლოგიას, როგორიცაა ჭიპის თიაქარი. რატომ ჩნდება ის და საჭიროებს თუ არა ოპერაციულ ჩარევას?
ჭიპის თიაქარი ხშირი პათოლოგიაა, ეს გამოიხატება ხოლმე ჭიპის მიდამოში გამობერილობით, ზომაში საკმაოდ დიდია ხოლმე და მშობლები შეშინებულები არიან, არადა შესახედავად უფრო საშიშად გამოიყურება, ვიდრე რეალურად საფრთხეს წარმოადგენს. ჭიპი იმიტომ აქვს ადამიანს, რომ მუცლადყონის დროს დედის ორგანიზმიდან ხდება სისხლისა და საჭირო ნივთიერებების გადასვლა ბავშვის ორგანიზმში. დაბადების შემდეგ, ჭიპლარი ფუნქციას კარგავს, გადაიკვანძება, ძვრება და მას შემდეგ, რაც განვითარდება მუცლის წინა კედლის კუნთები, ეს დეფექტი უნდა დაიხუროს. ზოგ შემთხვევაში დეფექტი არ იხურება და რჩება თიაქარი. ჭიპის თიაქარი უფრო ხშირია დღენაკლულ და მცირეწონიან ახალშობილებში. რაც შეეხება იმას, საჭიროა თუ არა ოპერაციული ჩარევა, უმეტეს შემთხვევაში ეს საჭირო არ არის და ორ წლამდე დეფექტი თავისით იხურება. თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც 4-5 წლამდეც ვაცდით ხოლმე, იმ შემთხვევაში, როდესაც ტენდენცია მიდის დაპატარავებისკენ. თუ დეფექტი საკმაოდ დიდია და არ იხურება, ამ დროს ვაკეთებთ ოპერაციას. განაკვეთი ჭიპში კეთდება, ოპერაცია კოსმეტიკური თვალსაზრისით საკმაოდ უვნებელია და არ რჩება ნაწიბურები. რაც შეეხება არაოპერაციულ მართვას – ორ წლამდე თუ დეფექტი არ არის დიდი, ვიცდით ხოლმე. თიაქარი ბავშვისთვის მტკივნეული და შემაწუხებელი არ არის, როდესაც ბავშვი ტირის და გაზები აქვს დიდი რაოდენობით, დეფექტში წნევა იზრდება, ნაწლავი გამოდის ხოლმე და მარტივად, თითის დაჭერით უკან ბრუნდება მუცლის რღუში.
ძველად სხვადასხვა მეთოდების გამოყენება უყვარდათ – მაგრამ ხუთ კაპიკიანებისა და ლეიკოპლასტირების გადაკვრა წარსულს ჩაბარდა, მათ არანაირი ეფექტი არ აქვთ, რადგან თუ დეფექტი მიდრეკილია იმისკენ, რომ დაიხუროს, ის თავისით, ყოველგვარი მიხმარების გარეშე, მაინც დაიხურება.
რამდენად საშიშია ჭიპის თიაქრის ჩაჭედვა და რამ შეიძლება ის გამოიწვიოს?
მართალია, ჭიპის თიაქარი შეიძლება ჩაიჭედოს და ჩაჭედვა ნიშნავს, რომ დეფექტიდან გამოდის თიაქრის შიგთავსი და უკან ჩასვლა ვეღარ ხერხდება. ამ დროს რა თქმა უნდა სასწრაფო ოპერაციის ჩვენებაა, რადგან ნაწლავს, რომელსაც თიაქრის რგოლი უჭერს, შეიძლება მოეშალოს სისხლის მომარაგება, დანეკროზდეს და გახდეს ამოსაჭრელი. ამ დროს, რა თქმა უნდა ოპერაცია გარკვეულ რისკებს შეიცავს. მინდა მშობლები დავამშვიდო, რომ ჭიპის თიაქრის ჩაჭედვა ხდება ძალიან იშვიათად. ჭიპის მიდამოში გამობერილობა არის მკვრივი, მტკივნეული, არის შეწითლებული, ბავშვი ჭირვეულობს და თუ მანამდე თიაქარი მუცლის ღრუში ადვილად ბრუნდებოდა, ამ დროს უკან აღარ ხდება მისი ჩასვლა. ასეთივე დეფექტი ხშირად არის ხოლმე საზარდულის არეშიც, სადაც თიაქრის ჩაჭედვა უფრო ხშირად ხდება.
როდესაც მშობელი საზარდულის მიდამოში გამობერილობას შეამჩნევს, ამ დროს უნდა მიმართოს მან ქირურგს და დაიგეგმოს ოპერაცია. საზარდულის თიაქარი არის თანდაყოლილი და ის თავისით არ დაიხურება, ამიტომ უმჯობესია ოპერაცია ამ დროს დაგეგმილად გაკეთდეს და არა მაშინ, როდესაც ჩაჭედვა მოხდება. თუ ეჭვია თიაქრის ჩაჭედვაზე, არის მტკივნეული და მკვრივი როგორც აღვნიშნე, მაშინვე უნდა მიამრთოს მშობელმა ექიმს.
კიდევ ერთი თანდაყოლილი პათოლოგიის შესახებ უნდა გკითხოთ, კისრის შუა კისტა – რა იწვევს მას და როგორ ხდება მკურნალობა?
კისრის შუა კისტა არც ისე იშვიათია, ეს არის თანდაყოლილი პათოლოგია, ხდება კისტოზური წარმონაქმნის ზომაში ზრდა, ის თავიდანვე არსებობს, თუმცა მას მშობლები მხოლოდ ზომაში მატების შემდეგ ამჩნევენ. ეს არის კისტოზური, ცისტური წარმონაქმნი ყბის ქვეშ და ვითარდება ემბრიონალური განვითარების გარკვეულ ეტაპზე. კისრის შუა კისტა დაკავშირებულია ძალიან წვრილი სადინარით ინის ძვლის გავლით საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან, ანუ ხახაში იხსნება წარმონაქმნი, რაც ოპერაციის დროს გარკვეულ სირთულეებს ქმნის. მკურნალობა არის ოპერაციული რა თქმა უნდა, კისრის შუა კისტა უნდა ამოიკვეთოს. იმ შემთხვევაში თუ კისტა დაინფიცირებულია, ხდება ჩირქგროვის დრენირება და როდესაც ის ალაგდება, მივდივართ რადიკალურ ოპერაციაზე. აუცილებელია ამ დროს ქირურგის კვალიფიკაცია, რადგან თუ არ აქვს ექიმს გამოცდილება, შეიძლება ეპიდერმულ კისტაში აერიოს და არ მოხდეს იმ სადინარის ამოკვეთა, რომელიც იხსნება ხახაში, ზოგჯერ კი ენის ძვლის ამოკვეთაც ხდება ხოლმე.
ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი – რა უნდა გაკეთდეს ასეთ დროს, რა გართულება შეიძლება მოყვეს მას?
დავიწყოთ მუცლადყოფნის პერიოდიდან – ამ დროს სათესლე ჯირკვლები მდებარეობს მუცლის ღრუში, საზარდულის არხის მეშვეობით მეშვიდე თვიდან ხდება ჯირკვლების მიგრაცია – სათესლე ჯირკვლები სათესლე პარკში უნდა ჩამოვიდეს და დაფიქსირდეს. მუცლის ღრუში ადამიანის ტემპერატურა ერთი გრადუსით უფრო მეტია, ვიდრე სათესლე პარკში, ზუსტად ეს ერთი გრადუსი აძლევს სათესლე ჯირკვლებს საშუალებას განვითარდეს კარგად. ნორმალური ფუნქციონირებისთვის, გაზრდისთვის და ჩამოყალიბებისთვის სჭირდება ნორმალური პირობები, სწორედ ამიტომ უნდა იყოს სათესლე პარკში დაფიქსირებული. თუ ჯირკვალი ძალიან დიდხანს დაყოვნდა მუცლის ღრუში ან საზარდულის არხში, ანუ იქ, სადაც არ უნდა იყოს, მაღალი ტემოპერატურის გამო, შესაძლოა, მოზრდილ ასაკში გადაგვარდეს ავთვისებიან სიმსივნედ. მნიშვნელოვანია, რომ ოპერაცია გაკეთდეს დროულად. ჩამოუსვლელი ჯირკვალი შეიძლება გაჩერებული იყოს სხვადასხვა დონეზე. შეიძლება ის იყოს ძალიან ახლოს სათესლე პარკთან და ამ დროს ოპერაციული ჩარევა ძალიან მარტივია, ან იყოს საზარდულის არხში, ან მუცლის ღრუში და ამ დროს ლაპარასკოპიულ ტექნიკასაც ვიყენებთ ხოლმე, რომ ჩამოვიტანოთ კუთვნილ ადგილზე. თუკი ჯირკვალი ვერ შეძლებს ფუნქციონირებას, ხდება მისი ამოკვეთაც.
როდის უნდა მივმართოთ ბავშვთა ქირურგს ან უროლოგს? როდესაც დაფიქსირდება, რომ არ არის სათესლე ჯირკვალი ჩამოსული, მაშინვე უნდა მოხდეს კონსულტაცია. ოპერაციის ასაკი გაახალგაზრდავდა და შეიძლება ორი წლის ასაკამდეც კი ჩატარდეს.
აუცილებელია თუ არა ჰემანგიომის მოშორება ოპერაციული გზით, ამ თემაზე ხშირად ექიმების აზრიც განსხვავებულია..
რა არის ჰემანგიომა? ეს არის კაპილარების კეთილთვისებიანი სიმსივნე. ქირურგიაში ყველა ახალ წარმოქმნას ჰქვია სიმსივნე. გამოიხატება ხოლმე წითელ ლაქად და შეიძლება შეგვხვდეს როგორც კანზე, ისე შინაგან ორგანოებზე. მისი მკურნალობა დამოკიდებულია ჰემანგიომის ლოკალიზაციაზე, აქვს თუ არა ტენდენცია ზრდისკენ და რა ზომის არის. მკურნალობა არსებობს როგორც მედიკამენტური, ისე ოპერაციული, მაგრამ ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური და ხშირად რამდენიმე სპეციალისტი ერთად წყვეტს ხოლმე როგორ წარიმართოს მისი მკურნალობა. როდესაც ჰემანგიომა არის პრობლემურ ადგილზე, მაგალითად სახის მიდამოში, გენიტალიების მიდამოში ან სარძევე ჯირკვლის მიმდებარედ – ანუ იმ ადგილებში, სადაც მათი ამოკვეთა ქირურგიულად შეუძლებელია, ასეთ დროს ქირურგია მეორე პლანზე გადადის და მედიკამენტების იმედზე ვართ. ხშირად ჰემანგიომებს ახასიათებთ უკუგანვითარება და ორი წლის ასაკამდე ვიცდით ხოლმე. თუ არ არის პრობლემური ზონა, ზოგჯერ 3-4 წლამდეც ვიცდით და თავისით ლაგდება. არის შემთხვევები, როდესაც გვიწევს ოპერაციული ჩარევა, როდესაც ჰემანგიომა აგრესიულად იზრდება და უახლოვდება პრობლემურ ადგილებს, ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უკუგანვითარების ალბათობა, რისკი უფრო დიდია, რადგან შეიძლება ძალიან რთული გახდეს მისი მოცილება. მშობელთან ერთად ვსჯელობთ რისკების შესახებ და ვიღებთ გადაწყვეტილებას. როდესაც ჰემანგიომა არის პრობლემურ ადგილზე, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მედიკამენტები, დიდი დრო არ არის რაც აღმოაჩინეს, რომ კონკრეტული საგულე პრეპარატი ხელს უწყობს ჰემანგიომების ალაგებას. საუბარია ბეტაბლოკერზე, რომელსაც გულის მანკით დაავადებულ ბავშვებთან იყენებდნენ და აღმოაჩინეს, რომ ძალიან სწრაფად ახდენდა პრეპარატი ჰემანგიომების ალაგებას. მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ცენტრი სწორედ ჩვენი საავადმყოფო იყო, სადაც დავიწყეთ ბეტა ბლოკატორების გამოყენება და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. რადგან საგულე პრეპარატია, საჭიროა მისი დიდი სიფრთხილით გამოყენება, დოზის სწორად შერჩევა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ყველა ჰემანგიომას ბეტაბლოკატორებით უნდა ვუმკურნალოთ. ეს არ არის მხოლოდ ქირურგის საქმე და რამდენიმე სპეციალისტი ერთად მართავს ჰემანგიომას.
დღეს ისევ აქტუალურია ბიჭების ჰიგიენის ნაწილში ჩუჩის გადაწევის საკითხი, შეიძლება თუ არა და რამდენად მტკივნეულია ეს პროცედურაა?
რა თქმა უნდა მტკივნეულია. ფიმოზი ქვია ამ ყველაფერს, როდესაც ასოს თავზე კანი არ გადადის ბოლომდე. არსებობს ფიზიოლოგიური ფიმოზი, ბავშვი ასე იბადება და არ უნდა გადასდიოდეს ასოს თავზე კანი. მთავარია შევაფასოთ, არის თუ არა ეს პათოლოგიური ფიმოზი და საჭიროა თუ არა ჩარევა. ამის შეფასება მარტივია შარდის ნაკადით. რაც უფრო წვრილია ნაკადი, უფრო მაღლა ხდება ამოტყორცნა, ბავშვს არ უნდა უხდებოდეს გაჭინთვა მოშარდვის დროს და ჩუჩა არ უნდა იბერებოდეს. საშარდე მილის გარეთა ხვრელი, კანის ოდნავ გადაწევის დროს უნდა ჩანდეს სრულად, თუ ეს ასეა, შარდის ნაკადს პრობლემა არ აქვს და არ არის საჭირო ასოს თავზე კანის გადაწევა, რადგან ეს გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს.
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ვხვდებით საბჭოთა მედიცინის ანარეკლებს და ზოგჯერ ექიმებიც სცოდავენ. როგორც ჩვენი ამერიკელი კოლეგები ნახევრად ხუმრობით წერენ, ამ ასაკში ბავშვებს ეს ორგანო სჭირდება მოსაშარდად, როდესაც ეს ორგანო მას სხვა ფუნქციების შესასრულებლად დასჭირდება, ის თქვენ აღარ მოგმართავთ.
თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ეს პროცედურა საჭირო ხდება, მაგალითად თუ სმეგმა ჭარბად გამოიყოფა, ის დაჩირქდა და ანთებითი გახდა, ამ დროს, რა თქმა უნდა, ხდება ჩუჩის გადაწევა სამედიცინო დამუშავება. სწორი ჰიგიენის პირობებში ანთების წარმოქმნის ალბათობა იშვიათია. როდესაც ბავშვს არ სჭირდება და ძალიათ ხდება ჩუჩის გადაწევა, არსებობს საფრთხე, რომ გადაწეული კანი შეშუპდეს და უკან აღარ გადმოვიდეს. აუცილებლად, სასწრაფოდ უნდა მიმართონ ექიმს, რადგან შეიძლება ასოს თავის სისხლის მიმოქეცვა დაირღვეს. ძალით გადაწევისას, ასოს თავზე, კანზე ჩნდება პატარა ნაწიბურები, რაც შეიძლება პათოლოგიურ ფიმოზად გადაიქცეს, იკარგება ელასტიურობა და საჭირო ხდება ჩუჩის მოკვეთა. მოკლედ, რეკომენდაცია ასეთია, თუ შარდვისას ნაკადი ნორმალურია და ბავშვს ხელს არ უშლის, საპნიანი წყლით ჩამობანვა სრულიად საკმარისია.
მუცლის ტკივილი ბავშვებში, ღებინება, ყაბზობა – არის თუ არა ეს სიმპტომები არასწორ კვებასთან კავშირში და შეიძლება თუ არა ამ სიმპტომებმა ბავშვი ოპერაციმდე მიიყვანოს?
მოდით ეს სამი სხვადასხვა ჩივილი ცალ-ცალკე განვიხილით. ყველაზე ხშირად ბავშვთა ქირურგთან სწორედ მუცლის ტკივილით მიჰყავთ ბავშვები. ყველა მუცლის ტკივილი რა თქმა უნდა არ არის ქირურგიული პათოლოგია, მაგრამ პირველ რიგში ყოველთვის უნდა გამოირიცხოს მწვავე პათოლოგია, მაგალითად მწვავე აპენდიციტი და იმ დროს, თუკი ბავშვს აქვს ყრუ ხასიათის შემაწუხებელი ტკივილი, ცხელება, ღებინება, ან გულის რევის შეგრძნება და უმადობა, ასეთ დროს მუცლის ტკივილი საჭიროებს ქირურგთან ვიზიტს. სწორედ ამ სიმპტომებით ვლინდება ხოლმე წვავე აპენდიციტი. რაც შეეხება ყაბზობას, ამისი მიზეზი სხვადასხვაა. შეიძლება ეს იყოს თანდაყოლილიც და საჭიროა სერიოზული კვლევა. ძირითადად ყაბზობა სხვადასხვა გასტროენტეროლოგიური პათოლოგიებითა და არასწორი კვებით არის გამოწვეული. გარემო სავსეა არაჯანსაღი, არასასურველი საკვებით და ამის გაკონტროლება ძალიან ძნელია. ბავშვმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს საჭირო რაოდენობის წყალი მისი წონის მიხედვით და საკვები უნდა იყოს უჯრედისით მდიდარი. ყაბზობა თითქოს უწყინარი პრობლემაა, სინამდვილეში კი შეიძლება ძნელად მოსაგვარებელი იყოს და ძლიერ ტკივილს იწვევდეს. თუ ბავშვს აწუხებს შეკრულობა, საჭიროა მისი პედიატრთან, გასტროენტეროლოგთან მიყვანა. რაც შეეხება არასწორ კვებასა და ქირურგიას, აქ კავშირზე საუბარი არასწორია, ჩემს ბავშვობაში არსებული მითები, რომ ბევრი მზესუმზირა აპენდიციტს ამწვავებს, არასწორია.
მიუხედავად უამრავი რეკომენდაციისა, დღეს მაინც ხშირად ვხვდებთ შემთხვევებს, როდესაც პატარა ბავშვმა შესაძლოა, რაიმე ნივთი გადაყლაპოს. რა უნდა გააკეთოს მშობელმა პირველ რიგში?
უცხო სხეულები შეიძლება მოხვდეს როგორც საყლაპავსა და კუჭში, ასევე სასუნთქ გზებში, რაც უფრო საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს. ეს შეიძლება იყოს საკვები, უფრო სწორად ასაკისთვის შეუფერებელი საკვები, ხშირად ხდება გადაცდენა და საჭიროა ბრონქოსკოპიის ჩატარება. სიმპტომებს რაც შეეება, პირველი ეს არის თავად გადაცდენის ეპიზოდი, რომელსაც უფროსი ადამიანი შეესწრო, შეტევითი ხველა და ხმაურიანი სუნთქვა – ამ დროს აუცილებელია ბავშვი ექიმთან მიიყვანოთ. ბრონქოსკოპია კეთდება ჩვენს კლინიკაში, რაც გულისხმობს სპეციალური აპარატით სასუნთქ გზებში ჩასვლას და უცხო სხეულების ამოღებას. ტექნიკურად ეს ძალიან რთულია. წარმოიდგინეთ, რამდენად მცირეა 1-2 წლის ბავშვის სასუნთქი გზების დიამეტრი. მინდა ვახსენო აწ გარდაცვლილი პროფესორი პაატა გვეტაძე, რომელიც ვირტუოზი და დიდოსტატი იყო უცხო სხეულების ამოღებაში. როდესაც ძალიან ახალზარდა ექიმი ვიყავი, მეგონა რომ ძალიან ადვილი იყო უცხო სხეულის ამოღება – ის ერთი ხელის მოსმით დაგვიდებდა ხოლმე წინ მზესუმზირასა და სხვა უამრავ ნივთს.
რა უნდა გააკეთოს მშობელმა? თუ ბავშვი არის ჩვილი, უნდა დავიწვინოთ პირისახით ქვემოთ, ოდნავ დახრილი და ზურგზე უნდა გავაკეთოთ დარტყმითი მოძრაობები, თუმცა ძალიან მოზომილად. შემდეგ გადმოვატრიალოთ, ჩავიხედოთ პირში და ამოვიღოთ უცხო სხეული.
მშობლები ხშირად თითით ცდილობენ უცხო სხეულის ამოღებას, ეს კი ძალიან ცუდია, თითით ლორწოვანი ზიანდება. ასევე არის საყლაპავისა და კუჭის უცხო სხეულები, ეს ხშირად არის ხურდა, საკვები მასა და სხვა უამრავი უცნაური ნივთი. უცხო სხეულების ამოღება ნარკოზით ხდება, რადგან ბავშვი უნდა იყოს უძრავად. კუჭში მონეტები ლიდერობენ, მოფერებით ბავშვებს ყულაბებს ვეძახით ხოლმე. კუჭიდანაც ენდოსკოპიურად ვიღებთ უცხო სხეულებს. თუ კუჭიდან უცხო სხეულის ევაკუაცია მოხდა ნაწლავებში, ძალიან დიდი ალბათობით ის განავლოვან მასებთან ერთად გამოვა. მანამ, სანამ საღეჭი კბილები არ ამოუვათ, არ უნდა მისცეთ ისეთი საკვები,რომელსაც ბავშვი ვერ დააქუცმაცებს. ბავშვი კვებისას აუცილებლად უნდა იჯდეს, არ უნდა ხტუნავდეს და ა.შ.
წყარო: www.fortuna.ge