თარიღი: 02 თებერვალი, 2018
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულია ან მკურნალობა ჩაიტარა 45 ათასმა ადამიანმა, საიდანაც განკურნების მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს.
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, სულ სკრინინგი ჩაიტარა 1 400 000 ათასმა მოსახლემ, მათგან ზოგიერთმა ორჯერ. რაც შეეხება უნიკალურ პაციენტებს, ანუ ადამიანებს, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვთ ჩატარებული სკრინინგი, მათი რიცხვი 900 ათასს შეადგეს.
”ციფრები დაახლოებით ასეთი გვაქვს - ჩვენ გვყავს მილიონ 400 ათასი მოსახლე, ვისაც სკრინინგი ჩაუტარებია, ერთხელ და ორჯერ. აქედან უნიკალური არის დაახლოებით 900 ათასი, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვს ჩატარებული სკრინინგი. დადებითობის პროცენტი დაახლოებით 10-დან 11-მდე მერყეობს. ადამიანები, ვინც არიან დადებითი, მიდიან გაღრმავებულ კვლევებზე, რადგან თუ სკრინინგით დადებითი ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ C ჰეპატიტის აქტიური ფორმა გაქვს, რომელიც მკურნალობას საჭიროებს. შეიძლება თქვენ გქონდეთ დადებითი მაჩვენებელი, თუმცა არ იყოთ სამკურნალო, რადგან დაავადება უკვე გადატანილია და მორჩენილი ხართ. იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა აქტიური ვირუსის არსებობა სისხლში, მაშინ ასეთი ადამიანი ერთვება მკურნალობაში. პროექტში სულ ჩართულია ან მკურნალობა ჩაიტარა 45 ათასმა ადამიანმა ქვეყანაში. ამ ადამიანების დაახლოებით 98% განკურნებულია, ანუ მას ვირუსი გაუქრა ორგანიზმიდან”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, გამოკვლევა გაიკეთოს და C ჰეპატიტთან დაკავშირებით თავისი სტატუსი დაადგინოს.
”ახლა ვართ განვითარების ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპზე. ჩვენი პროგრამა სხვა ქვეყნების პროგრამებისგან განსხვავდება. ჩვენ ინტენსიურად ვართ გადასული აქტიურ გამოვლენაზე. მოგეხსენებათ, C ჰეპატიტი გახლავთ დაავადება, მას ”ჩუმ მკვლელს” ეძახიან, შესაძლოა, ის წლები გქონდეთ, მაგრამ არ გამოვლინდეს. ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ მთელი მოსახლეობა, ანუ 3,7 მლნ. ადამიანი. უპირატესად მოზრდილი მოსახლეობა, 18 წლის ზემოთ. მომავალი სამი წლის განმავლობაში უნდა შემოწმდეს დაახლოებით მილიონ 800 ათასი ადამიანი. ეს არის უნიკალური შანსი, რადგან C ჰეპატიტის მკურნალობა გახლავთ ბოლო წლებში მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარღვევა. ის გახდა განკურნებადი დაავადება. ამ შანსით საქართველოს მოსახლეობამ უნდა ისარგებლოს. არაფერია სასირცხვილო. თუ არ იცით თქვენი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში, მიბრძანდით, ტესტირებაც და მკურნალობაც არის უფასო. მოვუწოდებ მოსახლეობას, ისარგებლეთ ამ შანსით”, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
წყარო: IPN.ge