Plasmon
ცერებრული დამბლა

თარიღი: 07 ოქტომბერი, 2021

ცერებრული დამბლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ნეიროგანვითარების ცენტრი გაგაცნობთ/შეგახსენებთ ამ მდგომარეობის სამედიცინო და სოციალურ ასპექტებს; შეფასების, დიაგნოსტიკის და მართვის თანამედროვე ხედვას და მიდგომებს, ამჯერად მობილობასთან მიმართებით, რაც ამ მდგომარეობის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური მახასიათებელი და მშობელთა და პროფესიონალთა საზრუნავია.
ცერებრული დამბლის მქონე ბავშვი შეიძლება განიცდიდეს სხვადასხვა სახის ფუნქციის მოშლასა და დამოუკიდებლობის შეზღუდვას. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მობილობასთან დაკავშირებული ფუნქცია და დამოუკიდებლობა.
ვინაიდან ეს მდგომარეობა აზიანებს კუნთებს და მოძრაობას, მობილობის დარღვევა ჩვეულებრივი მოვლენაა და მისი სიმძიმე და პრობლემურობა შეიძლება ვარირებდეს გაძნელებული ან მტკივნეული სიარულიდან საერთოდ სიარულის შეუძლებლობამდე.
სიარული არ არის მობილობის ერთადერთი ფუნქცია რომელიც შეიძლება დაზიანდეს ცერებრული დამბლის დროს. ბავშვი შეიძლება განიცდიდეს საწოლში გადაბრუნების, ოთახში ან გარეთ გადაადგილების, ტრანსპორტის გამოყენების სიძნელეებს.
მობილობის შეზღუდვის ხარისხი კი დამოკიდებულია ცერებრული დამბლის ტიპსა და მდგომარეობის სიმძიმეზე.
თერაპიულმა ღონისძიებებმა და დამხმარე საშუალებებმა შეიძლება გააუმჯობესოს მობილობა და, აქედან გამომდინარე, ცხოვრების ხარისხიც.

რატომ ახდენს ცერებრული დამბლა გავლენას მობილობაზე...
ცერებრული დამბლა არის ჯგუფი ნევროლოგიური მდგომარეობებისა, გამოწვეული განვითარების დარღვევით ან თავის ტვინის დაზიანებით ორსულობის, დაბადების ან ადრეული ბავშვობის პერიოდში.
ეს გავლენას ახდენს კუნთთა ტონუსსა და მოძრაობაზე, იწვევს კუნთთა სპასტიურობას ან სისუსტეს, უნებლიე მოძრაობებს; აზიანებს რეფლექსებს, კოორდინაციას, ბალანსს, პოზას. ყოველივე ეს კი აისახება
ადამიანის მოძრაობისა და ერთი ადგილიდან მეორემდე გადაადგილების უნარზე.
მობილობა ცერებრული დამბლის ტიპის მიხედვით.
ცერებრული დამბლის მქონე ყველა ბავშვი განსხვავებულია და შესაძლებლობის შეზღუდვის ტიპი და ხარისხი მნიშვნელოვნად ვარირებს. ის რაც საერთოა თითქმის ყველასთვის, არის სხვადასხვა დონის სიძნელე მობილობაში.
ცერებრული დამბლის ყველაზე გავრცელებული ტიპია სპასტიური ცერებრული დამბლა, რომელიც ხასიათდება კუნთთა მომატებული ტონუსითა და სპასტიურობით, მკვეთრი და ბიძგისებრი მოძრაობებით, რაც აძნელებს მოძრაობის კონტროლს.
დისკინეზური ცერებრული დამბლის დროს ადამიანს უწევს გამკლავება უნებლიე მოძრაობებთან. კუნთთა ტონუსი ამ დროს ცვალებადია, რაც აძნელებს კიდურების კონტროლს.
ატაქსიური ცერებრული დამბლა განაპირობებს არამყარ მოძრაობებსა და ბალანსის დაცვის სიძნელეებს.
მობილობის შეზღუდვის ხარისხი ასევე დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, თუ კუნთთა რომელი ჯგუფია მეტად ჩართული და რამდენად მძიმეა დაზიანება. სიმპტომები ძირითადად გამოხატულია ქვემო კიდურებში, ამდენად, წინა პლანზეა სიარულის ფუნქცია.

მსხვილი მოტორული ფუნქცია
GMFCS - ცერებრული დამბლის სიმძიმის კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც გვეხმარება აღვწეროთ ბავშვის ფუნქციონირების შეზღუდვა მობილობასთან მიმართებით და მოიცავს მობილობის ხუთ დონეს.
პირველი დონე - აღწერს სიარულის უნარს რაიმე შეზღუდვების გარეშე;
მეორე დონე - აღნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია სიარული, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით;
მესამე დონე - აღნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია სიარული, მაგრამ ამისთვის საჭიროებს დამხმარე საშუალებას, მაგ. ე.წ. სასიარულო ჩარჩოს (“Walker”), ან ყავარჯენს;
მეოთხე დონე - ბავშვი შეიძლება იყოს მობილური ეტლის გამოყენებით, რომელსაც თავად მართავს;
მეხუთე დონე - მობილობა ეტლით, რომელსაც სხვა ადამიანი მართავს.

მობილობის შეფასება
თუ თქვენ გყავთ ცერებრული დამბლის მქონე ბავშვი, ყოველთვის არის მოსალოდნელი გარკვეული ხარისხის მობილობის სიძნელეები. ამ სიძნელეების დასაძლევად ძალზედ მნიშვნელოვანია მობილობის შეფასება. ეს შეფასება ექსპერტებს აძლევს საშუალებას დაადგინონ ბავშვის მობილობის ძლიერი და პრობლემური მხარეები; განსაზღვრონ რა სახის თერაპიამ თუ დამხმარე საშუალებებმა შეიძლება გააუმჯობესოს მობილობა.
შეფასება მიმართულია მობილობასთან დაკავშირებულ ისეთ კომპონენტებზე, როგორიცაა ძალა, კუნთთა ტონუსი, რეფლექსები, მოძრაობის სიფართე, ბალანსი და სხვ.

ქირურგიული ჩარევა
არა ყოველთვის, მაგრამ რიგ შემთხვევებში ქირურგიული ჩარევა შეიძლება იყოს არჩევანი მობილობის გაუმჯობესებისთვის ცერებრული დამბლის დროს. ეს დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე, გამომწვევ მიზეზზე და ბავშვის ასაკზე.
ცერებრული დამბლა, როგორც სამედიცინო მდგომარეობა, განკურნებადი არ არის, მაგრამ ქირურგიულმა ჩარევამ, მაგ. ქვემო კიდურებზე, შეიძლება გააუმჯობესოს გადაადგილების უნარი და გაზარდოს დამოუკიდებლობის დონე.
სპასტიურობის გამო შეჭმუხნული და დამოკლებული კუნთებისა და მყესების დაგრძელებამ ასევე შეიძლება გააუმჯობესოს მობილობა, შეამციროს სპასტიურობა და ტკივილი.

ფიზიკური თერაპია
ყველაზე გავრცელებული თერაპიული მიდგომა, რომლისგანაც ცერებრული დამბლის მქონე ყველა ბავშვმა თუ მოზრდილმა შეიძლება მიიღოს სარგებელი, არის ფიზიკური თერაპია.
ფიზიკური თერაპევტი ეხმარება ბავშვს მობილობასთან დაკავშირებული მიზნების დასახვაში, მაგ. სიარული დამხმარე საშუალების გამოყენებით, სიარული ნაკლები ტკივილით, უკეთესი ბალანსი... და შემდეგ რეგულარულად მუშაობს მასთან ამ მიზნების მისაღწევად.
ფიზიკური თერაპია აუმჯობესებს მობილობას კუნთების გაძლიერების, კოორდინაციის და ბალანსის გაუმჯობესების, ფლექსიბილობის (მოქნილობის) გაზრდის მეშვეობით.
ვარჯიშები, დამხმარე საშუალებები, გაჭიმვა და სხვა აქტივობები გამოიყენება ფიზიკურ თერაპიაში ამ მიზნების მისაღწევად და ანიჭებს ბავშვს მეტ დამოუკიდებლობას, ფიზიკურ ფუნქციას და საბოლოოდ მეტ მობილობას.

მედიკამენტები
გარკვეულმა მედიკამენტებმა შეიძლება შეამსუბუქოს ცერებრული დამბლის ზოგიერთი სიმპტომები დაკავშირებული კუნთთა სპასტიურობასთან, მაგ. კუნთის რელაქსანტები (მომადუნებლები), ჩვეულებრივ, გამოიყენება ცერებრული დამბლის დროს, ვინაიდან ისინი ამცირებენ კუნთის სპასტიურობას, რაც ერთ-ერთი ყველაზე რთული ბარიერია უკეთესი მობილობის მიღწევის გზაზე.
ამავე დროს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მედიკამენტებს ახასიათებთ გვერდითი მოვლენებიც, მათ შორის ძილიანობა, სისუსტე, დიარეა და გულისრევა.

დამხმარე საშუალებები
თერაპიასა და მობილობის გაუმჯობესების სხვა სტრეტეგიებთან ერთად, მნიშვნელოვანია სიარულის და ზოგადად გადაადგილების ხელშემწყობი დამხმარე საშუალებები.
ყავარჯნები და სასიარულო ჩარჩო შეიძლება დაეხმაროს ბავშვებს, რომლებიც უხერხულად დადიან ან აქვთ ცუდი ბალანსი. მათთვის ვინც საერთოდ ვერ დადის ან დადის ძლიერი ტკვილით და სხვა სიძნელეებით, ეტლი შეიძლება აღმოჩნდეს საუკეთესო საშუალება გარემოში გადაადგილებისა და უკეთესი მობილობისთვის.
მობილობა ცერებრულ დამბლასთან ასოცირებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
აქედან გამომდინარე, ცერებრული დამბლის მქონე ბავშვი საჭიროებს პერიოდულ შეფასებას და მშობლებს ყოველთვის უნდა მიეცეთ რჩევები მობილობის გაუმჯობესების საშუალებებთან მიმართებით.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა განკურნებადი არ არის, მოძრაობის გაადვილების და გაუმჯობესების ღონისძიებები დაეხმარება ბავშვს შესაძლო საუკეთესო შედეგების მიღწევაში ფუნქციონირებისა და დამოუკიდებლობისთვის.