თარიღი: 26 ივნისი, 2016
ცერვიციტი - საშვილოსნოს ყელის ანთება
საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაზიანების გამომწვევის სახე დამოკიდებულია მისი მფარავი ეპითელიუმის სახეზე.
საშვილოსნოს ყელი შედგება ეპითელური უჯრედების ორი განსხვავებული ტიპისგან:
Squamous epithelium-მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმი, რომელიც ფარავს საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივ ნაწილს და
Glandular epithelium-საშვილოსნოს ყელის არხის ამომფენი ცილინდრული ეპითელიუმი.
ექტოცერვიკალური ეპითელიუმის ანთების გამომწვევია იგივე იკროორგანიზმები, რომლებიც იწვევენ ვაგინიტს-ტრიქომონა, კანდიდა, ჰერპესი.
ენდოცერვიქსის ჯირკვლოვან ეპითელიუმს კი ძირითადად აზიანებს გონორეა და ქლამიდია.
ენდოცერვიციტი საშვილოსნოს ყელის არხის მფარავი ლორწოვანი გარსის ანთებაა. ნორმაში ცერვიკალური არხის ლორწოვან გარსზე მიკროორგანოზმები არ ბინადრობენ, ვინაიდან იგი დაცულია ლორწოვანი საცობით. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის იმუნიტეტი ქვეითდება , ადგილი აქვს ფიზიკურ და ქიმიურ ზემოქმედებას, ამ საცობის მთლიანობა ირღვევა და იზრდება ცერვიკალური არხის განვლადობა მიკროორგანიზმებისათვის. ანალოგიური მდგომარეობაა მენსტრუაციის დროსაც, ამიტომ ეს პერიოდი ხელსაყრელია ბაქტერიების გავრცელებისა და ანთებითი პროცესის ჩამოყალიბებისათვის.
ეტიოლოგიური ფაქტორები: ენდოცერვიციტის გამომწვევი მიკროორგანოზმებია: სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი, ტრიქომონადა, შედარებით იშვაითად მას იწვევს გონოკოკი, ქლამიდია, მიკოპლაზმა, სოკოები და ვირუსები(მაგ: ჰერპესი).
როგორც წესი, ანთებით პროცესს აპროვოცირებს სამედიცინო პროცედურები: სპირალის ჩადგმა, აბორტი, მშობიარობა, დიაგნოსტიკური მანიპულაციები და სხვა.
კლინიკური ნიშნები: ენდოცერვიციტის დროს გამოხატულია შემდეგი სიმპტომები:
ლორწოვანი, ჩირქოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი
სხვადასხვა ინტენსივობის მქაჩავი ტკივილი მუცლის ქვედა არეში
ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს
ქავილი სასქესო ორგანოების მიდამოში
პროცესში საშარდე სისტემის ჩართვისას ადგილი აქვს შარდის გამოყოფის დარღვევების განვითარებას.
განასხვავებენ ენდოცერვიციტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. ის მიდრეკილია რეციდივებისაკენ. დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ამის მიუხედავად ადგილობრივი დათვალიერების დროს გინეკოლოგი აღმოაჩენს სიწითლეს და შეშუპებას ცერვიკალური არხის მიდამოში.
ენდოცერვიციტის დროს ანთებითი პროცესი ხშირად ვრცელდება შარდ-სასქესო სისტემის სხვა ორგანოებზე და მოიცავს საშვილოსნოს, ფალოპის მილებს, საკვერცხეებს, შარდსადენს და სხვა. აღნიშნული გართულებები, როგორც წესი, მენსტრუაციის დროს ან მის შემდგომ პერიოდში იჩენს თავს, მაშინ, როდესაც ცერვიკალური არხის ლორწოვანი გარსი მნიშვნელოვნად თხელდება.
დიაგნოსტიკა: ეფუძნება ანამნეზური მონაცემებს და ობიექტურ გამოკვლევას. ვლინდება შეშუპება და ცერვიკალური არხის ჰიპერემია, ასევე, ჭარბი რაოდენობით გამონადენის არსებობა. გამონადენში აღმოჩნდება გამომწვევები. ციტოლოგიური კვლევით ვლინდება ჩამოცლილი ცილინდრული და ბრტყელი ეპითელური უჯრედები და დიდი რაოდენობით ლეიკოციტები.
მკურნალობა: კომპლექსურია, მოიცავს როგორც მედიკამენტოზურ მკურნალობას, ასევე სხვა სამკურნალო პროცედურებს .
სტატიის ავტორები:
თსსუ პროფესორი: გიორგი თევდორაშვილი
რეზიდენტი: მარიამ ანდღულაძე