თარიღი: 28 აპრილი, 2020
ახალი კორონავირუსი, ორსულობა და საყურადღებო სიმპტომები – მეან გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი.
– პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. ახალი კორონავირუსი და ორსულობა – ამ თემაზე ძალიან ცოტა რამ იცის არა მხოლოდ საქართველომ, არამედ მსოფლიომ. ზუსტად არ ვიცით რა გავლენა შეიძლება მოახდინოს Covid-19-მა ნაყოფზე ან ორსულზე, ერთადერთი რაც ამ ეტაპზე ვიცით არის ის, რომ ამ ეტაპზე ყველგან, მათ შორის საქართველოშიც ორსულების ინფიცირების შემდეგ ვითარება წარიმართა კარგად. მიუხედავად ამისა რა შეგიძლიათ გვითხრათ ახალი კორონავირუსისა და ორსულობის შესახებ, რას გვირჩევთ პრევენციისთვის, მით უმეტეს ახლა, როცა ქვეყანაში შიდაგავრცელებაა და რა უნდა იცოდეს ორსულმა, თუ იგი დაინფიცირდა? რა ინფორმაცია უნდა ჰქონდეს მას?
ინფორმაცია ამის შესახებ ყოველდღიურად იცვლება და ახლდება, თუმცა არის საბაზისო ინფორმაცია, რაც უცვლელია. ჩვენ ვიცით, რომ Covid-19 გავლენას არ ახდენს ნაყოფზე და არც ორსულობის პროცესზე. თავის მხრივ არც ორსულობა ახდენს გავლენას ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ორსულ, ასევე არაორსულ ქალბატონებს ინფიცირების თანაბარი შანსი აქვთ. როგორც ზოგადად კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში გამოიყოფა მსუბუქი, მძიმე და კრიტიკული მიმდინარეობის შემთხვევები, პროცენტულად ზუსტად ასევეა ორსულებშიც.
პრევენციას რაც შეეხება, ორსულებზეც ზუსტად ის ზოგადი რეკომენდაციები ვრცელდება, რაც ზოგადად ყველაზე. განსაკუთრებულად სიფრთხილის ზომები უნდა დაიცვან ორსულმა მედიკოსებმა, რადგან მათ უფრო დიდი რისკი აქვთ ინფიცირების. ორსულები აუცილებლად უნდა დარჩნენ სახლში და შეასრულონ ზოგადი რეკომენდაციები.
რაც შეეხება გადაცემის გზებს, ყველას აინტერესებს ხდება თუ არა ნაყოფზე გადაცემა და რა გართულებებს შეიძლება ველოდეთ ორსულობის მიმდინარეობის დროს. ჯერჯერობით სამწუხაროდ ბევრი მონაცემი ამის შესახებ არ გვაქვს. მაგალითად, არ ვიცით ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს ინფიცირებამ რა შეიძლება გამოიწვიოს ორსულებში. უბრალოდ ზოგადად რაც ვიცით ეს არის ის, რომ დაავადება ხშირად მიმდინარეობს მაღალი ცხელებით, ანუ ჰიპერთერმიით, დედის სხეულის ტემპერატურის ასეთმა ცვლილებამ კი ორსულობის პირველ ტრიმესტრში შესაძლოა გამოიწვიოს ტერატოგენური ეფექტი ნაყოფის განვითარების კუთხით, ასე რომ ასეთ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა მოხდეს ტემპერატურის რეგულირება.
ორსულებში ტემპერასტურის დასაწევ საშუალებად ვიყენებთ ორ პრეპარატს, ესენია პარაცეტამოლი და იბუპროფენი, ჩვენ უპირატესობას პარაცეტამოლს ვანიჭებთ.
გარდა ამისა, როგორც ყველა სხვა ინფექციის შემთხვევაში, ახალი კორონავირუსის შემთხვევაშიც ორსულობის პირველ ტრიმესტრში იზრდება მუცლის მოშლის რისკი. ახლა უკვე დაგროვდა შემთხვევები ამერიკიდანაც და უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით. აშშ-ში ინფიცირებული 143 პაციენტიდან 4-ს დასჭირდა ინტენსიური თერაპია. ძირითადად თუ ორსული პაციენტი გადაიტანს ვირუსს გართულებების გარეშე, ის ჩვეულებრივად ეწერება სახლში, ჩვენ არ მივმართავთ მშობიარობის დაჩქარების ღონისძიებას, არ ხდება არც ნაადრევი მშობიარობა, თუ პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე. თუ ორსულმა ორსულობის პოირველ ან მეორე ტრიმესტრში მიმართა კლინიკას Covid-19-ის დიაგნოზით, ჩვეულებრივ ხდება მისი გამოჯანმრთელება და გაწერა ბინაზე.
თუმცა ეს ახალი ვირუსია და რასაკვირველია ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით შეიძლება თუ არა სხვა ინფექციების მსგავსად ახალმა კორონავირუსმაც გამოიწვიოს რაიმე სახის ცვლილებები ნაყოფში, შეიძლება არსებობდეს ნაყოფის განვითარების შეფერხების რისკი. აქედან გამომდინარე, საჭიროა პაციენტის შემდგომი მონიტორინგი, გაწერიდან 3-4 კვირაში უნდა მოხდეს ულტრაბგერითი კვლევით, ექოსკოპიით მდგომარეობის შეფასება.
-თქვენ აღნიშნეთ, რომ ორსულებისთვის, ისევე როგორც სხვა ყველა ადამიანისათვის მთავარი პრევენციული ღონისძიება სახლში დარჩენაა, თუმცა ორსულებს აქვთ გეგმიური ვიზიტები ექიმებთან და კვლევები, ორსულობის გარკვეულ კვირებზე ისინი ექიმმა უნდა შეამოწმონ, მათ სჭირდებათ რადიოლოგიური და სხვა სახის კვლევები, ანალიზები და სხვა. ამ დროს რეკომენდირებულია თუ არა, რომ თავი ავარიდოთ ექიმთან ვიზიტს და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს წავიდეთ ექიმთან?
არსებობს ვადები, როდესაც პაციენტის და ექიმის კომუნიკაცია აუცილებელია, მაგალითად 12 კვირის ორსულობის ექოსკოპია, 18-20 კვირის ექოსკოპია, 26-28 კვირა, როდესაც ჰესტაციური დიაბეტის სკრინინგი კეთდება ორსულებში. ესენი მნიშვნელოვანი პერიოდებია. არ არის აუცილებელი თვეში ერთხელ ექიმთან სიარული, თუმცა აღნიშნულ ვადებზე ვიზიტი აუცილებელია. რეალურად შეიძლება სულ 3-4 ვიზიტი დაგვჭირდეს ექიმთან. თუმცა რასაკვირველია, გააჩნია ორსულობის მიმდიანრეობასაც. თუ ორსულობა რთულად მიმდინარეობს და პაციენტი მძიმეა, მას ბუნებრივია უფრო მეტი კონტროლი და მეტი ვიზიტი დასჭირდება. შესაბამისად ექიმთან ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს, თუ როდის უნდა მოხდეს შემდეგ ვიზიტზე ორსულის დაბარება.
-დღეს, როდესაც ქვეყანაში შიდაგავრცელებაა და გვეუბნებიან, რომ ყველა ადამიანი შეიძლება იყოს ვირუსის მატარებელი, მათ ნაწილს შესაძლოა არ გამოუვლინდეს სიმპტომები, ზოგთან კი ისინი მწვავედ იყოს გამოხატული, განსაკუთრებით რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ ორსულებმა ყურადღება? როგორ განვასხვავოთ სეზონური გაციება და გრიპი ახალი კორონავირუსისგან? და კიდევ მინდა გთხოვოთ გვითხრათ ის სიმპტომები, რომელთა დროსაც ორსულმა აუცილებლად უნდა მიმართოს თუნდაც რადიოლოგს იმისათვის, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი შეფერხება განვითარებაში.
გეგმიური რადიოლოგიური კვლევების გარდა იმ პაციენტებს, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, 3-4 კვირის შემდეგ ვურჩევთ დამატებით რადიოლოგიურ კვლევას მდგომარეობის შესაფასებლად. რაც შეეხება სიმპტომებს, ისევ აშშ-დან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ იქ კლინიკაში მისული ყველა ორსული გატესტეს და მათი 1/3 ასიმპტომური არმოჩნდა. შესაბამისად ორსულებშიც, ისევე როგორც დანარჩენ პაციენტებში ნაწილი ძალიან მსუბუქ ფორმაში იტანს დაავადებას და ასიმპტომური რჩება, ამიტომ ან ყველა კლინიკაში მისული ორსული უნდა გაიტესტოს, ან მივმართოთ იმ მეთოდს, რომელსაც ჩვენ ახლა მივმართავთ და სიმპტმების საფუძველზე მოხდეს ტესტირება. სიმპტომებს რაც შეეხება ორსულებშიც, ისევე როგორც სხვა პაციენტებში ეს სიმპტომებია ცხელება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, კუნთების ტკივილი, დიარეა, სუნთქვის გაძნელება ან უკმარისობა. ეს სიმპტომები შესაძლოა covid-19-ზე მიუთითებდეს. რასაკვირველია, სიმპტომების უმეტესი ნაწილი ჰგავს სეზონური გრიპის სიმპტომებს, ამიტომ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ უნდა ჩატარდეს ტესტი A და B ტიპის გრიპზე, რათა ისინი გამოირიცხოს და შემდეგ უკვე Covid-19-ზე, თუ სეზონური გრიპი არ დადასტურდა. რაც შეეხება PCR ტესტს, რომელსაც დღეს ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული, მასაც აქვს საკმაოდ მაღალი, 20%-იანი ალბათობა იმისა, რომ შეიძლება პასუხი მცდარი აღმოჩნდეს. იყო მცდარი როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი შემთხვევებიც ამიტომ პაციენტების მართვა მაინც ხდება კლინიკური სიმპტომებიდან გამომდინარე.
წყარო: fortuna.ge