Plasmon
ცუდი ძილი = ცუდ ღვიძილს

თარიღი: 27 ნოემბერი, 2019

ძილში გატარებული დრო ბევრს დაკარგულად მიაჩნია და ურჩევნია, დაძინების ნაცვლად სხვა რამ აკეთოს. უძილობა კი თანდათან ვნებს ჯანმრთელობას. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმზე ძილის დარღვევის უარყოფითი გავლენა არაერთი კვლევითაა დადასტურებული, ბევრი მას მაინც არაფრად აგდებს. თსსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნათელა ოკუჯავა ამბობს, რომ ძილის დარღვევა ასეთ მწვავე პრობლემად არ იქცეოდა, საზოგადოებამ უფრო მეტი რომ იცოდეს მის შესახებ.

– ძილს ბევრი ზერელედ ეკიდება. ჰგონია, მისი დანიშნულება მხოლოდ დასვენებაა და მის დანაკლისსაც იოლად აინაზღაურებს. სინამდვილეში ძილს გაცილებით მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, ხოლო უძილობას შეუძლია, სერიოზული ზიანი მოგვაყენოს.
ღვიძავს ადამიანს თუ სძინავს, ორგანიზმში თანაბრად მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, თუმცა არის განსხვავებაც: ძილისა და ღვიძილის დროს სხვადასხვანაირად მუშაობს გული, სხვადასხვანაირად გამომუშავდება ჰორმონები (მაგალითად, ზრდის ჰორმონი უპირატესად ძილის დროს გამოიყოფა), ძილის სხვადასხვა სტადიაზე სხვადასხვანაირად რეგულირდება არტერიული წნევა, გულის რიტმი, კუნთების ტონუსი (კუნთების მოდუნების გამო ადამიანი ფიზიკურად ვერ მონაწილეობს სიზმრებში) და ა.შ.


ღრმა ძილის დროს ხდება მეხსიერების კონსოლიდაცია – ახალდასწავლილი ფაქტების ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანა. სრულფასოვანი ძილი უზრუნველყოფს იმუნიტეტის გამართულ მუშაობას.
ელექტროენცეფალოგრამის დახმარებით გამოყოფენ ძილის რამდენიმე სტადიას: ჩაძინებას, ზერელე ძილს, ძილის მეორე და მესამე სტადიებს და ყველაზე საინტერესო ფაზას – პარადოქსულ, იმავე REM (Rapid eye movement) ძილს, სხვაგვარად – თვალის სწრაფი მოძრაობების ფაზას. საინტერესოა, რომ პარადოქსული ძილის დროს ენცეფალოგრამა ღვიძილის მსგავს აქტივობას აჩვენებს, თუმცა ადამიანს ღრმად სძინავს. სწორედ ამ ფაზაში ვხედავთ სიზმრებს.
ძილის ამგვარი ციკლი ღამის განმავლობაში 4-5-ჯერ მეორდება.

 

ცირკადული რიტმი
– რა არის ძილი და რა არის ღვიძილი? რატომ გვძინავს და რატომ გვღვიძავს? ამას თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურაში მიმდინარე ქიმიური და ბიოელექტრული ძვრების რთული კასკადი უზრუნველყოფს. ამ რთული პროცესების გამო დღისით ვფხიზლობთ, საღამოს კი ძილის მოთხოვნილება იმატებს, თანდათან ვდუნდებით და ბოლოს გვეძინება, გამოძინების შემდეგ კი მხნედ და ფხიზლად ვართ. ძილ-ღვიძილის სადღეღამისო ციკლი, იგივე ცირკადული რიტმი, 24 საათზე ოდნავ ხანგრძლივია, თუმცა მზის ამოსვლა 24-საათიან რეჟიმზე გადაწყობაში გვეხმარება. ორგანიზმისათვის ძილ-ღვიძილის რიტმის მიმცემი გარეგანი ფაქტორი სწორედ მზის შუქია. ამიტომ არის, რომ ზაფხულში დილის შვიდ საათზეც ადვილად ვიღვიძებთ, ზამთარში კი რვაზეც გვიჭირს ადგომა.


როცა ძილის რეჟიმს ხელოვნურად ვცვლით, ტვინი იბნევა, ძილ-ღვიძილის რიტმი ირევა. ცირკადული რიტმი ხანგრძლივი მოგზაურობის დროსაც იცვლება სხვა სასაათო ზონაში გადასვლის გამო, მაგრამ ამ დროს ცვლილება მკვეთრია და იოლად ვამჩნევთ. ხოლო როდესაც ძილის დროს ჩვენივე ნებით გადავწევთ, რიტმი ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ირევა. გარკვეული ხნის განმავლობაში ორგანიზმი ახერხებს ამის კომპენსირებას, მაგრამ ადრე თუ გვიან რიტმის არევა აუცილებლად გამოვლინდება კლინიკურად. ბევრი ასეთი პაციენტი გვყავს: დათრგუნულები არიან, უჭირთ მუშაობა, სწავლა, უნდათ დროულად დაძინება, მაგრამ ვეღარ ახერხებენ.
ცირკადული რიტმის არევის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას თინეიჯერებთან, რომლებსაც ფიზიოლოგიურად ცხრასაათიანი ძილი მაინც სჭირდებათ. მოზარდ ასაკში უძილობა, გარდა იმისა, რომ იწვევს გამოფიტვას, ენდოკრინულ დარღვევებს და წონის მატებას, აქვეითებს ყურადღების, კონცენტრაციის, დასწავლის, დამახსოვრების, ფაქტებით ოპერირების, ლოგიკური მსჯელობის, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარებსაც. ძილის არც ერთი კონგრესი ისე არ ჩაივლის, რომ პლენარული სესია არ მიეძღვნას უძილობის გავლენას კოგნიტიურ უნარებზე, განსაკუთრებით – სასკოლო ასაკის ბავშვებსა და სტუდენტებთან.

ტოროლები, ბუები და მორიგეობა 

- ინდივიდუალურია თუ არა ცირკადული რიტმი? სხვა სიტყვებით – ნამდვილად არსებობენ თუ არა ტოროლები და ბუები?

– ნამდვილად არსებობენ. ტოროლები ადრე დგებიან, ბუები – გვიან, ამიტომ ტოროლები ბუებზე ადრე უნდა იძინებდნენ. სხვათა შორის, დადგენილია, რომ ბუები უფრო ადვილად იტანენ ღამის მორიგეობას და სადღეღამისო რიტმის ცვლას, მაგრამ მაინც უნდა დაიცვან სპეციალური რეჟიმი ძილის დანაკლისის ასანაზღაურებლად.

  • რას გულისხმობს ეს რეჟიმი?

– ღამის მორიგეობის შემდეგ ვეცადოთ, დღის პირველ ნახევარშივე დავიძინოთ, მაგრამ დიდი ხნით არა – მხოლოდ საათ-ნახევრით, ორი საათით. დღის დანარჩენი ნაწილი აქტიურად გავატაროთ. ღამით კი ჩვეულ დროს დავწვეთ დასაძინებლად და სრულფასოვნად გამოვიძინოთ. ბევრი პირიქით იქცევა: შინ ან სამსახურშივე აგრძელებს საქმიანობას და საღამოს 5-6 საათზე იძინებს. ამის გამო ღამის 2-3-ზე ეღვიძება და ძილის რიტმი ერღვევა.
დადგენილია, რომ ფიზიოლოგიური რესურსი, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, ღამის ან სადღეღამისო ცვლაში იმუშაოს, 45-50 წლისთვის იწურება, ამიტომ ამ ასაკიდან ცვლაში მუშაობა აღარ არის რეკომენდებული და ის, ვინც მაინც მუშაობს, ამას უკვე საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე აკეთებს.

 

რა არის ნორმა 

  •  მაინც რამდენ ხანს უნდა ეძინოს ადამიანს?

– ძილის ხანგრძლივობაც, ჩაძინებისა და გაღვიძების დროც გარკვეულ ფარგლებში მერყეობს. არსებობენ ე.წ. შორთსლიფერები – ადამიანები, რომლებსაც ცოტა ძილი ჰყოფნით – და ლონგსლიფერები – ადამიანები, რომლებსაც გამოსაძინებლად მეტი დრო სჭირდებათ. ზრდასრული ადამიანისთვის ნორმად 6-9 საათი (საშუალოდ 7-8 საათი) მიიჩნევა. ხუთ საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ძილი უკვე ძილის დეფიციტია, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებზე უარყოფითად მოქმედებს.
ასაკის მიხედვით იცვლება ძილის სტრუქტურაც და ხანგრძლივობაც. სხვადასხვანაირია ჩვილის, მოწიფული ადამიანის და ხანდაზმულის ძილი. ხანდაზმულ ადამიანს უფრო ზერელედ სძინავს, უფრო ხშირად ფხიზლდება და ეღვიძება, მაგრამ ეს ასაკობრივი ნორმაა და არ უნდა ვებრძოლოთ.


პატარა ბავშვისთვის დღის ძილი ნორმაა, მოზრდილისთვის – აღარ. სიესტა, შუადღის ხანმოკლე ძილი, სამხრეთის ქვეყნების კლიმატმა მოიტანა. შუადღისას ნახევარი საათით წაძინება ჩვენს პირობებშიც შეიძლება, თუ ამით ღამის ძილი არ დაირღვევა. მაგრამ როცა 40-50 წლის ადამიანს დღისით ეძინება, ღამის ძილის სტრუქტურა კი დარღვეული აქვს, ეს უკვე ნორმა აღარ არის. ზრდასრული ადამიანის დღის ძილიანობის მიზეზი ღამის ძილში უნდა ვეძებოთ.

  • რისი ბრალია ჭარბძილიანობა?

– ჭარბძილიანობა, ჰიპერსომნია, კლინიკური დიაგნოზია. ხშირად ის განსაზღვრულ ნივთიერებათა დეფიციტითაა გამოწვეული. მაგალითად, ნარკოლეფსია – მდგომარეობა, როდესაც ადამიანი დღის განმავლობაში სიფხიზლიდან პირდაპირ პარადოქსული (ღრმა) ძილის ფაზაში გადადის – ჰიპოკრეტინის, სიფხიზლეზე პასუხისმგებელი ცილის, ნაკლებობის შედეგია. ჭარბძილიანობა შესაძლოა ახლდეს ჰიპოთირეოზს, პიკვიკის სინდრომს (ვითარდება სიმსუქნისა და გულის უკმარისობის დროს; ადამიანს მჯდომარესაც კი ეძინება). ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ დღის განმავლობაში ჭარბძილიანობას ხშირად იწვევს ძილის ქცევითი ან მოძრაობითი დარღვევა, ძილის აპნოე, ინსომნია.

  • არის ხალხი, ვინც მაღვიძარას გარეშე ვერ იღვიძებს. ხომ არ ვნებს ჯანმრთელობას იძულებით გაღვიძება?

– იძულებით გაღვიძება იმას ნიშნავს, რომ საკმარისი არ გვეძინა. ამიტომ ჯობს, დაძინების დრო გადმოვწიოთ.
ჯანმრთელ ადამიანს მაღვიძარათი გაღვიძება ვერაფერს ავნებს, მაგრამ არსებობს ეპილეფსიის ფორმები, რომელთა დროსაც ეპილეფსიურ შეტევას პროვოცირებას უწევს ძილის ნაკლებობა ან იძულებითი გაღვიძება. ასეთია, მაგალითად, იუვენილური მიოკლონური ეპილეფსია. ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანის ოჯახის წევრებს ვაფრთხილებთ, რომ ავადმყოფი არ გააღვიძონ, რადგან ამან შესაძლოა ეპილეფსიური შეტევა გამოიწვიოს.

 

ცუდი ძილი = ცუდ ღვიძილს
– ძილის დარღვევის შედეგებზე მეცნიერები უმთავრესად იმ ფაქტების მიხედვით მსჯელობენ, რომლებიც ღვიძილის დროს ხდება. დადგენილია, რომ ძილის ნაკლებობა მთელ მსოფლიოში გაცდენილი და არაეფექტური სამუშაო დღეების მთავარი მიზეზია. ასევე საგანგაშოა ძილის დარღვევის გამო მომხდარი უბედური შემთხვევებისა და ავტოავარიების რიცხვი. ამრიგად, ძილის დარღვევებით განპირობებული სოციალური და ეკონომიკური ტვირთი საკმაოდ მძიმეა. მიზეზი მარტივია: ძილის დეფიციტის დროს დაქვეითებულია კოგნიტიური ფუნქციები (აზროვნება, შემეცნება, განსჯა...), ყურადღების კონცენტრაციის, აღქმის უნარი, გუნება-განწყობა, იმატებს შფოთვა. იკლებს რეაქციისა და მოქმედების სისწრაფე.


ცივილიზაციის თანმხლები არაგადამდები დაავადებების გახშირება უძილობას რომ უკავშირდება, ამ სფეროს წამყვანმა ბრიტანელმა მეცნიერმა კოლინ ესპიმ დაამტკიცა. მისი დასკვნით, ქრონიკული უძილობა უხეშად არღვევს და აქვეითებს ცხოვრების ხარისხს და, იმავდროულად, ზრდის ისეთი სომატური დაავადებების რისკს, როგორიცაა, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადება. მოხალისეებზე დაკვირვებით დადგენილია, რომ ერთი დღე-ღამის უძილობა ცვლის ორგანიზმის ინსულინრეზისტენტობას. მაშასადამე, ძილის დეფიციტი დიაბეტის რისკფაქტორიცაა.
კუჭი და ნაწლავები გამოიმუშავებს გრელინსა და ლეპტინს – შიმშილისა და სიმაძღრის ჰორმონებს. უძილობის დროს მათი თანაფარდობა იმგვარად ირღვევა, რომ მადა იმატებს. ამიტომ არის, რომ ღამისთევის შემდეგ სულ გვშია, თანაც ტკბილი გვინდება. ჩვენი მეტაბოლიზმიც ისეა მოწყობილი, რომ იმ დროს მიღებულ საკვებს, როცა, წესით, უნდა გვეძინოს, მთლიანად ვერ მოვიხმართ – ერთი პროცენტი მაინც რჩება ორგანიზმში ცხიმის მარაგად.
უძილობა ზრდის ავტოსაგზაო და საწარმოო უბედური შემთხვევების რაოდენობას. სტატისტიკა იმდენად შემაშფოთებელია, რომ ევროკავშირში კანონიც კი მიიღეს პროფესიონალი მძღოლებისთვის. მათ სპეციალური გამოკვლევა უნდა ჩაიტარონ ძილის დარღვევის, განსაკუთრებით – ძილის აპნოეს გამოსარიცხად.

ლურჯი წიგნის მიხედვით 

  • ძილის რა სახის დარღვევებს გამოყოფენ და რამდენად გავრცელებულია ისინი?

– ძილის დარღვევათა ეპიდემიოლოგია შემაშფოთებელია: მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს აქვს ძილის ისეთი დარღვევა, რომელიც სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. აქედან 5-6%-ია ქრონიკული ინსომნია ანუ უძილობა. ძილის სპეციალისტები ვსარგებლობთ ძილის დარღვევების საერთაშორისო კლასიფიკაციით (ICSD-3), ხოლო ძილის დარღვევის საკითხებზე მომუშავე ექიმებისთვის სამაგიდო წიგნია ევროპის ძილის კვლევის საზოგადოების მიერ გამოცემული “ძილის მედიცინის სახელმძღვანელო” (Sleep Medicine Textbook, 2014), რომელსაც დიდ ლურჯ წიგნს ვუწოდებთ. თანამედროვე კლასიფიკაციით, ძილის დარღვევის ცხრა ტიპი გამოიყოფა: ინსომნია, ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები, ცენტრალური ძილიანობა, ცირკადულ რიტმთან დაკავშირებული ძილ-ღვიძილის დარღვევები, პარასომნიები, ძილთან დაკავშირებული მოძრაობის დარღვევები, ძილის სხვა დაღვევები, ძილთან დაკავშირებული ნევროლოგიური და სამედიცინო დარღვევები, სუბსტანციით ინდუცირებული ძილის დარღვევები.

უძილობა
რა არის უძილობა?

– უძილობა არის ქრონიკული მდგომარეობა, როდესაც, მიუხედავად ძილისთვის ნორმალური პირობებისა და გარემოსი, ადამიანს უჭირს ჩაძინება, ძილის შენარჩუნება, სძინავს იმაზე ნაკლებ ხანს, ვიდრე უნდა ეძინოს და უკმაყოფილოა თავისი ძილით.
უძილო ღამე ყველას გვქონია ამა თუ იმ მიზეზით, მაგალითად, გამოცდის, პატარა ბავშვის, დადებითი თუ უარყოფითი განცდების გამო, მაგრამ როცა ადამიანი კვირაში სამზე მეტ ღამეს ათენებს და ეს მდგომარეობა სამ თვეზე მეტხანს გრძელდება, შეგვიძლია, ქრონიკული უძილობის დიაგნოზი დავსვათ.

  • როგორ ყალიბდება უძილობა?

– დღეისთვის დადგენილია უძილობის ჩამოყალიბების სამფაქტორიანი მოდელი. პირველი ფაქტორია გენეტიკური განწყობა, ე.წ. მომატებული ერაუზალი ანუ სიფხიზლე, მეორე – უძილობის გამომწვევი სტრესი, მაგალითად, ემოციური დაძაბულობა, ფსიქიკური ან სომატური დაავადება, მესამე და მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი კი გახლავთ არასწორი ქცევა, ჩვევები და ფიქრები, რომლებიც განამტკიცებს უძილობას და იწვევს მის ქრონიზაციას.
როგორ ვიქცევით უძილობისას? თუ წინა ღამეს პირველ-ორ საათზეც ვერ დავიძინეთ, ახლა ათზე ვწვებით, ტელევიზორს ვრთავთ, ვთამაშობთ, სოციალურ ქსელში შევდივართ – იქნებ გავერთოთ და ჩაგვეძინოს. ცოტა ალკოჰოლსაც ვსვამთ მოსადუნებლად... შედეგად კი იმას ვიღებთ, რომ გვითრევს საინტერესო ფილმი, ახალი ამბები, მიმოწერა... ალკოჰოლი აადვილებს ჩაძინებას, მაგრამ მისი დაშლის პროდუქტები, პირიქით, გვაფხიზლებს, ამიტომ დაძინებიდან 2-3 საათში გვეღვიძება და ვეღარ ვიძინებთ.


და როცა ამ ყველაფრის გამო უფრო ვფხიზლდებით, გვიჩნდება მცდარი განწყობა დაძინების რიტუალის მიმართ. საწოლი სტრესთან ასოცირდება, დაწოლა გვაშინებს. იწყება რუმინაციები (ამა თუ იმ საფიქრალზე დაფიქსირება). იკვრება მანკიერი წრე. შესაძლოა, იმ სტრესის მიზეზი, რომელმაც მწვავე უძილობა გამოიწვია, გაქრეს (ბავშვი გაიზარდოს, გამოცდები დამთავრდეს, დეპრესიისგან განვიკურნოთ), მაგრამ ჩვენი წინასწარი განწყობა, განმამტკიცებელი ქცევითი და კოგნიტიური ფაქტორები რჩება და უძილობაც ქრონიკული ხდება.

  • მაშ, როგორ ვებრძოლოთ უძილობას?

– უპირველეს ყოვლისა, საწოლს უნდა მოვაცილოთ ყველა სხვა დანიშნულება, გარდა ძილისა. ის ჭამისა და გართობის ადგილი არ არის. შემოვიღოთ ძილისწინა რიტუალიც – ქმედებები, რომლებიც მოგვადუნებს და ძილის განწყობას შეგვიქმნის. მაგალითად, თბილი აბაზანა, წიგნის კითხვა, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, სეირნობა (და არა აქტიური ვარჯიში, რადგან ეს უკანასკნელი, პირიქით, გვაფხიზლებს) – ნებისმიერი რამ, რაც ჩაძინებაში დაგვეხმარება.


საზოგადოდ, უძილობის მკურნალობის აღიარებული და ყველაზე ეფექტური მეთოდია კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია. ეს არის 5-6 სასწავლო მოდულისგან შემდგარი მკურნალობის კურსი, რომლის დროსაც პაციენტი სწავლობს, როგორ დააღწიოს თავი შფოთვას, მომაბეზრებელ ფიქრებს, როგორ მოდუნდეს, როგორ ჩაიძინოს დროულად და თანდათან მიაღწიოს ძილის უწყვეტობასა და სასურველ ხანგრძლივობას. ამგვარი თერაპია, ჩვეულებრივ, ტარდება ექიმთან ან ფსიქოლოგთან პირისპირ შეხვედრის გზით, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, უკვე ხელმისაწვდომია კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპიის ონლაინვერსია, რომელიც ძალიან კომფორტულია, რადგან პაციენტს შეუძლია, თერაპიის კურსი შინიდან გაუსვლელად, მისთვის მოხერხებულ დროსა და გარემოში გაიაროს.

ძილის წამლები 

  •  სწორია თუ არა მედიკამენტების მიღება ძილის მოწესრიგების მიზნით?

– მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. საძილე ეფექტის მქონე წამლების თვითნებური მიღება უზარმაზარი პრობლემაა. ადამიანს სურს, რომ დარღვევა, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, ერთი ტაბლეტით აღმოფხვრას. ეს პრეპარატები კი უვნებელი არ არის. მაგალითად, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები (ვალიუმი, დიაზეპამი) იწვევს ძალიან მძიმე და ძნელად დასაძლევ მიჩვევას, თანაც ცვლის ძილის სტრუქტურას და სრულიადაც არ გვეხმარება დაძინებაში. ხანგრძლივი საძილე ეფექტის მქონე პრეპარატები, მაგალითად, ანტიჰისტამინები, ადუნებს და ეს ეფექტი დღისითაც გრძელდება. ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, მაგალითად, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, აფხიზლებს, რადგან სისხლში სეროტონინის კონცენტრაციას ზრდის, ეს უკანასკნელი კი სიფხიზლეს განაპირობებს.


როგორც უკვე გითხარით, უძილობის მკურნალობის არჩევის მეთოდს არაფარმაკოლოგიური, კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია წარმოადგენს. ამავე დროს, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ძილის დაღვევის ტიპის დადგენა, რადგან წყვეტილ და ცუდ ძილს სხვადასხვა დარღვევა იწვევს, რომლებსაც სხვადასხვანაირი მკურნალობა სჭირდება.

 

შეწყვეტილი სუნთქვა
– ძილის მეტად საყურადღებო დარღვევაა ძილის აპნოე – ძილის დროს სუნთქვის შეჩერება. როცა აპნოეს ეპიზოდები ხშირია, იმატებს არტერიული ჰიპერტენზიის, ინფარქტის, ინსულტის და შაქრიანი დიაბეტის რისკი. სამწუხაროდ, ჩამოთვლილი დაავადებების რისკფაქტორებზე საუბრისას სამედიცინო საზოგადოებაც კი იშვიათად ითვალისწინებს აპნოეს.
ცენტრალური აპნოეს დროს სუნთქვის აქტი ტვინიდან ითრგუნება სუნთქვის რეგულირების დაღვევის გამო. ობსტრუქციული აპნოეს მიზეზი კი ღრმა ძილის დროს ზედა სასუნთქი გზების ჩაკეტვაა. მექანიკური დაბრკოლება ადამიანს ჩასუნთქვის საშუალებას არ აძლევს. აპნოეს მქონე პაციენტები ხშირად უძილობის გამო მოგვმართავენ. მისი თანმხლები ტიპობრივი ნიშნებია ხვრინვა, დღისით ძილიანობა, კისრის დიდი გარშემოწერილობა, ჭარბი წონა. ქალებში აპნოე ხშირად ატიპურად მიმდინარეობს, ამიტომ აპნოეს დიაგნოზი მათთან უმეტესად დაუდასტურებელი რჩება. არადა მენოპაუზის შემდეგ ამ პათოლოგიის გავრცელება ქალებსა და მამაკაცებში ერთნაირია.


სხვათა შორის, ნაპოლეონის შესახებ ამბობენ, რომ მას ღამით ძალიან ცოტა – 3-4 საათი ეძინა, დანაკლისს კი დღისით ხანმოკლე ძილით ინაზღაურებდა. მის კონსტიტუციასაც თუ გავითვალისწინებთ, დიდია ალბათობა, მას სწორედ ძილის აპნოე ჰქონოდა.

  • რა გამოსავალს სთავაზობს მედიცინა აპნოეთი შეწუხებულ ადამიანებს?

– აპნოეს დროს სასუნთქი გზების გასახსნელად მძინარეს ჰაერი წნევით უნდა მიეწოდოს. ამისთვის არსებობს სპეციალური აპარატები – სიპაპი და ბიპაპი. ბიპაპს ამოსუნთქვის წნევა უფრო დაბალი აქვს, რაც ამოსუნთქვას აადვილებს. წნევას და ნიღაბს პაციენტს კლინიკაში ვურჩევთ. ზედა სასუნთქ გზებში მექანიკური დაბრკოლების აღმოჩენისას ქირურგიული ჩარევაა საჭირო.
მათთვის, ვინც აპნოეს უჩივის, ძალიან მნიშვნელოვანია წონის დაკლება. ყოველი დაკლებული ათი კილოგრამი საშუალებას გვაძლევს, აპარატით მიწოდებული წნევა წყლის ერთი ატმოსფეროთი შევამციროთ. როცა წონის პრობლემა სხვაგვარად ვერ გვარდება, ბარიატრიულ ქირურგიას მიმართავენ, თუმცა ოპერაციამდე პაციენტმა უნდა იმუშაოს ფსიქოთერაპევტთან, კვების სპეციალისტთან, მოიწესრიგოს კვება, მოძრაობა და ეს რეჟიმი ოპერაციის შემდეგაც დაიცვას.

როგორ იკვლევენ უძილობას

  • როგორ შეიძლება ძილის ობიექტური შეფასება?

– უპირველეს ყოვლისა, გამოვკითხავთ პაციენტს, შევავსებინებთ ძილის დღიურს, ინსომნიის და ძილის დარღვევის სხვა სპეციფიკურ კითხვარებს. მომდევნო გამოკვლევაა აქტიგრაფია. აქტიგრაფი სპორტული საათის მსგავსი მოწყობილობაა, რომელიც მგრძნობიარეა მოძრაობისა და სინათლის მიმართ. აქტიგრაფს პაციენტი ორი კვირის განმავლობაში ატარებს და მხოლოდ აბაზანაში იხსნის. აქტიგრაფისა და დღიურის ჩანაწერების შეჯერება ძილისა და ღვიძილის რეჟიმის საკმაოდ სრულფასოვან სურათს გვაძლევს. ზოგჯერ პაციენტი ვერ ამჩნევს, რომ ჩათვლიმა, მაგრამ აქტიგრაფს ეს არ გამოეპარება.


რთულ ან თერაპიისადმი დაუმორჩილებელ შემთხვევებში ძილის სტრუქტურასაც ვიკვლევთ. კვლევის ოქროს სტანდარტად პოლისომნოგრაფიაა მიჩნეული. პაციენტს სხეულზე ელექტროდებს ვამაგრებთ და ერთდროულად ვიღებთ ელექტროენცეფალოგრამას, ოკულოგრამას, მიოგრამას, ვაფიქსირებთ გულმკერდისა და ფეხების მოძრაობას, ვამოწმებთ ოქსიგენაციას (ჟანგბადის მიწოდებას). თუ ძილის დროს მოძრაობის დარღვევასაც ვეჭვობთ, ვიდეოდაკვირვებასაც ვაწარმოებთ. ამ უკანასკნელის ჩატარება კლინიკაში ჯობია, ხოლო თუ ვიდეოდაკვირვება აუცილებელი არ არის, გამოკვლევა შინაც შეიძლება ჩატარდეს. საბოლოოდ ვიღებთ ჰიპნოგრამას, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას ტვინის აქტივობის, ხვრინვის არსებობა-არარსებობის, სატურაციის, სუნთქვის და სხვა კრიტერიუმების შესახებ.

 

დაბოლოს
– ჯანსაღი ღვიძილი ჯანსაღ ძილს მოაქვს, ამიტომ ვისაც კარგად გძინავთ, გაუფრთხილდით ძილს. ვისაც ცუდად გძინავთ, შეეცადეთ გაარკვიოთ უძილობის მიზეზი და მოიწესრიგოთ რეჟიმი. წამალს თვითნებურად ნუ მიიღებთ. თუ უძილობა ძალიან გაწუხებთ, ექიმს მიმართეთ. მისი დახმარებით პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში გაწუხებდათ, მოგვარდება.
რაც მთავარია, უსმინეთ საკუთარ ორგანიზმს. ის ყველაზე უკეთ გიკარნახებთ, როგორი უნდა იყოს თქვენი ძილის რეჟიმი.