თარიღი: 05 ივლისი, 2020
ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, მძიმე დაავადებაა, რომელსაც ხშირად ინვალიდობამდე მიჰყავს ადამიანი, ამიტომ ბევრს ეს სიტყვა შიშის ზარს სცემს. თუმცა თანამედროვე მედიცინაში არის სპეციალური მიმართულება – რეაბილიტაცია, რომელიც ინსულტგადატანილებს (და არამხოლოდ მათ) ავადმყოფობის შედეგების აღმოფხვრაში ეხმარება.
ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციაზე ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი, რეაბილიტოლოგი დავით კეჟევაძე გვესაუბრა.
რა არის ინსულტი
– ინსულტი რთული და ვერაგი დაავადებაა. განასხვავებენ მის ორ ტიპს:
1. იშემიურს, რომელიც განპირობებულია მკვებავი სისხლძარღვის დახშობით, ჟანგბადის მიწოდების დარღვევით და მიმდებარე ქსოვილის კვდომით;
2. ჰემორაგიულს, რომელიც განპირობებულია მიმდებარე ქსოვილში სისხლის ჩაქცევით.
სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია: კიდურების სისუსტე, თავბრუხვევა, სახის ასიმეტრია, მეტყველების დარღვევა... ხალხში გავრცელებულია სტერეოტიპი, თითქოს ინსულტი მხოლოდ მაღალი წნევის ფონზე ვითარდება. ასე არ არის – დაავადება შესაძლოა დაბალი წნევის ფონზეც განვითარდეს.
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის მნიშვნელობა
– ინსულტის შემდგომ რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არათუ საზოგადოებას, ზოგჯერ ექიმებსაც კი ავიწყდებათ.
სრულიად მიუღებელია მიდგომა, რომ ინსულტის შემდეგ ნარჩენი მოვლენების აღმოსაფხვრელად მასაჟიც საკმარისია. ინსულტიანი პაციენტების რეაბილიტაცია რთული, კომპლექსური პროცესია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის ნეიროსტიმულაციას, ფიზიოთერაპიას ელექტრული იმპულსების გამოყენებით, ფუნქციურ ვარჯიშებს, რომლებიც პაციენტს მოშლილი ფუნქციების აღდგენაში ეხმარება. მნიშვნელოვანია დრო: რაც უფრო ადრე დაიწყება რეაბილიტაცია, მით უკეთესი იქნება შედეგი. წინათ ინსულტის შემდეგ პირველი რამდენიმე დღე პაციენტს მოძრაობას უკრძალავდნენ, გაუნძრევლად წოლას ურჩევდნენ, ეს კი ხშირად ახანგრძლივებდა აღდგენის პროცესს და არცთუ იშვიათად ინვალიდობასაც იწვევდა. დღეისთვის მიდგომა შეიცვალა და თუ პაციენტის მდგომარეობა საშუალებას გვაძლევს, მეორე დღესვე ვიწყებთ რეაბილიტაციას.
ჩვენთან, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, ყოველგვარი პირობაა სტაციონარში პაციენტის რეაბილიტაციისთვის.
– ინსულტის ნარჩენი მოვლენები ზოგჯერ უმნიშვნელოა. ამ შემთხვევაშიც საჭიროა რეაბილიტაცია?
– რეაბილიტაციას მოითხოვს ყოველგვარი სიმძიმის ინსულტი. შესაძლოა, პაციენტს არ უჭირდეს გადაადგილება, გამოხატული არ ჰქონდეს სახის ასიმეტრია, მაგრამ შეზღუდული ჰქონდეს ნატიფი მოტორიკა, უჭირდეს ხელების დამორჩილება. ამ დროს რეაბილიტაცია ერთადერთი რეალური შანსია, ადამიანი სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდეს.
– როდის ერთვება მკურნალობაში ექიმი რეაბილიტოლოგი?
– თანამედროვე ევროპული და ამერიკული გაიდლაინების მიხედვით, ექიმი რეაბილიტოლოგი ნევროლოგთან ერთად პაციენტის მკურნალობაში პირველი 24-48 საათის შემდეგ უნდა ჩაერთოს. რა თქმა უნდა, ის ითვალისწინებს პაციენტის ვიტალურ (სასიცოცხლო) მონაცემებს: პულსს, არტერიულ წნევას, სატურაციას (სისხლის ჟანგბადით გაჯერებას) და სხვა.
– რას გულისხმობს ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია?
– როდესაც ადამიანს ახალგადატანილი აქვს ინსულტი და დეფიციტი იმდენად დიდია, რომ შეზღუდულია კიდურების მოძრაობა, რეაბილიტაციას ვიწყებთ პასიური ვარჯიშით: კიდურების ამოძრავებით, იმ მოძრაობათა შესრულებით, რომლებსაც პაციენტი ადრე დამოუკიდებლად ასრულებდა. ამ ეტაპზე დამხმარე საშუალებაა ელექტროსტიმულაცია, რომელიც ასტიმულირებს კუნთოვან ქსოვილს, ნეირონულ უჯრედებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კვებას. როგორც კი პაციენტი შეძლებს ზოგიერთი მოძრაობის დამოუკიდებლად შესრულებას, გადავდივართ მეორე ეტაპზე – აქტიურ ფუნქციურ ვარჯიშებზე, რომლებსაც პაციენტი უკვე თავად ასრულებს ჩვენი მითითებით. ამ ეტაპის გავლის შემდეგ, როდესაც აღდგენის პროცესი უკვე იქამდეა მისული, რომ პაციენტს შეუძლია წამოდგომა, ვაჩვევთ დგომას, ნაბიჯების გადადგმას... ინსულტის შემდეგ საკმაოდ ხშირია სახის ასიმეტრია, რასაც ფიზიოთერაპიით ვებრძვით: სახის იმ ნაწილზე, რომელზეც მოდუნებულია მიმიკური კუნთები, ვიყენებთ ელექტროსტიმულაციას, ხოლო დაჭიმულ მხარეს – კუნთების მოსადუნებელ თერაპიას.
ყოველივე ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია პაციენტის სწორი მოვლა, რაც გულისხმობს მწოლიარის პოზის ხშირ ცვლას ნაწოლების გაჩენის და მდგომარეობის დამძიმების თავიდან ასაცილებლად.
– თუ პაციენტის სასიცოცხლო მონაცემები ნორმაშია, რეაბილიტაციის დაწყების უკუჩვენება არ არსებობს. ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) და ტაქიკარდია (მაღალი პულსი) კი ხელის შემშლელი ფაქტორებია.
რეაბილიტაციას სტაციონარში ვიწყებთ და პაციენტის გაწერის შემდეგ ამბულატორიულად ვაგრძელებთ. “ავერსის კლინიკას” აქვს აღდგენითი თერაპიის ცენტრი, სადაც პაციენტები ყოველდღიურ ამბლატორიულ მომსახურებას იღებენ. მომსახურება ტრანსპორტირებასაც მოიცავს, რაც უდავოდ კომფორტულია როგორც პაციენტებისთვის, ისე მათი ოჯახის წევრებისთვისაც.
ოჯახის როლი
– ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციაში საკმაოდ დიდია ოჯახის როლი, ამიტომ სასურველია, განუხრელად მისდიოთ რეკომენდაციებს, რომლებსაც გაწერისას აძლევენ პაციენტის მეურვეს. ვგულისხმობ არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ და მორალურ მხარდაჭერას, არამედ პაციენტის სწორ და ადეკვატურ მოვლასაც სახლის პირობებში. სტაციონარიდან გაწერის შემდეგ პაციენტი რეაბილიტაციას ამბულატორიულად აგრძელებს და ორ-სამ დღეში ერთხელ ნახულობს ექიმ რეაბილიტოლოგს. დანარჩენ დროს კი ის შინ, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე ატარებს. ამ დროის სწორად გამოყენება აუცილებელია. ოჯახის წევრები უნდა ეცადონ, რაც შეიძლება აქტიურად ჰყავდეთ პაციენტი, დაეხმარონ წამოჯდომაში, სიარულში, შეძლებისდაგვარად შეასრულებინონ ის ვარჯიშებიც, რომლებსაც რეაბილიტოლოგი ასრულებინებს. ასევე მნიშვნელოვანია ნაწოლების პრევენციაც, რაც გულისხმობს:
* პოზის ხშირ – დაახლოებით საათში ერთხელ – ცვლას. ოჯახის წევრები რატომღაც უფრთხიან პაციენტის ამოძრავებას. ეს მცდარი შეხედულებების შედეგია. ამით პაციენტს არ ავნებთ. პირიქით, ნაწოლების თავიდან ასაცილებლად პოზის ხშირი ცვლა აუცილებელია;
* შეძლებისდაგვარად, ნაწოლების საწინააღმდეგო სპეციალური ლეიბის გამოყენებას, რომელსაც ნებისმიერ ორთოპედიულ მაღაზიაში შეიძენთ. ლეიბის დანიშნულებაა ზეწოლის შემცირება სხეულზე, იმ ადგილას, სადაც ყველაზე ხშირად ჩნდება ნაწოლები – კუდუსუნის, ქუსლისა და კეფის მიდამოებში.
– იცავს თუ არა ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია განმეორებითი ინსულტისგან?
– რეაბილიტაციის დროს პაციენტი იწყებს ცხოვრებას ჯანსაღი წესით – მისდევს სწორი კვების პრინციპებს, სწორად ვარჯიშობს. სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, რამდენად გვიცავს რეაბილიტაცია განმეორებითი ინსულტისგან, არ არსებობს, თუმცა ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადასვლა პრევენციის არაპირდაპირი გზაა არა მხოლოდ ინსულტის, არამედ ბევრი სხვა მძიმე დაავადებისთვისაც.
გამოსავალი
– რეაბილიტაციის შედეგი, უპირველეს ყოვლისა, დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ინსულტის შემდეგ არსებული დეფიციტი რეაბილიტაციის მეთოდებს ისე სწრაფად აღმოუფხვრია, რომ კვალიც არ დაუტოვებია. სამწუხაროდ, ხშირად, განსაკუთრებით – იშემიური ინსულტის შემდეგ, ფუნქციების სრული აღდგენა ვერ ხერხდება, მაგრამ დროული და სწორი რეაბილიტაციით შესაძლებელია, ისინი იქამდე მაინც აღდგეს, რომ პაციენტმა შეძლოს სოციუმში რეინტეგრაცია და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.
– ბევრი – ხელმოკლეობის, ბევრიც ინფორმაციის ნაკლებობის გამო ვერ ახერხებს რეაბილიტაციის დროულ დაწყებას. როგორია გვიან დაწყებული რეაბილიტაციის შედეგი?
– როგორც აღვნიშნე, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის შედეგი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული დროულ დასაწყისზე. პირველი ექვსი თვე სწრაფი აღდგენის ფაზად მიიჩნევა და ამის შემდეგ დარჩენილი დეფიციტი (კიდურების სისუსტე, სახის ასიმეტრია და სხვა) უკვე ნარჩენ მოვლენებად მოიაზრება. გვიან დაწყებულ რეაბილიტაციას, რა თქმა უნდა, ვერ ექნება ისეთი შედეგი, როგორიც, მაგალითად, შეიძლება ჰქონდეს პირველ 24-48 საათში დაწყებულ ვარჯიშს, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია.
წყარო: ჟურნალი "ავერსი" (Aversi Magazine)
https://www.aversi.ge/