თარიღი: 12 თებერვალი, 2021
ალერგიული რინიტი მოსახლეობის დაახლოებით 20 % -ის აღენიშნება.
ძირითადი სიმპტომებია:
· ცხვირის ქავილი
· ცხვირიდან უხვი წყლისებური გამონადენი
· გახშირებული ცემინება
· ყელის ქავილი და/ან ტკივილი
· ხმის ტემბრის შეცვლა
· თვალების სიწითლე და/ან ქავილი
· თვალის ქვედა ქუთუთოების შეშუპება და კანის ფერის გამუქება ე.წ. „მუქი რგოლების“ არსებობა
· ყურების და ყელის ქავილი, იშვიათად ტკივილის შეგრძნება
· პირღია სუნთქვა
· ღამით ხშირი გაღვიძება, დაღლილობის შეგრძნება, შრომის უნარის დაქვეითება.
ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების 20-40 %-ს ასევე აღენიშნებათ ასთმაც, რომელსაც ახასიათებს ხველა და/ან მსტვინავი სუნთქვა, სულხუთვა, სუნთქვის გახშირება შეტევის დროს.
ალერგიული რინიტის გამომწვევი ოთხი ძირითადი კატეგორიაა:
მცენარეთა ყვავილის მტვერი ( გაზაფხულსა და ზაფხულში - ხეები, ბალახები; შემოდგომით - სარეველები )
მწერები ( ოთახის მტვრის ტკიპა, ტარაკანი, ჭიამაია )
ცხოველთა ალერგენები ( კანი ეპითელი (ქერტლი), ბეწვი, ბუმბული, ნერწყვი )
ნესტის სოკოს სპორები
რა იწვევს სეზონურ ალერგიას ?
სეზონურ ალერგიას ანუ პოლინოზსს ძირითადად განაპირობებს ბალახების , სარეველების, ხეების ყვავილის მტვრის მარცვლები. მათი დიამეტრი საშუალოდ 0.05 მმ-ია , ამიტომ შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია დავინახოთ. მცენარის ეს მარცვლები შეიცავენ დიდი რაოდენობით ალერგენულ ცილებს. არსებობს მცენარეული ყვავილის მტვრის ორი სახე: ერთი, რომელიც ქარით დამტვერვადია. ისინი შეიძლება დაახლოებით 100 კმ რადიუსის მანძილზე გავრცელდეს, მეორე მწერებით დამტვერვადია, მათი ყვავილები კაშკაშა ფერითა და სურნელით ხასიათდებიან. რადგან მათი მტვრის გავრცელება მწერების საშუალებით ხდება, ნაკლებად ხვდება ჰაერში. ამის გამო, ასეთი მტვრის მქონე მცენარეების მიმართ ალერგია შედარებით იშვიათია.
საქართველოში არსებული ხე-მცენარეებიდან ყველაზე მაღალ-ალერგენულია კვიპაროსი, რომელიც დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებიდან იწყებს ყვავილობას და აპრილის ბოლოს ამთავრებს, თუმცა გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით ყვავილობის პერიოდი
მაისში იწყება ასევე ძალიან მაღალ-ალერგენული ბალახებისა და მარცვლოვნების ყავილობა, აგვისტოში კი - სარეველების , ამბროზიისა და ავშნის . თუ ალერგიული სიმპტომები წლის გარკვეულ პერიოდში ეწყება პაციენტს, ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალერგოდიაგნოსტიკა, რათა სწორად მოხდეს მკურნალობის ხანგრძლივობის, და დაავადების სიმძიმის შესაბამისი დანიშნულების შერჩევა. როდესაც იცით თუ რომელი მცენარის ყვავილის მტვერზე გაქვთ ალერგია, რეკომენდებულია ყვავილობამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე დაიწყოთ საპროფილაქტიკო მკურნალობა ექიმთან შეთანხმებით.
როგორ ტარდება დიაგნოსტიკა?
ალერგიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად რეკომენდებულია კანის სინჯების ჩატარება საეჭვო ალერგენების მიმართ, რაც გულისხმობს მაგალითად მცენარეული მტვრის ალერგენის წვეთის სახით წინამხარზე მოთავსებას და კონკრეტული მცენარის მიმართ ალერგიის გამოვლენას. პროცედურა არის ძალიან მარტივი, უმტკივნეული და 30 წთ-ში პასუხი მზად არის; გასათვალისწინებელია რომ პაციენტი გამოკვლევამდე, საშუალოდ 7 დღის განმავლობაში არ უნდა იღებდეს ანტიჰისტამინურ პრეპარატებს. თუ კანის პრიკ-ტესტირება ვერ ტარდება, მაგალითად ორსულობის დროს, ან ადრეულ ასაკში , უმჯობესია სისხლში სპეციფიური იმუნოგლობულინების განსზღვრა, ან იმუნოლოგიური ტესტი თანამედროვე ბიოჩიპის მეთოდით (ISAC), რომლის დროსაც შესაძლებელია ანალიზი ჩატარდეს ალერგენების 112 კომპონენტზე ერთდროულად.
როგორ შევიმსუბუქოთ სიმპტომები სეზონური ალერგიისას?
სეზონური ალერგიის პრევენციისთვის მნიშნელოვანია ალერგენების თავიდან არიდება !
· თქვენთვის ალერგიული მცენარის ყვავილობის დროს მოერიდეთ ქარიან ამინდში გარეთ აქტივობას, უმჯობესია სეირნობა წვიმის დროს ან შემდეგ რადგან გარკვეულწილად სუფთავდება მისი ყვავილის მტვრისგან ჰაერი
· მანქანით მგზავრობისას დახურეთ ფანჯარა და გამოიყენეთ კონდინციონერი, უმჯობესია HEPA გამწმენდი ფილტრით
· გამოიყენეთ მზისგან დამცავი სათვალე, რათა ნაკლებად მოხვდეს თვალის ლორწოვანში ალერგენები
· მოერიდეთ ალკოჰოლს
· სახლში დაბრუნებისას მიიღეთ შხაპი რათა მოხდეს ალერგიული მტვრის ნაწილაკების ჩამორეცხვა სხეულიდან
· ხშირად გამოირეცხეთ ცხვირის ლორწოვანი ზღვის მარილის შემცველი ხსნარებით
· ოთახის დასუფთავება უმჯობესია მოხდეს სველი წესით და HEPA ფილტრის მქონე მტვერსასრუტით
· ტანსაცმელი და თეთრეული სასურველია გაშრეს საშრობ ოთახში პრობლემურ სეზონზე.
თუ ალერგიული ჩივილები მთელი წლის განმავლობაში გრძელდება, უპირატესად შენობის შიგნით, სახლში ყოფნისას ან სამსახურში , უნდა ვივარაუდოთ რომ ალერგია გვაქვს ოთახის მტვრის ტკიპებზე. ისინი მილიონობით არსებობენ საწოლში, ხალიჩებზე, რბილ ავეჯზე, ტანსაცმელზე და ყველგან, სადაც მტვერი გროვდება. მტვრის ტკიპები ძალიან გამძლე და სიცოცხლიუნარიანი მიკროსკოპული მწერები არიან, რომლებიც ძალიან სწრაფად მრავლდებიან. ალერგოდიაგნოსტიკით დადასტურების შემდეგ ექიმის მიერ ინიშნება დაავადების სიმძიმის შესაბამისი მკურნალობა , სიმპტომების პრევენციისთვის გაითვალისწინეთ:
1. გამოიყენეთ მჭიდრო ნაქსოვის ზედაპირის, 60 ° C-ზე რეცხვადი ქვეშაგები, რომელსაც რეგულარულად გარეცხავთ , არ გამოიყენოთ ბუმბულის, მატყლის ქვეშაგები სადაც მტვრის ტკიპების გამრავლების კარგი პირობებია
2. გამოიყენეთ ანტი-ალერგიული ლეიბები და ლეიბის გადასაკრავები , სამწუხაროდ, შეუძლებელია ლეიბები მთლიანად გაწმინდოთ მტვრის ტკიპებისგან. თუ არ გაქვთ ანტი-ალერგიული ლეიბი, მაშინ იქონიეთ ანტი-ალერგიული ლეიბის ჩასადები შალითები, რომელიც ერთგვარ ბარიერს წარმოადგენს თქვენსა და თქვენს ლეიბზე არსებულ მტვრის ტკიპებს შორის, ასევე შესაძლებელია მათი მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა
3. ოთახიდან აიღეთ ხალიჩები, ნაჭრის ქსოვილის რბილი ავეჯი , ფარდაგები , უმჯობესია გქონდეთ სველი წესით ადვილად გასაწმენდი მყარი იატაკი , შეცვალეთ ფარდები ადვილად გასაწმენდი გისოსებით, ქსოვილის სავარძლები და სკამები კი - ტყავის ან ტყავის შემცვლელით
4. შეამცირეთ ოთახში რბილი სათამაშოების რაოდენობა და რეგულარულად რეცხეთ
5. გააკონტროლეთ ოთახის ტემპერატურა და ტენიანობა! მტვრის ტკიპებისთვის ცხოვრების იდეალური პირობები 24 ° C - 27 ° C და ტენიანობა დაახლოებით 70% -დან 80%-მდე მერყეობს. ამიტომ სასურველია თქვენს სახლში ტემპერატურა არ აღემატებოდეს 21 ° C -ს , ხოლო ტენიანობა უნდა იყოს 50% -ზე ნაკლები
6. გამოიყენეთ მტვერსასრუტი HEPA ფილტრებით
თუ პაციენტს ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, მუდმივად აწუხებს ალერგიული ხასიათის ჩივილები, უმჯობესია დაიგეგმოს ალერგენ-სპეციფიური იმუნოთერაპია, „ანტიალერგიული ვაქცინაციის“ მიზანია ალერგიული სიმპტომების მაპროვოცირებელი ალერგენის (მაგ. ოთახის მტვრის ტკიპა, მცენარეული მტვერი) მზარდი დოზით ორგანიზმში შეყვანა და ამ გზით მათ მიმართ ტოლერანტობის (შეგუების) გამომუშავება.
როგორ განვასხვაოთ ალერგია გაციებისგან ?
როგორც აღვნიშნეთ ალერგიული რინიტის ძირითადი სიმპტომებია ცხვირიდან უხვი წყლისებური გამონადენი, გახშირებული ცემინება, თვალების ქავილი, სიწითლე, თვალის ქვედა ქუთუთოების შეშუპება და კანის ფერის გამუქება ე.წ. „მუქი რგოლების“ არსებობა, ყურების და ყელის ქავილი, პირღია სუნთქვა, ღამით ხშირი გაღვიძება, დაღლილობის შეგრძნება, შრომის უნარის დაქვეითება.
ხშირად პაციენტებს უჭირთ გაარჩიონ, ცხვირიდან გამონადენის მიზეზი არის ალერგია, გაციება თუ გრიპი. ახლა უკვე საყურადღებო გახდა ახალი კორონავირუსული ინფექცია.
გაციებას იწვევს ვირუსის დახლოებით 200-მდე ქვეტიპი. იგი თვითგანკურნებადი დაავადებაა, მიმდინარეობს სიმპტომების მსუბუქი გამოვლინებით, ახასიათებს ყელის ტკივილი, ცემინება, ცხვირის გაჭედვა და/ან ცხვირიდან გამონადენი, უფერო ან მომწყვანო-მოყვითალო ფერის, მსუბუქი ხველა, რომელიც უხშირესად უმჯობესდება ცხვირის და ყელის სიმპტომების ალაგების შემდეგ. იშვიათად ახასიათებს ცხელება, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, დისკომფორტის შეგრძნება ყურის და სახის არეში.
გრიპის ვირუსს ახასიათებს სეზონურობა, ძირითადი სიმპტომებია ცხელება, თავის და კუნთების ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ხველა , ზოგჯერ ყელის ტკივილი, ცხვირიდან მოყვითალო-მომწვანო გამონადენი.
ახალი კორონავირუსის დროს წამყვანია ხველა , ცხელება , კუნთების ტკივილი, ქოშინი, ყელის ტკივილი, დიარეა, გულისრევა/პირღებინება, ყნოსვის და გემოვნების დაქვეითება, მუცლის ტკივილი და რინორეა, დაღლილობის შეგრძნება, პაციენტების უმრავლესობას აქვს სიმპტომების მსუბუქი გამოვლინება, ზოგიერთი შესაძლოა უსიმპტომოც იყოს, თუმცა შესაძლოა გართულდეს ფილტვების ანთებით და სუნთქვის მძიმე უკმარისობით განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში.